ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, სანქციების აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, მყისიერად შეიზღუდება რუსული იმპორტის 2/3, ხოლო წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ნედლი ნავთობის იმპორტის სრული მოცულობის 90%-ის აკრძალვა.
შარლ მიშელის შეფასებით, ნავთობის იმპორტის აკრძალვით მნიშვნელოვნად შეიზღუდება რუსეთის „ომის მანქანის“ დაფინანსება, რადგან ენერგორესურსების ექსპორტი კრემლის უმთავრეს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეთანხმება კომპრომისულია და ის უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს. კერძოდ, რუსული მილსადენის, „დრუჟბის“ სამხრეთ ნაწილი, რომელიც ამ სახელმწიფოებს ამარაგებს, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას მანამ, სანამ შესაძლებელი არ იქნება ალტერნატიული წყაროების მოძიება და რუსული ნავთობის სრულად ჩანაცვლება.
ბრიუსელის სამიტზე დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტი სხვა შემზღუდავ ზომებსაც ითვალისწინებს, მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ბანკის – Sberbank-ის SWIFT-დან გარიცხვას და სამი სახელმწიფო მედია-მაუწყებლის შეზღუდვას.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის იმპორტის აკრძალვაში გამონაკლისების დაშვება უნგრეთის მთავრობის პოზიციას უკავშირდება, რომელიც კომპრომისის არდაშვების შემთხვევაში, ვეტოს უფლების გამოყენებით იმუქრებოდა.
ევროკავშირი რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია და ის გაერთიანების იმპორტის საერთო მოცულობის დაახლოებით 27%-ს შეადგენს. ევროსტატის ინფორმაციით, 2021 წელს რუსეთიდან ყოველდღიურად 2.4 მილიონი ბარელი ნავთობის იმპორტი ხორციელდებოდა, აღნიშნული მოცულობის 65% კი ევროკავშირის ქვეყნებში ტანკერების საშუალებით შედიოდა. დღეს მიღწეულ შეთანხმებაში დაშვებული გამონაკლისი მილსადენს ეხება, რომელსაც, უმეტესწილად, უნგრეთი (86%), ჩეხეთი (97%) და სლოვაკეთი (100%) იყენებენ.