ევროკავშირის ქვეყნები, რომელთაც გასულ წელს ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟეს

ევროკავშირის ქვეყნები, რომელთაც გასულ წელს ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟეს

ინდუსტრიული ჯგუფის, SolarPower Europe-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპის მასშტაბით, 2022 წლის განმავლობაში, მზის დახმარებით გამომუშავებული ენერგიის საერთო სიმძლავრე დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირმა წელს რეკორდული, 41.4 გიგავატი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, რაც 12.4 მილიონი სახლის ენერგიით უზრუნველყოფისთვის არის საკმარისი.

შედეგად, 2022 წელს, ევროკავშირში მზის წყაროსგან მიღებული ენერგიის საერთო სიმძლავრე შარშანდელი 28.1 გიგავატიდან 47%-ით გაიზარდა და 41.5 გიგავატს მიაღწია. ერთ წელიწადში, აღნიშნული განახლებადი წყაროდან ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობები 25%-ით გაიზარდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანალიზით, ევროკავშირს, რუსული გაზის დეფიციტის კომპენსაციისთვის, 2023 წელს ამ გზით დაახლოებით 60 გიგავატი ენერგიის მიღება სჭირდება. SolarPower Europe-ის პროგნოზით, სწრაფი და მიზანმიმართული მხარდაჭერით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

წელს ევროკავშირში ჯამში ათი სახელმწიფო იყო ისეთი, რომლებმაც მინიმუმ 1 გიგავატი ენერგიის გამომმუშავებელი მზის პანელები დაამონტაჟა. პირველ ადგილზე გერმანიაა, მხოლოდ 2022 წელს 8-გიგავატიანი მაჩვენებლით. მართალია, გერმანია პირველ ადგილს 2000-იანი წლების დასაწყისიდან იკავებს, გასული წლის ენერგიის მაღალმა ფასებმა ქვეყანაში განახლებადი ენერგიის განვითარების უფრო მეტად დაჩქარება გამოიწვია.

გერმანიას მოჰყვება ესპანეთი (7.5 გიგავატი), სადაც მზის პანელების დამონტაჟება 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა. ზრდა მეტწილად სახურავებზე მზის პანელების მატებამ და ენერგოკრიზისმა განაპირობა. პირველ ხუთეულს პოლონეთი (4.9 გიგავატი), ნიდერლანდები (4.0 გიგავატი) და საფრანგეთი (2.7 გიგავატი) ასრულებენ.

REPowerEU-ის გეგმა 2030 წლისთვის ევროკავშირის განახლებადი ენერგიის 45%-იან ზრდას ისახავს მიზნად. ანგარიში რამდენიმე ძირითად გზასაც გამოკვეთს, რომელთა შესრულებაც მიზნის მიღწევის პროცესს დააჩქარებს. ანგარიშის მტკიცებით, პანელების განსათავსებლად და ელექტროქსელთან დასაკავშირებლად, ევროკავშირს უფრო მეტი კვალიფიციური ტექნიკოსი სჭირდება. შესაბამისი კადრების გადამზადებამ შესაძლოა, ორგანიზაციაში მზისგან ენერგიის გამომუშავების ზრდის ტემპი დააჩქაროს.

SolarPower Europe-ის ანგარიში რეგულაციების სტაბილურობის შენარჩუნებაზეც ამახვილებს ყურადღებას, ხოლო ადმინისტრაციული პროცედურები უნდა გამარტივდეს მზის პანელების დამონტაჟების ზრდის წახალისებისთვის. უნდა გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის ქსელის სტაბილურობა და მზის პანელების ევროპაში წარმოებაც, რათა თავიდან იქნას არიდებული ენერგიის გამომუშავების ზრდისთვის ხელშემშლელი დაბრკოლებები.