23 იანვარს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას რუსეთის შესახებ, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ომის გასამართლებლად რუსეთი დეზინფორმაციასა და ისტორიის გაყალბების მეთოდებს იყენებს.
რეზოლუციის კანონპროექტი ევროპარლამენტში ჯერ კიდევ წინა მოწვევის EPP-ის დეპუტატებმა წარადგინეს. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის მთავრობას ეკისრება. გარდა ამისა, რეზოლუცია რუსეთის უკრაინაში შეჭრას არა იზოლირებულ აქტად, არამედ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელებად განიხილავს, რომელიც ჩეჩნეთის ომს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და 2014 წელს ყირიმის ანექსიასაც მოიცავს.
რეზოლუციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რამდენიმე საჯარო გამოსვლაში ისტორიულ რევიზიონიზმს ეწეოდა, ფაქტებს აყალბებდა და უკრაინაში რუსეთის ექსკლუზიური უფლებებისა და ინტერესების შესახებ არალეგიტიმურ მოთხოვნებს აჟღერებდა.
რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის რეჟიმი აქტიურად იყენებს დეზინფორმაციას, მათ შორის ისტორიული ფაქტების დამახინჯებას, ასევე უცხოური ინფორმაციით მანიპულაციასა და ჩარევის მექანიზმს, რათა გაამართლოს საკუთარი დანაშაული; მისი მიზანია, წაახალისოს ადგილობრივი მოსახლეობა, მხარი დაუჭიროს არალეგიტიმურ რეჟიმს და უკანონო ომს მეზობელ უკრაინაში; ჩაერიოს სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში და შეამციროს სხვა ქვეყნების მოსახლეობის მხარდაჭერა უკრაინისათვის საერთაშორისო დახმარების მიწოდებასთან და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. რუსული რეჟიმი უარყოფს უკრაინის განსხვავებულ ეროვნულ იდენტობას და ცრუდ ამტკიცებს, რომ ის რუსული იდენტობის ნაწილია. აღნიშნული ნარატივი რუსეთის იმპერიალისტულ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული.
საინტერესოა, რომ დამტკიცებული რეზოლუციის თანახმად, რუსეთს ნაცისტურ გერმანიასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება და აღნიშნული საბჭოთა კავშირსა და მესამე რაიხს შორის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგს წარმოადგენდა.
რეზოლუციას მხარი 480-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 58 წავიდა. 48 დეპუტატი სხდომას არ ესწრებოდა ან ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.