ევროპაში, რეკორდულად ცხელი ზაფხულის შედეგად, სიკვდილიანობის 20,000 შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში, რეკორდულად ცხელი ზაფხულის შედეგად, სიკვდილიანობის 20,000 შემთხვევა დაფიქსირდა

ოფიციალური მონაცემებით, ევროპის ყველაზე ცხელი ზაფხულის განმავლობაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, სიკვდილიანობის 20,000 „გადაჭარბებული“ შემთხვევა დაფიქსირდა. სიკვდილიანობის ჭარბი რაოდენობა – სხვაობა 2022 წლის ზაფხულში დაღუპულთა საერთო რაოდენობასა და ისტორიულ საშუალოს შორის – განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში, ივნის-აგვისტოს პერიოდში დაფიქსირებული სიცხის სამი ინტენსიური ტალღის დროს გაიზარდა.

ექსტრემალური სიცხე საფრთხის შემცველია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, აუარესებს ჯანმრთელობის ყველა არსებულ პრობლემას, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად ჯგუფებში, როგორებიც არიან ბავშვები, მოხუცები და ადამიანები, რომელთაც უმეტესად ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა. სიცხეს სითბური ინსულტის გამოწვევა შეუძლია.

ევროკავშირის „დედამიწაზე დაკვირვების სააგენტო“ Copernicus-ის თანახმად, ევროპა, ზედიზედ უკვე მეორე წელია, რეკორდულად ცხელი ზაფხულის მომსწრეა. World Weather Attribution-ის ანგარიშით, კლიმატის ცვლილებამ, ივნისში, გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებული სიცხის ტალღები 10-ჯერ უფრო გაამძაფრა. სახელმწიფოში ტემპერატურის ახალი რეკორდი 40.3 გრადუსი ცელსიუსი 19 ივლისს დაფიქსირდა, რაც 1.6 გრადუსი ცელსიუსით მაღალი მაჩვენებელია, 2019 წლის რეკორდულ მონაცემთან შედარებით.

ეროვნული სტატისტიკის სამსახურმა (ONS) ინგლისსა და უელსში, 1-ელი ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, სიკვდილიანობის 3,271 ჭარბი რაოდენობა დააფიქსირა. ONS-ი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ დაღუპულთა ყველაზე მაღალი რიცხვი შედარებით ცხელ დღეებში აღინიშნებოდა. ეროვნული სამსახურების მონაცემებით, ივნის-აგვისტოს განმავლობაში, ესპანეთსა და გერმანიაში, შესაბამისად სიკვდილიანობის 4,600 და 4,500 ჭარბი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამთავრობო სააგენტო Santé Publique France-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ზაფხულის თვეებში საფრანგეთში 10,400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მოხსენების თანახმად, გარდაცვალების ყოველი მეოთხე  შემთხვევა დაფიქსირდა მაღალი სიცხის დროს, ჭარბი სიკვდილიანობა კი 20 პროცენტით მეტი იყო იმ რეგიონებში, სადაც ექსტრემალური ტემპერატურის გამო ე.წ. „წითელი განგაში“ გამოცხადდა.