ევროკავშირმა კორუფციაში ჩართული, მთავრობის ფორმაციისათვის ხელისშემშლელი და ეკონომიკური რეფორმების შემჩერებელი ლიბანელი ოფიციალური პირების სანქცირებისათვის სამართლებრივი ჩარჩო შეიმუშავა.
2020 წლის 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებისა და პრემიერ მინისტრ, ჰასან დიაბის, გადადგომის შემდეგ, ლიბანს უკვე თითქმის ერთი წელია სრულად ჩამოყალიბებული მთავრობა არ ჰყოლია.
ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სიაში შეყვანილ პირებს აუკრძალავენ ევროკავშირში მოგზაურობას და გაუყინავენ აქტივებს. გარდა ამისა, ევროკავშირის მოქალაქე პირებსაც შეზღუდული ექნებათ მათთვის ფინანსური დახმარების გაწევა.
„ევროკავშირი მზადაა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი იმისათვის, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს ლიბანში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში, დემოკრატიული განვითარების გაუარესების აღკვეთასა და სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებაში.“ – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
საინტერესოა, რომ ჯერ-ჯერობით სანქციების სიაში შესაყვანი პირების კონკრეტული სახელები არ გაჟღერებულა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მალე დისკუსიების ფაზას დაიწყებენ ლიბანელი ოფიციალური პირების სახელებზე შესათანხმებლად. სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ხმა ანონიმურად უნდა მისცეს.
გასულ კვირას, ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრად ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიზნესმენი, ნაჯიბ მიკათი, წარადგინეს. მისი დავალება კი სწორედ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება იქნება. გარდა პოლიტიკური კრიზისისა, სახელმწიფო, მსოფლიო ბანკის აღწერით, უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება. მოსახლეობის ნახევარი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ლიბანურმა ვალუტამ კი ორი წლის განმავლობაში ღირებულება 90%-ით დაკარგა.