ევროპული ბიზნესის დინამიკა საქართველოში

ევროპული ბიზნესის დინამიკა საქართველოში
ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) ახალი ანგარიშის, „ევროპული ბიზნესი საქართველოში 2026“–ის მიხედვით, გასული სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში ევროკავშირთან დაკავშირებული კომპანიების რაოდენობა 56.7%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალოგიური მატებით არ ყოფილა გამყარებული. რა განაპირობებს ამ ტენდენციას, რა გამოწვევების წინაშე დგანან ევროპელი ინვესტორები და როგორია სექტორის განვითარების პერსპექტივები, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Forbes Georgia-სთან EBA-ის მმართველმა დირექტორმა, მარიამ ქუჩულორიამ ისაუბრა.

 

ავტორი: დავით ბერაძე

თქვენი ანგარიშის თანახმად, 2023–2026 წლებში საქართველოში ევროკავშირთან დაკავშირებული აქტიური კომპანიების რაოდენობა 56.7%-ით გაიზარდა და 3,543-ს მიაღწია. რა არის ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები? რამდენად ასახავს ეს ტენდენცია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესებას და შეიძლება თუ არა, აიხსნას სხვა ფაქტორებით, მათ შორის საერთაშორისო ბიზნესის გადაადგილებით ან რეგიონული ეკონომიკური ცვლილებებით?

ევროკავშირთან დაკავშირებული აქტიური კომპანიების რაოდენობის 56.7%-იანი ზრდა მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიგნალია. 2023 წელს ასეთი კომპანიების რაოდენობა 2,261 იყო, ხოლო 2026 წელს 3,543-ს მიაღწია. ეს ევროპულ ბიზნესთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე მიუთითებს. თუმცა კვლევა თითოეული კომპანიის საქართველოში საქმიანობის დაწყების მოტივებს არ შეისწავლის, ამიტომ ვერ განვსაზღვრავთ, ზრდის რა წილი უკავშირდება საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის გადაადგილებას თუ სხვა რეგიონულ ფაქტორებს.

ამავდროულად, კომპანიების რაოდენობის ზრდა თავისთავად არ ნიშნავს, რომ იმავე პროპორციით იზრდება ინვესტიციები, დასაქმება ან დამატებითი ღირებულება. საინვესტიციო მიმზიდველობის სრულყოფილი შეფასებისთვის საჭიროა კომპანიების კაპიტალდაბანდებების, ბრუნვისა და განვითარების დინამიკის ერთობლივი ანალიზი.

საქართველოსთვის ამ ზრდის მთავარი ღირებულება ის არის, თუ რამდენ სამუშაო ადგილს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და შეკვეთას ქმნის იგი ადგილობრივი ბიზნესისთვის. ამიტომ ჩვენი ყურადღების ცენტრში ექცევა  როგორც ახალი კომპანიების მოზიდვის, ისე უკვე მოქმედი ბიზნესების გრძელვადიანი განვითარების ფაქტები.

მიუხედავად კომპანიების რაოდენობის ზრდისა, ანგარიშიდან ჩანს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მცირე საწარმოებია. თქვენი შეფასებით, ეს საქართველოში ევროპული ბიზნესის მდგრად გაფართოებაზე მიუთითებს, თუ უფრო მეტად მცირე მასშტაბის ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებაზე? რა უნდა შეიცვალოს, რომ კომპანიების რაოდენობრივი ზრდა უფრო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტში გადაიზარდოს?

