ევროზონის ეკონომიკა მეორე კვარტალში 2%–ით გაიზარდა

ევროზონის ეკონომიკა მეორე კვარტალში 2%–ით გაიზარდა

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 2%–ით გაიზარდა. შეზღუდვების შემსუბუქებამ ხელი შეუწყო ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას და შესაბამისად, ხანმოკლე რეცესიის შემდეგ, დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა.

გარდა ამისა, ევროზონის 19 ქვეყანაში აპრილ–ივნისის პერიოდში დასაქმების დონეც გაიზარდა 0.5%–ით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკა 13.6%–ითაა გაზრდილი. შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის მძიმე კრიზისის შემდეგ ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

მშპ–ს ზრდამ თავის მხრივ დასაქმების დონის ზრდაც გამოიწვია. აპრილ–ივნისის პერიოდში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმების დონე 0.5%–ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.8%–ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წლიური ზრდა აღემატებოდა პროგნოზს — ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ დასაქმების დონის წლიური ზრდა 1.5%–ის ფარგლებში იქნებოდა.

მიუხედავად მეორე კვარტალში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის 2%–იანი მაჩვენებლისა, ევროზონის ეკონომიკა 3%–ით ნაკლებია პანდემიამდელ დონეზე.

ევროზონის უმსხვილეს ეკონომიკებს შორის ყველაზე დიდი ზრდა ესპანეთსა და იტალიაში დაფიქსირდა. შესაბამისი ზრდის მაჩვენებლები მეორე კვარტალში 2.8% და 2.7% იყო. ცნობისთვის, იტალიაში მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც მთლიანი ბლოკის მშპ შემცირდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შედეგად ევროზონის ქვეყნებს შორის ერთ–ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა სწორედ იტალია იყო.

რაც შეეხება ევროზონის უდიდეს ეკონომიკებს, გერმანიასა და საფრანგეთში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ჩამორჩება ევროზონის საშუალო მაჩვენებელს. მეორე კვარტალში საფრანგეთის ეკონომიკა 1.5%–ით, ხოლო გერმანიის ეკონომიკა 0.9%–ით გაიზარდა.

ევროზონის ქვეყნების მონაცემები აჩვენებს, რომ საოჯახო ხარჯები იყო ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მეორე კვარტალში. კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო ვაჭრობა. ევროსტატის მონაცემებით, ივნისში ევროკავშირის საქონლის ექსპორტი ბლოკის გარეთ გაიზარდა 20% -ზე მეტით და  თითქმის 210 მილიარდ ევროს (247 მილიარდი დოლარი) მიაღწია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *