Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. ამის დასტურად შეგვიძლია, აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული წარმატებული ექსპერიმენტი მოვიხმოთ, რომლის შედეგადაც სპეციალისტებმა გაახალგაზრდავების პოტენციურ მეთოდს მიაკვლიეს. გარდა ამისა, იაპონელმა მკვლევრებმა სახის ნიღაბი შექმნეს, რომელიც კორონავირუსთან კონტაქტის შემთხვევაში, ულტრაიისფერი შუქის ქვეშ მოხვედრისას ანათებს. ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის განცხადება, რომლის თანახმადაც, მისი ბიოტექნოლოგიური სტარტაპი Neuralink-ი ტვინში ჩასანერგი მიკროჩიპების ადამიანებზე გამოცდას, დიდი ალბათობით, მომავალ წელს დაიწყებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა კოსმოსის ათვისების მიმართულებით. NASA-მ შავ ხვრელებსა და ნეიტრონულ ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად დედამიწის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი IXPE გაუშვა, რომელიც სამ ტელესკოპს აერთიანებს. ამას გარდა, ჩინეთის მიერ მთვარის შესასწავლად გაგზავნილმა როვერმა Yutu 2-მა, ციურ სხეულზე კუბის ფორმის უცნაური ობიექტი დააფიქსირა, რომელსაც მეცნიერებმა „მისტიკური ქოხი“ უწოდეს. მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მომხდარი ამ და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ უფრო დეტალურად მოგითხრობთ.

მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას გაახალგაზრდავების მეთოდს მიაკვლიეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე პიტსბურგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გაახალგაზრდავების მეთოდს მიაკვლიეს. ამის შესახებ მკვლევართა ერთობლივი ნაშრომი გამოცემა Nature-ში ახლახან გამოქვეყნდა.

ფოტო: Mary Swift/iStock

მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს ნაკლებად მოძრავ მღრღნელებს ორგანიზმში იმ თაგვების სისხლის პლაზმა შეუყვანეს, რომლებიც სიცოცხლის უდიდეს ნაწილს სპეციალურ ბორბლებზე სირბილში ატარებდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ფიზიკური აქტივობა ტვინში სისხლის საჭირო რაოდენობით მიწოდებას უზრუნველყოფს და შედეგად მის მუშაობას აუმჯობესებს. გადასხმის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოდუნებულ თაგვებს დასწავლისა და დამახსოვრების უნარი საგრძნობლად, მოძრავი მღრღნელების მსგავსად განუვითარდათ.

გარდა ამისა, სპეციალისტებმა კვლევისას მათ მიერ შემუშავებული მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა შენიშნეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ “ახალგაზრდული სისხლის” მიღების შემდეგ მოდუნებულ თაგვებში ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ტვინის ანთების რისკი შემცირდა.

მართალია, თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მეთოდი ჩვენზეც წარმატებით იმუშავებს, თუმცა მეცნიერები ამის იმედს იტოვებენ. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოლოდინი გამართლდება, შესაძლოა, მომავალში ეს მეთოდი ხანდაზმული ადამიანების კუნთების რეგენერაციისთვის, ასევე ალცჰაიმერით დაავადების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენონ.

NASA-მ შავ ხვრელებზე დასაკვირვებლად კოსმოსში სატელიტი IXPE გაუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) შავ ხვრელებსა და ნეიტრონულ ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად დედამიწის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი IXPE გაუშვა, რომელიც სამ ტელესკოპს აერთიანებს. მეცნიერები სატელიტს პოლარიზებული რენტგენული გამოსხივების გასაზომად გამოიყენებენ, რომელსაც ზემოხსენებული კოსმოსური ობიექტები გამოყოფენ.

ფოტო: Joel Kowsky/NASA

NASA-მ ხელოვნური თანამგზავრი ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით აიტანა. აპარატი ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 9 დეკემბერს, თბილისის დროით 10:00 საათზე აფრინდა. გაშვებიდან რამდენიმე წუთში რაკეტას მრავალჯერადი გამოყენების პირველი საფეხური გამოეყო და ატლანტის ოკეანეში განლაგებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა. ეს მისთვის რიგით მე-5 წარმატებული ფრენა იყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს SpaceX-მა Falcon 9-ით უკვე 28 მისია განახორციელა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

NASA პროექტს იტალიის კოსმოსურ სააგენტოსთან (ASI) ერთად ახორციელებს, რომელმაც IXPE-სთვის პოლარიზაციის დეტექტორები შექმნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისია ორ წელს გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში ხელოვნური თანამგზავრი ტელესკოპებისა და დეტექტორების მიერ მოპოვებულ მასალას დედამიწაზე გამოგზავნის, რომელთა დახმარებითაც მეცნიერები გარკვეულ საზღვრებში მოქცეული გრავიტაციული, ელექტრული თუ მაგნიტური ველების გარშემო არსებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას შეეცდებიან.

მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელიც კოვიდთან კონტაქტისას ანათებს 

იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე კიოტოს პრეფექტურის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს სახის ნიღაბი, რომელიც კორონავირუსთან კონტაქტისას ანათებს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Kyodo News-ი ავრცელებს.

ფოტო: YASUHIRO TSUKAMOTO

ახალი გამოგონება ადამიანებს მარტივად და, რაც მთავარია, მყისიერად შეატყობინებს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირების შესახებ. როგორც ცნობილია, ნიღაბზე მოხვედრილი ვირუსული ნაწილაკები ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებენ. იაპონელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მთავრობა მათ მიერ შექმნილ, დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ნივთს ავტორიზაციას მიანიჭებს. სპეციალისტების თქმით, ნებართვის მიღების შემთხვევაში ინოვაციური ნიღბების გაყიდვა შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს.

იაპონელმა მეცნიერებმა ნიღბის ფილტრს ფლურესცენციური საღებავი შეასხურეს, რომელიც სირაქლემის კვერცხებიდან ამოღებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ამ ფრინველებს ორგანიზმში შეჭრილი უცხო სხეულების გამანეიტრალებელი სხვადასხვა სახის იმუნოგლობულინური ბუნების ცილის გამომუშავება შეუძლიათ. გასული წლის თებერვალში მკვლევრებმა მდედრი სირაქლემები კორონავირუსის არააქტიური ფორმით დააინფიცირეს და მათ მიერ დადებული კვერცხებიდან დიდი რაოდენობით ანტისხეულები ამოიღეს.

სპეციალისტებმა 10-დღიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელში მონაწილეობასაც კოვიდით ინფიცირებული 32 ადამიანი იღებდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ მიერ შექმნილი ყველა ნიღაბი, რომელთაც ცდისპირები ატარებდნენ, ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებდა. ვირუსული ნაწილაკების შემცირებასთან ერთად ეს შუქი დროთა განმავლობაში ქრებოდა. კიოტოს პრეფექტურის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები უახლოეს მომავალში უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებას გეგმავენ, რომელშიც, როგორც ცნობილია, მონაწილეობას 150 ადამიანი მიიღებს.

ჩინურმა როვერმა Yutu 2-მა მთვარეზე კუბის ფორმის ობიექტი დააფიქსირა

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA) კუთვნილმა მთვარემავალმა Yutu 2-მა, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე კუბის ფორმის ობიექტი დააფიქსირა. აპარატის მიერ გადაღებული ფოტომასალა ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

ფოტო: CSNA/Siyu Zhang

როგორც ირკვევა, Yutu 2-მა კუბის ფორმის ობიექტი დაახლოებით 80 მეტრის დისტანციიდან, მთვარის ე.წ. „ბნელ მხარეს“ შენიშნა. 140 კილოგრამი წონის მქონე აპარატზე დამონტაჟებულმა კამერამ ის ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის ჰორიზონტზე მაშინ დააფიქსირა, როდესაც მთვარემავალი ფონ კარმანის სახელწოდებით ცნობილ კრატერს იკვლევდა.

მეცნიერებმა ამოუცნობ ობიექტს „მისტიკური ქოხი“ უწოდეს. ეს უკანასკნელი სპეციალისტების უდიდეს ინტერესს იწვევს, ამიტომ მთვარემავლის მის სიახლოვეს მიყვანას გეგმავენ. როგორც ცნობილია, Yutu 2-ს დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად 2-3 თვე დასჭირდება, რის შემდეგაც როვერი უცნაური ობიექტის გამოკვლევას შეეცდება. ვიდრე აპარატი „მისტიკურ ქოხს“ ახლო ხედით გადაიღებს და უფრო მაღალი გარჩევადობის ფოტოს შემოგვთავაზებს, მკვლევრები ობიექტის წარმოშობის შესახებ ვარაუდებს გამოთქვამენ. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს შესაძლოა, დიდი ზომის ლოდი იყოს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა Yutu 2-ი ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის შესასწავლად მისია Chang’e 4-ის ფარგლებში 2018 წლის 7 დეკემბერს გაუშვა. როვერი 2019 წლის 3 იანვარს მთვარის იმ ნახევარსფეროში დაეშვა, რომელიც დედამიწიდან არასდროს ჩანს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მთვარემავალია, რომელიც ციური სხეულის „ბნელ მხარეს“ დასვეს.

ილონ მასკი: Neuralink-ის ჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს

ილონ მასკის თქმით, მის მიერ დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink-მა ტვინში ჩასანერგი მიკროჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ამის შესახებ The Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მასკმა მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მოგვიანებით სოციალურ ქსელ ტვიტერში გაკეთებულ კომენტარშიც გააჟღერა.

ფოტო: Neuralink

მოცემული დროისთვის მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.

ბიოტექნოლოგიური სტარტაპი საკუთარი ჩიპების ადამიანებზე გამოცდას თავდაპირველად 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავდა. თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ტესტირებები მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყებოდა. Neuralink-ის თანადამფუძნებელი დამაჯერებელ პასუხს ვერც ამ შემთხვევაში იძლევა, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანია გეგმის განხორციელებას 2022 წლისთვის იმედოვნებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულში ილონ მასკმა იუტუბის არხის მეშვეობით საზოგადოებას ღორი წარუდგინა, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჰქონდა ჩანერგილი. მიმდინარე წლის აპრილში მან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ თამაშობდა კომპიუტერში პინგ-პონგს მაიმუნი, რომელიც ამისთვის მხოლოდ გონებას იყენებდა. პრიმატმა ეს თავის ტვინში ჩადგმული მიკროჩიპის დახმარებით შეძლო.

ასტრონომებმა 325 სინათლის წლის მანძილზე გიგანტური ეგზოპლანეტა დააფიქსირეს

შვედეთში მდებარე სტოკჰოლმის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ კოლეგებთან ერთად ჩვენგან 325 სინათლის წლის დაშორებით გიგანტური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა Nature-ში გამოაქვეყნეს.

ფოტო: ESO/Janson et al.

ასტრონომებმა ობიექტი, რომელსაც b Centauri b-ს უწოდებენ, ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნოში განლაგებულ ტელესკოპ VLT-ზე დამონტაჟებული ხელსაწყო SPHERE-ით დააფიქსირეს. სპეციალისტების გამოთვლებით, ეგზოპლანეტა იუპიტერს მასით 11-ჯერ აღემატება. მათივე თქმით, ის b Centauri-ის სახელწოდებით ცნობილ ახალგაზრდა ბინარულ ვარსკვლავურ სისტემაში მდებარეობს. ორივე მნათობის ჯამური მასა ჩვენი მზისას 10-ჯერ აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ b Centauri ყველაზე მასიური და ცხელი სისტემაა, რომელშიც ოდესმე პლანეტა აღმოუჩენიათ.

მეცნიერების განცხადებით, ბინარული ვარსკვლავური სისტემა 15 მილიონი წლისაა. ცნობისთვის, ჩვენი მზე უკვე 4.5 მილიარდ წელზე მეტია, არსებობს. სპეციალისტები ამ დრომდე ფიქრობდნენ, რომ მსგავსი მასის მქონე მნათობების მახლობლად პლანეტების არსებობა ნაკლებად სავარაუდო იყო. ახალმა აღმოჩენამ მათი წარმოდგენა რადიკალურად შეცვალა. b Centauri b ვარსკვლავების წყვილისგან 550 ასტრონომიული ერთეულით (AU) არის დაშორებული. შედარებისთვის ეს მზესა და პლუტონს შორის არსებულ დისტანციას 14-ჯერ აღემატება.

ასტრონომების ვარაუდით, ვარსკვლავებისგან მომავალი ძლიერი გამოსხივებისგან ეგზოპლანეტა სწორედ მათგან სიშორემ გადაარჩინა. სპეციალისტებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორ და სად წარმოიქმნა b Centauri b, თუმცა ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ის შესაძლოა, სისტემასთან შედარებით ახლოს ჩამოყალიბდა და მას დროთა განმავლობაში დაშორდა. მეორე მხრივ, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ეგზოპლანეტა სწორედ იქ წარმოქმნილიყო, სადაც ამჟამად მდებარეობს.

Pfizer: ომიკრონის შტამთან საბრძოლველად ვაქცინის სამი დოზაა საჭირო

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის წინააღმდეგ საბრძოლველად მისი და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის სამი დოზაა საჭირო. მწარმოებელს ამის თქმის საფუძველს ლაბორატორიული ტესტირების წინასწარი შედეგები აძლევს.

ფოტო: Wirestock/Depositphotos

ახალი ვარიანტის წინააღმდეგ პრეპარატის ეფექტიანობის განსაზღვრისთვის Pfizer-ში მომუშავე სპეციალისტებმა ვაქცინით ორჯერ და სამჯერ აცრილი ადამიანების იმუნიტეტი, პირველ შემთხვევაში ბოლო ინიექციიდან სამი კვირის, მეორე შემთხვევაში კი ერთი თვის შემდეგ გამოიკვლიეს და ერთმანეთს შეადარეს. სისხლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იმ პირების ორგანიზმში, რომლებსაც პრეპარატის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული, ომიკრონის გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა დაახლოებით 25-ჯერ ნაკლები იყო. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ბუსტერული დოზის ინიექციის შემდეგ მათი რაოდენობა ამდენივეჯერ გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი მსოფლიოში აფრიკული ქვეყნებიდან გავრცელდა. სწორედ იმ დღეს, როდესაც აშშ-ში ომიკრონით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ადგილობრივმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ მის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური ბუსტერული დოზის შექმნა დააანონსა. მწარმოებლის ინფორმაციით, პრეპარატი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ავტორიზაციის მისაღებად მომავალი წლის მარტში იქნება მზად.

ომიკრონისთვის ვაქცინის სპეციალური ვერსიის შექმნა ახლახან კიდევ ერთმა ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Novavax-მა დააანონსა. მწარმოებლის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო პრეპარატი მზად მომავალი წლის იანვარში იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.