ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდას მხარს უჭერს

ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდას მხარს უჭერს
ევროკავშირი რაც შეიძლება მოკლე ვადებში უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს – ინიციატივა მოიცავს 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვს, საჰაერო თავდაცვის სისტემების, სარაკეტო დარტყმის საშუალებებისა და დრონების მიწოდებას, ასევე უკრაინული ბრიგადების გაწვრთნასა და აღჭურვას.

ფინანსური და პოლიტიკური გამოწვევები – ევროკავშირის ქვეყნებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თუ როგორ უნდა დაფინანსდეს ეს დახმარება. ინიციატივაში ჩართვა კავშირს გარეთ მყოფ ქვეყნებსაც შეეძლებათ.

ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ სამხედრო მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხს, მაგრამ უფრო კონკრეტული მოლაპარაკებები გერმანიის არჩევნების შემდეგ გაიმართება.

Bloomberg -ის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდის ახალ ინიციატივაზე მუშაობს. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, დამატებითი დახმარება კიევს მიმდინარე წელს უნდა მიეწოდება.

დოკუმენტების თანახმად, ახალი ინიციატივის ფარგლებში ომში მყოფი ქვეყანა საარტილერიო საბრძოლო მასალას, მაღალი სიზუსტის დარტყმის რაკეტებს (PrSM), საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და დრონებს მიიღებს. ამასთან, იგეგმება უკრაინასა და ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, სამხედროების გადამზადება და ა.შ.

ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად განსაკუთრებით აშშ-ისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად გაძლიერდა. ორგანიზაცია კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ცდილობს, პრეზიდენტი ტრამპი კი 3-წლიანი ომის უახლოეს ვადებში დასრულებაზე საუბრობს.

Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები უკრაინის პოტენციური სამხედრო დახმარების ფინანსურ ღირებულებას არ აზუსტებს. არსებული დაშვებებით, წევრ ქვეყნებს, მათი ეკონომიკის ზომის მიხედვით, ფინანსური კვოტა  განესაზღვრებათ. დოკუმენტის თანახმად, ინიციატივაში ჩართვა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც შეეძლებათ.

პარალელურად, ტრამპი მზადაა, უკრაინისთვის მისაწოდებლად აშშ-ში წარმოებული იარაღი ევროპას მიჰყიდოს. ეს ნაბიჯი უკრაინას პოტენციურად საშუალებას მისცემს, გამოიყენოს ამერიკული იარაღი მაშინაც კი, თუ აშშ კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერას შეწყვეტს.

17 თებერვალს ევროპის ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ, სადაც  თავდაცვის ხარჯებსა და უკრაინის დახმარებაზე იმსჯელეს. შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის ლიდერები ესწრებოდნენ. შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.