გლობალური ფინანსური სერვისების ინდუსტრია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მიუხედავად კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და ბუნდოვანებისა, მსხვილი ბანკები გაბედულად დგამენ ნაბიჯებს და სოლიდურ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსაც იღებენ, რაც, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ბანკების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სხვა ფინანსური სერვისების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. მათ შორის არის გერმანული უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი „დოიჩე ბანკიც“, რომლის აქტივების საერთო მოცულობა 2020 წლის ბოლოს 1.33 ტრილიონ ევროს შეადგენდა. Forbes Georgia-მ „დოიჩე ბანკის“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ დონაძე ჩაწერა, რომელიც ევროზონის ფინანსური ცენტრიდან საბანკო სექტორის ტენდენციებს აკვირდება.
ბატონო ნიკოლოზ, თქვენ უკვე ორ წელზე მეტია, რაც Deutsche Bank-ში საკრედიტო ბიზნესის მიმართულებით (Levaraged Finance)* ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებთ. რა შედის თქვენს მოვალეობაში?
ჩვენი დეპარტამენტი EMEA-ს (ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის) რეგიონში სტრუქტურირებულ საკრედიტო გადაწყვეტებს სთავაზობს პირველ რიგში საინვესტიციო ფონდებს ისეთი ტრანზაქციების დროს, როგორიც არის LBO (Leveraged buyout), რეფინანსირება, ზრდის კაპიტალის მიწოდება (CAPEX financing), IPO-ს (აქციების პირველადი საჯარო განთავსება) წინა და შემდგომი დაფინანსება და სხვა. ჩვენ ასევე კლიენტებს ზრდის პროცესში სტრატეგიული შესყიდვების დაფინანსებით უზრუნველვყოფთ. ჩვენს მომხმარებლებს ძირითადად ევროპული მსხვილი და საშუალო ზომის კარგად დაფუძნებული კომპანიები წარმოადგენენ. „დოიჩე ბანკი“ ამ სეგმენტში ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია მთელი ევროპის და მსოფლიო მასშტაბითაც.
თქვენ მანამდე დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მუშაობდით ამავე პოზიციაზე, ეს ორი ქვეყანა რომ შევადაროთ ერთმანეთს Levaraged Finance-ის განვითარებისა და სპეციფიკის კუთხით…
თავდაპირველად ვისაუბრებ მსგავსებაზე, რაც ამ ორ ბაზარს ახასიათებს. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპაში 2008-2010 წლების ფინანსური კრიზისის შემდგომ დაბალი საპროცენტო განაკვეთებია, ინვესტორების ფოკუსი მნიშვნელოვნად გაიზარდა ძირითადად ალტერნატიულ აქტივებში კაპიტალის დაბანდებაზე, მაგალითად, კერძო საინვესტიციო ფონდებში (Private Equity) ინვესტირებაზე. საინვესტიციო ფონდების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები განსაკუთრებით დიდი მოცულობის ფინანსირებით გამოირჩევა, რომლის მიწოდების თვალსაზრისითაც ბანკებს ცენტრალური როლი უჭირავთ. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ამ ორ რეგიონში – დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში – ეს ბაზარი ბოლო დეკადაში უპრეცედენტოდ გაიზარდა. თუმცა, ბუნებრივია, არის განსხვავებებიც: მაგალითად, განსხვავება შესამჩნევია ამ ორი ბაზრის განვითარების დინამიკის კუთხით. დიდ ბრიტანეთში საბაზრო გარემო და ზოგადად ყველა ე.წ. სტეიკჰოლდერი უფრო მეტად ღიაა კერძო საინვესტიციო ფონდებისა და მათი აქტივობების მიმართ. გერმანიაში კი პოლიტიკოსები და აქაური საფინანსო საზოგადოება ტრადიციულად უფრო მეტად სკეპტიკურად არიან განწყობილი კერძო საინვესტიციო ფონდების ინდუსტრიისადმი. აქ გასულ წლებში ასეთი ფონდების უფრო მეტად მოგებაზე, ვიდრე სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული მიდგომა კრიტიკულად ფასდებოდა.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთის ბაზარი, როგორც პირველი ევროპაში, აშშ-ის LBO-ბაზრის ახალ ტენდენციებსა და დინამიკას უფრო სწრაფად ითვისებს. აღნიშნული ტენდენციები ისტორიულად შედარებით ნელა იკიდებს ფეხს დანარჩენ ევროპაში, მათ შორის გერმანიაშიც. ამ კონტექსტში არც არის გასაკვირი, რომ გაცილებით ახალჩამოყალიბებული აქტივების მიმართულება, რომელსაც „კერძო საკრედიტო ფონდებს“ (Private Debt Funds) უწოდებენ, უფრო მეტად გაიზარდა და განვითარდა ბრიტანეთში, ვიდრე ის სხვა ბაზრებზე გამოჩნდებოდა, მათ შორის – გერმანიაშიც. დიდი ბრიტანეთი ისტორიულად იყო და რჩება ევროპაში უმსხვილეს LBO-ბაზრად. თუმცა, ამ კუთხით, ეს ქვეყანა გარკვეული სირთულის წინაშე დგას, რაც ბრექსიტის და სტერლინგის შესუსტების ფაქტორებითაა გამოწვეული და რამაც ბაზრის ზრდის ტემპი გასულ წლებში შეანელა.
გერმანიაში აქტივების ამ ჯგუფმა თავისი სიმტკიცე და მდგრადობა აჩვენა სხვადასხვა ეკონომიკური ციკლების განმავლობაში და თანდათან უფრო პოპულარული ხდება. გაზრდილმა მიმღებლობამ და გერმანიის ეკონომიკის მდგრადობამ გამოიწვია ის, რომ საშუალო ზომის კომპანიებმა და მათმა მფლობელმა საინვესტიციო ფირმებმა გააძლიერეს ინტერესი, რაც ხელს უწყობს ამ ბაზრის ზრდას. ეს კი ქმნის იმის შესაძლებლობას და პოტენციალს, რომ გერმანია ბრიტანეთის ბაზარს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუთანაბრდეს.
გერმანიის საფინანსო ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი კონტრიბუტორია. რა გამოწვევებს ხედავთ ამ სექტორში? რამდენად სწრაფად ვითარდება ის და რა უქმნის დაბრკოლებებს?
საფინანსო ინდუსტრია და განსაკუთრებით ბანკები არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან: ახალი არ არის, რომ დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა, რაც ბოლო ათწლეულმა მოიტანა, ევროპაში საფინანსო ინსტიტუტების შემოსავლების კლება გამოიწვია. ამ ტენდენციის შემობრუნება დღესდღეობით არ არის პროგნოზირებადი და ის საფინანსო ინსტიტუტებისთვის მთავარ გამოწვევად დარჩება. მეორე მხრივ, რეგულაციების გაზრდამ, მაგალითად, ფინანსური დანაშაულის პრევენციის კუთხით, ასევე დამატებითმა მოთხოვნებმა კაპიტალით აღჭურვილობის თვალსაზრისით, საგრძნობლად გაზარდა ბანკების დანახარჯები, რაც უარყოფითად აისახა მათ მოგებიანობაზე. გარდა ამისა, გერმანიის საფინანსო ბაზარი, სადაც 1500-ზე მეტი საფინანსო ინსტიტუტია წარმოდგენილი, საკმაოდ კონკურენტულია, რაც დამატებითი წნეხია მოგებიანობის მიღწევისა და ზრდის თვალსაზრისით. მომდევნო წლებისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა გაციფრულებაც, რასაც სოლიდური რესურსები დასჭირდება, რათა ეს პროცესი წარმატებით განვითარდეს.
თქვენ გერმანიის ფინანსურ ცენტრში მუშაობთ, ვინაიდან სწორედ ფრანკფურტშია თავმოყრილი ფინანსური ინსტიტუტების სათავო ოფისები. რა ტენდენციები გამოკვეთა გერმანიის და, ზოგადად, ევროპის საბანკო სექტორში პანდემიამ?
არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ფინანსური ინსტიტუტები, ისევე როგორც თითქმის ყველა, პანდემიის შედეგად გამოწვეული მოულოდნელი და უპრეცედენტო სირთულეების წინაშე დადგა. საერთო ჯამში, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გამკაცრებულმა რეგულაციებმა, ეროვნული ბანკების მიერ ჩატარებულმა რეგულარულმა „სტრესტესტებმა“ და სამხრეთ ევროპაში მაკროეკონომიკური კრიზისების შედეგად ნასწავლმა გაკვეთილებმა, საფინანსო ინსტიტუტები ევროპაში ეკონომიკური შოკებისათვის კარგად მომზადებული დაახვედრა. მიუხედავად ამისა, კოვიდპანდემიის სიმძლავრე და მაგნიტუდა არის ის, რისი პროგნოზირებაც არავის შეეძლო. ძალიან მცირე იყო იმ ინდუსტრიების რიცხვი, რომლებიც საყოველთაო ლოქდაუნების შედეგად არ დაზარალებულან. განსაკუთრებით მძიმედ ის ბიზნესები დაზარალდნენ, რომელთაც კოვიდამდეც ჰქონდათ ფინანსური კრიზისი ან ლიკვიდობის პრობლემები.
გერმანიაში ბანკებმა სწრაფად მოახერხეს თავიანთი მიდგომებისა და პოლიტიკის ადაპტირება თავიანთ პორტფოლიოებზე ფოკუსირებით და არსებული კლიენტების საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფა შეძლეს. გერმანელი და ევროპელი პოლიტიკოსების დროული რეაგირება, რაც ეკონომიკის მხარდასაჭერად მასშტაბური ფინანსური პაკეტების უზრუნველყოფით გამოიხატებოდა, ბიზნესებს პანდემიის პერიოდში ლიკვიდობის დანაკლისის პრობლემის წარმატებით გადალახვაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. ახლაც კი, როდესაც კვლავ არავის შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება ეპიდვითარება, ნათელია, რომ მთავრობებისა და საბანკო სექტორის ერთობლივმა და სწრაფმა ნაბიჯებმა ევროპას უფრო ცუდი სცენარი და დიდი ოდენობით გაკოტრების შემთხვევები აარიდა თავიდან.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის მეორე ეტაპზე – მას შემდეგ, რაც არსებული კლიენტების საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა მოხერხდა – კრედიტორებმა ახალი კლიენტების მოზიდვა და მხარდაჭერაც განაგრძეს. შედეგად, მიმდინარე ფინანსურ წელს ამ კუთხით ზრდის ტენდენციები უკვე შესამჩნევია.
რეგულაციებზეც მინდა გკითხოთ: ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ გერმანიასა და ზოგადად ევროკავშირში რეგულაციები საკმაოდ მძიმეა, რაც მოქნილობას უშლის ხელს. თქვენი დაკვირვება და გამოცდილება როგორია ამ კუთხით?
დიახ, ეს მართალია. საერთაშორისო ფინანსურ კრიზისამდე წამყვან განვითარებულ ქვეყნებში ფინანსური სექტორის აქტიური დერეგულირება მიმდინარეობდა. 2008-10 წლების კრიზისმა ეს ტენდენცია შემოატრიალა. „დიდი ოცეულის“ ქვეყნებმა ისეთი რეფორმები წარმოადგინეს, რომლებიც ფინანსურ ბაზრებს დაარეგულირებდა იმ მიზნით, რომ ცალკეული ინსტიტუტების მდგრადობა გაეძლიერებინათ და საერთო ფინანსური სტაბილურობა გაეზარდათ. რეგულაციები მრავალ ეტაპად განხორციელდა და მოიცავდა, მაგალითად, რეფორმებს მინიმალური კაპიტალის საჭიროების, ლიკვიდობის შენარჩუნების შესახებ, ასევე მათ შორის იყო Single Resolution Mechanism-ი, რომლის მიზანიც ბანკის გაკოტრების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელების დაცვაა. ამ მხრივ არც საკრედიტო ბიზნესი (Levaraged Finance) ყოფილა გამონაკლისი. 2017 წელს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა გაიდლაინი ბანკებისთვის, სწორედ ასეთი ტრანზაქციებისთვის, რათა შეექმნა რისკების მართვის პრაქტიკა ეკონომიკის ადეკვატური ფინანსირების უზრუნველყოფისთვის. ახალი წესების განხორციელებამ ბანკებს დიდი რესურსები დაახარჯვინა, რაც მასშტაბურად აისახა მათ ფინანსებზე. როგორც მოსალოდნელია, რეგულაციების გამკაცრება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ეს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად დარჩება.
პანდემიამ საქართველოს საბანკო სექტორში სერვისების დიდი ნაწილის გაციფრულება გამოიწვია. როგორია ამ კუთხით გერმანიის გამოცდილება?
ბოლო რამდენიმე წელია, სერვისების გაციფრულება გერმანიის ბანკების დღის წესრიგშია, ეს პროცესი კოვიდპანდემიამდე იყო დაწყებული. თუმცა ბოლო წელიწად-ნახევარში მომხმარებლების ქცევის სწრაფმა ცვლილებამ და ციფრულ საბანკო პროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.
დღეს აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ განვითარებული ციფრული გადაწყვეტები გამართულ IT-ინფრასტრუქტურასთან ერთად, გერმანული ბანკებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რათა მაღალკონკურენტულ გარემოში მათ წარმატებას მიაღწიონ. პირველი დადებითი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, თუმცა მომდევნო წლებში კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
ფინტექების რაოდენობის ზრდა ზოგადად საბანკო სექტორში კონკურენციას ზრდის. როგორია გერმანული ტრადიციული საბანკო სექტორის პასუხი?
ძალიან ზუსტი დაკვირვებაა. დიახ, ფინტექები უკვე კონკურენციას უწევენ ტრადიციულ ბანკებს თითქმის მთელ ღირებულებათა ჯაჭვში. ეს იმიტომ, რომ ფინტექ-კომპანიები ძალიან სწრაფები, ინოვაციურები, მოქნილები არიან და თავიანთ ბიზნესმოდელს რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის ინოვაციისა და კომფორტის უზრუნველყოფის გათვალისწინებით აშენებენ. გარდა ამისა, ისინი მოწინავეები არიან ფინანსური სერვისების ბაზარზე გაციფრულების პროცესში. შემდგარი საფინანსო ინსტიტუტებიც აუმჯობესებენ თავიანთ ნოუ-ჰაუს ამ კუთხით. მათ ასევე შეუძლიათ, დაეყრდნონ კლიენტებთან გრძელვადიან თანამშრომლობას. ფინტექების ძლიერი მხარეების – ინოვაციურობისა და მოქნილობისა და ამავე დროს ბანკების კლიენტების მყარი ბაზის ერთობლიობა ორივეს მიმზიდველ შესაძლებლობას სთავაზობს, შეავსონ ერთმანეთი და სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლონ, რაც ორივე მხარისთვის მოგებიანი იქნება.
ტრადიციული ბანკები ფინტექტებს თანდათან უფრო მეტად აღიქვამენ პოტენციურ პარტნიორებად, რათა მომხმარებლებისთვის ახალი სერვისები განავითარონ. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ფინტექები და ბანკები ერთმანეთისგან სწავლობენ და ერთმანეთს უახლოვდებიან, რაც ეკონომიკის ეფექტიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.
აკვირდებით თუ არა საქართველოს საბანკო სფეროს განვითარებას და რა პერსპექტივის დანახვა შეიძლება ქართულ საფინანსო სექტორში Levaraged Finance-ის მიმართულებით?
რა თქმა უნდა, ვაკვირდები საქართველოში საბანკო სექტორის განვითარებას და დინამიკას, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მაღალ დონეზე ვიცნობ. ჩემი აზრით, ქართულმა ბანკებმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა და მაღალი მოგებიანობა აჩვენეს. თუმცა საქართველოს საბანკო სექტორი, როგორც ასეთი, ჩემი გადმოსახედიდან, კვლავ მცირე ზომისაა თუ მასშტაბად ქვეყნის მთლიან ეკონომიკას ავიღებთ. ბაზარზე რამდენიმე მოთამაშეა დომინანტური, გაზრდილი კონკურენცია კი ადგილობრივი კორპორაციებისა და კლიენტებისთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება, რაც საბოლოოდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც, თუმცა ეს გრძელვადიანი პროცესია. წლები დასჭირდება იმას, რომ საბანკო სექტორის მასშტაბმა ქვეყნის ეკონომიკისთვის ოპტიმალურ მოცულობას მიაღწიოს.
რაც შეეხება leveraged finance-ის მიმართულებას, ზოგადად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე ევროპის LBO-ბაზრის მცირე წილი მოდის, მათ შორის იგულისხმება საქართველოც. რამდენიმე ასპექტია მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეიქმნას ფუნქციური, სანდო გარემო LBO-ფინანსირებისთვის. რამდენიმე მათგანს დავასახელებ, ესენია: გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილურობა რეგიონსა და ქვეყანაში და ასევე ის, რომ ქვეყანამ მიიზიდოს უცხოური აქტივების მმართველი კომპანიები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩარჩოს დასავლეთ ევროპის ბაზრის სტანდარტებზე მორგებაც. მეტიც, ქართული აქტივების მმართველი კომპანიების პროფესიონალიზაცია ბაზრისთვის სარგებლის მომტანი იქნება. დაბოლოს, საქართველოში არსებულმა ბიზნესებმა უნდა მიაღწიონ გარკვეულ მასშტაბს, უნდა აჩვენონ მდგრადი განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში და უნდა მოახდინონ შემოსავლების ნაკადების დივერსიფიცირება გეოგრაფიულად, სასურველია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მიღმაც. ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტები მნიშვნელოვანია ეფექტიანი Leveraged Lending-ბაზრის განვითარებისთვის, რაც, ერთი შეხედვით, საქართველოსთვის გრძელვადიანი პერსპექტივაა.
უკავშირდება თუ არა თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს საფინანსო სექტორს?
სურვილის მიუხედავად, ახლო მომავალში ალბათ რთული იქნება ჩემი პროფესიული საქმიანობა საქართველოს დავუკავშირო, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში იმედს ვიტოვებ და მოხარული ვიქნები, თუ შესაძლებლობა მომეცემა, ჩემი პროფესიული გამოცდილება რომელიმე ქართულ კომპანიას მოვახმარო. ეს ჩემთვის დიდი პრივილეგია იქნებოდა.
ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები რესპონდენტის პირად აზრს წარმოადგენს და არა “დოიჩე ბანკის“.