Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისგან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისგან

ავტოინდუსტრიული სიახლეები არასდროსაა საკმარისი. სწორედ ამიტომ, Forbes Georgia განაგრძობს ყოველკვირეული ბლოგის წარმოებას და ავტომოყვარულებისათვის სიახლეების გაცნობას. მიმდინარე კვირის ბლოგში წარმოგიდგენთ ისეთ ახალ ამბებს, როგორიცაა: Apple-ის მიერ სრულად თვითმართვადი ავტომობილის წარმოებაზე განაცხადი, Ford-ისა და Rivian-ის ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმების ჩაშლა, გაერთიანებულ სამეფოში ავტომობილის მართვისას ტელეფონით სარგებლობის აკრძალვა, Tesla-ს ფუნქციური გაუმართაობის ლაფსუსები, Ford-ის ელექტრომობილების ახალი დამტენის დიზაინი და სხვა.

Apple-მა საკუთარი წარმოების ავტონომიურ ავტომობილზე მუშაობა განაახლა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ი, საკუთარი ავტონომიური ელექტრომობილის წარმოების დაწყებისათვის მომზადების აქტიურ ფაზაში გადადის. კომპანია მთლიანად ფოკუსირდება სრულად თვითმართვადი ავტომობილის წარმოებაზე, რაც ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებს ბოლომდე აღმოფხვრის. ბუნებრივია, რომ მანქანას „ეფლის“ პროგრამული მხარდაჭერა და უზრუნველყოფა ექნება. ის კი ერთ-ერთი საუკეთესოა სამყაროში.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, Apple-ის საავტომობილო გუნდი ორ სცენარზე მუშაობდა. ერთი ხედვით, მათ უნდა შეექმნათ ნახევრად ავტონომიური მოდელი, რომელიც მთლიანად იქნებოდა ფოკუსირებული სვლასა და აჩქარებაზე. ხოლო მეორე სცენარი სრულად თვითმართვადი ელექტრომობილის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც მისი მართვისას ადამიანის ნულოვან ჩარევას ითვალისწინებს.

Apple Watch-ის პროგრამული უზრუნველყოფის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, კევინ ლინჩის, განცხადებით, გუნდი ამიერიდან მთლიანად მეორე სცენარზე იქნება კონცენტრირებული. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. ინფორმაციის გაჟღერებისთანავე Apple-ის აქციათა ფასები დღის ბოლოს ბირჟის დახურვამდე 2.4%-ით გაიზარდა.

სფეროს ექსპერტების მოლოდინით, „ეფლი“ ინდუსტრიაში ახალ სიტყვას იტყვის და აქამდე მიღწეულ პროგრესს კიდევ უფრო გაზრდის. ამის თქმის საფუძველს მათ „ეფლის“ ტექნოლოგიური შესაძლებლობები აძლევთ. ჯერჯერობით დამატებითი დეტალები ავტომობილის ფუნქციონალის შესახებ უცნობია. ავტომოყვარულებს კი ისღა დარჩენიათ, ყურადღებით დააკვირდნენ მომავალში განვითარებულ მოვლენებს.

Daimler-ი საკუთარ პირველ ელექტროძრავას ბერლინში, ადგილობრივ საწარმოში შექმნის

გასულ კვირას Daimler-მა განაცხადა, რომ საკუთარ პირველ ელექტროძრავას  ადგილობრივად, ბერლინის საწარმოში, შექმნის. ამ განცხადებით მან შვება მიანიჭა ათასობით დასაქმებულს, რომელთაც სამსახურების დაკარგვა ემუქრებოდათ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სექტემბერში კომპანიის განცხადებით, ის წლის ბოლოსათვის 6-ცილინდრიანი ძრავების წარმოებას საკუთარ ადგილობრივ საწარმოებში შეწყვეტდა.

REUTERS/Michaela Rehle

სანაცვლოდ კი საკუთარ დასაქმებულებს Daimler-ი პროგრამული უზრუნველყოფისა და კოდირების სფეროებში გადაკვალიფიცირებას ჰპირდებოდა. დაახლოებით 2300 თანამშრომლიდან მხოლოდ 450-მა შეავსო განაცხადი 160-საათიან კურსზე დასასწრებად პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შესწავლის მიზნით. ამ რაოდენობიდან კი სწავლების პირველი რაუნდისათვის მხოლოდ 15 აპლიკანტი შეირჩა.

კომპანიის განცხადებით, 120 წლის წინ დაარსებული ბერლინის საწარმოში ინვესტიციის რაოდენობა უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება. აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი კი კომპანიის ელექტროინდუსტრიის განვითარებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ Daimler-მა მიმდინარე წლის დასაწყისში მოიპოვა უფლება, აწარმოოს ბრიტანული სტარტაპის, YASA-ს დიზაინით შექმნილი ელექტროძრავა. აღნიშნული ძრავა ამჟამად არსებული დიზელის ძრავების ჩამნაცვლებელი იქნება. როგორც ჩანს, ამ ძრავის წარმოება უფრო მარტივია, ვიდრე წინამორბედისა და, შესაბამისად, უფრო ნაკლებ სამუშაო ძალასაც მოითხოვს. თუმცა, რა რაოდენობით შემცირდება სამუშაო ადგილები, ეს ჯერჯერობით უცნობია.

Ford-ისა და Rivian-ის გეგმა ელექტრომობილის ერთობლივად შექმნაზე ჩაიშალა

ამერიკულმა ავტომწარმოებლებმა, Ford-მა და Rivian-მა უარი განაცხადეს საკუთარი გეგმის შესრულებაზე, ერთობლივად შეექმნათ ელექტრომობილი. Automotive News-სათვის მიცემულ ინტერვიუში, „ფორდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ აღნიშნა, რომ „ფორდი“ ამ საქმეში მარტო დარჩა. ამერიკული ავტომწარმოებელი 2023 წლისათვის 600 000-მდე ავტომობილის წარმოებას გეგმავს.

Ford-მა Rivian-ში 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთა. შესაბამისად, ავტომწარმოებლებიც სწორედ მაშინ შეთანხმდნენ Ford-ის ბრენდირების ელექტრომობილის წარმოებაზე. შემდეგ, 2020 წელს, პანდემიის მიზეზით, კომპანიებმა კვლავ შეაჩერეს Lincoln-ის ბრენდირების ელექტრომობილის წარმოება. თუმცა იმ პერიოდში დასძინეს, რომ სანაცვლოდ სხვა ალტერნატივას მოიფიქრებდნენ და Rivian-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ერთობლივ ელექტრომობილზე იმუშავებდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, აღნიშნულ გეგმავს საბოლოოდ მოეღო ბოლო.

„ფორდის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შეთანხმების დადების დღიდან ბევრი რამ შეიცვალა. საკუთრივ Ford-ს თავდაჯერებულობა მოემატა და გადაწყვიტა, რომ ელექტრომობილების რბოლაში ბედი დამოუკიდებლად სცადოს. კომპანიაში ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ უახლოეს წლებში სწორედ ისინი გახდებიან აღნიშნული ინდუსტრიის პიონერები. თუმცა დამატებით აღინიშნა ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს კომპანიების სამომავლო ურთიერთობაზე.

გაერთიანებული სამეფო საჭესთან ტელეფონის მოხმარების არსებულ კანონებს კიდევ უფრო ამკაცრებს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საჭესთან ტელეფონის მოხმარების წესებს ამკაცრებს. ამჟამად დიდ ბრიტანეთში საჭესთან ყოფნისას შეტყობინებების გაგზავნა და საუბარი აკრძალულია გადაუდებელი აუცილებლობის გამონაკლისის გარდა. მომდევნო წლის დასაწყისიდან კი მობილურის ნებისმიერი მიზნით გამოყენება დასჯადი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს მობილური თამაშებით დაკავებას, ფოტოს ან ვიდეოს გადაღებას, მუსიკის შერჩევასა და ნებისმიერ სხვა აქტივობას მძღოლების სმარტფონში.

ავტომობილის მძღოლებს აღნიშნული ფუნქციებით სარგებლობა არც მაშინ შეეძლებათ, როდესაც მანქანა გაჩერებულია ან შუქნიშანზეა შეყოვნებული. გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ბრიტანეთის მთავრობას საგზაო მოძრაობის კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწევს, რომელთა მიხედვითაც შუქნიშანზე გაჩერება ან საცობში მოხვედრა მაინც გადაადგილებად ჩაითვლება. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებულ მძღოლს კი 270 დოლარის გადახდა მოუწევს.

კანონიდან ერთადერთი გამონაკლისი სმარტფონების საგადასახადო ფუნქციით გამოყენება იქნება. მძღოლებს საკუთარი ტელეფონის საბანკო ბარათად გამოყენება შესაბამის დაწესებულებებში მანქანით გავლისას შეეძლებათ. თუმცა ამ გამონაკლისში არ შედის ონლაინვაჭრობისათვის სმარტფონის გამოყენება. სანაცვლოდ მძღოლებს კვლავინდებურად შეეძლებათ საკუთარი სმარტფონების სანავიგაციო დანიშნულებით გამოყენება. როგორც ჩანს, დიდ ბრიტანეთში საგზაო უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას აქცევენ.

Tesla-ს აპლიკაციამ დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა ხარვეზი მალევე გამოსწორდა

ამერიკული ავტომწარმოებლის, Tesla-ს, აპლიკაციის სერვერი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მძღოლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ ავტომობილს ვერ უკავშირდებოდნენ. ისინი კი, ვინც მთლიანად საკუთარ სმარტფონებზე იყვნენ დამოკიდებულები და ავტომობილის გასაღებს თან არ ატარებდნენ, ვერც ელექტრომობილით სარგებლობდნენ. თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ფუნქციონალით მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში მყოფი მძღოლები ვერ სარგებლობდნენ.

თუმცა მოგვიანებით, ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე სამხრეთკორეელმა  მძღოლმა ილონ მასკი მონიშნა, რის პასუხადაც ამერიკელმა მილიარდერმა სერვერის შემოწმება დაიწყო. ეს არ ყოფილა ერთადერთი ტვიტი აღნიშნული პრობლემის შესახებ. სხვა მომხმარებლები ავრცელებდნენ ინფორმაციას ელექტრომობილის გარკვეული ფუნქციონალების ხარვეზის შესახებაც, რის გამოც მძღოლებს გეგმების გადაწყობა მოუწიათ.

სავარაუდოდ, პროგრამული ხარვეზი Tesla-ს მიერ აპლიკაციის განახლების გამოშვებამ გამოიწვია. განახლება კი, თავის მხრივ, წინა ხარვეზების გამოსასწორებლად გამოიცა. თუმცა, როგორც ჩანს, მან კიდევ დამატებით ახალი პრობლემები წარმოშვა. სწორედ ამის გამო, შესაძლოა, მომდევნო განახლება უკანასკნელი ხარვეზების გასწორებას დაეთმოს.

პრობლემა თანდათანობით ყველა მძღოლის აპლიკაციაში გამოსწორდება. ამ დროისათვის კომპანიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 543 საჩივარია შესული. შესაბამისად, ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველა მათგანისათვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენაც.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ამერიკული ავტომწარმოებელი სულ უფრო ხშირად აღმოჩნდება ხოლმე მსგავსი პრობლემების წინაშე. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამგვარი ხარვეზები კიდევ უფროგახშირდება. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ავტომწარმოებლები სმარტფონებთან ფუნქციონალების დაკავშირებას სულ უფრო აქტიურად ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით მაინც აუცილებელია ავტომობილის გასაღების თან ქონა.

Lucid Motors-ი სამომავლოდ ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში გაფართოებას გეგმავს

Lucid Motors-ის აღმასრულებელი დირექტორის, პიტერ როულინსონის, განცხადებით, სტარტაპს აქვს გეგმები, საწარმოები შეერთებული შტატების გარეთაც ააშენოს. შეგახსენებთ, რომ Lucid Motors-ი ელექტრომობილების სტარტაპია, რომელმაც პირველი წარმოება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო.

კომპანიის მთავარი ხაზის, Dream Edition-ის წარმოება კი ქარხნებში გასული თვის ბოლოს დაიწყეს. სფეროს ექსპერტები აღნიშნულ ავტომობილს ელექტროინდუსტრიის ფლაგმანობას უწინასწარმეტყველებენ. როულინსონის განცხადებით, ათწლეულის შუაში ისინი ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში გაფართოვდებიან.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს ყველაზე მსხვილმა ავტომწარმოებელმა, Tesla-მ საკუთარი ქარხანა ჩინეთში ჯერ კიდევ 2019 წელს გახსნა, თუმცა მასთან ერთად ჩინური ბაზრის დაუფლებას ადგილობრივი ელექტრომობილების მწარმოებლები, Nio, Xpeng-ი და Li Auto ცდილობენ. როგორც ჩანს, სულ რამდენიმე წელიწადში მათ რიგებს Lucid Motors-იც შეუერთდება.

საინტერესოა, რომ მისმა საბაზრო კაპიტალმა უკვე გადაასწრო მრავალათეულწლოვანი  ავტომწარმოებლის, Ford-ის საბაზრო კაპიტალის ღირებულებას. მომავალი წლისათვის კი კომპანია საკუთარი საკულტო ელექტრომობილის, Lucid Air-ის 20 000-მდე ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით კი Lucid-მა უკვე მიიღო 17 000 ავტომობილის წინასწარი ჯავშანი, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

Mercedes EQS-მა სრული დამუხტვით 710 კილომეტრის გავლა შეძლო და Tesla Model S-ს აჯობა

2022 წლის Mercedes EQS-მა რეალური სამყაროს პირობებში ტესტირებისას, ერთი სრული დამუხტვით 422 მილის გავლა შეძლო. განცხადებას თავად კომპანია პრესრელიზის სახით ავრცელებს. „მერსედესის“ აღნიშნული ელექტროსედანის ღირებულება 102 000 აშშ დოლარს შეადგენს და მან კონკურენტ Tesla Model S-ზე დაახლოებით 30 კილომეტრით მეტის გავლა შეძლო რეალური სამყაროს პირობებში.

შეგახსენებთ, რომ Tesla-ს აღნიშნული მოდელის გაუმჯობესებულ ვერსიას ერთი სრული დამუხტვით 412 მილის გავლა შეუძლია, ხოლო ჩვეულებრივ მოდელს – 405 მილისა. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი ყველა ავტომობილისათვის მსგავს პირობებში იზომება. მანქანა შესაბამის დანადგარზეა მოთავსებული და ყველა ის ფუნქციონალი აქვს ჩართული, რომელთა ფარგლებშიც ის საკუთარ პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს. ტესტირება კი მანამდე გრძელდება, სანამ ელექტრომობილის ეკრანზე არ დაიწერება, რომ ელექტროძრავა კიდევ 0 მილის გავლას შეძლებს.

როგორც ხედავთ, ელექტრომობილების რბოლაში გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა სულ ახლახან დაიწყო და მასში საკმაოდ ღირსეულად ჩაერთო Mercedes-იც. შეგახსენებთ, რომ Tesla Model S-ის რეკორდი რამდენიმე კვირის წინ  ზემოთ განხილულმა Lucid Air Dream Edition-მაც მოხსნა, რაც Tesla-ს დამატებით თავის ტკივილს უჩენს. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ დანარჩენი ავტომწარმოებლები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *