პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების $1-მილიარდიანი კოლექცია Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდება

პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების $1-მილიარდიანი კოლექცია Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდება

Microsoft-ის თანადამფუძნებლის, პოლ ალენის მიერ შეგროვებულ ფერწერული ტილოებისა და ქანდაკებების კოლექციას ამ შემოდგომაზე Christie’s-ის აუქციონზე გაიტანენ. სააუქციონო სახლის შეფასებით, შესაძლოა, ხელოვნების ნიმუშებში გადახდილმა თანხამ, საერთო ჯამში, 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს.

ცოტა ხნის წინ Christie’s-მა განაცხადა, რომ პოლ ალენის მიერ შეგროვებული მინიმუმ 150 ნამუშევრის გაყიდვის უფლება მოიპოვა. წინასწარი შეფასებით, ახლა ეს აუქციონზე გატანილი ხელოვნების ნიმუშების ყველაზე ძვირად ღირებული კოლექციაა. სავარაუდოდ, მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა გადააჭარბებს უძრავი ქონების დეველოპერის, ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი ცოლის, ლინდა მაკლოუს ხელოვნების ნიმუშების კოლექციის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს. შეგახსენებთ, ის მიმდინარე წლის დასაწყისში 922 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

სააუქციონო სახლის წარმომადგენლების განცხადებით, გასაყიდად გამოტანილ პოლ ალენის კოლექციაში შევა: ჯასპერ ჯონსის მიერ 1960 წელს შესრულებული ნამუშევარი „Small False Start“, რომელიც, სავარაუდოდ, სულ მცირე $50 მილიონად გაიყიდება და პოლ სეზანის მიერ 1888-90 წლებში შესრულებული პეიზაჟი „La Montagne Sainte-Victoire“, რომლის გაყიდვასაც სააუქციონო სახლი $100 მილიონად იმედოვნებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ სეზანის ზემოხსენებულ ნამუშევარში 2001 წელს აუქციონზე 39 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.

როგორც ირკვევა, პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის თანადამფუძნებელმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში 2 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო ბიოსამედიცინო კვლევებისთვის, კულტურის სფეროს მხარდასაჭერად, გარემოსდაცვითი მიმართულებითა და უსახლკაროებისთვის.

პოლ ალენი 2018 წლის 15 ოქტომბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *