ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ 9.1%-მდე გაიზარდა

ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ 9.1%-მდე გაიზარდა

მიმდინარე წლის აგვისტოში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 9.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.

ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა. შეგახსენებთ, რომ ივლისში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 8.9%-ს შეადგენდა.

რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ათწლეულში პირველად, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა. მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე ECB-მა განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაზარდოს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკა 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მეოთხე კვარტლიდან ევროკავშირის ეკონომიკა რეცესიაში გადავა, თუმცა აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც წლის ბოლოსთვის მშპ-ის 2.6%-იან ზრდას პროგნოზირებს.

შედარებისთვის, 2022 წლის I კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 1.6% შემცირდა; II კვარტალში კი მშპ-ის კლების მაჩვენებელმა 0.9% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.