„ევროკრედიტი“ ფინტექკომპანიად ყალიბდება

„ევროკრედიტი“ ფინტექკომპანიად ყალიბდება

„ევროკრედიტი“ მიზნად ფინტექკომპანიად ჩამოყალიბებას ისახავს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, რომელიც საერთაშორისო კომპანია „ზუკ ჯგუფის“ წევრია, საკრედიტო პროდუქტების გაციფრულების პროცესი ერთი წელია, მიმდინარეობს. როგორია „ევროკრედიტის“ განვითარების გეგმა და პერსპექტივები, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ნონიკაშვილი საუბრობს.

ბატონო მიხეილ, დაარსებიდან 10 წლის შემდეგ „ევროკრედიტის“ მიზანი საბოლოოდ ფინტექკომპანიად ფორმირებაა. რა ეტაპზე ხართ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით?

ეს პროცესი ჩვენ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში დავიწყეთ, როდესაც, პირველებმა ქართულ ბაზარზე, მომხმარებელს ავტოსესხის მიღება დისტანციურად შევთავაზეთ. ავტოსესხის ონლაინ აღების შესაძლებლობა ჩეხურ ფინტექკომპანია „ვოლიფეისთან“ ერთად დავნერგეთ. თუ მომხმარებელს როდისმე ჰქონია ჩვენთან სესხი ან აქტიურ სესხზე ლიმიტის გაზრდა სურს და ამასთან „ვოლიფეის“ ბარათის მფლობელია, თანხის მიღება სულ რამდენიმე წუთში, მობილური აპლიკაციის საშუალებით შეუძლია.

გარდა ამისა, ვავითარებთ ბიზნესსესხების დისტანციურ რეჟიმში გაცემის იდეასაც, თუმცა აქ ცოტათი განსხვავებული ვითარება გვაქვს, ვინაიდან ბევრი არ აწარმოებს ბუღალტერიას სტანდარტების მიხედვით. ჩვენი ახალი პროდუქტი კი მხოლოდ მათთვის იქნება, ვინც შემოსავლების სამსახურში აფიქსირებს გადასახადებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია გარკვეული ანალიზის გაკეთება ბიზნესის ბრუნვისა და ფინანსური აქტივობების შესახებ. ბიზნესსესხის გაციფრულების იდეა ახლა აქტიური დამუშავების ფაზას გადის. საერთო ჯამში გვინდა, რომ მომხმარებლებს მათზე მორგებული, კომფორტული და სწრაფი პროდუქტები შევთავაზოთ.

ამასთან, სერვისების გაციფრულების პროცესში შევქმენით ახალი ვებგვერდიც, სადაც მომხმარებელს აქვს თავისი პროფაილი, ხედავს ხელმისაწვდომ ლიმიტს, ახალ შეთავაზებებს, გადახდის დროს, გრაფიკს და ა.შ. ამას გარდა, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნასაც. მომხმარებელმა სასურველი სერვისის მისაღებად რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დახარჯოს.

ფინტექკომპანიად გარდაქმნის გადაწყვეტილება რამ განაპირობა? ამ ბაზარზე რამდენად გრძნობთ კონკურენციას?

ჩვენი სლოგანია – „ბარიერების გარეშე“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიმარტივე და სისწრაფე. მომხმარებელსაც სწორედ ეს აინტერესებს. ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, რომ მარტივად და სწრაფად, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მომხმარებლისთვის ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს არის ჩვენი მიზანიც და ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიაც. გაციფრულების ტრენდი ბაზარზეც შეინიშნება და ეს ბუნებრივიცაა. ტექნოლოგიების განვითარებამ, მომხმარებლის ქცევის ცვლილების ტენდენციებმა თუ პანდემიურმა გამოწვევებმა კომპანიებს მათი გამკლავებისა და სიახლეების დანერგვისკენ უბიძგა.

თქვენ საქართველოს მასშტაბით 11 ფილიალი გაქვთ და მათი რაოდენობის გაზრდასაც გეგმავთ, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს დიგიტალიზაციის პროცესიც. რა არის თქვენი საბოლოო მიზანი?

ვიცით, რომ რეგიონებში ციფრულ ტექნოლოგიებს ჯერჯერობით აქტიურად არ იყენებენ არცოდნისა თუ ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გამო. არსებობს საკმაოდ დიდი სეგმენტი, რომელიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს ვირტუალურ საფინანსო სერვისებსა და ტექნოლოგიებს. იქ ადამიანებს ფინანსური ინსტიტუტების ნდობა მაშინ უფრო აქვთ, როდესაც პირდაპირ ესაუბრებიან კომპანიის წარმომადგენელს, დისტანციური საბანკო პროდუქტებისადმი უნდობლობა კი კვლავ გამოწვევაა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რეგიონებში გავაფართოოთ ფილიალების რაოდენობა, პარალელურად კი ტექნოლოგიურ განვითარებასაც ვაგრძელებთ.

თქვენს პროდუქტებს მხოლოდ ავტოსესხი და ბიზნესსესხი წარმოადგენს. როგორ არის პორტფელები გადანაწილებული და ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

ჯერჯერობით ავტოსესხს ჩვენი პორტფელის უდიდესი ნაწილი უჭირავს. ბიზნესსესხების გაცემა წელს დავიწყეთ. „ევროკრედიტი“ ძირითადად სწორედ ავტოსესხებთან არის ასოცირებული. ეს ასე იქნება მანამ, ვიდრე ჩვენ მნიშვნელოვანწილად არ შევცვლით პორტფელში სასესხო პროდუქტების თანაფარდობას, ამისთვის დრო და მარკეტინგული სტრატეგიაა საჭირო. ვაპირებთ, რომ მულტიფუნქციური მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავხდეთ, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ მომხმარებელს მრავალფეროვან სასესხო შეთავაზებებს გავუკეთებთ.

რაც შეეხება ჩვენს მომხმარებლებს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ფლობენ ავტომობილს და რომელთაც სესხის მიღება სწრაფად სურთ. ასევე ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ დაბალშემოსავლიანი სეგმენტია ჩვენი მომხმარებელი, გვყავს საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებელიც.

ძირითადად ორი ტიპის მიმართულებაა, როცა ადამიანს ავტომობილის შეძენა უნდა ან მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად სურს სწრაფი სესხით სარგებლობა.

რაც შეეხება ბიზნესსესხს, რომელიც თქვენ პანდემიის დროს დაამატეთ, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება? ბაზარზე ამ ტიპის სასესხო პროდუქტზე მოთხოვნა და საჭიროება დაინახეთ?

კომპანიას განვითარება პანდემიის პირობებშიც კი არ შეუჩერებია და უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ ამ პერიოდში, საქართველოში პირველად, ავტოსესხის დისტანციურად გაცემის შესაძლებლობა დაემატა, ასევე შეიქმნა ახალი პროდუქტი „სწრაფი ბიზნესსესხი“, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს სესხის მარტივად, ძალიან სწრაფად, დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე მიღების შესაძლებლობას აძლევს.

მოგეხსენებათ, პანდემიის დროს ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორს შეექმნა ფინანსების ხელმისაწვდომობის პრობლემა, ვინაიდან ტურიზმი გაჩერდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის სესხი მოქნილი პირობებით შეგვეთავაზებინა. ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლებს მოვერგოთ მაქსიმალურად, ამით ვიხელმძღვანელეთ ბიზნესსესხებთან მიმართებითაც და მათ ახალი პროდუქტი შევთავაზეთ. ზოგადად პანდემიის დროს ეკონომიკური კრიზისი რაც უფრო ღრმავდება, მით მეტად იზრდება ფინანსებზე მოთხოვნა, განსაკუთრებით – მიკროსაფინანსო სექტორში. აქედან გამომდინარე, შექმნილმა კრიზისმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის ზრდა გამოიწვია. ჩვენ, მაგალითად, იანვრიდან დღემდე პორტფელი 25%-ით გავზარდეთ.

როგორ აფასებთ მიკროსაფინანსო ბაზარზე არსებულ კონკურენციას?

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ, როდესაც ჩვენ ავტოსესხების გაცემა დავიწყეთ ათი წლის წინ, მაშინ ბაზარზე დიდი კონკურენცია არ იყო. ახლა მდგომარეობა შეცვლილია. მრავალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შემოვიდა ამ პროდუქტით, რაც იმან გამოიწვია, რომ ავტოსესხი შედარებით ნაკლები რისკის მატარებელია. გარდა ამისა, მიკროსაფინანსოებს უწევთ მომხმარებლებთან მიმართებით PTI კოეფიციენტის დაკმაყოფილება, რაც მომხმარებლის შემოსავალზე დაყრდნობით სესხის გადახდის თანაფარდობას გულისხმობს. საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ კოეფიციენტის ზღვარზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დამატებითი სესხის აღების შესაძლებლობა არა აქვთ. ავტოსესხის შემთხვევაში კი ფინანსურ ორგანიზაციას ამ კოეფიციენტის გათვალისწინება არ უწევს. შესაბამისად, ამ ნაწილში კონკურენცია მზარდია და სწორედ ამან განაპირობა ბანკების აქტიურობა ავტოსესხების ბაზარზე. ბოლო ორ წელიწადში საცალო სეგმენტზე ავტოსესხის პროდუქტით, სულ მცირე, 5-6 ბანკი დაემატა. თუმცა „ევროკრედიტთან“ შედარებით სხვებს ჯერ არა აქვთ დიდი გამოცდილება ამ ბიზნესში, ისინი ახლა სწავლობენ ამ პროდუქტს. ჩვენ კი სწორედ ამაში ვართ ყველაზე გამოცდილები. ჩვენი ინფორმაციით, ავტოსესხების გაცემის რაოდენობით, სამეულში შევდივართ.

„ევროკრედიტი“ ბიზნესის წარმატებას დროულ მედიაციაში ხედავს და მიესალმება მედიაციის გზით დავების დარეგულირების მეთოდის გამოყენებას. როგორია სასესხო ვალდებულებების გამო წარმოშობილი დავები და მათი მედიაციის გზით მოგვარების სტატისტიკა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში?

მედიაცია დაახლოებით ერთი წელია, რაც დავიწყეთ, თუმცა დღეს ჩვენთვის აქტიური გამოყენების მექანიზმია. დავების დაახლოებით 90% მედიაციის საშუალებით უკვე დავასრულეთ. ეს პროცესი გაცილებით სწრაფია. დღეისათვის სასამართლოში დავების განხილვას ხანგრძლივი დრო სჭირდება, დროში გაწელილ საქმეებს ასევე ემატება სასამართლო და სხვა თანამდევი ხარჯები, რაც საბოლოო ჯამში ბიზნესსექტორისათვის არ არის მოგებიანი. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დავების მედიაციის გზით გადაწყვეტა როგორც გამსესხებლებისთვის, ასევე მსესხებლებისთვის საუკეთესო გამოსავალია.

კომპანიის ზრდა თანამშრომლების ეფექტიანი მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია. რას აკეთებს „ევროკრედიტი“ მათი პროდუქტიულობის გასაზრდელად?

ამ საკითხს ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენი გუნდი 150-ზე მეტი პროფესიონალისგან შედგება, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. „ევროკრედიტში“ შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

მიკროსაფინანსო სეგმენტში ჩვენ თანამშრომლებისთვის საშუალოზე მაღალი სახელფასო შეთავაზებები გვაქვს. საქართველოში ერთ­-ერთი მსხვილი აუდიტორული კომპანიის მიერ ფინანსური ბაზრის კვლევის მიხედვით, ანაზღაურების რაოდენობით ბაზრის ტოპ­-­ხუთეულში შევედით. იმდენად კარგი საბონუსე სისტემა გვაქვს, რომ ბევრი კომპანიის თანამშრომელი ჩვენთან გადმოსვლას ცდილობს. თუმცა ეს მოტივაციის გაღვივებისა და ინსპირაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არაა. ჩვენ ერთიანი მიზანი გვამოძრავებს. ერთად ვსწავლობთ და მუდმივად ვვითარდებით, სამუშაოს კუთხით ვართ მოქნილი და გამოვირჩევით გადაწყვეტილების მიღების ავტონომიურობის მაღალი ხარისხით.

ჩვენი მართვის ფილოსოფია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული. ნებისმიერი დონის მენეჯერს აქვს შესაძლებლობა, პროცესში ჩაერთოს, გამოთქვას საკუთარი აზრი, შემოგვთავაზოს იდეა. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს და ვცდილობთ, იმაზე უკეთესები ვიყოთ ხვალ, ვიდრე დღეს ვართ.

ისევე როგორც კლიენტებთან, თანამშრომლებთანაც ვიყენებთ კონცეფციას „ბარიერების გარეშე“. თანამშრომლებსაც ვუხსნით ყოველგვარ ბარიერებს ურთიერთობებში ხელმძღვანელთან თუ კოლეგასთან.

აღსანიშნავია, რომ სისტემატურად ვიკვლევთ თანამშრომელთა კმაყოფილებას, რომლის მიხედვითაც სამუშაოთი კმაყოფილების მაჩვენებელი 95%-ს აღწევს.

მიკრობანკების საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დასრულდა. ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, მიკრობანკებს მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით დეპოზიტების მიღებისა და უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობა მიეცემათ. რა მოლოდინი გაქვთ? რა გავლენას იქონიებს ის საპროცენტო განაკვეთებზე?

ამ ინიციატივას დადებითად ვაფასებ, ვინაიდან ეს გაზრდის კონკურენციას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ბანკებთან შედარებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ შეზღუდული აქვთ. ბანკების მიერ მოზიდული სახსრების საპროცენტო განაკვეთი გაცილებით დაბალია. შესაბამისად, დაბალმარჟიან სეგმენტში, სადაც ბანკები არიან, ვერ შევდივართ. გამომდინარე იქიდან, რომ მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობა მიეცემათ, ეს გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და, რაც მთავარია, შეამცირებს სავალუტო რისკებს. მაქვს მოლოდინი, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში საპროცენტო განაკვეთები სამომავლოდ დაიწევს, თუმცა ეს თავის მხრივ სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეცაა დამოკიდებული.

ზოგადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უპირატესობას ნაკლები ბიუროკრატია და სწრაფი ბიზნესპროცესები წარმოადგენს. თუ ამას სხვა უპირატესობებიც დაემატება, ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს მიმზიდველობას.

„ევროკრედიტი“ მოიაზრებს მიკრობანკად გარდაქმნას?

უახლოეს პერიოდში ვერ შევძლებთ, რომ განაცხადი გავაკეთოთ მიკრობანკად გარდაქმნისთვის, ვინაიდან ერთ­-ერთი მოთხოვნაა, რომ 70%-ს მიკრობიზნესისა და აგროსესხების პორტფელი შეადგენდეს.

გარდა ამისა, 10 მლნ-ით განისაზღვრა მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალის მოცულობაც. ამას ყველა მისო ვერ დააკმაყოფილებს, რა ცვლილებებს ელოდებით ბაზარზე?

დიდ ცვლილებებს არ ველოდები, ვინაიდან შესაძლოა, მხოლოდ ხუთმა მიკროსაფინანსომ მოახერხოს ამ ეტაპზე მიკრობანკად ტრანსფორმაცია. ეს ის კომპანიები არიან, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო რეიტინგი და რომლებიც ამ რაოდენობის თანხების მობილიზებას შეძლებენ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მიკრობანკების მიერ მეტი ნდობის მოპოვება მომხმარებლის თვალში, ვიდრე მიკროსაფინანსოებს აქვთ ახლა. უმნიშვნელოვანესია ამ ინსტიტუტის სანდოობა გაიზარდოს და შემდეგ უკვე მომავალში სხვა პასუხისმგებლობიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიკრობანკებად გარდაქმნაც არ დააყოვნებს შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

დაბოლოს, რას ელოდებით 2021 წლისგან და რა არის თქვენი სამომავლო სტრატეგიული მიზნები?

ვფიქრობ, შევძლებთ მიმდინარე წელიწადი ისევე წარმატებით დავასრულოთ, როგორც დავიწყეთ, თუ რამე გაუთვალისწინებელი გარემოებები არ იჩენს თავს. ჩვენს სეგმენტში მნიშვნელოვანი აქტივობები შეინიშნება, რაც პოზიტიურად განგვაწყობს. მოვიზიდეთ საბანკო დაფინანსებაც და ეს ბაზარზე მეტად გააქტიურების საშუალებას მოგვცემს.

ერთ­-ერთი ყველაზე ფასეული, სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო რეიტინგის მოპოვება, რაც ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობასაც გაგვიზრდის და მის ფასსაც შეამცირებს. ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, გაციფრულება, საერთაშორისო რეიტინგი და კომპანიის შემდგომ, გამორჩეულ საფეხურზე გადასვლა ჩვენი ამბიციაა. ჩვენი ერთიანი „ოჯახის“ ძალისხმევით ეს სავსებით რეალურად მიგვაჩნია. წარმატება ხომ ყოველდღიურად, თითო ნაბიჯის წინ გადადგმის სასიამოვნო პროცესია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *