Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიიდან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიიდან

როგორც ჩანს, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი ავტოინდუსტრიაზეც დადებითად აისახება. წამყვანი ავტომწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალ საწარმოებსა და ტექნოლოგიებში ასეულობით მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს ახორციელებენ, ამ ქმედებებით კი კონკურენცია არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე, არამედ შიდა ტერიტორიაზეც ერთიორად იზრდება. გარდა ამისა, თანდათანობით ნახევარგამტარებისა და მიკროჩიპების პრობლემების მოგვარების კონტურებიც იკვეთება, რაც ავტოინდუსტრიის ინვესტორებს ოპტიმისტურ ხედვას უყალიბებს. Forbes Auto მიმდინარე კვირის ბლოგში მოგიყვებათ, თუ რატომ გამოიხმო შვედურმა ავტომწარმოებელმა Volvo-მ დაახლოებით ნახევარი მილიონი ავტომობილი უკან, რა მიზეზით გადაიდო ჟენევის ავტოშოუ ზედიზედ მესამედ, რა ბედი ელის თვითმართვადი ავტომობილებს და რა სახის ინვესტიციებს განახორციელებენ Stellantis-ი და GM-ი მომდევნო წლების განმავლობაში. ამ და სხვა მნიშვნელოვან ავტოსიახლეებს ამ კვირის ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Stellantis-ი ინდიანის ელექტრომობილების ქარხნის გასაუმჯობესებლად 229 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

მსოფლიოს მეოთხე ყველაზე დიდი ავტომწარმოებელი, Stellantis-ი, ინდიანაში მდებარე ელექტრომობილების სამი ქარხნის წარმოებითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად 229 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

ფოტო: REUTERS/Rebecca Cook

Stellantis-ის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია დამატებით 662 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, ქარხანა კი გაუმჯობესების შემდეგ ელექტრიფიცირებული 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფების წარმოებას დაიწყებს.

გამონაბოლქვის წინააღმდეგ გლობალურმა ომმა მსოფლიოს ავტომწარმოებლები აიძულა, მცირეგამონაბოლქვიანი ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო დაეჩქარებინა. მათ შორის – დაბალმარჟიანი ავტომობილების წარმოების შემთხვევაშიც.

წლის დასაწყისში ავტომწარმოებელმა დააანონსა, რომ 2025 წლისათვის, საკუთარი საწარმოო ხაზის ელექტრიფიკაციისათვის, კომპანია 30 მილიარდი ევროს მოცულობის (35.54 მლრდ აშშ დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვისას მთავარი აქცენტები ელექტრომობილების წარმოებასა და თვითმართვადი ტექნოლოგიების დახვეწაზე დასვა.

ავტომწარმოებლები ელექტრომობილებისათვის უფრო მწვანე ლითიუმის გამოყენებას ისახავენ მიზნად

ავტომწარმოებლები, ინვესტორები და ნავთობის გიგანტებიც კი სულ მალე ეკომეგობრული ტექნოლოგიის დახვეწას დაიწყებენ. ტექნოლოგიას ლითიუმის საწარმოებლად გამოიყენებენ, რომელიც უფრო ეკომეგობრული იქნება და ათწლეულის ბოლოსათვის მსოფლიო მოთხოვნის დაახლოებით 25%-სა და მეტს დააკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ ლითიუმი ელექტრომობილებისათვის საჭირო ელემენტების წარმოებაში მთავარ მეტალს წარმოადგენს.

ფოტო: REUTERS/Ernest Scheyder

Stellantis-მა, ბილ გეიტსის ენერგოკომპანიებმა თუ სხვა კერძო ინვესტორებმა გასული თვეების განმავლობაში მილიონობით დოლარის ღირებულების შეთანხმებებს მოაწერეს ხელი ლითიუმის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ სტარტაპებთან, რათა მომდევნო წლების განმავლობაში ტექნოლოგიები დაიხვეწოს და კომერციული წარმოებაც შესაძლებელი გახდეს.

ახალი პოტენციური ტექნოლოგია უფრო ნაკლებ ტერიტორიასა და გრუნტის წყლებს მოითხოვს, ვიდრე თეთრი ლითონის, ლითიუმის მოპოვების ტრადიციული მეთოდები. იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგია დიდ მასშტაბებზე მუშაობას შეძლებს, ინდუსტრიის ანალიტიკოსების აზრით, ის შეძლებს ელექტრომობილთა ინდუსტრიისათვის ელემენტების მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

მიმდინარე კვირაში აღნიშნული ტექნოლოგიის სტარტაპ Lilac Solutions Inc.-ში ინვესტიცია გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მაც განახორციელა.

თუმცა საინტერესოა, რომ ჯერჯერობით ლითიუმის მოპოვების DLE ტექნოლოგია ძალიან ძვირად ღირებულია. შესაბამისად, ჩადებული თანხები მის დახვეწასა და გაიაფებას უნდა მოხმარდეს.

GM-ის განცხადებით, კომპანია 2030 წლისათვის ყოველწლიურ შემოსავლებს 280 მილიარდ დოლარამდე გააორმაგებს

ამერიკული მწარმოებელი General Motors-ი ათწლეულის ბოლოსათვის საკუთარი ყოველწლიური შემოსავლების გაორმაგებას გეგმავს. კომპანია ელექტრომობილების  წარმოებაზე გადასვლითა და ავტომანქანებისა და სატვირთო მანქანების საწარმოო ხაზების დივერსიფიკაციით იმ დროისათვის 280 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

ავტომწარმოებელმა აღნიშნული საშემოსავლო მიზანი 12-14%-იანი საოპერაციო მარჟის მიღების შემთხვევაში დაისახა. ინვესტორებისათვის წარდგენილ პრეზენტაციაში კომპანიამ დაწვრილებით ახსნა, თუ როგორ გეგმავს საკუთარი პოლიტიკის ცვლილებას ტრადიციული საწარმოო ხაზიდან ახალ პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემებზე ფოკუსირებულ საშუალებებზე.

საინტერესოა, რომ გასულ წელს GM-ის შემოსავლებმა 122.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.8%-ით ნაკლები იყო 2019 წლის მონაცემებზე. აღნიშნული კლების მიზეზი მეტწილად წლის დასაწყისში კორონავირუსის პანდემიის გამო ქარხნების დახურვა გახდა. 2020 წელს კომპანიის საოპერაციო მარჟა 7.9% იყო.

ინვესტორთათვის წარდგენილი პრეზენტაციების ფორუმი ორდღიანი იყო და ის მეტწილად ინვესტორთა დარწმუნებას ისახავდა მიზნად, რომ კომპანიას უფრო მეტად  შეხედონ როგორც ტექნოლოგიურ სტარტაპს, ვიდრე ტრადიციულ ავტომწარმოებელს. ამის მიზეზად კი კომპანიის Tesla-სთან კონკურენციას ასახელებენ, რომელსაც ტექნოლოგიური სტარტაპის სტატუსი აქვს და რომლის ღირებულებაც 750 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, განსხვავებით GM-ის ღირებულებისაგან, რაც მხოლოდ 79 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

კომპანიაში მოელიან, რომ GM-ის შემოსავლების ზრდა მეტწილად დამოკიდებული იქნება კომპანიის ახალ, სერვისზე დაფუძნებულ ბიზნესებზე ტრადიციულ წარმოებასთან ერთად. ავტომწარმოებლის გათვლებით, ავტომობილების გაყიდვისა და ფინანსებიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად 138 მილიარდიდან 235 მილიარდამდე გაიზრდება. მის მფლობელობაში მყოფი კომპანიების, Cruise-სა და BrightDrop-ის ღირებულების ზრდა კი 2 მილიარდი დოლარიდან 80 მილიარდ აშშ დოლარამდეა ნავარაუდები.

GM-ის მხარდაჭერილ Cruise-ს 2030 წლისათვის 1 მილიონი თვითმართვადი ავტომობილი ექნება წარმოებული

GM-ის მიერ საკონტროლო პაკეტის მფლობელობაში მყოფი კომპანია, Cruise-ი, 2030 წლისათვის 1 მილიონი თვითმართვადი ავტომობილის წარმოებას ისახავს მიზნად. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დან ამანმა, GM-ის მიერ გამართულ ფორუმზე აღნიშნულის ამსახველი გრაფიკიც წარმოადგინა. ამანს კონკრეტულად არ უსაუბრია 2030 წლის გეგმების შესახებ, თუმცა დაადასტურა, რომ კომპანიაში მტკიცედ სწამთ დასახული მიზნების შესრულებისა.

თუმცა მანამდე კომპანიას მიზნის მისაღწევად შეერთებული შტატების ფედერალური და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებისაგან შესაბამისი ნებართვები დასჭირდება. საინტერესოა, რომ მარეგულირებელი ორგანოები სწორედ ახლა არიან მსგავსი თვითმართვადი ავტომობილებისათვის შესაბამისი მოთხოვნების შემუშავების ეტაპზე. შესაბამისად, შესაძლოა, რომ ეს პროცესი დროში გაიწელოს.

თავის მხრივ, Cruise-ი სან-ფრანცისკოში უკვე შვიდი წელია, ტესტავს საკუთარ რობოტაქსის სერიას. აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მომდევნო წლის დასაწყისიდან, კალიფორნიის მიერ მინიჭებული საბოლოო ნებართვის შემდეგ, კომპანია მგაზვრების გადაყვანას საფასურის სანაცვლოდ დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კომპანიას ქვეყანაში თვითმართვადი ავტომობილის კომერციალიზაციისათვის საჭირო 6 ნებართვიდან 5 მიენიჭა. მეექვსეს მინიჭებას კი Cruise-ი უახლოეს პერიოდში ელოდება. საინტერესოა ისიც, რომ მსგავსი ნებართვა Google-ის Waymo-მაც მიიღო. თუმცა მას მოეთხოვება, რომ ავტომობილში დაზღვევის მიზნით მძღოლი მაინც იჯდეს.

Cruise-ი საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს. წლის დასაწყისში მან ხელი მოაწერა შეთანხმებას დუბაის გზებისა და სატრანსპორტო დეპარტამენტთან, რომლის მიხედვითაც 2029 წლისთვის კომპანიამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს თვითმართვადი ტაქსიები ექსკლუზიურად უნდა მიაწოდოს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ავტომობილიდან მძღოლის გაქრობით, მგზავრობის დღევანდელი საფასური, რომელიც ერთ მილზე  $5-ს შეადგენს, $1.5-მდე შემცირდება.

ჟენევის საავტომობილო შოუ 2023 წლამდე გადაიდო

ჟენევის საერთაშორისო საავტომობილო შოუს ორგანიზატორებმა გასულ კვირაში განაცხადეს, რომ პანდემიის გამო მომავალ წელს ღონისძიებას კვლავ არ გამართავენ.

REUTERS/Pierre Albouy

ორგანიზატორების განცხადებით, პანდემიასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა საკითხებმა ისინი ალტერნატივის გარეშე დატოვა.

მათი განმარტებით, საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვები და აკრძალვები მონაწილეების, ვიზიტორებისა და სტუმრებისათვის, ასევე ნახევარგამტარების გლობალურად არსებული კრიზისი გახდა სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი. მიკროჩიპების დეფიციტის გამო ავტომწარმოებლებს სხვა პრიორიტეტები აქვთ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ღონისძიების ჩატარება 2020 და 2021 წლებში გადაიდო.

მორის ტურეტინის განცხადებით, ორგანიზატორების თავდაუზოგავი შრომისა და მცდელობებისდა მიუხედავად, მათ რეალობასთან შეგუება მოუხდათ. “ჯერჯერობით პანდემია შიდა სივრცეში გასამართი ღონისძიებებისათვის კვლავ დიდ საფრთხეს წარმოადგენს” – განაცხადა მან.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად ღონისძიების გადადებაა, ვიდრე მისი სრულად გაუქმება. შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო საავტომობილო შოუ ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს. მასზე თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები, რომლებიც ახალ მოდელებს წარადგენენ და მომხმარებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.  რამდენიმე კვირის წინ მიუნხენში მსგავსი საავტომობილო შოუ გაიმართა, სადაც მომავლის მანქანების კონცეპტები წარადგინეს.

ხარვეზის გამო Volvo 460,769 ავტომობილს უკან გამოიხმობს

შვედური ავტომწარმოებელი, Volvo, საკუთარ ძველ მოდელებზე აღმოჩენილი უსაფრთხოების ბალიშების პრობლემების გამო 460,769 ავტომობილს უკან გამოიხმობს. როგორც აღმოჩნდა, აირბაგების პრობლემა იმდენად დიდია, რომ საავარიო სიტუაციის შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.

ფოტო: Mikael Sjoberg | Bloomberg | Getty Images

უფრო კონკრეტულად, პრობლემა აირბაგის აქტივატიზაციას ეხება საავარიო სიტუაციისას. კომპანიამ შეერთებული შტატების უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოს განუცხადა, რომ ინციდენტისას აირბაგში მოთავსებულმა ინფლატორის ფრაგმენტმა სიცოცხლის მოსპობაც შეიძლება გამოიწვიოს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, Volvo-სათვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფატალური ინციდენტის შესახებ არის ცნობილი. შესაბამისად, სამომავლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, შვედური ავტომწარმოებელი აღნიშნული მოდელის ყველა ავტომობილს უკან გამოიხმობს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

როგორც აღინიშნა, დეფექტიანი აირბაგების მქონე ავტომობილები Volvo-ს ძველი მოდელებია. კონკრეტულად კი პრობლემები აღმოაჩნდა 2001-დან 2006 წლამდე გამოშვებულ S80 და 2001-დან 2009 წლამდე გამოშვებულ S60 მოდელებს. ავტომობილები საერთო ჯამში 2000 წლის მაისიდან 2009 წლამდე იწარმოა.

საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილთა თითქმის 50%, 259 383 ერთეული შეერთებული შტატების ბაზარზე გაიყიდა.

Volvo-მ პრობლემის შინაარსი კიდევ უფრო დეტალურად განმარტა გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ჩანს, პრობლემა დროთა განმავლობაში წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ აირბაგის გამხსნელი კაფსულა მაღალტენიანობისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში იმყოფება.  ასეთ პირობებში კაფსულა დროთა განმავლობაში  იწყებს გაფუჭებას და წარმოქმნის მტვრის ნაწილაკებს, რაც მოწყობილობაში ზრდის წნევას და აჩქარებს წვის პროცესს. ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ კი შესაძლოა ინფლატორის გასკდომა და მასში მოთავსებული ლითონის ფრაგმენტების მგზავრებზე გაფრქვევა გამოიწვიოს.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანია უკან გამოხმობილ ავტომობილებზე ყველა აირბაგის უსასყიდლოდ გამოცვლას გეგმავს. Volvo საკუთარ მომხმარებლებს აღნიშნულის შესახებ მომავალი თვის ბოლომდე შეატყობინებს.

საინტერესოა ისიც, რომ კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია, თუ რა დაუჯდება მთლიანობაში პრობლემის მოგვარება. მაგალითად, წარსულში იაპონურ ავტომიმწოდებელ  Takata-ს 67 მილიონი აირბაგის უკან გამოხმობა და შეცვლა მილიარდობით დოლარი დაუჯდა, რამაც საბოლოო ჯამში კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა.

ამერიკულ უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შვედური ავტომწარმოებლის აირბაგებით მომმარაგებელი კომპანიები AutoLiv და გერმანული ZF გახლდათ.

ავტოინდუსტრიის მომავალი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ავტოინდუსტრიაც სულ უფრო მეტად მიისწრაფვის გაციფრულებისაკენ. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ისიც, რომ ინდუსტრია უახლოეს მომავალში, შეიძლება ითქვას, მთლიანად გადაერთვება ელექტრომობილების საწარმოო ხაზზე. აქედან გამომდინარე, ავტომობილებში ღილაკები სულ უფრო ნაკლებად გვხვდება. ბუნებრივია, რომ ელექტრომობილში მომხმარებელი ღილაკების არსებობის საჭიროებას ვეღარ ხედავს და სენსორულ ეკრანებსა თუ ხმით ბრძანების ფუნქციონალს მოითხოვს.

ფოტო: REUTERS/Rebecca Cook

მაგალითად, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ამერიკული ავტომწარმოებელი GM მომავალში პოზიციონირებას ტექნოლოგიური კომპანიის სახელით გეგმავს. გადაწყვეტილებას კი კომპანია იმაზე დაყრდნობით იღებს, რომ მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში 20-მდე ახალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს.

საკუთარი კონცეპტის Tesla-სთან დაახლოების მიზნით, შეერთებულ შტატებში ნომერ პირველი ავტომწარმოებელი უახლოეს პერიოდში ახალი სტრატეგიის წარდგენას გეგმავს, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას, ელექტრომობილების წარმოების გაზრდასა და თვითმართვადი ავტომობილების ტექნოლოგიების განვითარებას გულისხმობს.

აღნიშნულ სტრატეგიას სათავეში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მარი ბარა ჩაუდგება, რომელიც GM-ს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მაშინ კომპანიის ღირებულება 35 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში კი GM-ის ღირებულება თითქმის გაორმაგდა.

ელექტრომობილი, რომელსაც ერთი დამუხტვით 510 მილის გავლა შეუძლია – თუმცა ეს მისი მთავარი ღირსება არ არის

რამდენიმე კვირის წინ გარემოს დაცვის სააგენტომ ელექტრომობილ Lucid Air Dream Edition-ს შეფასება მისცა, რომლის მიხედვითაც ავტომობილს ერთი დამუხტვით დაახლოებით 800 კილომეტრის გავლა შეეძლება. ამ სიახლის შესახებ ჩვენ წინა ბლოგებშიც ვისაუბრეთ, რადგან აღნიშნული მაჩვენებელი მართლაც რეკორდულია და კონკურენტ Tesla-ს მნიშვნელოვნად უსწრებს. თუმცა, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ როულინსონი ამბობს, ეს მისი მთავარი ღირსება სულაც არაა.

შეგახსენებთ, რომ ასეთი დისტანციის დაფარვა ჯერჯერობით არც ერთ ელექტროავტომობილს არ შეუძლია ერთი სრული დამუხტვით, მათ შორის არც Tesla Mode S Long Range-ს. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნული შედეგი ყველას გაოცებას იმ შემთხვევაში გამოიწვევდა, თუკი მისი ღირებულება ნაკლები იქნებოდა. Dream Edition-ის საშუალო ღირებულება დაახლოებით 169,000 აშშ დოლარს უტოლდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. თუმცა ამ რიცხვის მიღმა იმგვარი სტატისტიკა იმალება, რომელიც, როულინსონის აზრით, გადაწყვეტს ამ რბოლაში წაგებულისა და გამარჯვებულის ვინაობას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომლის წარმოება იქნება უფრო ეფექტიანი.

აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მალე კომპანიის მიერ წარმოებული ავტომანქანები სხვადასხვა ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამჟამად მის მაღალ ღირებულებას ელემენტების წარმოების ტექნოლოგია განაპირობებს, რომელიც მალე დაიხვეწება.

შეგახსენებთ, რომ Lucid Air-მა საკუთარი ელექტროსედანების წარმოება ცოტა ხნის წინ არიზონის ქარხანაში დაიწყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *