Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისგან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისგან

წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, ავტომწარმოებლები უკვე აქტიურად ფიქრობენ სამომავლო გეგმებზეც. მეოთხე კვარტალის შედეგები ბევრი მათგანის აქციათა ფასებსა თუ საწარმოო შესაძლებლობებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამიტომაც ყველა დიდი ავტომწარმოებელი ახლა საკუთარი გეგმების შესრულებას დანაკარგის გარეშე ცდილობს. გარდა ამისა, პრიორიტეტულია  სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების გაუმჯობესებაც  – ეს უკანასკნელი  დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლების გადაწყვეტილებაზე ავტომობილის შეძენისას. ამიტომაც ყველა დიდ მოთამაშეს სურს, წლის ბოლოს შეჯამებული მონაცემების სათავეში სწორედ თავად მოექცეს. Tesla  გეგმავს,  ელექტრომობილების გაყიდვებით ერთპიროვნული ლიდერი გახდეს, Mercedes-ი და BMW გერმანულ ხარისხზე აკეთებენ აქცენტს, ჩინური Nio კი დაბალ ღირებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბაზარზე ყოველ მათგანს საკუთარი ნიში  აქვს მოძებნილი. ამ კვირის საავტომობილო მიმოხილვაში Forbes Auto  ავტოინდუსტრიის უახლეს მნიშვნელოვან სიახლეებს წარმოგიდგენთ.

პროგრამული უზრუნველყოფის საკომუნიკაციო პრობლემის მიზეზით Tesla აშშ-ში 12 000 ავტომობილს უკან გამოიხმობს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla აშშ-ში 12 000 ელექტრომობილს უკან გამოიწვევს. კომპანია გამოიხმობს 2017 წლის შემდეგ წარმოებულ ელექტრომობილებს, რომელთაც პროგრამულ უზრუნველყოფაში საკომუნიკაციო პრობლემა წარმოექმნათ და შეცდომით შეჯახების საფრთხეს აღიქვამდნენ, რის შემდეგაც მოულოდნელად ავარიულ მუხრუჭს ააქტიურებდნენ.

REUTERS/Elijah Nouvelage

Tesla-ს განცხადებით, 11 704 Model S-ის, X-ისა და Y-ის უკან გამოხმობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომპანიამ 23 ოქტომბერს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება გამოუშვა. აღნიშნულ განახლებაზე კი ლიმიტირებული წვდომა ჰქონდათ გარკვეულ მოდელებს.

აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა სამომავლოდ ავტომობილების სრულად ავტონომიურ მართვას ითვალისწინებს. თუმცა ჯერჯერობით ის მხოლოდ მძღოლის დახმარებით შემოიფარგლება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ის რეაგირებას ვერ შეძლებს. FSD-სისტემა მძღოლს უეცარ დამუხრუჭებაში, საფრთხის აღქმასა და სამოძრაო ზოლებზე გადაადგილებაში ეხმარება.

შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნული განახლება მალევე წაშალა მას შემდეგ, რაც ავარიული დამუხრუჭების შემთხვევები დაფიქსირდა და სანაცვლოდ კიდევ ერთი განახლება, 10.3.1 გამოუშვა. ეს უკანასკნელი ექსკლუზიურად იმ მოდელებისათვის გამოიცა, რომლებიც წინა განახლებისას დაზარალდნენ. ორგანოს განცხადებით, ის აქტიურად გააგრძელებს Tesla-სთან თანამშრომლობას ყველა საფრთხის დროულად გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად.

საინტერესოა, რომ აღნიშნული გაუმართაობა ჩიპებს უკავშირდება, რომლებიც გზაზე ობიექტების რაოდენობას შეცდომით აღიქვამდნენ და ავარიული მუხრუჭის ფუნქციას ააქტიურებდნენ. ეს კი მნიშნელოვნად ზრდის ავტომობილების უკნიდან შეჯახების რისკს. აღნიშნულ პრობლემას გამოეხმაურა „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკიც და საკუთარი ტვიტერის გვერდზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ჩანს, მიუხედავად Tesla-ს მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებისა, პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები არც მისთვისაა უცხო და მათი აღმოფხვრა დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს.

Ford-მა ახალი ელექტროპიკაპი წარადგინა, რომელსაც რეტროვიზუალი ექნება

გასულ კვირას Ford Motor-მა ახალი სატვირთო ელექტროპიკაპი წარადგინა, რომელიც ელექტრიფიკაციის სამომავლო გეგმებისა და წარსული გამოცდილების შერწყმას წარმოადგენს. „ფორდის“ ახალი ელექტრომობილი Ford F-100 Eluminator-ი იქნება, რომელსაც 1978 წლის F-100-ის რეტროდიზაინი და ელექტროძრავა  ექნება. ელექტროძრავისათვის აუცილებელ ელემენტებს კი ავტომწარმოებლის ახალი, 2021 წლის Mustang Mach-E GT Performance Edition-ისაგან მიიღებს. გარდა ამისა, ახალი პიკაპის ინტერიერი და მონიტორებიც Mach-E ელექტროკროსოვერის  მსგავსი იქნება.

