Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

ავტოინდუსტრიის განვითარების ტემპები ყველას გაოცებას იწვევს. სფერო არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ ბიზნესის მხრივაც ყოველდღიურად ვითარდება. თუ რომელიმე თქვენგანს აინტერესებს, რა იწვევს ავტომოყვარულების ინდუსტრიით „მოწამვლას“, ალბათ პასუხს სწორედ აქ იპოვის. შიდაწვის წიაღისეულ ძრავებზე მომუშავე ავტომობილებიდან, ჰიბრიდულ მანქანებამდე, შემდეგ ელექტრომობილებამდე და სულ ბოლოს თვითმართვად ტრანსპორტამდე, როგორც ჩანს, სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. სიტყვა რომ მხოლოდ სიტყვად არ დარჩეს, ირგვლივ მიმოვიხედოთ, ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში ოთხივე მათგანს ერთდროულად წავაწყდებით და ინდუსტრიის საიდუმლოც მაშინვე ამოიხსნება. მდგრადი განვითარება – ეს სიტყვათშეთანხმება, შეიძლება ითქვას, ამ ინდუსტრიას ყველაზე უკეთ შეესატყვისება. სფეროს უნიკალურობის ამოსაცნობად კი არასდროს უნდა ჩამოვრჩეთ დროს. სწორედ ამიტომ, Forbes Georgia აგრძელებს თქვენთვის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი სიახლეების გაცნობას.

ბაიდენი ფედერალური ავტოპარკის ელექტრომობილებით განახლებას გეგმავს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გასულ კვირას ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური მთავრობის მსყიდველობითი უნარი კიდევ უფრო მეტად გაზარდა. აღნიშნულის მიზეზი ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაა.  პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით მოელიან, რომ 2030 წლისათვის გამონაბოლქვი 65%-ით, ხოლო 2050 წლისათვის მთლიანად შემცირდება.

ფოტო: MANDEL NGAN/AFP

ბრძანების თანახმად, თეთრი სახლი მილიარდობით დოლარს დახარჯავს ავტოპარკის ელექტრომობილებით განახლებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება. 2027 წლისათვის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ძრავიანი ავტომობილების შეძენა, ხოლო ავტოპარკის 100%-ით ელექტრომობილებით განახლება 2035 წლამდე მოხდება.

გენერალური მომსახურების ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლისათვის შეერთებული შტატების მთავრობის ავტოპარკში დაახლოებით 657 506 ავტომობილი ირიცხებოდა. აქედან 250 599 სამოქალაქო ტრანსპორტს შეადგენს, 181 462 – სამხედრო ტიპის ტრანსპორტს, ხოლო 225 545 – საფოსტო ტრანსპორტს. საერთო ჯამში მათი ღირებულება კი 4.2 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნულმა ავტომობილებმა ერთად 6.7 მილიარდი კილომეტრი დაფარეს.

ამ მიზნებით ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ ადგილობრივ ელექტრომობილების მწარმოებლებს ხელი მაქსიმალურად შეუწყოს. Ford-ი და GM-ი, როგორც ჩანს, აღნიშნული ინიციატივით ყველაზე მოგებიან ვითარებაში დარჩებიან. რასაც ვერ ვიტყვით Tesla-ზე, რომლის ელექტრომობილებიც საკმაოდ ძვირად ღირებულია და, შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობისათვის პირველი პრიორიტეტი არ იქნება.

როგორც ჩანს, ბაიდენი მხარს დაუჭერს Ford-ის ინიციატივასაც, რომ შემდეგი წლების განმავლობაში 29 მილიარდი აშშ დოლარი ჩადოს ინვესტიციების სახით ელექტრომობილების განვითარებაში. ასევე GM-ის ინიციატივას, რომელიც იმავე მიზნებისათვის 2025 წლამდე 35 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს. თუმცა, თავდაპირველად, გეგმის განსახორციელებლად, ინდუსტრიაში არსებული ნახევარგამტარების დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას და ქვეყნის მასშტაბით მეტი დამტენი პუნქტი დამონტაჟდეს.

F-150 მოდელის უპრეცედენტო რაოდენობით დაჯავშნის გამო Ford-ს ნახევარგამტარებზე მეტად ელექტროძრავების ელემენტები ესაჭიროება

Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის განცხადებით, ამერიკულ ავტომწარმოებელს ნახევარგამტარებსა და ჩიპებზე მეტად ამჟამად საკუთარი ელექტრომობილებისათვის ელემენტები ესაჭიროება. როგორც ჩანს, აღნიშნულის მიზეზი ის უპრეცედენტო რაოდენობის ჯავშანია, რასაც ავტომწარმოებელი საკუთარი ახალი ელექტრო F-150 მოდელისათვის იღებს.

ფოტო: RICHARD DREW/ASSOCIATED PRESS

გასულ კვირას Ford-მა დროებით გამორთო ავტომობილის წინასწარი რეზერვაციის შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც წინასწარი ჯავშნების რაოდენობამ F-150 მოდელისათვის 200 000 ერთეულს მიაღწია. საინტერესოა, რომ აღნიშნული რაოდენობა ორჯერ მეტია იმ რაოდენობაზე, რომლის წარმოებაც Ford-ს წლის განმავლობაში შეუძლია. ახალი ელექტრო F-150 Lightning მოდელი გაყიდვაში მომავალი წლის გაზაფხულიდან ჩაეშვება.

„ნახევარგამტარების შოვნა პრობლემას ამჟამად ნაკლებად წარმოადგენს. ეს მხოლოდ პრიორიტეტების საგანია. ნამდვილი პრობლემა ახლა ელექტროძრავების ელემენტებია“, – განაცხადა ჯიმ ფარლიმ CNBC-სთან საუბრისას.

მის თანახმად, ამერიკული ავტომწარმოებელი ყველაფერს აკეთებს, რათა წარმოების მოცულობა მცირე დროში ორჯერ გაზარდოს განსაკუთრებით F-150 მოდელებისათვის. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი – ამერიკელების ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტომობილი, ხოლო ბოლო 45 წლის განმავლობაში ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი პიკაპია.

ჯიმ ფარლის განცხადება ბევრისათვის სიურპრიზი გამოდგა, რადგან მთელი წლის განმავლობაში ჩიპების გლობალურმა დეფიციტმა მთელი ავტოინდუსტრია დააზარალა. დაიხურა ქარხნები, შემცირდა წარმოების ტემპები, შეიკვეცა რაოდენობები. თუმცა, Ford-ის აღმასრულებელი დირექტორისათვის, როგორც ჩანს, პრობლემა ამჟამად სულ სხვა რამაა.

შეგახსენებთ, რომ Ford-ი და მისი კალიბრის ავტომწარმოებლები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან წვალობენ, რომ წარმოებისათვის საჭირო მასალები შეისყიდონ, მარაგები შეივსონ და მიწოდების ჯაჭვი შეუფერხებლად ფუნქციონირებდეს. თუმცა გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად ეს კიდევ უფრო რთული ხდება.

BMW-მ მემილიონე ელექტრიფიცირებული მანქანა გაყიდა

ახალ წლამდე სულ ცოტა ხნით ადრე, BMW-მ მნიშვნელოვანი ნიშანსვეტის მიღწევის შესახებ განაცხადა: გერმანულმა ავტომწარმოებელმა მემილიონე ელექტრიფიცირებული მანქანა გაყიდა – მემილიონე მანქანა BMW iX xDrive40 აღმოჩნდა, რომელიც ევროპაში გაიყიდა.

ფოტო: Uwe Fischer / BMW

ცნობისთვის, ტერმინი „ელექტრიფიცირებული“ აერთიანებს, როგორც ელექტრომანქანებს, ასევე ფლაგ-ინ (PHEV) და ჩვეულებრივ ჰიბრიდებს. CleanTechnica-ს ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან ამავე წლის სექტემბრამდე, გლობალურ ბაზარზე, BMW-მ 60 ათასამდე ელექტრომანქანა და 172 ათასამდე დამუხტვადი ჰიბრიდი გაყიდა. 2020 წელს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, ჯამში 192 ათასი ელექტრიფიცირებული მანქანა გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ წინა ნიშანსვეტს – ნახევარ მილიონ ელექტრიფიცირებულ მანქანას, BMW-მ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიაღწია. მაშინ, კომპანიამ პირობა დადო, რომ ორ წელიწადში მილიონ მანქანას გაყიდდა, რაც შეასრულა კიდეც. ახლა კი, გაჩნდა ახალი პირობა: 2025 წლისთვის, BMW ორ მილიონ სრულ ელექტრომობილს გაყიდის.

„მემილიონე ელექტრიფიცირებული მანქანის გაყიდვა ჩვენთვის მნიშვნელოვან ნიშანსვეტს წარმოადგენს. ისე კი, ჩვენ შემდეგ ნიშანსვეტზეც ვფიქრობ: ორ წელიწადში, ორმილიონიანი ნიშნულის გადაკვეთას ვგეგმავთ“, – აღნიშნა BMW-ს მმართველი საბჭოს წევრმა, პიეტერ ნოტამ. „ჩვენი მდგრადად მზარდი საპროდუქტო ხაზისა, საკუთარ თავს გაყიდვების ამბიციურ მიზნებს ვუსახავთ, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტრომანქანებზე მოდის: 2022 წელს, ამ წლის მონაცემების გაორმაგებას ვგეგმავთ. 2025 წლისთვის კი, BMW Group-ი მომხმარებლებს ორ მილიონ ელექტრომობილს ჰპირდება. იმედს ვიტოვებთ, რომ 2030 წლისთვის, BMW Group-ის გაყიდული ორი მანქანიდან სულ მცირე ერთი – სრულად ელექტრო იქნება“.

ავტომწარმოებელი Stellantis-ი საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფიდან შემოსავლების სახით 2030 წლისათვის 22.5 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას გეგმავს

კომპანიის განცხადებით, ამერიკული ავტომწარმოებელი Stellantis-ი 2030 წლისათვის მის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებისაგან შემოსავლების სახით 22.5 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს.

ფოტო: JEEP

Stellantis-ის თანახმად, აღნიშნული შემოსავლის მიღების მთავარი საფუძველი ავტომწარმოებლის ე.წ. დაკავშირებადი ავტომობილების გაყიდვა იქნება. ეს ტექნოლოგია ავტომობილებს GPS-ის, საინფორმაციო და გასართობი ტექნოლოგიებით, მძღოლის დახმარების ფუნქციონალითა და სხვა ინოვაციებით აღჭურვავს. მისი ღირებულება კი დღეს 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით Stellantis-ი მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია. ის უკანასკნელი ავტომწარმოებელი გახლავთ, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისა და შემოსავლების დივერსიფიცირებისათვის საკუთარი მომსახურების გაყიდვა გადაწყვიტა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პროგრამული უზრუნველყოფა  მათ ბიზნესმოდელს მთლიანად შეცვლის.

კარლოს ტავარესის თქმით, აღნიშნული სერვისების გაყიდვის მოგების მარჟა უფრო მეტად ტექკომპანიების მსგავსი იქნება, ვიდრე ტრადიციული ავტომწარმოებლებისა. კომპანიის ფინანსური დირექტორის აზრით, დამატებითი შემოსავლის წყარო ავტომწარმოებლის მთლიან შემოსავლებს გააორმაგებს.

საინტერესოა ისიც, რომ Stellantis-ი არ გახლავთ ერთადერთი კომპანია, რომელმაც მსგავსი მომსახურება დააანონსა. იგივე გადაწყვეტილება BMW-მა, Ford-მა და General Motors-მაც მიიღეს. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც Tesla-ს პოპულარობამ ზენიტს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ავტომწარმოებლებს შორის ტექნოლოგიურად ყველაზე წინაა და საკუთარ მომხმარებლებს ტექსიახლეებს ყოველწლიურად სთავაზობს.

Hyundai 2028 წლამდე ინდოეთში 6 ახალი ელექტრომობილის გამოსაშვებად 530 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს

სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა, Hyundai-მ გასულ კვირას დააანონსა, რომ 2028 წლამდე 530 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს ინდოეთის ბაზარზე 6 ახალი ელექტრომობილის საწარმოებლად. ეს ნაბიჯი კი მსოფლიოში, სხვების მსგავსად, ყველაზე დაბინძურებული ქალაქებისათვის ახალი სიცოცხლის მისაცემად გადაიდგმება.

ფოტო: REUTERS/Kim Hong-Ji

Hyundai Motor India-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, ინდოეთში სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი ბაზარს ყველა სახისა და ღირებულების ელექტრომობილს შესთავაზებს დაწყებული ხელმისაწვდომი სედანებიდან, დამთავრებული პრემიუმ-კლასის SUV-ებით. Hyundai-ს პირველი ელექტრომობილი ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდება.

კომპანიის განცხადებით, მათი მიზანია ინდოეთის ელექტრომობილების ბაზრის მთავარი კონტრიბუტორები სწორედ თავად გახდნენ. Hyundai-ს ინდური დანაყოფის მტკიცებით, ინვესტიციის სრული მოცულობა კომპანიის კვლევისა და განვითარების განყოფილებაში ჩაიდება, რათა უახლოესი წლების განმავლობაში 6 ახალი ელექტრომობილის დიზაინი და ტექნოლოგია შეუფერხებლად შეიქმნას.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბოლოდროინდელი ტრენდიც გახდა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს მთავრობები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად სულ უფრო მეტ რეგულაციებს გამოსცემენ. ამ რეგულაციებით კი მოელიან, რომ 2030 წლისათვის სრული გაყიდვების 25% სწორედ ელექტრომობილებზე მოვა. ამჟამად მათ წილი ავტომობილების სრულ შესყიდვებში 2%-ს შეადგენს.

კონკრეტულად ინდოეთში აღნიშნული მაჩვენებელი ამჟამად 1%-ს უტოლდება. თუმცა, ინდოეთის მთავრობის გეგმითა და გათვლებით 2030 წლისათვის ის 30%-ს შეადგენს. საინტერესოა ისიც, რომ Hyundai-ს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ინდოეთის ბაზარზე შესვლა მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა, Tesla-მაც გადაწყვიტა. ილონ მასკის კომპანია აქტიურად ლობირებს ინდოეთის მთავრობასთან იმპორტის გადასახადის დასაწევად, რათა კომპანიის გაყიდვები მაქსიმალურად გაიზარდოს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ინდოეთის ბაზარი მხოლოდ საგარეო ავტომწარმოებლებზე არ არის დამოკიდებული და აქ ადგილობრივი წარმოებაც საკმაოდ პოპულარულია. ინდური ავტომწარმოებელი Tata ადგილობრივ ბაზარზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ელექტრომობილების საწარმოო ხაზის გამოშვებას კი ისიც გეგმავს.

Volvo-ს ახალმა დისპლეიმ შესაძლოა წინა საქარე მინა მთლიანად მოიცვას

შვედური კომპანია Volvo Cars-ი ინვესტიციას ახალ პროექტში ახორციელებს, რომლის მიზანიც ავტომობილების წინა საქარე მინის მთლიანად დისპლეიდ გადაქცევაა. ამის შესახებ ინფორმაცია მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით კომპანიამ 2018 წელს ფონდი Volvo Cars Tech Fund-ი დააარსა. მისი დახმარებით მწარმოებელი თანხებს ისეთ სტარტაპებში დებს, რომლებიც ავტონომიური მართვის სისტემის, ელექტროტრანსპორტირებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობენ. Volvo Cars-მა ერთ-ერთი ბოლო ინვესტიცია ისრაელში დაფუძნებულ კომპანია Spectralics-ში განახორციელა.

Volvo-ს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ამ სტარტაპს საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების უდიდესი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ნაცვლად მხოლოდ ერთ კონკრეტულ ასპექტზე მუშაობისა, სტარტაპი საბოლოო პროდუქტის გასაუმჯობესებლად პროგრამულ უზუნველყოფას, Hardware-სა და სხვადასხვა სახის მასალებს იყენებს.

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ავტოინდუსტრიაში მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვაზე არაერთი კომპანია მუშაობს, თუმცა ამჟამად ხელმისაწვდომი ეკრანები ხარჯების დაზოგვის მიზნით ან იმის უზრუნველსაყოფად, რომ მძღოლებს ყურადღება არ გაეფანტოთ, საკმაოდ მცირე ზომისაა.

როგორც ცნობილია, Volvo Cars-ის ახალი დისპლეი მძღოლებს მხოლოდ საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. მაგალითისთვის, ავტომობილის წინა კამერების ეკრანთან დაკავშირების შემთხვევაში გზაზე არსებული მოძრაობის მოსაწესრიგებელი ნიშნების დასკანირება და დაბრკოლებების გამოვლენა იქნება შესაძლებელი. მათი დისპლეიზე თვალნათლივ გამოტანა მძღოლს მეტი ყურადღების გამოჩენისკენ უბიძგებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Volvo უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენთვის ტექნოლოგიების გაცნობას განაგრძობს. კომპანიას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი პატენტი ეკუთვნის. შვედური ავტომწარმოებელი მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. სწორედ მას ეკუთვნის შორეულ წარსულში უსაფრთხოების ღვედის იდეაც, რომელიც საკაცობრიო მიზნებისათვის პატენტად არ აქცია და სხვა ავტომწარმოებლებსაც მისცა მისი გამოყენების უფლება. შესაბამისად, ნათელია, რომ Volvo-ს, გარდა გამძლე ავტომობილებისა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნებაც გააჩნია.

Ford-ი ტაილანდური ავტოსაწარმოების გასათანამედროვებლად 900 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს

ამერიკული ავტომწარმოებელი, Ford-ი, ტაილანდში საკუთარი საწარმოების გასაუმჯობესებლად 900 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ აქ იწარმოება Ford-ის Ranger პიკაპი და Everest SUV მოდელები. აღნიშნული თანხა კი ამერიკული ავტომწარმოებლის მიერ ტაილანდში განხორციელებული ყველაზე დიდი ოდენობის ინვესტიციაა.

ფოტო: REUTERS/Brendan McDermid

როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, ინვესტიციის 60% ქარხნების ავტომატიზებას მოხმარდება და საწარმოებში არსებული რობოტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდება. 400 მილიონი აშშ დოლარი კი მიწოდების ჯაჭვის ქსელის გასაუმჯობესებლად დაიხარჯება.

გარდა ამისა, Ford-ი აღნიშნული ინვესტიციით ტაილანდის საწარმოებში მეორე ცვლებისა და მორიგეობის დამატებას გეგმავს. შედეგად ავტომწარმოებელი 1250 ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს. საერთო ჯამში კი 9000 სამუშაო ადგილზე იქნება პასუხისმგებელი. ავტომწარმოებელი ტაილანდის საწარმოებში ყოველწლიურად დაახლოებით 270 000 ერთეულ ავტომობილს აწარმოებს, შესაბამისად, მოსალოდნელია აღნიშნული რიცხვის ზრდაც.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ წლის დასაწყისში უარი თქვა ბრაზილიაში წარმოებაზე. გარდა ამისა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Ford-ი ინდოეთის ბაზარსაც დატოვებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, კომპანიას თანხები გამოუთავისუფლდა, რის შედეგადაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ტაილანდი აზიაში სიდიდით მეოთხე ყველაზე მსხვილი ქვეყანაა ავტომობილების ინდუსტრიის კუთხით. ინდუსტრიას უდიდესი გავლენა აქვს როგორც ქვეყნის მშპ-ზე, ისე სამუშაო ადგილებზეც და ის 10%-ს შეადგენს.

Mercedes-Benz-მა მესამე დონის ავტონომიური ტექნოლოგიის ლიცენზია მიიღო

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Mercedes-მა გასულ კვირას საკუთარი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის მესამე დონის გამოყენების ნებართვა მიიღო. პირველი ავტომობილები, რომელთა სისტემაში აღნიშნულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, 2022 წლის S Class და EQS მოდელები იქნება.

ფოტო: Mercedes-Benz

ტექნოლოგიის გამოყენების ნებართვა გერმანიის ავტოსატრანსპორტო მარეგულირებელმა ორგანომ გასცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Mercedes-Benz-ი მსოფლიოში პირველი მწარმოებელი იქნება, რომლის ავტომობილებიც საერთაშორისოდ აღიარებული მესამე დონის თვითმართვადი ტექნოლოგიით იქნებიან აღჭურვილნი.

სისტემას Drive Pilot-ი ერქმევა და მას 60 კმ/სთ სიჩქარემდე დამოუკიდებლად გადაადგილება, სამოძრაო ზოლებში გადაადგილება და წინა მანქანასთან დისტანციის დაცვა შეეძლება. ბუნებრივია, რომ თავდაპირველად სისტემა ხელმისაწვდომი მხოლოდ გერმანიაში იქნება.

კომპანიის განცხადებით, ტექნოლოგია მძღოლს საშუალებას მისცემს, აღნიშნული სიჩქარის ფარგლებში საჭეს ხელი გაუშვას და მეილის წერით ან ონლაინშოპინგით დაკავდეს. სისტემა სენსორებით, კამერებით, მიკროფონებითა და ტენიანობის აღმქმელი სენსორებით იქნება აღჭურვილი. გარდა ამისა, გზის გეომეტრიასა და დატვირთვას სისტემა ციფრული 3D-რუკის დახმარებით შეძლებს.

საინტერესოა, რომ ტექნოლოგია ავტომატურად, მუდმივ რეჟიმში კითხულობს საგზაო ნიშნებს და დამოუკიდებლად რეაგირებს მოულოდნელ ინციდენტებზე, ასევე, ახორციელებს აცილებისა და დამუხრუჭების მანევრებსაც. გარდა ამისა, Mercedes-ის სისტემას შეუძლია აღიქვას გადაუდებელი დახმარების მანქანების ლურჯი განათებებიც. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილი ყველა შესაძლო საფრთხეს მძღოლს დაუყოვნებლივ ანიშნებს. თუმცა, თუკი მძღოლი დროულად არ მოახდენს რეაგირებას, ტექნოლოგია თავად შეასრულებს გადაუდებელ პროცედურას.

შეგახსენებთ, რომ თვითმართვადი ტექნოლოგიების განვითარება დიდ სიფრთხილესთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ამერიკული ავტომწარმოებელი, Tesla იმყოფება. თუმცა, როგორც ჩვენს წინა ბლოგებშიც აღვნიშნეთ, ბოლო დროს სულ უფრო მეტად გახშირდა ბრალდებები Tesla-ს წინააღმდეგ გაუმართავ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *