Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

მწვანე პოლიტიკის მხრივ მიმდინარე კვირა, ისევე როგორც მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოსთვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ მწვანე პოლიტიკაში ინვესტირების გაძლიერებას ეხება. გარდა ამისა, განახლებად ენერგიაში ინვესტიციები საგრძნობლად გააძლიერეს გერმანიისა და ესპანეთის მთავრობებმა, ავსტრალიას კი, შესაძლოა, 2043 წლისთვის სულაც არ დასჭირდეს ქვანახშირზე მომუშავე ენერგია.

ხოლო მაშინ, როდესაც მანქანების გამონაბოლქვი მილიარდობით დოლარს ზოგავს, ელექტრომანქანებთან ერთად მომავლისთვის საინტერესო ინიციატივა კვლავ მილიარდერ ილონ მასკს აქვს, რომელიც ემისიების მხოლოდ შემცირებას აღარ სჯერდება და ნახშირბადის გამონაბოლქვის გარდაქმნას უკვე სარაკეტო საწვავად გეგმავს. ამ ყველაფრის პარალელურად კი, WMO-მ არქტიკაზე რეკორდული სიცხე ექსტრემალური ამინდის ანგარიშების არქივში დაამატა და თან ეს ყველაფერი გლობალურად ტემპერატურის რეკორდული პიკების უპრეცედენტო ტალღის ფონზე მოხდა. Forbes Green-ი კვლავ კვირის მიმდინარე სიახლეებს გაგაცნობთ.

EBRD-მა საქართველოსთვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2022-2027 წლებისთვის საქართველოსთვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. EBRD-ის სტრატეგია სამ ძირითად პრიორიტეტზე დაყრდნობით შემუშავდა:

EBRD-ი გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს კომპანიებს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს, გაზარდონ მდგრადობა და პროდუქტიულობა კონკურენტუნარიანობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, მათ შორის – დიგიტალიზაციაში ინვესტირებით. ახალი სტრატეგიის თანახმად, EBRD-ის მიზანი, განსაკუთრებით ქალების, ახალგაზრდებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ფინანსურ და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება EBRD-ის მთავარი აქცენტია.

მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კი საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერაა. EBRD-ი კვლავ დაეხმარება საქართველოს მწვანე ეკონომიკური ტრანსფორმაციის დაჩქარებაში სათბური ემისიების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდის მიზნით. EBRD-ის მწვანე ეკონომიკის ტრანზაციის მიდგომასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბანკი ხელს შეუწყობს განახლებად ენერგიაში ინვესტიციების პოლიტიკასთან ჩართულობას და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, მათ შორის – ენერგიისა და რესურსების ეფექტიანობის გაზრდას, და გააგრძელებს მწვანე ქალაქების ჩარჩოს განვითარებას.

ევროკავშირი ნავთობიდან და გაზიდან მეთანის შიდა ემისიას შეზღუდავს

მიმდინარე კვირაში ევროკავშირმა წარმოადგინა კანონმდებლობა, რომელიც კომპანიებს მეთანის შიდა ემისიის მაჩვენებლის გასაჯაროებასა და სათბური აირების ძლიერი გაჟონვის პრობლემების აღმოფხვრას დაავალდებულებს. უცხოეთში ოპერირებად ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპას წიაღისეული საწვავის უდიდესი ნაწილით ამარაგებენ, ახალი წესდება არ შეეხებათ.

ნახშირორჟანგის შემდგომ, მეთანი კლიმატის ცვლილებაზე ზეგავლენის სიდიდით მეორეა და აქვს გაცილებით მაღალი დათბობის ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ ამ ათწლეულში მეთანის ემისიის მნიშვნელოვანი შემცირება კლიმატის ცვლილებების დამღუპველი შედეგებისთვის თავის ასარიდებლად აუცილებელია. მეთანის გამონაბოლქვის წყაროა წიაღისეული საწვავის ინფრასტრუქტურა, ასევე ფერმერული მეურნეობა და ნაგავსაყრელები.

ევროკავშირის ახალი რეგულაციები ნავთობისა და გაზის ოპერატორებისგან, პირველი წლის ბოლომდე, თავიანთი ორგანიზაციების ემისიების შეფასების წარდგენას მოითხოვს. გარდა ამისა, რეგულაციების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდგომ, კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, ყოველ სამ თვეში შეამოწმონ საკუთარი ინფრასტრუქტურა მეთანის გაჟონვაზე და არსებული პრობლემები არაუმეტეს ხუთ დღეში გამოასწორონ. მეთანის ემისიების  გამოვლენისთვის გამოსაყენებელ ტექნოლოგიებში შედის ინფრაწითელი კამერები და დრონები. ევროკავშირში, გარკვეული გამონაკლისების გარდა, კომპანიებს ასევე აეკრძალებათ რუტინული აფეთქებები, როდესაც მეთანი განზრახ იწვება, ასევე ვენტილაცია, რაც ატმოსფეროში არასასურველი მეთანის გამოყოფას უზრუნველყოფს.

მიუხედავად მოთხოვნისა, ახალი რეგულაციები არ გავრცელდება ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ევროკავშირში გაზის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთიდან ახორციელებს. ევროკავშირში მოხმარებული გაზის 90%-ისა და ნავთობის 97%-ის იმპორტი საზღვარგარეთიდან ხდება, ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელი კი რუსეთია. ახალი რეგულაციების შესრულება მონაცემთა ბაზის შექმნით გაკონტროლდება.

ესპანეთი და გერმანია განახლებად ენერგიაში ინვესტიციებს ახორციელებენ

ესპანეთი, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, განახლებად ენერგიაში, მათ შორის მწვანე წყალბადში, 6,9 მილიარდი ევროს ინვესტიციებს განახორციელებს. დამატებით 9,45 მილიარდი ევრო, კოვიდპანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის გეგმისთვის გამოიყოფა. ჯამში 16,3-მილიარდიანი ევროს ენერგეტიკული გეგმის დამტკიცებით, ქვეყანაში დამატებით 280,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ენერგეტიკული გეგმიდან 1,55 მილიარდი ევრო ე.წ. მწვანე წყალბადის განვითარებას მოხმარდება. 2030 წლისთვის მადრიდი მიზნად ისახავს დაახლოებით 4 გიგავატის სიმძლავრის წარმოებას, რაც ევროკავშირის მიზნობრივი გამომუშავების 10%-ს შეადგენს. სხვა ინვესტიციები ფოკუსირებული იქნება ჭკვიანი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ენერგიის შენახვაზე, ტრენინგსა და კვლევაზე, განაცხადა მინისტრმა.

ხოლო გერმანიაში, ახალი მთავრობის მიერ, კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად 60 მილიარდი ევრო გამოიყო. ინვესტიცია ახალი დამატებითი ბიუჯეტის ნაწილია კლიმატისა და ტრანსფორმაციის ფონდისთვის და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. ბიუჯეტი, რომელიც ერთხმად მიიღო კანცლერ ოლაფ შოლცის კაბინეტმა, წლევანდელ ფედერალურ ბიუჯეტში მილიარდობით ევროს გამოუყენებელ ვალს მომავალ „მწვანე ხარჯებში“ გადაამისამართებს.

კოალიციას, რომელიც სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებს აერთიანებს, სურს, ინვესტიციები კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენოს და ისეთ საკითხებზე გადაანაწილოს, როგორიცაა ელექტრომანქანების დასატენად დამატებითი ადგილების შექმნა და თუნდაც, ეკონომიკის დიგიტალიზაცია.

ბაზრის ოპერატორის პროგნოზით, ავსტრალიას 2043 წლისთვის ქვანახშირის ენერგია არ დასჭირდება

როგორც ბაზრის ოპერატორები პროგნოზირებენ, ავსტრალიას, 2043 წლისთვის, მიუხედავად ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნისა, ქვანახშირზე მომუშავე ენერგია აღარ დასჭირდება. მსგავსი გეგმა 2050 წლისთვის ქვეყანას წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევაში შეუწყობს ხელს.

ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (AEMO) გეგმა ელექტროენერგიის ეროვნული ბაზრის (NEM) სწრაფ ტრანსფორმაციას ითვალისწინებს, რომელიც მოიცავს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის წარმოებაში, ენერგიის შენახვაში, სარეზერვო გენერაციასა და გადაცემაში.  “ამ სცენარით, NEM იმუშავებს ქვანახშირის წარმოების გარეშე 2043 წლისთვის”, – განაცხადა AEMO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ვესტერმანმა.

AEMO-ს გეგმის შესასრულებლად $8,6 მილიარდის ინვესტიცია იქნება საჭირო. ბაზრის ოპერატორი იმედოვნებს, რომ ქსელიდან ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გაორმაგდება 330 ტერავატ საათამდე (TWh), რადგან ტრანსპორტი, გათბობა, სამზარეულო და ზოგიერთი სამრეწველო პროცესი ელექტრიფიცირებულია მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში. პროგნოზით, განახლებადი ენერგიის გამომუშავების სიმძლავრე გაიზრდება 140 გიგავატამდე (GW) დღევანდელი 15 GW-დან, რაც გაორმაგდება ყოველ ათწლეულში 2050 წლამდე.

ენერგეტიკული გიგანტი Shell-ი აშშ-ში დაფუძნებულ Savion-ს შეიძენს

Royal Dutch Shell-მა სამშაბათს განაცხადა, რომ Macquarie’s Green Investment Group-ისგან, აშშ-ში დაფუძნებული მზისა და ენერგიის შესანახი დეველოპერის, Savion-ის შეძენას გეგმავს, რათა გააფართოოს მზის გლობალური პორტფელი, როგორც ნაწილი კომპანიის გეგმის, წმინდად ნულოვან ემისიაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

Shell-ი ჯერჯერობით გარიგების ღირებულებას არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ ახალი შესყიდვა, Savion-ის 18 გიგავატზე მეტი მზის ენერგიისა და ბატარეის შენახვით, კომპანიის წინა ინვესტიციას ემატება, რომელიც აშშ-ის მზის ენერგიის ოპერატორ Silicon Ranch-ში განხორციელდა.

გასულ წელს Shell -მა ნავთობისა და გაზის სექტორის ყველაზე ფართო სტრატეგია წარადგინა, რომელიც 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მიღწევას ითვალისწინებს. თუმცა  Shell-ის გეგმის წარმატება უმეტესწილად მის მომხმარებელზეა დამოკიდებული, რომლებიც ასევე ამცირებენ ემისიებს. ხოლო თავის მხრივ, Savion-ის მილსადენი, მაღალკვალიფიციური გუნდი და განახლებადი ენერგიის პროექტების შექმნაში გამოცდილება, მას Shell-ის მზარდი ინტეგრირებული ენერგეტიკული ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) მოხსენების მიხედვით, განახლებადმა ენერგიამ, 2026 წლამდე, მსოფლიოში ენერგიის სიმძლავრის ზრდის თითქმის 95% უნდა შეადგინოს, საიდანაც ნახევარზე მეტი მზის ენერგიაზე მოდის.

მუსიკალური ინდუსტრია 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მისაღწევად ერთიანდება

მსოფლიოს უმსხვილესი ჩამწერი ლეიბლები კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ. მუსიკალური ინდუსტრიის სამმა წამყვანმა მოთამაშემ – Sony Music Entertainment-მა, Universal Music Group-მა და Warner Music Group-მა – ხელი მოაწერა Music Climate Pact-ის შეთანხმებას, რომელიც კლიმატური მიზნების შესრულებას ემსახურება. ხელშეკრულებას ასევე შეუერთდნენ დამოუკიდებელი კომპანიები, მათ შორის: Beggars and Secretly, Warp-ი, Ninja Tune და სხვები.

კომპანიები ორი არსებული სქემიდან ერთ-ერთს, მეცნიერებაზე დამყარებულ მიზნებს (Science Based Targets) ან მცირე და საშუალო ბიზნესის კლიმატურ ვალდებულებას (SME Climate Commitment), გაეროს Race to Zero ინიციატივის ბოლო ნაწილს მიიღებენ. ორივე სქემა ავალდებულებს ხელმომწერებს, 2050 წლისთვის ნულოვან ემისიას, ხოლო 2030 წლისთვის მის 50%-იან შემცირებას მიაღწიონ.

მიღებული პაქტის თანახმად, მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ასევე პირობა დადეს, რომ ითანამშრომლებენ სექტორში ნახშირბადის გამონაბოლქვის მოცულობის დადგენისთვის, ასევე, კლიმატური ცვლილებების შესახებ და მუსიკალური ინდუსტრიის გარემოზე ზემოქმედებაზე არტისტებისა და მათი თაყვანისმცემლების ინფორმირებაშიც ჩაერთვებიან. „მონაცემების მოსაპოვებლად და ემისიების შემცირების პროექტების ერთობლივად წარმართვის მიზნით“ ხელშეკრულების მხარეები სტრიმინგკომპანიებთან, მათ შორის Spotify-სთან ითანამშრომლებენ.

მუსიკალური ინდუსტრია გარემოზე ზემოქმედების ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა გლობალური ტურნეების გავლენა, ვინილების წარმოება და სტრიმინგისთვის გამოყენებული ენერგია. ოქტომბერში, Coldplay-მ, მათი სამომავლო ტურისთვის, წინა ტურნესთან შედარებით ემისიების 50%-ით შემცირების ვალდებულება აიღო.

ილონ მასკს სურს, SpaceX-მა ნახშირბადის გამონაბოლქვი სარაკეტო საწვავად გარდაქმნას

მილიარდერ ილონ მასკს კლიმატური კრიზისის გამომწვევი ემისიების გამოყენება სურს. თავისი სარაკეტო კომპანიის საშუალებით ის იწყებს პროგრამას, რომელიც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამოღებას და კოსმოსური ხომალდებისთვის მის გამოყენებას უზრუნველყოფს.

Space Exploration Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პროექტის შესახებ 13 დეკემბერს, ჟურნალ Time-ის მიერ წლის ადამიანად დასახელების შემდგომ მალევე განაცხადა. მასკის თქმით, SpaceX-ი ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამოღებისა და მისი სარაკეტო საწვავად გარდაქმნის პროგრამას იწყებს. კოსმოსში მოგზაურობისთვის ნახშირორჟანგის გამოყენება მარსისთვისაც უმნიშვნელოვანესი იქნება. მასკმა გასული წლის ინტერვიუში დარწმუნებით აღნიშნა, რომ ეკიპაჟის მისია წითელ პლანეტაზე 2026 წელს შესრულდება.

სარაკეტო საწვავის დამზადების ახალი ინიციატივა დაეყრდნობა DAC-ის ტექნოლოგიას, რომელიც „პირდაპირ საჰაერო დაჭერას“ გულისხმობს და ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. DAC-ის უდიდესმა ქარხანამ, რომელიც ისლანდიაში მდებარეობს, სექტემბერში დაიწყო ფუნქციონირება.  ქარხანა ყოველწლიურად დაახლოებით 4,000 ტონას მიიღებს ჰაერიდან, რაც DAC-ის წინა სიმძლავრესთან შედარებით გაორმაგებულია.

კვლევა: ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირებამ წელიწადში $270 მილიარდი დაზოგა

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მხოლოდ 2017 წელს, ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირებამ $270 მილიარდის დაზოგვა და თითქმის 20 000 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება უზრუნველყო. მკაცრი რეგულაციების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მანქანების მიერ გამოყოფილი ჭვარტლის რაოდენობა.

კვლევა, რომელიც გასულ კვირას Proceedings of the National Academy of Sciences-ის მიერ გამოქვეყნდა, ეფუძნება წლიურ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მანქანების სათბურის აირებთან და ისეთ ნაწილაკებთან, როგორიცაა მანქანის მიერ გამოყოფილი ჭვარტლი. მკვლევრების განცხადებით, 2017 წელს დაახლოებით 19,800 ადამიანი დაიღუპა ტრაფიკთან დაკავშირებული საკითხების გამო, თუმცა მათი რაოდენობა 2,4-ჯერ მაღალი იქნებოდა, გავლილ მილზე ემისიების მოცულობა 2008 წლის დონეზე რომ შენარჩუნებულიყო.

სიკვდილიანობის ვარდნა, 2017 წელს დაზოგილი $270 მილიარდის უმეტეს ნაწილს შეადგენს, ხოლო კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული სარგებელი 3%-დან 19%-მდე განისაზღვრა. მკვლევრებმა ნაწილაკებისა და სათბურის გაზების დაბინძურების შემცირება ძირითადად მსუბუქი მანქანების გამოყენებას და წიაღისეული საწვავის კომპანიებისა და მანქანების მწარმოებლების მკაცრ რეგულაციას მიაწერეს.

სუფთა ჰაერის აქტისა და გარემოს დაცვის სააგენტოს სტანდარტების წყალობით, 2020 წელს ნახშირორჟანგის ემისიამ, ახალი მანქანებისთვის, რეკორდულად დაბალ დონეს მიაღწია.  მიუხედავად ამისა, ტრანსპორტის სექტორზე სათბური ემისიების 29% მოდის, ხოლო EPA-ს მონაცემებით, ხუთმა მწარმოებელმა, მათ შორის Volkswagen-მა და Mazda-მ, 2015 და 2020 წლების მოდელებს შორის ნახშირორჟანგის ემისიის მაჩვენებელი გაზარდეს.

კლიმატის კრიზისი: გაერომ არქტიკის რეკორდული ტემპერატურა ოფიციალურად დაადასტურა

მიმდინარე კვირას გაერომ გასულ წელს ციმბირში დაფიქსირებული 38 გრადუსი, უკვე ოფიციალურად, არქტიკის ახალ რეკორდულ ტემპერატურად დაასახელა. რუსეთის ქალაქ ვერხოიანსკში, 2020 წლის 20 ივნისის რეკორდულად მაღალი სიცხე, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მაღალი ტემპერატურაა, რაც ოდესმე არქტიკული წრის ზემოთ დაფიქსირებულა.

გაეროს სააგენტოს განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც WMO-მ რეკორდული სიცხე ექსტრემალური ამინდის ანგარიშების არქივში დაამატა და თან ეს ყველაფერი გლობალურად ტემპერატურის რეკორდული პიკების უპრეცედენტო ტალღის ფონზე მოხდა. ვერხოიანსკი არქტიკული წრიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 115 კილომეტრში მდებარებს და იქ ტემპერატურა 1885 წლიდან იზომება. 20 ივნისს დაფიქსირებული ტემპერატურა, რომელიც სააგენტოს აღნიშვნით ხმელთაშუა ზღვას უფრო შეეფერება, ვიდრე არქტიკას, მეტროსადგურზე, განსაკუთრებით გახანგრძლივებული ციმბირის სიცხის დროს გაიზომა.

ამის პარალელურად კი WMO კვლავ ცდილობს, გადაამოწმოს 54,4 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურა, რომელიც 2020 და 2021 წლებში, მსოფლიოს ყველაზე ცხელ ადგილას, სიკვდილის ველში, კალიფორნიაში დაფიქსირდა. ექსპერტები ასევე მუშაობენ ევროპული ტემპერატურის ახალი რეკორდის, 48,8 გრადუსი ცელსიუსით, დადასტურებაზე, რომელიც გასულ ზაფხულს, იტალიის კუნძულ სიცილიაზე დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *