ევროკავშირის წევრმა ძირითადმა სახელმწიფოებმა გრენლანდიის მხარდაჭერის გამო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ მოკავშირეების წინააღმდეგ სატარიფო მუქარა შანტაჟად შეაფასეს. საფრანგეთმა კი საპასუხო ეკონომიკური კონტრზომების ფართო სპექტრის შესახებ ინიციატივა წამოაყენა.
შეგახსენებთ, შაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რვა ევროპულ სახელმწიფოს, რომლებმაც მიმდინარე კვირაში გრენლანდიაზე სამხედრო პერსონალი გაგზავნეს, 10%-იან ტარიფს დაუწესებს. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი 1-ელი თებერვლიდან „ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნილ ნებისმიერ საქონელზე“ ტარიფს დაექვემდებარებიან.
ტრამპმა ისიც დასძინა, რომ ტარიფი 1-ელ ივნისს 25%-მდე გაიზრდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზემოხსენებულ ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობისას აღნიშნული გადასახადის გადახდა მანამდე მოუწევთ, სანამ გრენლანდიის შესყიდვის მისეული გეგმა არ დასრულდება.
გრენლანდია დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიაა, რომლის ხელში ჩაგდებასაც ტრამპი მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ აქტიურად ცდილობს.
ზემოხსენებულმა რვა ქვეყანამ, რომლებიც უკვე ექვემდებარებიან აშშ-ის 10%-იან და 15%-იან ტარიფებს, გრენლანდიაზე სამხედრო პერსონალის მცირე რაოდენობა გაგზავნა, რადგან შეერთებულ შტატებთან დანიის უზარმაზარი არქტიკული კუნძულის მომავალთან დაკავშირებით დავა გამწვავდება.
„სატარიფო მუქარები ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო რისკს ქმნის“, – განაცხადეს რვა ქვეყნის წარმომადგენლებმა დღეს, 18 იანვარს, გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. მათივე თქმით, დანიის წვრთნები არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად იყო გამიზნული და საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს. მოკავშირეების განცხადებით, მზად არიან დიალოგისთვის, მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვის საფუძველზე.
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ის „ანტი-იძულების ინსტრუმენტის“ გააქტიურებას ითხოვს, რომელსაც შეუძლია საჯარო ტენდერებზე, ინვესტიციებზე ან საბანკო საქმიანობაზე წვდომა შეზღუდოს ან შეზღუდოს მომსახურებით ვაჭრობა, რომელშიც აშშ-ს ბლოკთან ჭარბი ბრუნვა აქვს, მათ შორისაა ციფრული მომსახურება. მარკონის ეს მოწოდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რამდენიმე მაღალჩინოსანმა გაიმეორა.
აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ, აშშ-ის პრეზიდენტის ტარიფებზე მუქარა „შეცდომად“ შეაფასა და დასძინა, რომ ტრამპს რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა და უთხრა, რასაც ფიქრობდა. უნდა ითქვას, რომ იტალიას გრენლანდიაზე ჯარები არ გაუგზავნია.








