Forbes: 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი TikTok-ერები

Forbes: 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი TikTok-ერები

გასული წლის განმავლობაში ცნობილი TikTok-ერების შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა და ძირითად შემთხვევებში გასცდა კიდეც იმ პლატფორმის საზღვრებს, რამაც თავდაპირველად მათი პოპულარობა განაპირობა.

ეს განსაკუთრებით ყველაზე მაღალშემოსავლიანი TikTok-ერების რეიტინგის ლიდერ დებს ეხებათ, რომელთაც ბევრი კარდაშიანებს ადარებს. აღსანიშნავია, რომ ჩარლისა და დიქსის უკვე საკუთარი Hulu სერიალი, The D’Amelio Show აქვთ, რომლის პრემიერაც სექტემბერში შედგა, ორი თვის შემდგომ კი მეორე სეზონით დაუბრუნდა მაყურებელს. გარდა ამისა, დეკემბერში დებმა Jingle Ball საკონცერტო სერიისთვის ედ შირანთან და ძმებ ჯონასებთანაც ითანამშრომლეს. ჩარლისა და დიქსის ერთობლივ საკუთრებაშია მოგებიანი ბრენდი Social Tourist-იც, რომელიც საცალოდ მოვაჭრე 500-მდე მაღაზიაშია წარმოდგენილი. TikTok-ერობითა და ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობებით, დების შემოსავალი 1 წლის განმავლობაში $7 მილიონიდან $27,5 მილიონამდე გაიზარდა.

მათ მსგავსად, პლატფორმის მიღმა, მნიშვნელოვან წარმატებებს სხვა TikTok-ერებმაც მიაღწიეს. მათ შორისაა ედისონ რეი, რომელმაც მონაწილეობა Netflix-ის ფილმ He’s All That-ში მიიღო და ახალ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. Netflix-ის კიდევ ერთ ფილმში, სახელწოდებით Under the Stadium Light, ჯოშ რიჩარდსმა ითამაშა, რომელმაც ასევე საკუთარი საპროდიუსერო კომპანია CrossCheck Studios-ი შექმნა.

მთლიანობაში, ყველაზე მაღალანაზღაურებულმა TikTok-ერებმა 2021 წელს $55,5 მილიონი გამოიმუშავეს, რაც 200%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. როგორც წესი, TikTok-ერები თავიანთი შემოსავლების უმეტეს ნაწილს (30-50%) პროდუქციის რეკლამირებისთვის დაფინანსებული კონტენტიდან იღებენ. მსგავსი პრომოუშენის მყიდველებში კი ისეთი ცნობილი ბრენდებიც შედიან, როგორიცაა Amazon-ი, Louis Vuitton-ი და McDonald’s-ი. TikTok-ის ვარსკვლავების უმრავლესობა საშუალოდ პოსტზე 2020 წელთან შედარებით ორმაგს, $100,000-$250,000-ს გამოიმუშავებს.

თუმცა TikTok-ის მაღალშემოსავლიანი ვარსკვლავების რეიტინგი საკმაოდ მერყევია, რასაც 2022 წლის სიაში სამი ახალწვეული, ბელა პორჩი, ავანი გრეგი და კრის კოლინზიც ადასტურებს. მნიშვნელოვანია, რომ Forbes-ის მიერ შედგენილ რეიტინგში მხოლოდ ის პირები მოხვდნენ, რომლებიც ფართო საზოგადოებამ სწორედ პლატფორმის საშუალებით გაიცნო. შემოსავლების ნაწილში კი ყურადღება 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამომუშავებულ თანხას ექცევა.

Forbes-ის მაღალშემოსავლიანი TikTok-ების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. ჩარლი ამელიო – $17,5 მილიონი, 133 მილიონი გამომწერი.

ჩარლის, აპლიკაციის ყველაზე მეტი, 133 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ბიზნესის მხრიდანაც ის მუდმივი ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. პოპულარულ TikTok-ერს სარეკლამო საქმიანობა აკავშირებს Invisalign-თან, Morphe-სა და Dunkin’ Donuts-თან. მის მიერ გამომუშავებული თანხის დიდი ნაწილი კი დასთან ერთად შექმნილ კომპანია Social Tourist-ს უკავშირდება.

 

  1. დიქსი ამელიო – $10 მილიონი, 57 მილიონი გამომწერი.

მიუხედავად იმისა, რომ დიქსი უფროსი დაა, ჩარლის შემოსავლები და გამომწერთა რაოდენობა მის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა დიქსი კარიერის განვითარებას განცალკევებითაც ცდილობს და გასულ წელს რეპერ Rubi Rose-თან ერთად სიმღერა “Psycho” გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის აშშ-ის პოპჩარტში 25-ე ადგილი დაიკავა.

 

  1. ედისონ რეი – $8,5 მილიონი, 86 მილიონი გამომწერი.

დიქსის გამომწერებით უსწრებს, თუმცა შემოსავლებით ჩამორჩება რეიტინგის მესამე ადგილის მფლობელი ედისონ რეი. გასული წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა პოპულარული TikTok-ერისთვის Netflix-ის ფილმ He’s All That-ში მონაწილეობის მიღება იყო. ამის შემდგომ ედისონმა Netflix-თან კიდევ რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, რეი თანამშრომლობს American Eagle-სთან და აქვს საკუთარი ხაზი – Item Beauty, რომელიც Lash Snack-ტუშსა და სხვა პროდუქტებს ისეთ მაღაზიებში ყიდის, როგორიცაა Sephora.

 

  1. ბელა პორჩი – $5 მილიონი, 87 მილიონი გამომწერი.

ბოლო წლის განმავლობაში გამომწერთა სწრაფი ზრდის შედეგად, პორჩი  პლატფორმის მესამე, ყველაზე პოპულარული TikTok-ერი გახდა. მის მიერ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული პირველი ვიდეო იმავე წლის ყველაზე ხშირად ნანახი TikTok-ი გახდა. ამჟამად მისი სპონსორების წრე ისეთი კომპანიებითაა დაკომპლექტებული, როგორიცაა Google-ი, Prada და Tinder-ი. მაისში კი  საკუთარი სინგლი “Build a Bitch”-იც გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის პოპჩარტში 56-ე ადგილი დაიკავა.

 

  1. ჯოშ რიჩარდსი – $5 მილიონი, 26 მილიონი გამომწერი.

გამომწერთა შორის თვალსაჩინო სხვაობის მიუხედავად, მეოთხე ადგილს ბელასთან ჯოშ რიჩარდსი იყოფს. რიჩარდსის სპონსორებს შორის Amazon-ი, CashApp-ი და სხვა კომპანიები არიან. ჯოშს ენერგეტიკული სასმელი Ani-ც აქვს, რომელიც უკვე Walmart-ში იყიდება და ის სარისკო კაპიტალის ფირმა Animal Capital-ის თანადამფუძნებელიცაა.

 

  1. კრის კოლინზი – $4,75 მილიონი, 42 მილიონი გამომწერი.

კოლინზიც ერთ-ერთი მაგალითია იმის, თუ რამდენად მარტივად შეუძლიათ ადამიანებს TikTok-ის საშუალებით როგორც პოპულარობის, ასევე სოლიდური შემოსავლის მოპოვებაც. კოლინზი პანდემიამდე სტილისტი იყო, პანდემიის დროს ჩამოწერილმა TikTok-მა კი მას მილიონები მოუტანა. კოლინზი პოპულარობით YouTube-ზეც სარგებლობს, სადაც მას 4,5 მილიონი გამომწერი ჰყავს. TikTok-ერი უფრო მეტად ოჯახურ თემატიკას ეხება, აქედან გამომდინარე კი მასთან ისეთი ფირმები თანამშრომლობენ, როგორიცაა Hershey, Lionsgate-ი, Pantene-ი და ა.შ.

 

  1. ავანი გრეგი – $4,75 მილიონი, 39 მილიონი გამომწერი.

2019 წლის ზაფხულში გრეგი TikTok-ზე პოპულარული Clown Girl-ით და მკვეთრი მაკიაჟის გაკვეთილებით გახდა. ბოლო პერიოდში გრეგის შემოქმედებითი ცხოვრება ვებსერიალ Chicken Girls-ის ბოლო სეზონში მონაწილეობას უკავშირდება. გასული  წლის თებერვალში კი გამომცემლობა Simon & Schuster-მა  მისი  ავტობიოგრაფიული წიგნიც გამოსცა, სახელწოდებით BackStory, my life so far.

 

ფოტოები: Getty Images