Forbes Georgia Kickoff 2026: სტრატეგია, შინაარსი და უმდიდრესთა პირველი ქართული რეიტინგი

Forbes Georgia Kickoff 2026: სტრატეგია, შინაარსი და უმდიდრესთა პირველი ქართული რეიტინგი

30 იანვარს, The Diary Concept House-ში, Forbes Georgia-მ გამართა Kickoff 2026 – წლის პირველი ღონისძიება, რომელზეც გამოცემამ პარტნიორებსა და ბიზნესეკოსისტემის წარმომადგენლებს საკუთარი განვითარების ახალი ეტაპი წარუდგინა. საღამოს 150-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის Forbes Georgia-ს პარტნიორები და ბიზნესის სხვადასხვა სექტორის ლიდერები.

Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა და სს მედია პარტნერსის დირექტორმა შოთა დიღმელაშვილმა შეაჯამა გასული წელი და მიღწევები, რომელიც 2026 წლის ამბიციურ დღის წესრიგს ქმნის. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო Forbes Georgia-ს ხედვას, რომელიც სრულად ეყრდნობა გამოცემის გლობალურ მისიას, აღჭურვოს ადამიანები წარმატებისთვის საჭირო შთაგონებით, ცოდნით, რესურსებითა და კავშირებით. დიღმელაშვილის თქმით, ეს ფორმულა Forbes Georgia-სთვის არ არის აბსტრაქტული სლოგანი, არამედ პრაქტიკული ჩარჩო, რომლის მიხედვითაც იგეგმება კონტენტი, კვლევები, სიები და ღონისძიებები.

Kickoff 2026-ის ერთ-ერთი მთავარი განაცხადი იყო Forbes Georgia-ს ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყება. 2026 წლის გაზაფულს გამოცემა საკუთარი არსებობის ისტორიაში პირველი უმდიდრესი ადამიანების სიით შეეგებება:

„Forbes Georgia 2011 წლის დეკემბერში დაარსდა, თუმცა საქართველოს უმდიდრესი ადამიანების სია აქამდე არ გვქონია. ჩემთვის, როგორც ახალი მთავარი რედაქტორისთვის, ეს იყო პირადი, პროფესიული მიზანი. ეს სია შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, სიმდიდრის, კაპიტალისა და ეკონომიკური გავლენის შესახებ დისკუსია ფაქტებზე და მონაცემებზე დააფუძნოს“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა მონაცემთა გადამოწმებას, ბაზრის სექტორულ ანალიზსა და Forbes-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებას. 

პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრებს გააცნეს 2026 წლის სარედაქციო კალენდარიც. Forbes Georgia ჩვეულ ყოველთვიურ გამოცემებთან ერთად, თემატურ სპეციალურ ნომრებს გეგმავს – ფინანსების, განათლების, დეველოპმენტის, ჯანდაცვისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რეიტინგებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკას.

Forbes Georgia 2026 წელს აძლიერებს Forbes Georgia Insights-ის მიმართულებას, რომელიც მოიცავს ბაზრების, ინდუსტრიების, კომპანიებისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების ანალიზს. ამასთან ერთად, იგეგმება ციფრული არხების გაფართოება და ახალი ფორმატების განვითარება, რათა გამოცემამ უკეთ უპასუხოს პროფესიული და მობილური აუდიტორიის მოთხოვნებს.

რედაქციული და ციფრული ხედვის წარდგენის შემდეგ, Forbes Georgia-ს პროექტების მენეჯერმა, მარიამ გოგუამ, სტუმრებს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარი გააცნო. წარმოდგენილი პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის ღონისძიებებს, რომლებსაც Forbes Georgia-ს შინაარსი ცოცხალ სივრცეში გადმოაქვს. 

2026 წლის ღონისძიებებს შორისაა ქალთა კონფერენცია, დეცენტრალიზებული ფინანსების სამიტი, გლობალ ტექ ვიქენდთან ერთად ორგანიზებული VIP ღონისძიება, ოცდაათწლამდელთა 2026-ის კოჰორტის გამოვლენა, დეველოპერთა სამიტი, ავტობაზრის ფორუმი და წლის ფინალური Forbes Georgia Gala. ღონისძიებები მოიცავს როგორც მცირე და საშუალო ფორმატის შეხვედრებს, ისე მსხვილ ფლაგმანურ კონფერენციებს და ქსელურ საღამოებს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საღამო არაფორმალურ ნეთვორქინგში გადაიზარდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგრძელებინათ საუბრები, დაეზუსტებინათ ინტერესები და დაესახათ თანამშრომლობის ახალი მიმართულებები.

Forbes Georgia Kickoff 2026 წელს გამოცემის პირველი ღონისძიება იყო და მკაფიოდ წარმოაჩინა გამოცემის მთავარი ამბიცია: შექმნას პლატფორმა, რომელიც აზიარებს ცოდნას, რესურსებს, შთაგონებასა და კავშირებს რეალური წარმატებისთვის.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი იყო The Diary Concept House. მხარდამჭერები იყვნენ WE ARE GROUP, 91, VERVE, SARAJISHVILI, Red Bull Georgia, Campari, Bekauri Vineyards, Ambrosia Winery და EFES Georgia.

სარედაქციო კალენდარი და აგრეთვე ღონისძიებათა განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი