ინფლაცია ევროკავშირში, 2022 წლის ოქტომბრის 11.5%-იანი პიკის შემდეგ, ეტაპობრივად იკლებს. ორგანიზაციის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ევროკავშირში წლიურმა ინფლაციამ 3.1% შეადგინა – ნაკლები დეკემბერში დაფიქსირებულ 3.4%-თან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი ერთი წლის წინ 10.0%-ს უტოლდებოდა.
ამავდროულად კი, ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ 2024 წლის იანვარში 2.8% შეადგინა, მაშინ როდესაც დეკემბერში 2.9%-ს, ხოლო 2023 წლის იანვარში 8.6%-ს უდრიდა. ინფლაციის ვარდნა მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასები, ადრინდელთან შედარებით, უფრო ნელა იზრდება, თუმცა მატებას მაინც განაგრძობს. დეფლაციისას პროდუქცია იაფდება, მაგალითად, იანვარში ენერგორესურსების ფასები ევროკავშირში გასულ წელთან შედარებით დაბალი იყო.
პირველ მარტს გამოქვეყნებული ევროსტატის წინასწარი შეფასებით, თებერვალში ევროზონაში ინფლაცია იანვრის 2.8%-იდან 2.6%-მდე დაეცა. თუმცა მონაცემები კვლავ აღემატება ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) დადგენილ ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს – 2%-ს. ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული მაჩვენებლით (HICP) იზომება, ევროპის მასშტაბით უმეტესად განსხვავებულია. განსხვავებულობის მიუხედავად, იანვარში, წლიური მონაცემების შედარებისას, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში დეფლაცია არ დაფიქსირებულა.
2022 წლის ოქტომბერში ინფლაციამ ბოლო ოთხი ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია. პანდემიას სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. პანდემიისგან სწრაფი აღდგენისა და მასთან დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვების შეფერხებების გამო, 2021 წელს ფასებმა მატება დაიწყო. ამას დაერთო უკრაინაში დაწყებული ომი, რამაც ენერგოფასების ზრდაც გამოიწვია.
1997 წლიდან 2021 წლის ბოლომდე ევროკავშირში წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 4.4% – 2008 წლის ივლისში დაფიქსირდა. პიკის შემდგომ, თითქმის მუდმივად, ევროკავშირში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მცირდებოდა.
2024 წლის იანვრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია ევროკავშირში 0.9%-დან 7.3%-მდე მერყეობდა. ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით (7.3%) რუმინეთი ლიდერობს. ორგანიზაციაში შემავალი სახელმწიფოებიდან მას მოჰყვება ესტონეთი (5%), ხორვატია (4.8%) და პოლონეთი (4.5%). ინფლაცია ყველაზე დაბალი – 0.9% – კი დანიასა და იტალიაშია. შემდეგ მოდის ლატვია, ლიეტუვა და ფინეთი 1.1%-ით.
ევროკავშირის სხვა დიდ ქვეყნებს შორის ინფლაცია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იყო ესპანეთში (3.5%) და საფრანგეთში (3.4%), როდესაც გერმანიაში (3.1%) იმავე დონეზე იყო, რაც ევროკავშირში. ევროკავშირის გარეთ, გაერთიანებულ სამეფოში, ინფლაციამ 4.3% შეადგინა.
დეკემბერთან შედარებით წლიური ინფლაცია დაეცა ევროკავშირის 15 ქვეყანაში, ერთში არ შეცვლილა და 11 ქვეყანაში გაიზარდა. ყველაზე მაღალი კლება – 0.7 პროცენტული პუნქტი – 4.4%-დან 3.7%-მდე ჰქონდა სლოვაკეთს, 0.6 იყო ესპანეთში, მალტასა და ესტონეთში. რაც შეეხება მატებას, ზრდამ ბელგიაში 2.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა, ლუქსემბურგში – 0.2, ხოლო კვიპროსსა და ფინეთში – 0.1.
2024 წლის იანვრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი შემდეგ ათ ქვეყანაში იყო:
- რუმინეთი – 7.3%
- ესტონეთი – 5%
- ხორვატია – 4.8%
- პოლონეთი – 4.5%
- სლოვაკეთი – 4.4%
- ავსტრია – 4.3%
- ბულგარეთი – 4%
- მალტა – 3.7%
- უნგრეთი – 3.7%
- ესპანეთი – 3.5%