Ford

ახალი პიკაპის წარდგენას სხვა მიზეზებიც აქვს. ამ ნაბიჯით Ford-მა თავისი ახალი E-crate ძრავა წარადგინა, რომელიც არა მხოლოდ ავტომობილებში ჩაიდება, არამედ მისი ცალკე შეძენაც შესაძლებელი იქნება ავტომობილების შეკეთების ან გაუმჯობესების მიზნით.

Ford-ის ლიცენზირებისა და ავტონაწილების დირექტორის განცხადებით, Ford F-100 Eluminator-ის გამოშვება კომპანიის მხრიდან იმის მანიშნებელია, თუ რა დიდ პატივს სცემს მომხმარებლებს, რომლებიც ელექტრომობილებს ირჩევენ. მეტიც, ავტომობილის რეტროვიზუალიც სწორედ ამავე მადლიერების დადასტურებაა.

მომავალში „ფორდი“ საკუთარი F საწარმოო ხაზის განვითარებას კიდევ უფრო დიდი ტემპებით გეგმავს.ამერიკული ავტომწარმოებელი სულ მალე საკუთარ ახალ F-150 Lightning პიკაპს გამოუშვებს. ეს საკულტო ავტომობილი მომავალი წლის დასაწყისიდან სრულად ელექტრო იქნება და ამერიკელების გულებს კიდევ ერთხელ მოიგებს.

რაც შეეხება, F-100 რეტროდიზაინის მქონე ელექტრომობილს, მას 480 ცხენის ძალა ექნება 634 ნიუტონ/მეტრ მაბრუნებელ მომენტს გამოიმუშავებს. ძრავა კი, რომელსაც კომპანია დამოუკიდებლადაც გაყიდის, 3 100 აშშ დოლარის ღირებულების იქნება. შეგახსენებთ, რომ ავტონაწილების ინდუსტრია საავტომობილო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიაა, რომლის ბრუნვაც ყოველწლიურად 44.6 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენს.

Nikola შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის მიერ შესაძლოა 125 მილიონი დოლარით დაჯარიმდეს

სატვირთო ელექტრომანქანების მწარმოებელი, Nikola, შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიასთან გარიგების შეთანხმებით 125 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის სამოქალაქო თაღლითობის – ინვესტორების შეცდომაში შეყვანის ბრალდებების მოსაგვარებლად.

Nikola Motor Company

კომპანიის განცხადებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ის აღნიშნულ ჯარიმას ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაფარავს. გარიგება კი მარეგულირებელი ორგანოს კომისრებზეა დამოკიდებული. Nikola-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ რასელის განცხადებით, მათ სურთ, რომ აღნიშნული საკითხი მალე დასრულდეს და კომპანია მთლიანად გადაერთოს საკუთარი მომავლის განვითარების საკითხებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმის რაოდენობა, რომელიც მან სამოქალაქო მიზნებისათვის უნდა გადაიხადოს, ოპტიმალურია.

საინტერესოა, რომ თავად ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს. პოტენციური გარიგების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კომპანიამ მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, კომპანიამ 22%-იანი კლება განიცადა, რაც მოსალოდნელ 28%-იან შემცირებაზე უკეთესი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც Hindenburg Research-მა Nikola-ს იმჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, ტრევორ მილტონი ინვესტორებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ამხილა კომპანიის ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის გამოძიება განსხვავდება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებისაგან მილტონის წინააღმდეგ კრიმინალური თაღლითობის ბრალდების შესახებ.

Nikola-ს ოფიციალური განცხადებით, ისინი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისაგან ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ მთავრობისა და მარეგულირებელი ორგანოების გამოძიების დასრულების შემდეგ. 2020 წელს Nikola-მ მილტონის სამართლებრივი ჯარიმებისათვის 1.5 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.

დემოკრატების ახალი კლიმატური გეგმა 80 000 აშშ დოლარამდე ღირებულების მქონე ელექტრომობილებისათვის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს

გასულ კვირას შეერთებულ შტატებში დემოკრატმა კანონმდებლებმა წარადგინეს ახალი კლიმატური გეგმა, რომელიც ელექტრომობილების საკრედიტო ზღვარს 12 500 აშშ დოლარამდე ზრდის. აღნიშნული გეგმა ელექტრომობილებისა და სხვა ნულოვანი ემისიის მქონე მობილობის ტრანსპორტის მსურველთათვის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

Cavan Images | Getty Images

დემოკრატების ახალი ინიციატივის თანახმად, ამიერიდან 80 000 აშშ დოლარამდე ღირებულების სატვირთოები, სპორტული ინვენტარის მანქანები და ფურგონები საკრედიტო ზღვარს დაექვემდებარებიან. აქამდე ამ სახის ტრანსპორტისათვის სხვადასხვა ზედა ზღვარი იყო დადგენილი. მაგალითად, ფურგონის ღირებულება 64 000 აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო, SUV-ის 69 000, ხოლო სატვირთოსი კი – 74 000 აშშ დოლარი.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სათბურის აირების გამოყოფაში სატრანსპორტო ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე მთავარ კონტრიბუტორს წარმოადგენს. მასზე წლის განმავლობაში გამოყოფილი გამონაბოლქვის დაახლოებით მესამედი მოდის. კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში კი წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტიდან ელექტრომობილებსა და ელექტროსატვირთოებზე გადასვლა გარდამტეხი ფაქტორი იქნება.

დემოკრატი კანონმდებლების ახალი ინიციატივა განსაკუთრებით ამერიკული ავტომწარმოებლებისათვის, General Motors-ისა და Ford-ისათვის იქნება სარფიანი. საინტერესოა, რომ რესპუბლიკელი კოლეგები აღნიშნულ ინიციატივას არ იწონებენ.

რეალურად, დემოკრატების ინიციატივა ჯო ბაიდენის 1.75-ტრილიონიანი კლიმატური გეგმის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ელექტრომობილების ბაზარს მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს. ამჟამინდელი მოცემულობით, ნავარაუდებია, რომ წელს აშშ-ში გაყიდულ ავტომობილთა მხოლოდ 4% იქნება ელექტრომობილი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

Tesla-ს დამტენი სადგურები სხვა ელექტრომობილებისათვის ხელმისაწვდომი პირველად გახდა

მსოფლიოში ყველაზე მაღალღირებულებიანი ავტომწარმოებელი, Tesla Inc., ელექტრომობილებზე მოთხოვნის გასაზრდელად, ნიდერლანდებში საპილოტე პროგრამის ფარგლებში საკუთარ დამტენ სადგურებს სხვა ელექტრომობილებისათვის ხელმისაწვდომს ხდის.

REUTERS/Arnd Wiegmann

კომპანიის განცხადებით, „ტესლას“ აპლიკაციის დახმარებით ნიდერლანდებში წინასწარ შერჩეულ ათ ლოკაციაზე სხვა ბრენდის ელექტრომობილების მფლობელებსაც შეეძლებათ საკუთარი მანქანის დამუხტვა „ტესლას“ სადგურებზე. რასაკვირველია, „ტესლას“ მძღოლებს ჩვეულებრივ შეეძლებათ აღნიშნული დამტენი სადგურებით სარგებლობა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით „ტესლას“ 25 000 დამტენი პუნქტი აქვს. მისი კონკურენტები კი კოლაბორაციის ან სტარტაპების დაფინანსების გზით ცდილობენ იმავე შედეგის მიღწევას.

„ტესლას“ დამტენი სადგურები ისეთ ელექტრომობილებს მოემსახურება, რომლებიც CCS სისტემით არიან აღჭურვილნი. ასეთ ავტომობილებს კი BMW-ის, Mercedes-Benz-ის, Daimler-ის, Ford-ის, Volkswagen-ის, Audi-სა და Porsche-ს ელექტრომობილები განეკუთვნება.

აღნიშნული ტიპის დამტენ სისტემას „ტესლა“ მიზანმიმართულად იყენებს ევროპის რეგიონისათვის წარმოებულ ავტომობილებში, რათა დამუხტვა სპეციალური ადაპტერის გარეშე მოხერხდეს.

Tesla-მ ასევე აღნიშნა, რომ დამუხტვისათვის სხვა ელექტრომობილების მფლობელ მძღოლებს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ტესლას“ საბაზრო კაპიტალის ღირებულებამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რამაც ამერიკული ავტომწამოებელი ყველაზე მაღალღირებულებიან ავტოკომპანიად აქცია. მეტიც, მისი ღირებულება მომდევნო ათი ავტომწარმოებლის ჯამურ საბაზრო კაპიტალის ღირებულებას უტოლდება.

კომპანიამ ჩიპების დეფიციტის პრობლემაც მარტივად აღმოფხვრა და მის ავტომობილებზე მაღალ მოთხოვნას შესაბამისი მიწოდებითაც უპასუხა.

პირველ თურქულ ავტომობილს, TOGG-ს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება 4.8 წამში შეეძლება

პირველმა თურქულმა ადგილობრივი წარმოების ავტომობილმა, TOGG-მა, საწარმოო ხაზიდან სტამბულის ქუჩებში გადაინაცვლა. ავტომობილის შექმნაზე მომუშავე კონსორციუმმა (TOGG) გაავრცელა ვიდეო, სადაც ავტომობილის წარმოებისა და აწყობის პროცესი დეტალურადაა ნაჩვენები.

AA Photo

ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ეტაპობრივადაა ასახული პირველი ელექტრომობილის, SUV-ის ფორმის მქონე TOGG-ის საწარმოო პროცესი – თავდაპირველი ჭანჭიკით დაწყებული, სტამბულის ავტოდრომზე მისი ტესტირებით დამთავრებული.

ვიდეოში ასევე ნაჩვენებია, რომ Istanbul Park-ის ავტოდრომზე ავტომობილის გამოცდისას, ელექტრომობილმა 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება მხოლოდ 4.8 წამში შეძლო, რაც კონკურენტუნარიანი დროა. განსაკუთრებით საინტერესოა ის დეტალი, რომ აღნიშნული შედეგის მიღწევა ოთხი მგზავრის პირობებში მოხერხდა.

კომპანიის განცხადებით, ავტომობილის ფუნქციური პროტოტიპები აკრედიტებულ ტესტირების ცენტრებში გაიგზავნა უსაფრთხოების, თერმული მდგრადობის, დინამიკისა და გამართული ფუნქციონირების შესამოწმებლად. შეგახსენებთ, რომ კონსორციუმი თურქული ავტომობილის შესაქმნელად 2018 წლის 25 ივნისს ჩამოყალიბდა და მას Bosch-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, მეჰმეთ გურჩან კარაკასი უძღვება.

2019 წლის დეკემბერში კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა, ავტომობილის SUV-სა და სედანის პროტოტიპები წარადგინა, რომლებიც სრულად ელექტროძრავაზე იმუშავებენ. 2030 წლამდე TOGG 5 განსხვავებული მოდელის წარმოებას ისახავს მიზნად. თავდაპირველად, 2022 წლის დასაწყისიდან, სწორედ ზემოთ აღნიშნული SUV-ის მასობრივი წარმოება დაიწყება, შემდეგ კი მას სედანი მოჰყვება.

ელექტრომობილის მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ის, რომ მას 80%-მდე დამუხტვა სულ რაღაც 30 წუთში შეეძლება და ის სრული დამუხტვის პირობებში 300-დან 500-მდე კილომეტრს გაივლის.

Ford-ი პირველი მთავარი ამერიკული ავტომწარმოებელია, რომელმაც ვაქცინირება სავალდებულო გახადა

ამერიკული ავტომწარმოებლის, Ford-ის სპიკერის განცხადებით, კომპანია შეერთებულ შტატებში არსებულ 32 000 თანამშრომელს ვაქცინების გაკეთებას მოსთხოვს. აღნიშნულ დასაქმებულებს კომპანია 8 დეკემბრამდე აძლევს ვადას, რათა სრულად ვაქცინირებულები იყვნენ. ხოლო ის დასაქმებულები, რომლებიც ამ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან და ვერ წარმოადგენენ შესაბამის რელიგიური ან სამედიცინო გამონაკლისის შესახებ ცნობას, 30 დღის განმავლობაში აუნაზღაურებელ პოზიციაზე გადაინაცვლებენ. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ კი აღნიშნულიც შეუძლებელი იქნება.

კომპანიის განცხადებით, ისინი აქტიურად მუშაობენ ისეთი შემთხვევების მოსაგვარებლად, რომელთა დროსაც დასაქმებული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაეტევა აღნიშნულ ვადაში. კომპანიის სპიკერმა აღნიშნა, რომ ისინი ყველა გარემოებას ინდივიდუალურად შეისწავლიან და დასაქმებულებს შესაბამისი უსაფრთხოების მომსახურებაც გაეწევათ.

საინტერესოა, რომ Ford-ი პირველია სამი უმსხვილესი ამერიკული ავტომწარმოებლიდან, რომელმაც ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. აქამდე ის აქტიურად მუშაობდა, რომ საკუთარი თანამშრომლები ამ პროცესით დაეინტერესებინა, თუმცა ამჯერად ეს ყველაფერი სავალდებულოც გახდა. როგორც ჩანს, „ფორდი“ გაურბის კოვიდშემთხვევების  გამო ქარხნების დაკეტვის შესაძლებლობებს, რითაც მნიშვნელოვნად ზარალდება წარმოება. აღნიშნული შეფერხებების ფონზე კი ავტომწარმოებლები საკუთარ კვარტალურ გეგმებს ვერ ახორციელებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.