ევროკავშირის ლიდერები ბუნებრივ აირს ერთობლივად შეიძენენ

ევროკავშირის ლიდერები ბუნებრივ აირს ერთობლივად შეიძენენ

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის მიმდინარე კვირის სამიტის პროექტის თანახმად, ბლოკის წევრი ქვეყნების ლიდერები, მომავალი ზამთრისთვის, ბუნებრივ აირს, თხევად ნატურალურ გაზსა და წყალბადს, ერთობლივად შეიძენენ. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ გაზის ფასები რეკორდულ ზრდას განიცდის. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე უარის თქმა გადაწყვიტეს, რაც იმპორტში, დიდი ალბათობით, ახალ მიმწოდებლებს, მათ შორის კატარს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შემოიყვანს. სამიტზე ლიდერები, მომხმარებლებისთვის გაზის ცვალებადი ფასებისგან დასაცავად, ახალ ზომებს შეიმუშავებენ და განიხილავენ ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების პოტენციური „ოპტიმიზაციის“ გზებს.

ევროკომისიამ გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებს სისტემა შესთავაზა, რომელიც გაზის სტრატეგიული მარაგების ერთობლივ შესყიდვას ითვალისწინებდა. მსგავსი სტრატეგია, როგორც ერთგვარი ბუფერი მიწოდების პოტენციური შეფერხების წინააღმდეგ, რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ესპანეთმა მოითხოვა. ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვით მანიპულირების რისკები, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, განსაკუთრებით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის გაზის იმპორტში რუსეთის წილი 40%-ს უტოლდება. ევროკავშირის მთავრობებმა, ბუნებრივი აირის ფასების ზრდისგან მომხმარებლების დასაცავად, საგადასახადო შეღავათებსა და სუბსიდირებებზე მილიარდები უკვე დახარჯეს.

ბრიუსელის განცხადებებით, ის დაეხმარება ევროკავშირის ქვეყნებს მიმდინარე წელს გაზის ერთობლივად შესყიდვაში. სავარაუდოდ, კოორდინირებული ახალი სისტემის ფუნქციონირების დაზუსტებული წესები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. ევროკავშირის გადაწყვეტილება, ქვეყნებს ყოველწლიურად, ზამთრის დადგომამდე, გაზის მარაგის 90%-მდე შევსებას დაავალდებულებს. ამჟამად, ევროკავშირის ბუნებრივი აირის საცავის დაახლოებით 26%-ია შევსებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *