Forbes 30 Under 30

Forbes 30 Under 30

Forbes Georgia-ს მესამე ყოველწლიურ 30 30-წლამდელთა რეიტინგში თავმოყრილი ახალგაზრდები გვევლინებიან მყარ მტკიცებულებად, რომ ამბიციასა და ინოვაციას კარანტინში ვერ მოათავსებ.

ზოგი მიდის დინების საწინააღმდეგოდ და კოვიდ-19-ის პირობებში ბიზნესებს ქმნის, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი. სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს 30 under 30 – პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში მიაღწიეს. სიის წევრი ახალგაზრდები თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან.

ჩვენ ეტაპობრივად თითოეულ მათგანს გაგაცნობთ.

კულტურა და სტილი

ნინი ჭანტურია
ასაკი: 28

ლუკა ჩაგანავა
ასაკი: 29

დამფუძნებლები • NS STUDIO

ლუკა ჩაგანავა და ნინი ჭანტურია საერთო საქმეს უკვე მერვე წელია, უძღვებიან; 2013 წელს დააფუძნეს არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია NS STUDIO.

კომპანია, რომელმაც ფუნქციონირება ორი ადამიანის საერთო იდეით დაიწყო, ჯამში23 თანამშრომელს აერთიანებს. ეტაპობრივად გაიზარდა პროექტების მასშტაბიც.

ლუკა და ნინი ინტერესებისა და გემოვნების თანხვდენით მუშაობას განაგრძობენ, გეზი კი ქვეყანაში არქიტექტურის დარგის განვითარებისკენ აქვთ აღებული.

„ვცდილობთ, ყველა კომპონენტი, რასაც არქიტექტურა მოიცავს, გაუმჯობესდეს – ჩვენი მიზანია, ახალი ეტაპი დავნერგოთ ქართულ რეალობაში“, – ლუკა ჩაგანავა.

„ყველა პროექტით ეტაპობრივად რაღაცას ვსწავლობდით“, – ნინი ჭანტურია.

ჟიური: ლევან ლომინაძე, სოფო ჭყონია, ირინა პოპიაშვილი

ანტრეპრენიორები და მეწარმეები

სანდრო კანდელაკი
ასაკი: 27

თანადამფუძნებელი • covider.ge

პლატფორმა Covider-ი, რომელიც სანდრო კანდელაკის ჩართულობით დაფუძნდა, ერთგვარი ასისტენტის ფუნქციას ითავსებს კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე ადამიანების დაკვალიანებისთვის. შემდგომ ეტაპზე კი პლატფორმის პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე ადაპტირებაც მოიაზრება.

სანდრო კანდელაკი ჩართული იყო როგორც სტარტაპების დაფუძნებაში, ასევე ზოგადად, საქართველოს სტარტაპეკოსისტემის განვითარების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ის ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ მენეჯერი იყო.

„ყოველთვის ვსწავლობ რაღაც ახალს, რაც მეხმარება, რომ გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხო“.

ჟიური: ნიკოლოზ გოგოჭური, მარიამ რუსიშვილი, მიხეილ ხიდურელი, რევაზ ვაშაკიძე, ნინო ზამბახიძე

მედია და მარკეტინგი

ნუკა შევარდნაძე
ასაკი: 29

ბრენდის, მარკეტინგისა და მომხმარებელზე ზრუნვის გუნდის ხელმძღვანელი • „სფეისი“

ნუკა შევარდნაძე „თიბისის“ გუნდს დაახლოებით ოთხი წლის წინ შეუერთდა. მისი სამუშაო ახალგაზრდულ პროდუქტებსა და სეგმენტს უკავშირდებოდა, „სფეისში“ კი დაფუძნების პერიოდიდანვე ჩაერთო და ნუკას პასუხისმგებლობის არეალიც ეტაპობრივად გაიზარდა. მას უკვე მარკეტინგის, ბრენდისა და მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებები ეხება.

„ყველაფერს ვაკეთებ ადამიანებთან ერთად და ადამიანებისთვის“.

ჟიური: მაია მირიჯანაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, გიორგი ისაკაძე

მეცნიერება

თინათინ ახვლედიანი
ასაკი: 29

მკვლევარი • CEPS

თინათინ ახვლედიანი ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარია.

7-წლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა მეცნიერის ჩართულობით განხორციელებული პროექტები ძირითადად ევროინსტიტუტებს უკავშირდება.

გარდა ამისა, თინათინი ვარშავის უნივერსიტეტში მეორეკურსელ მაგისტრანტებს ასწავლის. უნივერსიტეტი და ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი კი მისთვის, სამუშაო თვალსაზრისით, ერთიან ასპარეზს ქმნის.

„მინდა, რასაც ვაკეთებ, მეტად გამოადგეს საქართველოს.“

ჟიური: ნანა დიხამინჯია, სოსო ბერიკაშვილი, რატი ღოლიჯაშვილი

სპორტი

მერი არაბიძე
ასაკი: 27

მოჭადრაკე

მერი არაბიძე უკვე 21 წელია, რაც ჭადრაკს თამაშობს. პროფესიული თვალსაზრისით, მას პაექრობა უწევს როგორც ქალების, ისე მამაკაცების წინააღმდეგ.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კი მის სახელს შთამბეჭდავი მიღწევები – მედლები და წოდებები დაუკავშირდა, ერთ-ერთი მათგანია ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატისა და მამაკაცთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდება.

„წარმატების მისაღწევად ჩემთვის რეჟიმის დაცვაა მნიშვნელოვანი.“

ჟიური: ზაზა ფაჩულია, ირმა ხეცურიანი

ტექნოლოგიები

ნიკა აბაშიძე
ასაკი: 29

დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი • Caru

ნიკა აბაშიძე ბიზნესში მის მთავარ მიდგომას ასე ხსნის – ხედავს პრობლემას, რომელსაც მიჰყვება ძირეულ საკითხამდე; აწყობს ახალ პროცესს იმავე, ან უკეთესი შედეგის მისაღებად.

სწორედ ამ პრინციპზე აეგო Caru-ც – ავტომობილების შეკეთების ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აღნიშნული პროცესის განსხვავებულ მექანიზმს სთავაზობს. „ავტოსერვისის Airbnb“ – ასე უწოდებს Caru-ს მისი დამფუძნებელი.

„ჩემი მუშაობის პრინციპია არსებული პრობლემების მოგვარების ტექნოლოგიურ დონეზე გადაყვანა“.

ჟიური: ავთანდილ კასრაძე, რუსუდან ქურდოვანიძე, ვახტანგ ცაბაძე, დავით ხოსროშვილი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.