კვლევის მიხედვით, იმ კომპანიების დაახლოებით 93%, რომელთა ზომის შესახებაც მონაცემებია ხელმისაწვდომი, მცირე საწარმოა. ეს, პირველ რიგში, მცირე მასშტაბის ბიზნესაქტივობის ზრდაზე მიუთითებს და ჯერ არ გვაძლევს საფუძველს, ვისაუბროთ მსხვილი ინვესტიციების თანაბრად სწრაფ გაფართოებაზე. თუმცა მცირე ზომა დაბალ ეკონომიკურ ღირებულებას არ ნიშნავს – ICT-სა და პროფესიულ მომსახურებაში მცირე გუნდსაც შეუძლია საერთაშორისო კლიენტების მომსახურება და ექსპორტის განხორციელება. იმისთვის, რომ ეს ტენდენცია უფრო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტში გადაიზარდოს, საჭიროა კომპანიების ზრდის ხელშეწყობა – კვალიფიციური კადრები, ზრდაზე მორგებული დაფინანსება და საერთაშორისო მომხმარებლებთან კავშირები. შედეგი უნდა გაიზომოს არა მხოლოდ საწარმოთა რაოდენობით, არამედ ბრუნვით, დასაქმებითა და პროდუქტიულობით.

2025 წელს ევროკავშირიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 18.7%-ით გაიზარდა და დაახლოებით $525 მილიონს მიაღწია, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება 2023 წლის დონეს. როგორ ახსნიდით განსხვავებას ევროპული კომპანიების რაოდენობის სწრაფ ზრდასა და საინვესტიციო კაპიტალის შედარებით სუსტ დინამიკას შორის? ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ საქართველო ევროპული მცირე ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე მსხვილი სტრატეგიული ინვესტორებისთვის?

ეს განსხვავება ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ კომპანიების რაოდენობა და FDI სხვადასხვა საზომით იზომება. ახალი ან აქტიური იურიდიული პირი შეიძლება მცირე საწყისი კაპიტალითაც საქმიანობდეს, ხოლო პირდაპირი ინვესტიციების წლიური მოცულობა რამდენიმე მსხვილ გარიგებასა და პროექტზეც იყოს დამოკიდებული. ჩვენი კვლევით, იდენტიფიცირებული საქმიანობის მქონე ევროპული კომპანიების 25.2% ICT-სექტორშია, 14.6% კი პროფესიულ მომსახურებაში – მიმართულებებში, სადაც ბაზარზე შესვლა ხშირად ნაკლებ კაპიტალს მოითხოვს. ამიტომ არსებული მონაცემები არ ამტკიცებს, რომ მსხვილი ინვესტორებისთვის საქართველო ნაკლებად მიმზიდველია, კომპანიების რაოდენობის ზრდა და პირდაპირი ინვესტიციების დინამიკა განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს და ერთობლივ შეფასებას საჭიროებს. შემდეგი ნაბიჯია წარმოებისა და ლოგისტიკის მსგავსი კაპიტალტევადი პროექტებისთვის პირობების გაუმჯობესება. ამავე დროს, 2025 წლის 525 მილიონი დოლარის FDI-ის მოცულობა 2024 წელთან შედარებით აღდგენის ტენდენციაზე მიუთითებს.

რა არის დღეს მთავარი ბარიერები, რომლებიც ევროპულ კომპანიებს საქართველოში უფრო მასშტაბური კაპიტალის დაბანდებისგან აკავებს? რომელ ფაქტორებს მიანიჭებდით უპირატეს მნიშვნელობას – პოლიტიკური და მარეგულირებელი გარემოს პროგნოზირებადობის დაბალ დონეს, სასამართლო სისტემისადმი არასათანადო ნდობას, ბაზრის მცირე ზომას, კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებ ხელმისაწვდომობას თუ ინფრასტრუქტურულ შეზღუდვებს?

ჩვენი წევრების უშუალო უკუკავშირის მიხედვით, ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის სირთულე. კომპანიები ასახელებენ პრაქტიკული უნარების ნაკლებობას, კადრების შენარჩუნების ხარჯებს, რეგულაციების ცვლილებებთან ადაპტაციისა და მათი ინტერპრეტაციის პრობლემებს. ამიტომ ამ ორ საკითხს პირველ პრიორიტეტად დავასახელებდით. შემდეგ მოდის გრძელვადიანი პროექტებისთვის შესაფერის დაფინანსებაზე წვდომის სირთულე და ლოგისტიკური ეფექტიანობის ნაკლებობა: კვლევაში აღნიშნულია ტრანსპორტირების გაძვირება, მიწოდების ვადები და იმპორტირებულ რესურსებზე დამოკიდებულება. ბაზრის მცირე მოცულობა სტრუქტურული შეზღუდვაა, რომლის დაძლევა ექსპორტზე ორიენტირებული პროექტებით შეიძლება. სამართლებრივი განსაზღვრულობა და დავების სამართლიანი, დროული გადაწყვეტისადმი ნდობა გრძელვადიანი ინვესტიციის მნიშვნელოვანი პირობებია. ჩვენი გამოკითხვა სასამართლო სისტემისადმი ნდობას ცალკე არ ზომავდა, ამიტომ სხვა ბარიერებთან მის შედარებით რანჟირებას ვერ გავაკეთებთ. ბიზნესისთვის პროგნოზირებადობა ნიშნავს ცვლილებების შესახებ დროულ ინფორმაციას, კანონპროექტებზე ადრეულ კონსულტაციას, გონივრულ გარდამავალ პერიოდებს და წესების თანამიმდევრულ განმარტებასა და აღსრულებას.

მალტა ევროკავშირიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი წყაროა. 2025 წელს მასზე დაახლოებით $173.7 მილიონი ანუ 33.1% მოდიოდა. რამდენად ასახავს ეს მონაცემი ინვესტიციების რეალურ გეოგრაფიულ წარმომავლობას და რამდენად შეიძლება დაკავშირებული იყოს საერთაშორისო ჰოლდინგურ ან კორპორაციულ სტრუქტურებთან? რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორის უშუალო იურიდიული რეგისტრაციის ქვეყნისა და საბოლოო ბენეფიციარი ქვეყნის ერთმანეთისგან გამიჯვნა?

აქ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ უშუალო ინვესტორის რეგისტრაციის ქვეყანა და საბოლოო მაკონტროლებელი ინვესტორის წარმომავლობა. საერთაშორისო კორპორაციული სტრუქტურების შემთხვევაში ისინი შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. ამიტომ მალტის მაღალი წილი თავისთავად არ გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ კაპიტალის საბოლოო წარმომავლობაც იმავე პროპორციით მალტას უკავშირდება. ჩვენი კვლევა ამ საკითხს ცალკე არ შეისწავლის და კონკრეტული დასკვნისთვის დამატებითი მონაცემებია საჭირო.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი ევროპულ ბიზნესებს შორის ყველაზე მსხვილია და იმ კომპანიების 25.2%-ს აერთიანებს, რომელთა საქმიანობის სფეროც იდენტიფიცირებულია. რატომ არის საქართველო მიმზიდველი სწორედ ამ მიმართულებით? რამდენად მდგრადია ეს უპირატესობა და რა შეიძლება იყოს მისი მთავარი კონკურენტული საფუძველი?

ICT-ის წამყვანი პოზიცია, პირველ რიგში, ამ სექტორის საერთაშორისო და შედარებით ნაკლებად კაპიტალტევად ბიზნესმოდელს უკავშირდება: საქართველოდან შესაძლებელია მომსახურების ექსპორტი და უცხოელი კლიენტებისთვის დისტანციური მუშაობა. კვლევაში ICT 543 კომპანიით პირველ ადგილზეა, თუმცა ეს 25.2% ეხება მხოლოდ იმ 2,156 საწარმოს, რომელთა სექტორიც იდენტიფიცირებულია. ეს კონცენტრაცია საქართველოსთვის შესაძლებლობაა, თუმცა მხოლოდ ეს მაჩვენებელი მდგრად კონკურენტულ უპირატესობას არ ადასტურებს. EBA-ს წევრები მიუთითებენ სპეციალისტების ნაკლებობაზე, ციფრული ტრანსფორმაციის ხარჯებსა და AI-ის დანერგვის პრაქტიკული გამოცდილების დეფიციტზე. ამიტომ კონკურენტუნარიანობის საფუძველი დროთა განმავლობაში უნდა გახდეს მაღალკვალიფიციური კადრები, ციფრული უსაფრთხოება და ინოვაციური პროდუქტების შექმნა, და არა მხოლოდ საქმიანობის შედარებით დაბალი საწყისი ხარჯი.

ანგარიშში წარმოდგენილი სექტორული მონაცემები აჩვენებს, რომ წარმოებაში ევროპული კომპანიების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე ICT-სა და პროფესიულ მომსახურებებში. რა უშლის ხელს საქართველოში ევროპული წარმოების უფრო ფართო განვითარებას? რამდენად რეალისტურია, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს?

კვლევაში წარმოების სექტორში 100 კომპანიაა აღრიცხული – იდენტიფიცირებული სექტორის მქონე ევროპული საწარმოების 4.6%, მაშინ როდესაც ICT-ის წილი 25.2%-ია. ამ განსხვავების ერთ-ერთი ახსნაა ის, რომ წარმოებას მეტი საწყისი კაპიტალი, ტექნიკური კადრები, საიმედო ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სტაბილური მომწოდებლები სჭირდება. EBA-ს წევრების უკუკავშირიც ხაზს უსვამს კადრების დეფიციტს, გაძვირებულ ლოგისტიკასა და გრძელვადიანი პროექტების დაფინანსების სირთულეებს. ევროკავშირის მიწოდების ჯაჭვებში საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაცია რეალისტურია, თუმცა უმჯობესია ეტაპობრივი და კონკრეტულ ნიშებზე ორიენტირებული მიდგომა: გადამუშავება, კომპონენტები და სპეციალიზებული ინდუსტრიული მომსახურება. აუცილებელია ადგილობრივი მომწოდებლების განვითარება, რათა ინვესტიციამ ქვეყნის შიგნითაც შექმნას დამატებითი ღირებულება.

როგორ უნდა გააფართოოს საქართველომ ევროპული ინვესტიციების გეოგრაფია და მეტი ბიზნესი მოიზიდოს ევროკავშირის იმ ქვეყნებიდან, რომელთა წარმომადგენლობაც ამჟამად შედარებით მცირეა? რა როლი უნდა შეასრულონ ამ პროცესში სახელმწიფომ, ბიზნესასოციაციებმა და ორმხრივმა სავაჭრო პალატებმა? 

ქვეყნების მიხედვით რანჟირებაში გერმანია 25.2%-ით ლიდერობს, შემდეგ მოდის საფრანგეთი (9.7%) და ნიდერლანდები (7.1%). შედარებით ნაკლებად წარმოდგენილი ბაზრებიდან ბიზნესის მოზიდვისთვის საჭიროა კონკრეტული დარგებისა და ევროპული კომპანიების მოთხოვნების დაკავშირება საქართველოს შესაძლებლობებთან. სახელმწიფოს როლია საინვესტიციო ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული მომსახურების გაუმჯობესება, ხოლო ბიზნესასოციაციებსა და სავაჭრო პალატებს შეუძლიათ პარტნიორების მოძიება, ბიზნესმისიების ორგანიზება და ბაზრის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება.

EBA-ში ჩვენი ამოცანაა, კომპანიების ინდივიდუალური გამოწვევები ბიზნესის საერთო დღის წესრიგად ვაქციოთ და შესაბამის უწყებებთან კონკრეტული გადაწყვეტილებების მოსაძებნად ვიმუშაოთ. ამის მაგალითია შრომითი მიგრაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც წევრმა კომპანიებმა წამოჭრეს. მათი უკუკავშირის საფუძველზე მოვამზადეთ პოზიციის დოკუმენტი და ხელი შევუწყვეთ ბიზნესისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის დიალოგს. ჩვენი მიზანი იყო, კომპანიების პრაქტიკული კითხვები და გამოწვევები გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიგვეტანა და რეგულაციების პრაქტიკულ გამოყენებაზე გვემსჯელა.

ასეთი თანამშრომლობის ღირებულება კონკრეტულ შედეგებში უნდა გამოიხატოს: უფრო მკაფიო წესებში, უკეთ ინფორმირებულ ბიზნესში, ახალ პარტნიორობებსა და განხორციელებულ პროექტებში.

საქართველოს კომპანიების 79.4% დედაქალაქშია კონცენტრირებული. რა უნდა შეიცვალოს, რომ ევროპულმა კომპანიებმა უფრო აქტიურად განიხილონ ინვესტირება თბილისის გარეთ? რომელი რეგიონები და ეკონომიკური მიმართულებები შეიძლება გახდეს ყველაზე პერსპექტიული ევროპული ბიზნესისთვის და რა კონკრეტული ინფრასტრუქტურული, საგადასახადო ან ინსტიტუციური ცვლილებები შეუწყობდა ამას ხელს?

კვლევაში ასახული კომპანიების 79.4%-იანი კონცენტრაცია თბილისში აჩენს კითხვას, როგორ გავხადოთ რეგიონები უფრო მიმზიდველი ბიზნესისთვის. თუმცა კომპანიების გეოგრაფიული განაწილება თავისთავად არ გვიჩვენებს, სად იქმნება მათი მთელი ეკონომიკური ღირებულება ან სად ხორციელდება ყველა პროექტი.

რეგიონებში ინვესტორს სჭირდება გამართული ტრანსპორტი, საწარმოო ფართები, კვალიფიციური თანამშრომლები და სწრაფი ადმინისტრაციული მომსახურება. პრაქტიკული ნაბიჯები იქნება პროფესიული განათლების დაკავშირება ადგილობრივი დამსაქმებლების მოთხოვნებთან, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის განვითარება და ნებართვების პროცედურების გამარტივება. მიზნობრივი საგადასახადო სტიმულები მხოლოდ გაზომვადი ეკონომიკური ეფექტის შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს.

კონკრეტული რეგიონების დასახელება დამატებით სექტორულ ანალიზს მოითხოვს – ეს კვლევა რეგიონების საინვესტიციო რეიტინგს არ ადგენს. მიდგომა უნდა იყოს მიზნობრივი: თითოეულ რეგიონში ადგილობრივი რესურსები, კადრები და ინფრასტრუქტურა კონკრეტული ინვესტორის მოთხოვნებს უნდა მივუსადაგოთ.

რამდენად ახდენს გავლენას საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ურთიერთობების მდგომარეობა ევროპული კომპანიების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე? გაქვთ თუ არა უშუალო უკუკავშირი ბიზნესის წარმომადგენლებისგან იმის შესახებ, შეიცვალა თუ არა მათი რისკების აღქმა, საინვესტიციო გეგმები ან გრძელვადიანი მოლოდინები?

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტაბილური, კონსტრუქციული ურთიერთობა მნიშვნელოვანია ბიზნესის გრძელვადიანი ნდობისა და საინვესტიციო დაგეგმვისთვის. ინვესტორი აფასებს სავაჭრო ურთიერთობების პრაქტიკულ პირობებს, დაფინანსებაზე წვდომას, შესაბამისობის ხარჯებსა და პროგნოზირებადობას. ამ ფაქტორების ცვლილება შეიძლება აისახოს რისკის შეფასებასა და პროექტების ვადებზე.

წევრებისგან უშუალო უკუკავშირიც გვაქვს: 2026 წლის გამოკითხვაში დაახლოებით 64% საერთაშორისო გეოპოლიტიკური გარემოს უარყოფით გავლენას აღნიშნავს. კონკრეტულად დასახელებულია გაძვირებული ლოგისტიკა, გადახდებისა და სანქციებთან შესაბამისობის პროცედურები და გარკვეული პროექტების გადავადება. თუმცა კვლევა უფრო ფართო საერთაშორისო რისკებს ასახავს და ამ მონაცემებით ვერ განვსაზღვრავთ, რა ნაწილი უკავშირდება უშუალოდ საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებს.

ცალკე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 89% საკუთარი ბიზნესის მდგომარეობას უცვლელად ან გაუმჯობესებულად აფასებს, ხოლო 59% მომდევნო წელს გაფართოებას მოელის. ეს ბიზნესის მოლოდინის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია, თუმცა არ გამორიცხავს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკების არსებობას. EBA-ს როლია, წევრების გამოცდილება დროულად მიიტანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე და ხელი შეუწყოს საქმიანი თანამშრომლობის შენარჩუნებას.

როგორ აფასებთ საქართველოს კონკურენტუნარიანობას რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სომხეთის მზარდი პროევროპული როლის ზრდის ფონზე? როდესაც ევროპული კომპანია სამხრეთ კავკასიაში ან უფრო ფართო რეგიონში ინვესტიციის განხორციელებას განიხილავს, რა უპირატესობები აქვს საქართველოს და რომელ მიმართულებებში ჩამორჩება კონკურენტ ქვეყნებს?

რეგიონულ კონკურენციაში საქართველოს მკაფიო ეკონომიკური უპირატესობა შავი ზღვის მარშრუტებზე წვდომა და ტრანზიტისა და ლოგისტიკური მომსახურების პოტენციალია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის. თუმცა უპირატესობა ყველა სექტორში ერთნაირი არ არის: ტექნოლოგიურ და პროფესიულ მომსახურებაში გადამწყვეტი შეიძლება იყოს სპეციალისტების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ხოლო წარმოებაში – ფინანსები, ლოგისტიკური ხარჯები და ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ მიმართულებებში ავლენს EBA-ს წევრთა კვლევა პრაქტიკულ შეზღუდვებს. სომხეთთან პირდაპირი რაოდენობრივი შედარება ამ ორი კვლევით შეუძლებელია, რადგან ისინი სხვა ქვეყნების ერთგვაროვან ინდიკატორებს არ შეიცავს. საქართველოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ძლიერი მხარეების კაპიტალიზაცია და კადრების, ლოგისტიკისა და რეგულირების პრაქტიკული ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.

ბოლოს, თუ საქართველოს მთავრობას, ევროპელ ინვესტორებსა და ადგილობრივ ბიზნესს თქვენი ანგარიშის საფუძველზე თითო სტრატეგიულ რეკომენდაციას მისცემდით, რა იქნებოდა ეს რეკომენდაციები? და რა კონკრეტული ცვლილება დაგარწმუნებდათ 2027 წლის ანგარიშის მომზადებისას, რომ საქართველოში ევროპული ბიზნესის ზრდა უფრო ღრმა ეკონომიკურ განვითარებაში გადაიზარდა?

სახელმწიფოს ერთ მთავარ რეკომენდაციას მივცემდით: პროგნოზირებადობა ყოველდღიურ პრაქტიკად აქციოს – ბიზნესთან ადრეული კონსულტაციით, ცვლილებების დასანერგად გონივრული ვადებით და რეგულაციების თანამიმდევრული აღსრულებით. ეს კომპანიებს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

ევროპელ ინვესტორებს ვურჩევდით, ადგილობრივ ბიზნესთან პარტნიორობით განავითარონ გრძელვადიანი, ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები. ქართულ კომპანიებს კი – საერთაშორისო პარტნიორობისთვის მზადყოფნა გაზარდონ პროდუქტიულობაში, თანამშრომელთა კვალიფიკაციასა და ხარისხის სტანდარტებში ინვესტირებით.

2027 წლის ანგარიშში უფრო ღრმა ეკონომიკური განვითარების ნიშნები იქნება კომპანიების კაპიტალდაბანდებების, ბრუნვისა და დასაქმების ზრდა, ადგილობრივ მომწოდებლებთან თანამშრომლობის გაფართოება და მეტი ეკონომიკური აქტივობა რეგიონებში.

EBA-სთვის ამ კვლევების ღირებულება მათი პრაქტიკული გამოყენებაა: ბიზნესის გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოვკვეთოთ პრიორიტეტები, შევთავაზოთ კონკრეტული ნაბიჯები და შემდეგ შევაფასოთ პროგრესი. ჩვენი მიზანია, ბიზნესთან დიალოგს მოჰყვეს გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგსაც კომპანიები ყოველდღიურ საქმიანობაში იგრძნობენ.

S