ფოტო: Yves Herman/Reuters
ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად დამატებით €6.1 მილიარდის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. თანხა უკრაინისთვის ახალი თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარების შესაძენად იქნება გამოყენებული.
ევროკავშირის განცხადებით, ახალი პაკეტი იმ €16 მილიარდის ღირებულების შესყიდვების გეგმებს ემატება, რომლებიც უკრაინისთვის მანამდე იყო დამტკიცებული. აღნიშნული თანხიდან უკრაინას უკვე €8.35 მილიარდი აქვს მიღებული.
„რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, ამიტომ ჩვენ ვზრდით მხარდაჭერას, რათა უკრაინამ საკუთარი მოსახლეობის დაცვა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს. ევროპა უკრაინის გვერდით დგას და ჩვენ მივაწვდით იმას, რაც მას სჭირდება, მაშინ, როდესაც ეს სჭირდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.









