Spotify პლატფორმაზე სრულმეტრაჟიან მუსიკალურ ვიდეოებს ამატებს

Spotify პლატფორმაზე სრულმეტრაჟიან მუსიკალურ ვიდეოებს ამატებს

შვედური სტრიმინგ-კომპანია Spotify პლატფორმაზე სრულმეტრაჟიან მუსიკალურ ვიდეოებს ამატებს. ახალი სერვისი ხელმისაწვდომი მხოლოდ პრემიუმ-გამომწერებისთვის იქნება. შედეგად, Spotify გეგმავს შევიდეს ბაზარზე, სადაც თითქმის ბოლო ორი ათწუელია, დომინანტის სტატუსს YouTube-ი ინარჩუნებს.

მუსიკალური ვიდეოები ხელმისაწვდომი იქნება პრემიუმ-მომხმარებლებისთვის გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, შვედეთში, ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ფილიპინებში, ინდონეზიასა და კენიაში. Spotify-ის ინფორმაციით, სერვისი ბეტა-რეჟიმში ოთხშაბათიდან გაეშვება. ახალი ფუნქციის შეთავაზებით, კომპანია სტრიმინგის მომხმარებელთა ბაზის ზრდას ისახავს მიზნად.

არსებული გეგმით, Spotify-ის მომხმარებელთა რიცხვმა 2030 წლისთვის 1 მილიარდს უნდა მიაღწიოს. კომპანიის ახალი მიზნები კი, გამომწერთა ზრდასთან ერთად, Apple Music-თან და ახლა უკვე YouTube-თან კონკურენციის გაწევასაც ითვალისწინებს, რასაც Spotify სწორედ პლატფორმაზე მუსიკალური ვიდეოების დამატებით შეეცდება.

გასული წლის მარტში Spotify-იმ ე.წ. „კლიპები“ წარმოადგინა, 30 წამზე ნაკლები ხანგრძლივობის ვერტიკალური ვიდეოები, რომლებიც პლატფორმაზე პირდაპირ, არტისტების მიერ იტვირთება. კომპანიამ, მეტი მომხმარებლის მოსაზიდად, ასევე გაზარდა პოდკასტებისა და აუდიოწიგნების შეთავაზებები. კომპანიის პროგნოზით, სტრიმინგ-სერვისის აბონენტთა რიცხვმა მიმდინარე კვარტალში 239 მილიონს უნდა მიაღწიოს.