Siemens-ი ეგვიპტეში 2000-კილომეტრიან ჩქაროსნულ სარკინიგზო სისტემას მოაწყობს

Siemens-ი ეგვიპტეში 2000-კილომეტრიან ჩქაროსნულ სარკინიგზო სისტემას მოაწყობს

გერმანული ინდუსტრიული გიგანტი, Siemens-ი ეგვიპტეში 2000-კილომეტრიან ჩქაროსნულ სარკინიგზო სისტემას მოაწყობს – ეს გარიგება, რომლის მოცულობა €8.1 მილიარდადაა შეფასებული, Siemens-ის 175-წლიან ისტორიაში უმსხვილესია. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სარკინიგზო ქსელის მოწყობის გარდა, ხელშეკრულება 41 სწრაფმავალი მატარებლის, 94 რეგიონული მიმოსვლის მატარებლის და 41 გადამზიდი მატარებლის წარმოებას, ასევე რვა სარკინიგზო სადგურისა და მრავალი სასაწყობო სათავსოს მოწყობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ახალი სარკინიგზო სისტემით, მდინარე ნილოსის მიმდებარედ არსებული ქალაქები წითელი და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებს დაუკავშირდებიან. საერთო ჯამში, მეგაპროექტის ფარგლებში სარკინიგზო ხაზი 60 ქალაქს გააერთიანებს და სერვისთან წვდომას მოსახლეობის 90%-ს მისცემს. ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატა ალ-სისიმ ამ პროექტს „ეგვიპტის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის სარკინიგზო სისტემის ახალი ერის დასაწყისი“ უწოდა.

საინტერესოა, რომ ამ მეგაპროექტის დასრულების შემდეგ ეგვიპტეში მსოფლიოს სიდიდით მეექვსე სარკინიგზო ხაზი განთავსდება, – ამის შესახებ Siemens-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, როლანდ ბუშმა განაცხადა. აქვე უნდა ითქვას, რომ პროექტში შედის რკინიგზის €2.7-მილიარდიანი მონაკვეთი, სახელწოდებით „სუეცის არხი რელსებზე“, რომელიც წითელი ზღვის საპორტო ქალაქ აინ-სუხნას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე მარსა-მატრუჰთან და ალექსანდრიასთან დააკავშირებს – ამ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე მხარეები ჯერ კიდევ შარშან შეთანხმდნენ. აღნიშნულ პროექტს Siemens-ის მობილობის დანაყოფი უზრუნველყოფს, ორ პარტნიორ კომპანიასთან ერთად.

სარკინიგზო ქსელის კიდევ ერთი 1100-კილომეტრიანი მონაკვეთი, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ აბუ-სიმბელთან დააკავშირებს, მდინარე ნილოსის მიმდებარედ არსებული დასახლებების გავლით. რაც შეეხება სარკინიგზო ქსელის კიდევ ერთ, 225-კილომეტრიან მონაკვეთს, ის ლუქსორსა და ჰურგადას შორის მოეწყობა.

Siemens-ის დათვლებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვეყანაში 46,700 სამუშაო ადგილი გაჩნდება. ამასთანავე, გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ სრულად ელექტრიფიცირებული ქსელით სარგებლობისას დაახლოებით 70%-ით უფრო ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყოფა, ვიდრე მანქანით ან ავტობუსით მგზავრობისას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *