ფოტო: Sergey Ryzhov – stock.adobe.com
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 3 სექტემბრიდან ევროკავშირში ბრაზილიიდან ხორცის იმპორტი აიკრძალება. მიზეზად ფერმერულ წარმოებაში ცხოველების ზრდის სტიმულირებისთვის ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება დასახელდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბრაზილია გამოირიცხა იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ევროკავშირის საკვების უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებენ და, შესაბამისად, ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის უფლება აქვთ.
ეს ნაბიჯი დროში ემთხვევა ევროკავშირი-*მერკოსურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ნაწილობრივ ამოქმედებას, რომელიც ძალაში 1-ელ მაისს შევიდა. შეთანხმება ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს – ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაისა და ურუგვაის – შორის აგრარული პროდუქტებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.
თუმცა შეთანხმებას ევროკავშირის ფერმერები მკაცრად ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, წარმოების განსხვავებული სტანდარტები ევროპელ მწარმოებლებს არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს და იაფი იმპორტის ზრდას უწყობს ხელს.
ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა Euronews-თან განაცხადა, რომ წესების აღსრულება აუცილებელია როგორც ნდობის, ისე სამართლიანი კონკურენციისა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისთვის.
ევროკომისიის განცხადებით, საკვების უსაფრთხოების წესები ყველა შემთხვევაში მოქმედებს და ისინი ვაჭრობის შეთანხმებებისგან დამოუკიდებლად სრულდება. კომისიის პრესსპიკერის თქმით, 3 სექტემბრიდან ბრაზილია ვეღარ შეძლებს ევროკავშირში ისეთი პროდუქტების ექსპორტს, როგორიცაა საქონლის, ცხენისა და ფრინველის ხორცი, კვერცხი, აკვაკულტურის პროდუქტები, თაფლი და ცხოველური წარმოშობის სხვა ნაწარმი.
ევროკომისიის ცნობით, თუ ბრაზილია მომავალში ევროკავშირის სანიტარულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ქვეყანას შესაძლოა იმპორტის აღდგენის შესაძლებლობა მიეცეს და კვლავ ისარგებლოს იგივე სატარიფო შეღავათებით, რომლებიც მერკოსურის სხვა წევრ ქვეყნებს აქვთ.
*სუბრეგიონული ბლოკი სამხრეთ ამერიკაში, რომელშიც შედიან არგენტინა, ვენესუელა, ბრაზილია, ურუგვაი და პარაგვაი.











