Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

მწვანე პოლიტიკის მხრივ მიმდინარე კვირაც საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ნულოვანი ემისიის მისაღწევად, ახალ სამთავრობო ბრძანებას მოაწერა ხელი, არაბეთისა და იბერიის ნახევარკუნძულებზე კი მწვანე ჰიდროგენის მნიშვნელოვანი პროექტები დაიგეგმა. ხოლო მაშინ, როდესაც თურქეთში ქარის ენერგიის წარმოებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, დანიამ მწვანე ეკონომიკის მხარდასაჭერად „მწვანე ობლიგაციების“ გამოშვება გადაწყვიტა.

ამ და სხვა ამბების პარალელურად კი, გრეტა ტუნბერგის შემდგომ, პორტუგალიელმა მოზარდებმა გადაწყვიტეს სახელმწიფოების დადანაშაულება და მათგან კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად აღებული ვალდებულებების შესრულება მოითხოვეს. მართალია, პორტუგალიელი და-ძმა, სოფია და ანდრე ოლივერები, კრიტიკული განცხადებებით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ახლა, გლაზგოს გაეროს კლიმატის შედეგებით უკმაყოფილოები, ევროპის 33 ყველაზე დამაბინძურებელი ქვეყნის მთავრობებს უჩივიან და ამტკიცებენ, რომ კლიმატური ცვლილებები დამანგრეველ საფრთხეს უქმნის მათ მომავალსა და ჯანმრთელობას. მართალია, ჯერ არ ვიცით, ახალგაზრდა აქტივისტების ბრალდებებს რა მოჰყვება, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოველდღიურად ახალი მიზნები ისახება, რომლებიც გარემოს დაცვისკენ და ემისიების შემცირებისკენაა მიმართული. Forbes Green-ი კვლავ მიმდინარე კვირის უმნიშვნელოვანეს მწვანე სიახლეებს წარმოგიდგენთ.

ბაიდენს ნულოვანი ემისიის მიღწევის ახალი გეგმა აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, 2050 წლისთვის ნახშირბადის წმინდად ნულოვან ემისიას მიაღწიოს.

ბაიდენის ბრძანება, 2030 წლისთვის 100%-ით უნახშირბადო ელექტროენერგიის მიზნის მიღწევასაც ითვალისწინებს, რაც 5 წლით უსწრებს ადმინისტრაციის გეგმას 2035 წლისთვის ნახშირბადის ეროვნულ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ბრძანების სხვა დებულებები ასევე მოიცავს ელექტრომობილების შესყიდვას და ფედერალური შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების თანახმად, ფედერალური მთავრობა, 2030 წლამდე, ემისიებს 65%-ით შეამცირებს, რაც უფრო ამბიციური გეგმაა, ვიდრე ადმინისტრაციის პროექტი, რომელიც 2030 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ემისიების განახევრებას ისახავს მიზნად. 2050 წლის ნახშირბადის სრული ნეიტრალიტეტის გეგმა, ფედერალური მთავრობის ფარგლებში, ემთხვევა ადმინისტრაციის მიზანს ქვეყნის მასშტაბით ნულოვანი ემისიის მიღწევის შესახებ. ბრძანება ასევე ავალდებულებს ფედერალურ მთავრობას 2032 წლისთვის ფედერალური შენობების სათბური ემისიების 50%-ით შემცირებას და 2045 წლისთვის შენობების ნულოვან გამონაბოლქვამდე დაყვანას.

თეთრი სახლის ახალი გეგმა დამატებით რამდენიმე კონკრეტულ პროექტსაც მოიცავს. თავდაცვის დეპარტამენტი უკვე ასრულებს მზის ენერგიის პროექტს კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზისთვის. შინაგან საქმეთა დეპარტამენტი იწყებს აშშ-ის პარკის პოლიციის ფლოტის გადაყვანას 100%-ით ნულოვანი გამონაბოლქვის მანქანებზე გარკვეულ ქალაქებში, ხოლო შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი თავისი  სამართალდამცავი ფლოტისთვის Ford Mustang Mach-E ელექტრომობილის საველე გამოცდას გეგმავს.

ევროპაში მწვანე წყალბადის უდიდესი პროექტი იგეგმება

ესპანური ენერგოკომპანია Iberdrola შვედურ H2 Green Steel-თან ერთად, ევროპაში მწვანე წყალბადის უდიდესი პროექტის განხორციელებას გეგმავს. $2,6-მილიარდიანი ინვესტიცია ელექტროლიზის 1-გიგავატიანი სიმძლავრის მწვანე წყალბადის ობიექტის შექმნას ითვალისწინებს და კიდევ ერთხელ მიანიშნებს კომპანიების მხრიდან მწვანე წყალბადის სექტორის განვითარებისადმი მზარდ ინტერესზე.

გეგმის მიხედვით, Iberdrola-სა და H2 Green Steel-ის მწვანე წყალბადს, ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ტონა პირდაპირაღდგენილი რკინის (ღრუბლოვანი რკინა) მისაღებად, შემდგომ კი უკვე ფოლადის საწარმოებლად გამოიყენებენ. აღსანიშნავია პროექტის მასშტაბიც, რომელიც ახალი გეგმით 1 გიგავატს მიაღწევს. ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს, გლობალურად დამონტაჟებული ელექტროლიზატორის სიმძლავრე მხოლოდ 0,3 გვტ-ს შეადგენდა.

Iberdrola-სა და H2 Green Steel-ი ერთობლივ პროექტს იბერიის ნახევარკუნძულზე განახორციელებენ, ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. წარმოების დაწყება 2025-2026 წლებისთვის იგეგმება. თავად ელექტროლიზატორი ორი კომპანიის მიერ იქნება ოპერირებული: Iberdrola ობიექტს განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფს, პირდაპირაღდგენილი რკინის წარმოებაზე პასუხისმგებელი კი შვედური H2 Green Steel-ი იქნება. პარტნიორობის ფარგლებში ასევე განიხილება ე.წ. Green Steel-ის წარმოების ობიექტის მშენებლობაც, რომელიც ყოველწლიურად 2,6-5 მილიონ ტონა „მწვანე ფოლადს“ აწარმოებს.

მძიმე მრეწველობებს შორის რკინისა და ფოლადის სექტორი CO2-ის ემისიით პირველ ადგილს, ხოლო ენერგიის მოხმარებით მეორე პოზიციას იკავებს. სექტორი პასუხისმგებელია ყოველწლიურად 2,6 გიგატონა ნახშირორჟანგის წარმოებაზე. ფოლადის სექტორი ამჟამად ქვანახშირის უმსხვილესი სამრეწველო მომხმარებელიცაა, რომელზედაც ენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 75% მოდის.

მწვანე წყალბადის გამოყენება ინდუსტრიების ფართო სპექტრშია შესაძლებელი და მრავალი გზით მიიღება. მათ შორისაა ელექტროლიზის პროცესში ელექტრული დენის საშუალებით წყლის წყალბადად და ჟანგბადად გაცალკევება. თუ ელექტროლიზისას გამოყენებული ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან მოდის, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია, მაშინ მიღებულ რესურსს მწვანე, განახლებადი წყალბადი ეწოდება.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მწვანე წყალბადის ჰაბის შექმნა იგეგმება

ესპანური ენერგოკომპანია Iberdrola და შვედეთის H2 Green Steel-ის მწვანე წყალბადის პროექტზე პარტნიორობის საპასუხოდ, მეორე დღესვე, ახალი შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მწვანე ჰიდროგენის ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით, Engie-სა და Masdar-ს შორის გაფორმდა.

ფრანგულმა Engie-მ აბუ-დაბიში დაფუძნებულ განახლებადი ენერგიის კომპანია Masdar-თან ერთად სტრატეგიული ალიანსი ჩამოაყალიბა, რომელიც მწვანე წყალბადის პროექტების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განახლებადი ჰიდროგენის კერებს და მის შესაძლებლობებს გამოიკვლევს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქმე გვაქვს $5-მილიარდიან ინვესტიციასთან, რომლის ფარგლებშიც, ტერიტორიაზე ელექტროლიზის 2-გიგავატიანი სიმძლავრის პროექტები განხორციელდება.

Engie-ისა და Masdar-ის მიერ ერთობლივი გეგმის განსახორციელებლად არსებული ინფრასტრუქტურა გამოიყენება და თავდაპირველად ადგილობრივ მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული. პროექტის მიზანია, შეიქმნას მწვანე წყალბადის მასშტაბური კერა GCC-ისთვის (სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო), შემდგომში სხვა ბაზრებზე ექსპორტის პოტენციალით. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის  საბჭო შედგება საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და ომანისგან.

ნავთობის კარტელის, OPEC-ის წევრი, არაბთა გაერთიანებული საამიროები ნედლი ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მწარმოებელია და ამასთან ერთად მზის ენერგიის უზარმაზარი პოტენციალით გამოირჩევა. მაისში დუბაიში დაფუძნებული პროექტი პირველი ინდუსტრიული მასშტაბის, მზის ენერგიაზე მომუშავე მწვანე წყალბადის ობიექტია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. იმდროინდელ განცხადებაში Siemens Energy-მ განაცხადა, რომ საპილოტე პროექტისთვის საჭირო ენერგიას უზარმაზარი მზის ობიექტიდან, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუუმის „მზის პარკიდან“ იღებენ, რომლის წარმოების სიმძლავრე 2030 წლისთვის 5000 მეგავატი გახდება.

თურქეთის ისტორიაში პირველად ქარი ელექტროენერგიის უდიდესი წყარო გახდა

თურქეთის ელექტროგადამცემი კორპორაციის (TEIAŞ) ცნობით, 28 ნოემბერს ქარის ენერგია ქვეყნის ისტორიაში პირველად გახდა ელექტროენერგიის წარმოების უდიდესი წყარო დაახლოებით 23%–იანი წილით.

ელექტროენერგიის ჯამური 791794 მგვტ დღიური გამომუშავებიდან ქარის ელექტროსადგურებმა 178964 მეგავატ/სთ. გამოიმუშავეს.

თურქეთის ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა ქარის სიმძლავრეებმა 10585 მეგავატს მიაღწია, რაც ჰიდროენერგეტიკის შემდეგ განახლებადი ენერგიის სიდიდით მეორე სიმძლავრეა.

11 ნოემბერს, ქარის ენერგიისგან ელექტროენერგიის წარმოებამ ყოველდღიურ რეკორდს მიაღწია, მთლიანი ენერგიის 20.1%–ის გამომუშავებით.

თურქეთმა თავისი ენერგომომარაგების უსაფრთხოება პრიორიტეტულ მიმართულებად  მიიჩნია, შესაბამისად, მუდმივად ზრდის ინვესტიციების მოცულობას განახლებადი ენერგიის სექტორში. ამასთან საინტერესოა, რომ ენერგეტიკული სექტორი თურქეთში საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ელექტროენერგიის მისაღებად სხვადასხვა განახლებადი წყაროს ათვისება მიმდინარეობს.

თურქეთის ქარის სიმძლავრეებისა და აღჭურვილობის წარმოება იმდენად გაიზარდა, რომ ის მსოფლიოში 10 უმსხვილეს ბაზარს შორის ერთ-ერთია. ის გასულ წელს მეხუთე უმსხვილესი აღჭურვილობის მწარმოებელი გახდა ევროპაში და ეს პროდუქცია უკვე მსოფლიოს 45 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.

საინტერესოა, რომ თურქეთი ევროპის ხუთეულში მოხვდა, რომელმაც ყველაზე მეტი ინვესტიცია მოახდინა ქარის ენერგიაში. WindEurope-ის თანახმად, გასულ წელს თურქეთმა მხოლოდ ქარის ენერგიაში 1 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

დანია კლიმატური მიზნების მისაღწევად პირველ მწვანე ობლიგაციებს უშვებს

ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად და მდგრად ეკონომიკაზე სწრაფად გადასვლისთვის, მომავალი წლის დასაწყისიდან, დანიის ცენტრალური ბანკი პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. Triple-A რეიტინგული დანია ქარის ენერგიის პოტენციალით გამოირჩევა და ახალ გზებს ეძებს მწვანე ტრანზაქციების დასაფინანსებლად, რაც 2030 წლისთვის ქვეყნის დასახული მიზნის მიღწევას – 1990 წელთან შედარებით, სათბური ემისიების 70%-ით შემცირებას შეუწყობს ხელს.

ფოტო: Ritzau Scanpix/Olafur Steinar Gestsson

დანიის ცენტრალური ბანკის განცხადებით, 10-წლიანი მწვანე ობლიგაციები 2022 წლის 19 იანვრიდან იქნება გამოშვებული, კუპონით 0,00%, ხოლო მისი ვადა, სტაბილური ბაზრის პირობების გათვალისწინებით, 2031 წლის ნოემბრამდე განისაზღვრება.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი პროდუქტი, მწვანე ობლიგაციების სახით, მოთხოვნადია ინვესტორებს შორის და ამასთან ერთად, ფართო და კარგად დივერსიფიცირებული ინვესტორთა ბაზის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დანიის მიერ განსაზღვრული ობლიგაციები თანხვდენილია ევროკავშირის მდგრად ფინანსურ ტაქსონომიასთან და იმ განსაზღვრულ აქტივობებთან და კრიტერიუმებთან, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ინვესტიციებს მწვანე სტატუსი ენიჭება. მთავრობის გათვლებით, ტაქსონომიის ფარგლებში მოქცეული მწვანე ინვესტიციები, ე.წ. „ტყუპი ობლიგაციები“ სწორედ ის პროდუქტია, რომელსაც ინვესტორები დიდი ხანია, ითხოვენ.

ობლიგაციების ზუსტი მოცულობა, რომელიც ქვეყნის ჩვეულებრივი 10-წლიანი საორიენტაციო ობლიგაციების მახასიათებლებითაა გამოშვებული, დეკემბერში გახდება ცნობილი. თუმცა ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2022 წელს $1,82 მილიარდ დოლარამდე სამთავრობო ხარჯის დაფარვა მოხდება. რაც შეეხება „ტყუპ ობლიგაციებს“, ისინი საშუალებას უტოვებს ინვესტორებს, ნებისმიერ დროს, სურვილის შემთხვევაში, მწვანე ობლიგაციები უფრო ლიკვიდურ, ჩვეულებრივ ობლიგაციებზე შეცვალოს, თუმცა – არა პირიქით. „ტყუპი ობლიგაციების“ კონცეფცია გასულ წელს გერმანიაში უკვე ამოქმედდა.

2035 წლისთვის „ტოიოტა“ ევროპაში მხოლოდ ნულოვანი ემისიის მანქანებს გამოუშვებს

2035 წლისთვის Toyota Motor-ს ახალი ამბიციური გეგმა აქვს. იაპონურმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, ახალი მიზნობრივი თარიღისთვის, ევროპაში მხოლოდ ნულოვანი ემისიის მანქანები გაყიდოს. გარდა ამისა, ახალი გეგმით, ათწლეულის ბოლოსთვის, Toyota Motor-ის მიერ კონტინენტზე გაყიდული მანქანების ნახევარი სწორედ ნულოვანი გამონაბოლქვის მწარმოებელმა ავტომობილებმა უნდა შეადგინოს.

Toyota Motor-ისა და ევროკავშირის მწვანე შეთანხმების პირობები ერთმანეთთან თანხვდენილია, სწორედ ამიტომ კომპანია თვლის, რომ 2035 წლისთვის კონტინენტი აღჭურვილი იქნება საკმარისი ინფრასტრუქტურით როგორც ელექტრომობილების ბატარეის დასატენად, ასევე წყალბადის საწვავის მარაგით უზრუნველყოფისთვის. მიუხედავად ამისა, შიდაწვის  ძრავაზე მომუშავე ავტომობილების მოხმარებიდან ამოღების საბოლოო თარიღზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კვლავ განსხვავებული შეხედულებებია.

Toyota Motor-ის მიერ დასახული მიზანი ერთდროულად ამბიციური და მოულოდნელიც კი იყო. იაპონური ავტომწარმოებელი ამ დრომდე ცდილობდა საკუთარი წარმოების ჰიბრიდების, მათ შორის Prius-ის, როლი შეენარჩუნებინა, რაც ხელს შეუწყობდა გამონაბოლქვის შემცირებას მანამ, სანამ ელექტრომობილები ხელმისაწვდომი ავტომომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის გახდებოდა. მიუხედავად კონტინენტზე ჰიბრიდებზე მაღალი მოთხოვნისა, Toyota-სთვის სულ უფრო რთული ხდება იმის დამტკიცება, რომ ევროპა სრულად ელექტრომობილებზე გადასვლისთვის ჯერ მზად არაა. სექტემბრის მონაცემებით, კონტინენტზე, წინა წელთან შედარებით, EV-ის ტიპის რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა 90%-ით გაიზარდა.

Toyota Motor-ის მსგავსი გეგმები სხვა ავტომწარმოებლებმაც დაისახეს. მათ შორისაა VW-ი, რომელიც 2033-2035 წლებში ევროპაში შიდაწვისძრავიანი მანქანების გაყიდვას შეწყვეტს. Ford Motor-ის სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებები კი 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება.

ატლანტის ოკეანის გასწვრივ წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი ფრენას განახორციელებს

ატლანტის ოკეანის გასწვრივ, ნულოვანი ნახშირბადის ფრენების განსახორციელებლად, თხევად წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი იქმნება. FlyZero რანფილდში, ბედფორდშირში მთავრობის მიერ  მხარდაჭერილი პროექტია, რომელსაც საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ATI) ხელმძღვანელობს.

ფოტო: DEPARTMENT OF TRANSPORT/PA MEDIA

FlyZero-ს თხევად წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი 279 მგზავრზეა გათვლილი და იგივე სიჩქარით მოძრაობს, როგორითაც დღევანდელი ავიახაზები. პროექტის დირექტორმა ახალ თვითმფრინავს უკვე უწოდა „ავიაციის ახალი გარიჟრაჟი“. იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავი ლონდონიდან სან-ფრანცისკოში გაჩერების გარეშე გაფრინდება, ან ლონდონიდან ახალ ზელანდიაში და საწვავის შევსებისთვის მხოლოდ ერთხელ დაეშვება.

ნახშირბადის ნულოვანი ემისიის თვითმფრინავის დიზაინის ტექნიკური და კომერციული მხარის შემოწმებაზე დიდი ბრიტანეთის ავიაციის წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ. თვითმფრინავის მახასიათებლების შეფასება მთავრობის მიერ მხარდაჭერილი 15-მილიონიანი გირვანქა სტერლინგის მოცულობის FlyZero-ს ინიციატივის ნაწილია. როგორც AIT-ში აცხადებენ, თხევადი წყალბადი  მსუბუქი საწვავია, რომელიც წვისას არ გამოყოფს CO2-ს. მისი საწვავად გამოყენების ერთადერთი ნარჩენი პროდუქტი წყალია.

მიმდინარე წელს ტყის ხანძრებისგან რეკორდული მოცულობის ემისია გამოიყო

ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის მეცნიერების განცხადებით, კლიმატური ცვლილებებით გახშირებული ტყის ხანძრები, 2021 წელს, რეკორდული მაჩვენებლის ემისიების გამოყოფის მიზეზი გახდა. მიმდინარე წელს, ინტენსიური ხანძრების შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთსა და ციმბირში დაახლოებით 1,76 მილიარდი ტონა ნახშირბადი გამოიყო, რაც აშშ-ის წლიური ემისიებს მეოთხედის ეკვივალენტურია.

Copernicus-ის მონაცემებით, ციმბირის, თურქეთისა და აშშ-ის გარდა, გახანგრძლივებულმა ტყის ხანძრებმა მნიშვნელოვანი გავლენა ალბანეთზე, ალჟირზე, საბერძნეთზე, იტალიაზე, ჩრდ. მაკედონიაზე, ესპანეთსა და ტუნისზე იქონია. ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებამ ტემპერატურის უფრო სწრაფი ზრდა და, შესაბამისად, მეტად მშრალი კლიმატური პირობები გამოიწვია, რამაც ხანძრების ინტენსივობას შეუწყო ხელი. 2020 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ისტორიაში, 2021 წელი კი რეკორდულად მაღალი ტემპერატურის წლების ათეულში შედის.

კალიფორნიაში, კანადასა და აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ წყნარ ოკეანეთში გაჩენილმა ხანძრებმა დაახლოებით 83 მილიონი ტონა ნახშირბადის გამოყოფა გამოიწვია. ხანძრების შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა კი ატლანტის ოკეანის გავლით ევროპის დიდ ნაწილსაც მიაღწია. ზაფხულის განმავლობაში ხანძრები დაფიქსირდა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ხმელთაშუა ზღვის რიგ ქვეყნებში. ხოლო თურქეთში ივლისის ხანძრების შედეგად ათასობით ცხოველი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *