ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის სტარტი

ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის სტარტი

ბათუმის პორტში აპრილში გახსნილი ახალი მულტიმოდალური ტერმინალის მიმართ ინტერესი მზარდია. ტერმინალს, რომელიც მინერალური სასუქების, კერძოდ, კარბამიდის (შარდოვანას) მიღებას, შენახვასა და გაგზავნას უზრუნველყოფს, რეგიონალური მასშტაბის პროექტს უწოდებენ. ის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს საქართველოს გავლით დასავლურ ბაზართან აკავშირებს. პროექტი Forbes-ის უმსხვილესი კერძო ამერიკული კომპანიების 250-ეულში შემავალი Trammo-სა და კომპანია ADIA-ს პარტნიორობით, $25 მილიონის ინვესტიციით განხორციელდა. ტერმინალის გენერალურ დირექტორად მამუკა მურჯიკნელი დაინიშნა, რომელიც 2019 წლის თებერვლიდან თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა. მას კერძო ბიზნესში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ჩვენ მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორად რამდენიმე თვის წინ დაინიშნეთ, რა არის თქვენი მისია და გეგმები ამ ორგანიზაციაში?

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დიდი დრო მაქვს გატარებული ცენტრალურ აზიაში: ვიყავი საქართველოს ელჩი, ასევე ამერიკულ კომპანიაში მუშაობისას ვკურიდებდი ცენტრალური აზიისა და კავკასიის მიმართულებას, 2015-2017 წლებში კომპანია „სკაილენდ პეტროლეუმ გრუპში“ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ვმუშაობდი. ამიტომაც შემოთავაზება – დამეკავებინა ამ ტერმინალის ხელმძღვანელის პოზიცია, ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო. რა თქმა უნდა დავთანხმდი და დიდი გეგმაც გვაქვს. ძალიან მიხარია, რომ პროფესიონალ და მსხვილ პარტნიორებთან მიწევს მუშაობა. ტერმინალმა ძალიან კარგი სტარტი აიღო, დინამიკა საკმაოდ სწრაფია და კიდევ უფრო მეტ ზრდასა და განვითარებას ველოდებით.

ტერმინალის მშენებლობაში $25 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა. ვინ არიან ინვესტორები და რა არის მათი ინტერესი?

ტერმინალის პროექტის განხორციელებაში სამი პარტნიორი მონაწილეობს. მათ შორის ამერიკული კომპანია Trammo inc., უზბეკური კომპანია Covalent-ი, რომელიც ცენტრალურ აზიაში ცნობილი კომპანიაა სხვადასხვა მინერალითა და სასუქით ვაჭრობის კუთხით. და მესამე პარტნიორია ქართული კომპანია ADIA. ამერიკული კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესია მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ მინერალური სასუქების წარმოება და ყიდვა-გაყიდვით, არამედ ინვესტიციების მოცულობითაც. ის რომ ასეთი ინვესტორი დაინტერესდა საქართველოში ფულის დაბანდებით, მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ტერმინალისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ეს ნაბიჯი მეტყველებს იმაზე, რომ მათ ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისა და წინსვლის სჯერათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კუთხით სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საბოლოო ჯამში, სამი პარტნიორის ძალიან კარგი სინთეზი გამოგვივიდა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, და შედეგად ასეთი ტერმინალის საქართველოში აშენების გადაწყვეტილება მიიღეს.

უზბეკური და ქართული მხარის დაინტერესება გასაგებია, თუმცა ამერიკული მხარის დაინტერესება ალბათ უფრო მეტად  საინტერესოა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ ინვესტორის  დათანხმება?

ცენტრალური აზია საკმაოდ მზარდი რეგიონია წარმოების კუთხით, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ყოველწლიურად მატულობს. ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს ეს პოტენციალი და გადაწყვიტეს რომ ამ მიმართულებით ჩვენს კორიდორში გააქტიურებულიყვნენ და ჰქონოდათ ტერმინალი, რადგან საქართველო ცენტრალური აზიიდან ევროპისა და ამერიკისკენ ტვირთის გადაზიდვისთვის ყველაზე მოსახერხებელ და ფინანსურად მომგებიან კორიდორს წარმოადგენს. ჩვენი ტერმინალიდან ამ დრომდე ტვირთი ევროპისა და ამერიკის მიმართულებით გავიდა. ჩვენი ტერმინალის ტვირთბრუნვა ძირითადად ამერიკის კონტინენტისკენ და ევროპისკენ იქნება მიმართული, ამიტომ მათი მხრიდან ინტერესი გასაკვირი არც არის.

რა შესაძლებლობებს აჩენს მსგავსი ტერმინალის არსებობა ჩვენი ქვეყნისთვის?

ქვეყანაში რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რა თქმა უნდა უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ჩვენი ქვეყანა. საქართველო აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი კარიბჭე ყოველთვის იყო. დღეს ჩვენ ვუბრუნდებით ამ ისტორიულ ფუნქციას, რომ ვიყოთ კორიდორი და შუა აზიიდან წამოსული ტვირთები დანარჩენ მსოფლიოს დავაკავშიროთ. გარდა ამისა, მაგალითად მე 26 წელია საქართველოში არ მიცხოვრია და როცა ვნახე რომ ასეთი საინტერესო პროექტები ხორციელდება აქ, გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი და ამ პროექტში მონაწილეობა მეც მიმეღო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მსგავსი პროექტების შედეგად უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდება საქართველოში.

გარდა ამისა, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობა და მისი შესწავლა, რაც დიდ გამოცდილებას სძენს თანამშრომლებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების ზრდას, რომელთაც შემდეგ ამ გამოცდილების გამოყენება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, ამერიკასა და სხვა წამყვანი ქვეყნის ანალოგიურ ტერმინალებშიც შეეძლებათ.

როგორია ტერმინალის პირველადი შედეგები? რამდენად მზარდია ინტერესი?

ინტერესი ყოველდღიურად მზარდია. სექტემბერში, ბათუმში საინტერესო კონფერენცია ჩატარდა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სასუქების წარმოებით, შესყიდვითა და ლოჯისტიკით არიან დაკავებული. მონაწილეების ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. ზოგადად, მსოფლიოში სასუქზე მოთხოვნა იზრდება. რაც შეეხება ჩვენს გადაზიდვებს, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მოწინავე ვართ ბათუმის პორტში მშრალი ტვირთების გადაზიდვის კუთხით.

საუბარია ტერმინალზე, სადაც მინერალური სასუქების მიღება, შენახვა და დასავლურ ბაზართან დაკავშირება ხდება. როგორ არის დაცული უსაფრთხოება?

როდესაც ტერმინალის მშენებლობა დაიწყო, ჩვენმა სპეციალისტებმა ევროპასა და ამერიკაში ანალოგიური ტერმინალების უსაფრთხოების ზომები შეისწავლეს, რაზე დაყრდნობითაც მოეწყო ჩვენი ტერმინალი. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენს ტერმინალში ყველანაირი უსაფრთხოების ზომა დაცულია. ჩვენ გვაქვს თანამედროვრე სახანძრო სისტემა, რომელიც ყოველკვირეულად მოწმდება. გვაქვს ასევე ჩვენივე წყლის ავზი. ასევე აღსანიშნავია, რომ თავად ტვირთი, რასაც ჩვენ ვემსახურებით, არის კარბამიდი (შარდოვანა), რომელიც უსაფრთხო ტვირთია. ტვირთის მიღება ჩვენთან მთლიანად დახურულ სივრცეში ხორციელდება, ისევე როგორც მისი შენახვა და შემდეგ გემებზე გადატვირთვა. ჩვენ გვაქვს საკონვეიერო ლენტური სისტემა, რაც იმას ნიშნავს რომ ტვირთი ვაგონიდან ავტომატურად გადაგვაქვს საწყობში და იქიდან პირდაპირ დახურულ სივრცეში ვტვირთავთ გემზე. შესაბამისად, ჰაერში მისი გაბნევის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. კარბამიდი ადრეც მოდიოდა ბათუმის პორტში, მაგრამ მაშინ მისი გადმოტვირთვა ღია სივრცეში ხდებოდა, დღეს ეს ყველაფერი თანამედროვე სისტემებით ხორციელდება, და ამ მხრივ ყველანაირად დაცული ვართ. რაც კი მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს მსგავს ტერმინალებთან მიმართებით, ყველაფერი გვაქვს გამოყენებული.

ვიდრე ეს ტერმინალი გაიხსნებოდა, ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ აღნიშნული ტიპის ტვირთის ტრანსპორტირების რა გზები არსებობდა? და როგორ აპირებთ მათთვის კონკურენციის გაწევას?

სხვადასხვა გზა არსებობს, ჩრდილოეთის მარშრუტი, მაგალითად ვოლგა-დონის არხი, რომელიც ზაფხულის პერიოდში გამოიყენება. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდი გემის მიღება და 45-50 000 ტონის დატვირთვა. ადრე საქართველოში მაქსიმუმ 30 000-ტონიანი გემების დატვირთვა იყო შესაძლებელი. ჩვენი პირველი გემი, რომელიც დავტვირთეთ 44 000 ტონიანი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია საქართველოში მშრალი ტვირთის მიმართულებით. ჩვენს ტერმინალში უფრო სწრაფად ხდება გადმოტვირთვა. ვინც ამ პროდუქტის ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული, მათ ინტერესშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს პროდუქტის მიწოდება. როგორც აღვნიშნე, ცენტრალურ აზიაში იზრდება ამ ტიპის პროდუქტის წარმოება და შესაბამისად იზრდება მოთხოვნაც მსგავს ტერმინალებზე, ასე რომ რაც უფრო სწრაფ და ეკონომიკურად მოგებიან გზას შევთავაზებთ მათ, მით უფრო მეტი ტვირთი წამოვა ჩვენკენ.

თქვენი წარსული პოზიციებიდან გამომდინარე, კარგად იცნობთ ცენტრალური აზიის რეგიონს. კიდევ რა ნაწილში შეგვიძლია ტვირთების მოზიდვა ამ რეგიონიდან?

ბოლო 16 წელია ცენტრალურ აზიაში მომიწია მუშაობა და შემიძლია ვთქვა, რომ იქ იწარმოება ნავთობპროდუქტები, ქიმიური პროდუქცია, ალუმინი, ბამბა, ახალი ქარხნები ყოველწლიურად იხსნება. ჩვენს ტერმინალს ყველანაირი მშრალი ტვირთის მიღება შეუძლია. მაგრამ დღესდღეობით ვმუშაობთ მხოლოდ კარბამიდის (შარდოვანას) მიმართულებით.

რა იქნება ტერმინალის შემდგომი განვითარების გეგმა?

ყოველწლიურად მსოფლიოში მოთხოვნები და ტექნოლოგიები იცვლება. ჩვენ ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ამ ტენდენციებს. ასევე გვაქვს გეგმა და ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს აზერბაიჯანის პორტთან, რომ ერთობლივად მოხდეს აზერბაიჯანში მინერალური სასუქების ტერმინალის მართვა. შესაბამისად, ვაპირებთ აზერბაიჯანის პორტშიც ვიყოთ წარმოდგენილი, რაც ამ კორიდორის უფრო მეტად განვითარებას და ტვირთების გადაზიდვების კიდევ უფრო დაჩქარებას უწყობს ხელს. ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ალიატის პორტში ე.წ. ბუნკერის მშენებლობა, რაც დააჩქარებს ტვირთის მიღებას. ეს არის პირველი ნაბიჯი, სანამ ტერმინალი აშენდება აზერბაიჯანსი. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს ტვირთის საბოლოო მყიდველთან ტრანსპორტირება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *