ევროკავშირმა მსოფლიოში პირველი AI-რეგულაციები დაამტკიცა

ევროკავშირმა მსოფლიოში პირველი AI-რეგულაციები დაამტკიცა

ოთხშაბათს ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები დაამტკიცა, მსოფლიოში პირველი ჩარჩო, რომელიც AI-ის გამოყენებას დაარეგულირებს. ევროკავშირის გადაწყვეტილებას განაპირობებს მზარდი შეშფოთების რისკი, რომ AI-ის სწრაფად განვითარებადმა ტექნოლოგიამ შესაძლოა კაცობრიობას საფრთხე შეუქმნას.

ევროკავშირის AI-აქტი ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ტექნოლოგიაზე შეზღუდვებს „პოტენციური რისკისა და გავლენის დონის“ შეფასებით აწესებს. მაღალი რისკის მქონე AI-სისტემებზე, რომლებიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამედიცინო მოწყობილობებში გამოიყენება, ბევრად მეტი შეზღუდვა გავრცელდება. ეს მოიცავს მონაცემთა გამოყენების გამჭვირვალობას, ადამიანის ზედამხედველობის უზრუნველყოფას და ამ სისტემებთან დაკავშირებული რისკის შეფასებასა და შემცირებას.

ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციათა ნაწილი კი, რომლებიც ადამიანთა უფლებებისთვის საფრთხის შემცველად ჩაითვლება, პირდაპირ აიკრძალება, მათ შორის – ემოციის ამომცნობი სისტემები სკოლებსა და სამუშაო ადგილებში. გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ჩარჩოს ფარგლებში, AI-ის გენერირებულ სურათებს, ვიდეო- და აუდიოკონტენტს შესაბამისი ეტიკეტი დაერთვება.

ბიომეტრიული იდენტიფიკაციის სისტემების – აპლიკაციები, რომლებიც გამოიყენება საჯარო სივრცეში ადამიანების იდენტიფიცირებისთვის — გამოყენება, სამართალდამცავების მხრიდან, მოხდება მხოლოდ ტრეფიკინგისა და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლთა მოსაძებნად, ტერორისტული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების იდენტიფიცირებისთვის.

AI-აქტი კანონის სახეს სავარაუდოდ მაისში, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მხრიდან საბოლოო დამტკიცების შემდეგ მიიღებს. ევროპარლამენტის თანახმად, რეგულაციების სრული კომპლექტი, მათ შორის ჩატბოტების მარეგულირებელი წესები, ძალაში 2026 წლის შუა რიცხვებისთვის შევა. ხელოვნური ინტელექტის აქტის დარღვევისთვის კომპანიას მისი გლობალური შემოსავლის დაახლოებით 7%-ის გადახდა მოუწევს, მაქსიმალური ჯარიმის ზღვარი კი $38 მილიონს შეადგენს.