საქსტატის თანახმად, საავადმყოფოებში 2020 წლისთვის 47,500-მდე ექიმი და ექთანი იყო დასაქმებული

საქსტატის თანახმად, საავადმყოფოებში 2020 წლისთვის 47,500-მდე ექიმი და ექთანი იყო დასაქმებული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წელს საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში სულ 264 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, საწოლფონდის მოცულობა კი 18,600-ს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 6.3%-ით მეტია წინა წლის იმავე მაჩვენებელზე.

საინტერესოა, რომ საქსტატის ანგარიშის მიხედვით, თითქმის თანაბარია სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების რიცხვი და ის 25.4 და 22.1 ათას ადამიანს უდრის.

მოხსენების მიხედვით ვიგებთ, რომ გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა. აღნიშნულ კლებას კი დაავადებათა ყველა ძირითად ჯგუფში ვხვდებით.

ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა ჯგუფებს, 2020 წლის მონაცემების მიხედვით, სუნთქვის ორგანოების, სისხლის მიმოქცევის სისტემის, ძვალ-სახსართა სისტემისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები მიეკუთვნება.

მნიშვნელოვნადაა შემცირებული შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობაც. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, აღნიშნული დაავადების მაჩვენებელი 138 ერთეულით შემცირდა და 530 ერთეული შეადგინა. შიდსით დაავადებულთა საერთო მაჩვენებელი ქვეყანაში 8,632 შემთხვევას უდრის.

საინტერესოა, რომ კლებაა ტუბერკულოზით დაავადებულთა მაჩვენებელშიც. 2020 წელს, აღნიშნული მონაცემი წინა წელთან შედარებით 25.2%-ით არის შემცირებული. ახალი შემთხვევების რაოდენობამ კი 1,831 ერთეული შეადგინა.

სასწრაფო დახმარების სერვისით პირველადი სამედიცინო დახმარება 2020 წელს ჯამში 1 მილიონ ადამიანს გაეწია. ანგარიშში არაფერია ნახსენები 2020 წელს კოვიდ-19 ვირუსისა და მისი გავლენის შესახებ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *