„ზამბარის ეფექტი“ პანდემიის იარებით

„ზამბარის ეფექტი“ პანდემიის იარებით

მსოფ­ლი­ოს კვლავ COVID-ვი­რუ­სი და მის­გან მომ­დი­ნა­რე საფრთხეები ატორ­ტ­მა­ნებს. სხვათა შორის, „ომიკრონის“ გამოჩენამ მხოლოდ გაამყარა ჩემი პირადი შეხედულებები, თუ რამდენად მყიფეა ეკონომიკური აღდგენა 2020 წლის შემდეგ, როცა მსოფლიო ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო, ყველა იყო შავ, ბნელ ოთახში და იქ ცდილობდა ეპოვა შავი კატა… სრული შოკი და ეკონომიკური განუკითხაობის წელიწადი. „ომიკრონის” გამოჩენა 2021 წლის ბოლოსკენ და მსოფლიო ბაზრების მყისიერი ტორტმანი, ნავთობის ფასის ერთ დღეში 13%-იანი ვარდნა, ბირჟებისა და ინდექსების უკან დახევა ადასტურებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის გავლენას ეკონომიკურ პროცესებზე და, მეორე მხრივ, ეკონომისტების ნაწილის წუხილს, რომ პოსტკოვიდური ეკონომიკის (თუ ამას შეგვიძლია, პოსტკოვიდური ვუწოდოთ) აღდგენა იმდენად მოწყვლად ვითარებაში მიმდინარეობს, რომ ვირუსის ნებისმიერი შტამის ბუნებრივი მუტაციის ფონზე ლეღვის ფოთლის ფუნქციას ძლივს ასრულებს.

ვიდრე „ხორციელი ეკონომიკა“ ტორტმანებს, ყველაფერი სულ უფრო მეტად ვირტუალურისკენ ინაცვლებს. 2022 წელს ალბათ აღარავის გაუკვირდება სერიული მფრინავი მანქანების დაანონსება, და მეტავერსების და ინტერნეტის ახალი ეპოქა ხომ საერთოდ, დიდი ალბათობით ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. რამდენიმე კვირაა, რაც მარკ ცუკერბერგმა კომპანიას META გადაარქვა და სოცმედიის პლატფორმების ახალ მეტასივრცეში უკვე ვაჭრობაც გაჩაღდა. დიახ, წინა კვირაში $ 650,000-ად გაიყიდა ვირტუალური იახტა მეტავერსში და ამ დროისთვის ეს ყველაზე ძვირფასი გარიგებაა ვირტუალურ მეტასივრცეში.

თითქოს კანონზომიერია ყველაფრის გადანაცვლება ვირტუალურ სამყაროში, სადაც ადამიანები ფიზიკურად თავს უფრო დაცულად გრძნობენ და თან იმ ფონზე, რომ პირველი შედეგები, რაც მეცნიერებს მედიცინაში შეუძლიათ დაუპირისპირონ ვირუსის ახალ შტამებს, არის მინიმუმ 100 დღე. სამთვე-ნახევარი არის ის მინიმალური დრო, როცა მეცნიერებს პირველი ფრთხილი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ ეფექტიანი მკურნალობის ხანგრძლივ პერიოდში, რომელსაც, სულ ცოტა, 18-30 თვე სჭირდება. უბრალოდ, კაცობრიობას აღარ აქვს ეს დრო, ადამიანები უნდა გადარჩნენ და ამიტომაც მოხდა ვაქცინების სრულიად უპრეცედენტო დროში, საგანგებო რეჟიმში დამტკიცება, რამაც შეიძლება ჯერ ასახვა ვერ პოვა სიკვდილიანობის ტემპის შემცირებაში, თუმცა ვიდრე ეფექტიანი პრეპარატი (წამალი) გამოჩნდება (ეს არცთუ შორეული პერსპექტივაა), აცრამ დაადასტურა, რომ შეძლო ადამიანების უდიდესი უმრავლესობის დახმარება და იხსნა ისინი Covid-19-ის უმძიმესი რეციდივებისგან. თუმცა არავინ საუბრობს კოვიდის არანაკლებ მძიმე გავლენაზე, რომელსაც ის ტოვებს გადარჩენილ პაციენტებში სხვადასხვა დაავადებისა თუ დისკომფორტის სახით, და ასევე ქცევა, დიახ, ქცევის შეცვლა, რომელიც არანაკლებ ყურადღებამისაქცევია მათ შორის ეკონომისტების მხრიდან, რადგან ნებისმიერი კრიზისი, ეკონომიკური თუ ფინანსური, საბოლოო ჯამში ცვლის ადამიანების ტვინს, აზროვნებას. ეს კრიზისები სერიოზულ გავლენას ახდენენ თაობებზე, რომლებიც კრიზისის შემდგომ პერიოდში სრულიად სხვა აზროვნებას, მოქმედებას და გადაწყვეტილებებს აფიქსირებენ. თუ მხედველობაში არ მივიღებთ სულ თითზე ჩამოსათვლელ რამდენიმედღიან გამონაკლისს, მსოფლიო ბოლო ორი წელიწადია, გარინდულია Covid-საფრთხეების შემხედვარე. შარშან აღარ იყო დაპირისპირებები, აჯანყებები, ომები, შიდა კრიზისები. იყო მეტი შიდა სოლიდარობა საერთო გაურკვლევლობის ფონზე შავი კატის ძებნისას. საქართველოს აქაც „გაგვიმართლა“, შარშან ჩვენი რეგიონი იყო ერთადერთი, რომლის მეზობლადაც სრულფასოვანი ომი გაჩაღდა – ნამდვილი ომი. ავტომატებით, ტანკებით და დრონებით. და ეს ჩვენს რეგიონში ხდებოდა, ჩვენი სახელმწიფო საზღვრისგან სულ რაღაც 200 კილომეტრში, იმ საზღვრისგან, რომელსაც ვერც ვუფრთხილდებით და ვერც მისი დემარკაციის პრობლემები გადავჭერით ბოლო 30 წელია. არც ეს ომი და მისგან მომდინარე გადაწყობა ჩაივლის ჩვენთვის იარების გარეშე.

გარდა რეგიონული პრობლემებისა, საქართველო ამ პერიოდში მსოფლიოში ალბათ გამორჩეული ქვეყანა იყო, რომელმაც ბოლო ორი Covid-წელიწადია, უმაღლეს რეგისტრში აიყვანა შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები. ცხადია, არჩევნების პროცესი არ შეჩერებულა დანარჩენ მსოფლიოშიც, მაგრამ ის, რაც საქართველომ მოახერხა, უპრეცედენტოა – ქვეყანამ ბოლო ორ წელიწადში მიიღო თითქმის ყველა შესაძლო კრიზისი, რაც კი ბუნებაში ან მეტავერსშიც კი შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. სწორედ ამ კრიზისების „თაიგულის“ შედეგია უმძიმესი სტატისტიკა და ჩვენი ტრაგიკულად სამარცხვინო ლიდერობა მსოფლიო Covid-სტატისტიკაში. ამ კრიზისების შედეგია ის არნახულად მაღალი სიკვდილიანობა, რომლის თაობაზეც, მსგავსად ინფლაციისა, გატრუნულია მასზე პასუხისმგებელი მთავრობა. კრიზისების შედეგია თანამდევი დეპრესიაც საზოგადოებაში, რომლის მოხსნის გარეშე ეკონომიკა წინ ვერ წავა. კრიზისების დასტურია და შედეგიც ნდობის განულება გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ, რადგან ნდობა დაკარგულია. და ეს მოსალოდნელიც იყო.

დღეს, ამ საყოველთაო უნდობლობაში, თავს „ვიწყნარებთ“ და ვიღაც ალბათ ხარობს ევროპისთვისაც კი საშური ეკონომიკური ზრდით, რომელსაც, გარდა იმისა, რომ უმარტივესი სტატისტიკური მანიპულაციაა, არ სჭირდება განსაკუთრებული უნარები იმის გასახსენებლად, რომ შარშან ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერდა. იდგა. ლოკდაუნი იყო და წლევანდელი „ზრდა“ არის ის „ზამბარის ეფექტი“ ეკონომიკაში, რომელიც ასახულია სტატისტიკაში, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ აისახება ჩვენს შემოსავლებზე, საბანკო ბარათებზე, სადაც რიცხული ლარებით სულ უფრო ნაკლებს ვიძენთ, რადგან ეკონომიკის ზრდისა რა მოგახსენოთ, და მსოფლიოში მე-16 ადგილზე ვართ ინფლაციის ზრდის ტემპით, რომელიც დიდი ალბათობით მინიმუმ 6-8 თვე კიდევ ჩვენთან იქნება და კაციშვილმა არ იცის, რა იქნება მერე ან რა შეიძლება იყოს მისი გამანეიტრალებელი. მხოლოდ მონეტარული ინსტრუმენტები? მეეჭვება. სებ-ის ინსტრუმენტებს აქვს თავისი ეფექტი დროსა და სივრცეში, მაგრამ თუ არ მოხდა საზოგადოების მობრუნება შიდა ინვესტირებისკენ და ზრუნვა FDI-ის მოსაზიდად, არაფერი გამოვა. ინვესტიციებს როგორ ან რატომ მოვიზიდავთ, ამაზე ალბათ ცალკე ვიმსჯელებთ, რადგან, ერთი მხრივ, გულზე მჯიღს ვიცემთ როგორც ევროპის გამაოცებლები ეკონომიკის ზრდით, და მეორე ხელით, იგივე ხალხი, ვინც გასაოცარ ეკონომიკურ ზრდას გვილოცავს, აჩერებს ისეთ პროექტებს, როგორიც ნამახვანის მშენებლობაა, უქმნის გაურკვეველ საფრთხეებს გლობალურ ფარმაცევტულ კომპანიებს, გაფრთხილების გარეშე შემოდის რეგულაციებით სათამაშო ბიზნესში და ასეთი დაუფიქრებელი მოქმედების თუ გადაწყვეტილებების სია არ სრულდება. და არ სრულდება ერთადერთი მიზეზით. აქ ეკონომიკას არაფერი ესაქმება. ეს სრულად პოლიტიკაზე გადაწყობილი დღის წესრიგია. თავისი საპენსიო სესხებით და ამბებით. ასეა ეს. Covid-ის მართვასაც არაფერი აქვს საერთო არც ეკონომიკასთან და, მით უმეტეს, არც ჯანდაცვასთან. შარშანაც და წლევანდელ წელსაც ისე ვასრულებთ, რომ საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სუბიექტურ პოლიტიკურ მიზნებზე იყო და არის მორგებული. „მწვანე ბარათის“ თუ პასპორტის ორი წლის თავზე მიღების პერიპეტიებმა ცხადყო, რომ ცალკეული ჩინოვნიკებისთვის დიდი ხანია, წითელი ბარათია საჩვენებელი მუდმივი ავტოგოლებისთვის.

არადა, მსოფლიო ეკონომიკის რთულ ისტორიულ პერიოდებს რომ გადავხედოთ, კრიზისების იარები და დანატოვარი მთელ თაობებს მოჰყვებოდა ან დაჰყვებოდა როგორც ახალი, შეცვლილი ქცევა და ჩვევა. ცნობილი ფაქტებია, რომ 1929 წლის საბირჟო ჩამოშლის შემდგომ, რომელსაც გასული საუკუნის 30-იანი წლების „დიდი დეპრესია“ მოჰყვა – აი, ამ თაობის წარმომადგენლები, ვინც მოესწრო ამ კრიზისებს, განსაკუთრებულად ფრთხილნი იყვნენ, არ ინვესტირებდნენ საფონდო ბაზარზე. ერთი სიტყვით, არ რისკავდნენ. უფრო ახლო წარსულისკენ გადავინაცვლოთ: 2008-2009 წლების კრიზისი მსოფლიოში, რომელიც, ფაქტობრივად, უძრავი ქონების ბაზრის ჩამოშლით დაიწყო. რა მივიღეთ შედეგად? თაობები, რომლებმაც ეს უმძიმესი პერიოდი და 13 წლის წინანდელი კრიზისი გამოიარეს, ზედმეტად ფრთხილობენ, ისე აღარ რისკავენ და იპოთეკურ ნაირსახეობებს აღარ მიმართავენ უძრავი ქონების შესაძენად. მათ თანხების გადადება დაიწყეს, რომ შეიძინონ ქონება, მაგრამ ამისთვის უფრო დიდხანს ყოვნდებიან მშობლების სახლ-კარში. იდეაში ეს არის ეკონომიკა – დაკვირვება და შემდგომ დათვლა სწორი დასკვნების გამოსატანად. მე პირადად ძალიან მაინტერესებს, ეს ახალი თაობა, ე.წ COVID-თაობა რომელიც ახლა სწავლობს ან აბარებს უმაღლესში, როგორი იქნება და რას მივიღებთ მათი სახით ამდენი კრიზისის შემხედვარე? Covid-თაობისთვის ხომ ფაქტობრივად შეცვლილია ყველაფერი, დაწყებული ცხოვრებისეული აღქმით, დასრულებული მეგობრობით; როგორია საზოგადოება, როგორ არის მოწყობილი საგანმანათლებლო სისტემა, სადაც ვირტუალურ აუდიტორიებში სტუმრობენ, ძირითადად ჩამქრალი აქვთ კამერები და გაუთავებე­ლი ვირტუალური საუბრებით და თამაშით ერთობიან. Covid-ი კიდევ მრავალ თაობაზე აისახება თავისი იარებით და დანატოვრით.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში, სადაც უბრალოდ სიმართლე დაიკარგა, ეს პრობლემა ცალკე მსჯელობის საგანია, ისევე როგორც ცალკე პრობლემაა, რომ საერთოდ აღარ ვმსჯელობთ, რადგან განსხვავებული აზრის მიუღებლობა დაგვჩემდა.

ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სამყაროს კიდევ ერთი „თანმხლები ეფექტია“ საკითხების მარტივი გადაწყვეტა. ყოველგვარი ზედმეტი დაფიქრების ან მსჯელობის გარეშე. ჰოდა, ჩვენც ასე ვართ – რა საჭიროა იმის გარკვევა, სიღრმისეულად რა სჭირს საზოგადოებას, როცა უფრო მარტივია, ის დაყო ნაცებად და ქოცებად, როცა შეგიძლია, ისაუბრო ეკონომიკის არნახულ ზრდაზე ევროპის მასშტაბით და არ ამოიღო ხმა ინფლაციაზე; როცა საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საშუალოდ 40%-ით არის გაზრდილი? რა საჭიროა ეკონომიკის რეალურ ზრდაზე ზრუნვა, როცა ინერციით ისედაც მიდის, როგორც ოდითგან მიდიოდა „პრიპისკები“, მოჩვენებითი ეკონომიკის ზრდა, არნახული მოსავალი და ამ ინერციასაც კი ხრავს და მუსრავს ინფლაცია, რომელსაც ჩემთან საუბარში საქართველოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ინვესტორმა ოლეგ ოსინოვსკიმ დამსახურებულად უწოდა ეკონომიკის სოლიტერი. ჰოდა, ამ დროს მართვას რა სჯობს. დაყავი და იბატონე.

ეკონომიკის არნახული ზრდისა და ევროპისთვის ჩვენი წარმატებების შემხედვარე თვალის დადგომაზე მინდა შევთავაზო უფრო ეფექტური „ნიშანი“ ჩვენი ეკონომიკის განვითარების დასტურად: საქართველოს საფონდო ბირჟის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა და, შესაბამისად, საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა. ნოემბერში კი ერთი ტრანზაქცია განხორციელდა, 1,033 ლარის და დღიურმა საშუალო ბრუნვამ 46 ლარი შეადგინა. ანუ, ფაქტობრივად, მთელი წელიწადი გვქონდა ნული ბრუნვა, და გიორგობისთვეში დღეში 46 ლარი იყო!

მაინც რა უმადურია ეს ხალხი.

დაუნახავები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.