ევროკავშირის მტკივნეული ტესტი გამძლეობაზე

ევროკავშირის მტკივნეული ტესტი გამძლეობაზე

თითქოს არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო, როდესაც საბერძნეთის გრანდიოზული ვალების დაფარვის მიზნით ევროკავშირის ერთობლივმა ძალისხმევამ დადებითი შედეგები გამოიღო. ასევე, სულ რაღაც ცოტა ხნის წინ იტალიას ჰქონდა სერიოზული დებატები ევროკომისიასთან ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ევროზონიდან გასვლის მუქარებიც კი გაისმა აქა-იქ.

ის-ის იყო, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან ოფიციალურად გასვლის ოფიციალურად გაფორმების შემსწრე გავხდით და მოვემზადეთ მოლაპარაკებების ბლიცკრიგით ჩატარებისა და წლის ბოლომდე შეთანხმების მიღწევის პერსპექტივებზე მსჯელობისათვის, რომ მსოფლიოს, მ.შ. ევროკავშირსა და მის ინდივიდუალურ წევრებს თავს ახალი უბედურება – პანდემია “კოვიდ-19“ დაატყდა.

ვირუსის წარმოშობაზე, გავრცელებაზე და მასთან ბრძოლის გზებსა და ეფექტიანობაზე ცალკეული ქვეყნების მხრიდან ჩვენც მოგითხრობდით და საერთოდაც ბევრი ითქვა უკვე, თუმცა მომავალში კიდევ ძალიან ბევრი მსჯელობაც იქნება, თეორიებიც გამოითქმება და ე.წ. “ნასწავლი გაკვეთილებიდან“ გამოტანილი დასკვნების გაზიარებაც უხვად იქნება. ფაქტია, კორონავირუსმა სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ევროკავშირი. ჩინეთმა პირველმა “მოუგრიხა კისერი“ პანდემიას, რა თქმა უნდა, თავისებურად.

აშშ- ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იბრძვიან ქვეყნის გადასარჩენად და, მოდი, ღიად ვთქვათ, წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გასამყარებლადაც. ეყოფა თუ არა ტრამპს ამისთვის 2.2 ტრილიონი დოლარის მოცულობის მასტიმულირებელი ეკონომიკური პაკეტი, ამას დრო გვიჩვენებს. ცხადია, დონალდ ტრამპი იბრძოლებს ბოლომდე, მაგრამ არც პანდემია აპირებს უკან დახევას და არ პატიობს არავის მის აბუჩად აგდებას. შეძლებს კი დონალდ ტრამპი 12 აპრილს ქვეყნის “გახსნას“ და ხალხის სამსახურში დაბრუნებას? (როდესაც ეს ნომერი გამოვა, შეიძლება ისეთი ვითარება იყოს, რომ ეს კითხვა არარელევანტურადაც მოგეჩვენოთ.

თუმცა, მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკელი ხალხი, მისი საუკეთესო სამედიცინო პერსონალით და ბევრ სხვასთან შედარებით ძლიერი ჯანდაცვის სისტემით დაძლევს პანდემიის პრობლემას და კვლავ ააგუგუნებს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ეკონომიკას.)

თუ ჩინეთის მმართველობის, გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების თაობაზე სხვა ტიპის შეკითხვები იბადება, თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლოს და ბოლოს კონგრესი, სენატი და ადმინისტრაცია შეჯერებულ პაკეტზე, მის მოცულობასა და დეტალებზე თანხმდება, ევროკავშირის, არცთუ ისე დიდი ხანია, 27-წევრიან გაერთიანებას გადაწყვეტილების მიღება, პოზიციების შეჯერება და ოპერატიული მოქმედება ადრეც ყოველთვის უძნელდებოდა, თანაც გაცილებით უფრო მარტივ საკითხებზე და არც ახლა დაურღვევია ტრადიცია (თუმცა არის აშკარა პროგრესიც: ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ცოტა ხნის წინ თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ევროკომისიამ სარეკორდოდ მოკლე დროში, ორი კვირის ვადაში შეძლო კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებითი 35 მილიარდი ევროს აკუმულირებაზე შეთანხმება).

აღარ მოვყვები, რატომ აღმოჩნდა ჩინური და იტალიური დროშებით მორთული პირბადეები და სხვა საშუალებები, ექიმების ბრიგადები და ა.შ. იტალიაში უფრო სწრაფად ჩინეთიდან, ვიდრე ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან. არც იმაზე შევაჩერებ ყურადღებას, თუ რატომ მოუწია იტალიის ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების თაობაზე მიმართვა; ჩემი აზრით, არ უნდა მიემართათ, თუმცა მიმართეს და ალბათ ახლა მაგრადაც ნანობენ, იმიტომ რომ რუსეთის მიერ გაგზავნილი აღჭურვილობის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 85%, სრულიად უვარგისი გამოდგა.

ჩინელებმა თუ ექიმების ბრიგადები პირდაპირ უჰანის ფრონტის ხაზიდან გაგზავნეს, რუსებმა ექიმების ნაცვლად მაღალჩინოსანი, გენერლისა და პოლკოვნიკის სამხრეებიანი სამხედროები მიავლინეს. რუსეთს გონით ვერ ჩასწვდებიო, ნათქვამია!!! რა თქმა უნდა, დახმარება გვიან, მაგრამ გაცილებით ხარისხიანი და მნიშვნელოვანი ბოლო- ბოლო გერმანიიდანაც ჩავიდა, საფრანგეთიდანაც და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპაში განლაგებული ბაზებიდანაც. ბუნებრივია, პანდემიასთან ბრძოლა და მისგან გამომდინარე მნიშვნელოვანი საკითხები (საჭირო აღჭურვილობის სწრაფი და კოორდინირებული შესყიდვა, ევროკავშირის მოქალაქეების სახლებში დაბრუნება, შენგენის ზონის საზღვრების კარანტინის გახანგრძლივება, 400 მილიონზე მეტი ევროკავშირის მოქალაქისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების უზრუნველყოფა, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დახმარების აღმოჩენა) იყო ცენტრალური თემა ევროკავშირის ისტორიაში პირველი ვირტუალური სამიტის დროს.

ტრადიციული შეხვედრის ადგილი – ბრიუსელი ამჯერად ვიდეოკონფერენციის არხებით შეუერთდა სხვა დედაქალაქებს. ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაინს, შეიძლება ითქვას, წინათგრძნობამ, თუკი ჰქონდა ასეთი რამ, ნამდვილად გაუმართლა, როდესაც ბრიუსელში ცალკე ბინის ქირაობაზე უარი თქვა და ევროკომისიის შენობაში განთავსდა. ვერაფერს იტყვი – თვითიზოლიაციისა და სოციალური დისტანცირების ნამდვილი სანიმუშო მაგალითი! #დარჩისახლში მიუხედავად უჩვეულო, ვირტუალური ფორმატისა, დებატები მაინც ძალიან ცხარე გამოდგა, რაც არც კი დაუმალავს იტალიის პრემიერ- მინისტრ ჯუზეპე კონტეს. მან ღიად განაცხადა, რომ სერიოზული კამათი ჰქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. სწორედ იტალიის პრემიერმა გაახმიანა ძალიან ყურადსაღები გაფრთხილება: “თუკი ევროკავშირი ვერ შეძლებს პანდემიასთან გამკლავებისთვის ერთიანი ეკონომიკური პაკეტის შემუშავება/ შეთანხმებას, მის (ევროკავშირის) არსებობას აზრი საერთოდ დაეკარგება“.

ვირტუალური სამიტის გრადა, სხვა ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ პირველად ხდება ევროკავშირის ისტორიაში. მაგალითად, პირველად დაუშვეს ევროკავშირის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის, 1994 წელს მიღებული სტაბილურობის პაქტის პარამეტრების (ბიუჯეტისა და დეფიციტის) გადახედვის შესაძლებლობა. ასევე პირველად, ევროზონის 19 წევრი ქვეყნიდან ნაწილმა (ჯგუფი ტრადიციულად სამხრეთულ და ჩრდილოურ ნაწილებად გაიყო), იტალიისა და ესპანეთის თაოსნობით და საფრანგეთის მხარდაჭერით ერთიანი ევრობონდების გამოცემას, ანუ ერთობლივად სესხების აღების საკითხი დააყენა დღის წესრიგში. ამას, როგორც მოგახსენეთ, კატეგორიულად ეწინააღმდეგება გერმანია და მასთან ერთად ნიდერლანდები. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ საერთოდ გამორიცხა რაიმე შესაძლებლობა, რომ სამხრეთელთა ინიციატივას მხარი დაუჭიროს. მისგან განსხვავებით, იტალიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი საბოლოო ჯამში კომპრომისულ შეთანხმებამდე მივა, ვინაიდან საკითხი არა მხოლოდ კონკრეტულ ფინანსურ მექანიზმებს ეხება. პანდემიასთან გამკლავების წარმატება/წარუმატებლობის შეფასების დროს სულ უფრო ხშირად გაიგებთ მოსაზრებას, რომ ეროვნული მთავრობები გაცილებით უფრო წარმატებით ებრძვიან ვირუსს, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციები და გაერთიანებები. სულ უფრო მეტად აქტიურდება დებატები თემაზე “ნაციონალიზმი vs გლობალიზმი“, ისევე როგორც ახალ მსოფლიო დღის წესრიგზე.

ამდენად, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩააბარებს ევროკავშირი ერთ- ერთ ყველაზე რთულ ტესტს გამძლეობაზე, თორემ პანდემია რომ დამარცხდება, და ის აუცილებლად ერთობლივი ძალისხმევით დამარცხდება, მთელ რიგ მთავრობებს და მათ მეთაურებს, “კომპეტენტურ“ და “ავტორიტეტულ“ საერთაშორისო ორგანიზაციებს დრამატული ცვლილებები ნამდვილად არ ასცდება. ამის განჭვრეტა უკვე შეიძლება და გარანტიის მოცემაც ნამდვილად არ გამიჭირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *