ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში რუსეთისგან თავდაცვისთვის უკრაინის დასაფინანსებლად თანხა თავად ისესხონ და უკრაინას გადასცენ. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისათვის გადაცემის უპრეცედენტო ქმედების ალტერნატივად მიიღეს.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინას 90 მილიარდი ევრო გამოვუყოთ. დროის სიმცირის გათვალისწინებით, უკრაინას ევროკავშირის ბიუჯეტით უზრუნველყოფილი სესხი გადაეცემა.
აღნიშნული იდეა თავდაპირველად რთულად განსახორციელებლად წარმოედგინათ, რადგან ინიციატივას ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდება, რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი კი მას წინააღმდეგობას უწევდა. თუმცა უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ სქემას მწვანე შუქი აუნთეს, რადგან ის მათ ფინანსურად არ ეხებათ.
ევროპელი ლიდერების განცხადებით, ევროპაში სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში გაყინული რუსული აქტივები, რომელთა ღირებულებაც 210 მილიარდ ევროზე მეტია, მოსკოვის მიერ უკრაინისათვის რეპარაციის გადახდამდე ამ მდგომარეობაში დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ოდესმე ამ ნაბიჯს გადადგამს, უკრაინა სესხის გადახდისთვის სწორედ მათ თანხას გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმა რამდენიმე თვის წინ წარადგინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, რუსეთის ცენტრალური ბანკის ობლიგაციებს ფინანსური ინსტიტუტი Euroclear-ი ინახავდა. ობლიგაციების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსკოვისათვის დაწესებული სანქციების გამო ობლიგაციების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთები Euroclear-ის ანგარიშებზე გაიყინა.
ევროკომისიის იდეა სწორედ ამ ნაშთის ევროკავშირში გადამისამართებაა. ამის სანაცვლოდ ევროკომისია Euroclear-ს იმავე ოდენობის ნულოვანი კუპონის მქონე ობლიგაციებს გამოუყოფს. ევროკავშირი კი, თავის მხრივ, არსებულ ნაღდი ფულის ნაშთს „რეპარაციის სესხის“ შექმნისათვის გამოიყენებს. აღნიშნულ ვალს უკრაინა იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ რუსეთისგან რეპარაციას მიიღებს. ამ გეგმით უკრაინას საშუალება ეძლევა, ფული დაუყოვნებლივ გამოიყენოს, მოსკოვის მხრიდან გადახდის მოლოდინის ნაცვლად.
მსოფლიო მასშტაბით გაყინული რუსული აქტივების მოცულობა $300 მილიარდს შეადგენს. აქედან $229 მილიარდი ევროპაშია განთავსებული, Euroclear-ში კი $217 მილიარდი ინახება. შარშან გაფორმებული შეთანხმებით, აქედან $50 მილიარდს დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები უკრაინას სესხის სახით გამოუყოფენ. შესაბამისად, დამატებით $167 მილიარდის უკრაინისათვის გადაცემის პერსპექტივა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის გეგმას სახელმწიფოები მხარს დაუჭერენ.
ევროკომისიის განმარტებით, მომდევნო სესხის მოცულობა მას შემდეგ განისაზღვრება, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის 2026-2027 წლების ფინანსურ საჭიროებებს შეაფასებს.














