Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის განმავლობაში მწვანე ეკონომიკის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი. დიდი ყურადღება კვლავ 2021 წლის შემაჯამებელ ანგარიშებს დაეთმო და დადგინდა, რომ ბიომეთანის წარმოებამ გასულ წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, Volkswagen-მა კი ევროკავშირის 2021 წლის ემისიების მიზანი შეასრულა.

საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა McKinsey & Company-მ და 2050 წლისთვის ენერგეტიკული გადასვლის ღირებულება დაიანგარიშა. ხოლო Global Witness-ის გამოძიებამ ნავთობის გიგანტი Shell-ის „ნახშირბადის დამჭერი“ ქარხანა სათბური აირებს გამოყოფაში „ამხილა“.

გარდა ამისა, კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში ჰოლანდიური ლუდის მწარმოებელი და ინგლისის საფეხბურთო ლიგა გაერთიანდნენ, გამონაბოლქვის შემცირებაში საკუთარი წვლილის შეტანა კი ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამაც გადაწყვიტა. უფრო ვრცლად მწვანე სიახლეებს ამ კვირის Forbes Green-ში გაეცნობით.

McKinsey-ის ანგარიშით, 2050 წლისთვის ენერგეტიკული გადასვლის ღირებულება $275 ტრილიონს მიაღწევს

McKinsey & Company-ის ახალი ანგარიშის შეფასებით, 2050 წლისთვის წმინდა ნულოვან ემისიებზე გადასვლას ყოველწლიურად $3,5 ტრილიონის კაპიტალური ხარჯები დასჭირდება. აღნიშნული თანხა გლობალური კორპორაციული მოგების ნახევრის ეკვივალენტური, მთლიანი საგადასახადო შემოსავლის მეოთხედი, ან 2020 წელს შინამეურნეობების დანახარჯების 7%-ია.

ფოტო: Jonathan Ernst | Reuters

ანგარიშში გარდამავალი ეფექტის მოთხოვნაზე, კაპიტალის განაწილებაზე, ხარჯებსა და სამუშაო ადგილებზე გავლენა იმ 69 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, რომლებიც გლობალური ემისიების დაახლოებით 85%-ს აწარმოებენ. გარდამავალ პერიოდში ენერგიისა და მიწის გამოყენების სისტემებისთვის ფიზიკურ აქტივებზე დახარჯული კაპიტალი დაახლოებით 275 ტრილიონი დოლარი იქნება, რაც ყოველწლიურად საშუალოდ 9,2 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება და $3,5 ტრილიონით მეტია იმ თანხაზე, რომელიც დღევანდელი მონაცემებით იხარჯება.

McKinsey-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გამონაბოლქვის ნულოვანი მაჩვენებლის მისაღწევად, მაღალი ემისიის აქტივებიდან, დღევანდელი წლიური ხარჯების დამატებით $1 ტრილიონი, დაბალი ემისიების აქტივებზე უნდა გადანაწილდეს. McKinsey  ასევე მოუწოდებს ბიზნესებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს, მოემზადონ გარდამავალი პერიოდისთვის და დაინტერესებულ მხარეებს დეკარბონიზაციისა და კლიმატის რისკებთან ადაპტაციის პროცესში ძალისხმევის გაძლიერებას ურჩევს.

McKinsey-ის ინფორმაციით, წმინდა ნულოვან ემისიაზე გადასვლა სამუშაო ბაზარზეც იმოქმედებს და საუკუნის შუა პერიოდისთვის მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 185 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვასა და 200 მილიონი ვაკანტური პოზიციის შექმნას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ გარდამავალი პერიოდი მნიშვნელოვან გავლენას იმ სექტორების მოთხოვნაზე, წარმოების ხარჯებსა და დასაქმებაზე მოახდენს, რომლებიც მაღალი ემისიების პროდუქტებითა და ოპერაციებით გამოირჩევიან და გლობალური მშპ-ის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ.

უმსხვილესი აქტივების მფლობელები საინვესტიციო პორტფოლიოებში ემისიებს ამცირებენ

ჯამში $10,4 ტრილიონის მფლობელი მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მფლობელთა ჯგუფი კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ერთიანდება და 2030  წლისთვის თავიანთი საინვესტიციო პორტფელებიდან ნახშირბადის ემისიების მინიმუმ შემცირების პირობას დებს.

ფოტო: REUTERS/Kacper Pempel

Net-Zero Asset Alliance-ის 69 წევრმა, რომელთა შორის სადაზღვევო კომპანიები Swiss Re, Aviva და საპენსიო ინვესტორი CDPQ არიან, მომავალ რვა წელიწადში ემისიების შემცირებას 2020 წლის ნიშნულიდან 49%-65%-ის ნიშნულამდე  აპირებენ. Target Setting Protocol-ის მეორე ნაწილის ფარგლებში, ჯგუფის განცხადებით, 2020-დან 2025 წლამდე პორტფელის მთლიანი ემისიის მაჩვენებელი 22%-დან 32%-მდე შემცირდება.

ჯგუფმა ასევე შეათანხმა გეგმა ნახშირბადინტენსიური ინფრასტრუქტურის სესხისა და კაპიტალის სექტორში დაფინანსებული ემისიების შესამცირებლად და გააორმაგა 14-მდე ბიზნესსექტორი, მათ შორის – ქიმიკატებისა და სოფლის მეურნეობის სფერო.

უმსხვილესი აქტივების მფლობელთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ კლიმატთან ბრძოლის საკითხში მათ სხვა წევრებიც შეემატებიან და მოუწოდებს სხვებს, ერთად შეუწყონ ხელი ბიზნესების გადასვლას ნახშირბადის დაბალი შემცველობის ეკონომიკაზე. თავად ჯგუფის წევრები კი, აღებული ვალდებულების შესაბამისად, შუალედური მიზნების შესრულების ხუთწლიანი ციკლის შედეგებს გამოაქვეყნებენ.

2021 წელს ბიომეთანის წარმოებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2021 წელს ბიომეთანის წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ევროპის ბიოგაზის ასოციაციისა (EBA) და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის ორგანიზაციის (GIE) შეფასებით, ამჟამად კონტინენტზე დაახლოებით 20 000 ბიოგაზისა და ბიომეთანის ქარხანა ფუნქციონირებს.

კვლევის მიხედვით, გასული წლის ბოლოსათვის ევროპის მასშტაბით ბიომეთანს 1023 ქარხანა აწარმოებდა.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამჟამად ხელმისაწვდომი ბიომეთანისა და ბიოგაზის გაერთიანებულმა რაოდენობამ შესაძლოა ბელგიის მიერ გაზის მთლიანი მოხმარება დააკმაყოფილოს.

ამასთან კვლევაში ხაზგასმულია, რომ საუკუნის შუა პერიოდში მდგრადი ბიომეთანი ევროპის მიერ მოხმარებული გაზის 30-40%-ს დააგენერირებს და, სავარაუდოდ, წარმოება მინიმუმ 1000 ტვტ.სთ-ს მიაღწევს.

GIE-ს გენერალურმა მდივანმა ბოიანა აჩოვსკიმ აღნიშნა, რომ ,, 2021 წელს ევროპაში ბიომეთანის ქარხნების ყველაზე ექსპონენციური განლაგება მოხდა. თუმცა აქ გასაკვირი არაფერია იმის გათვალისწინებით, თუ რა მოაქვს ბიომეთანს დეკარბონიზაციის პროცესისათვის: ეს არის ერთადერთი განახლებადი საწვავი, რომელიც ხელმისაწვდომი და მასშტაბურია დღეს ევროპაში, რომელსაც შეუძლია უკვე არსებული გაზის ინფრასტრუქტურის ხარჯების კონკურენტული გამოყენება“.

,,EBA-ს შეფასებით, დღეს ევროპაში მოქმედი ბიომეთანის ქარხნების 87% დაკავშირებულია გაზის ქსელთან. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბიომეთანმა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი, როგორც განახლებადმა საწვავმა, უნდა დაიწყოს ბიომეთანით ვაჭრობა მთელ ევროპაში“, – აღნიშნა ჰარმენ დეკერმა, EBA-ს დირექტორმა.

Volkswagen-მა 2021 წელს ევროკავშირის მიერ დასახულ გამონაბოლქვის შემცირების მაჩვენებელს მიაღწია

გასული წლის ჩავარდნის შემდგომ, გერმანული საავტომობილო გიგანტმა,  Volkswagen-მა 2021 წელს ახალ მანქანებზე ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებით, ევროკავშირის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია.

ფოტო: JENS SCHLUETER AFP

ავტომწარმოებლის წინასწარი მონაცემებით, ევროკავშირში გაყიდული სამგზავრო მანქანების CO2-ის საშუალო გამონაბოლქვი, ლეგალურ მიზნებზე დაახლოებით 2%-ით დაბალი იყო. Volkswagen-მა გასულ წელს ემისიების ლიმიტის ფარგლებში მოხვედრა ვერ შეძლო, რაც ძირითადად პანდემიას და ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელზე მის გავლენას დაჰბრალდა.

2020 წელს ძალაში შევიდა კანონმდებლობა, რომელიც სერიოზულ ჯარიმებს ითვალისწინებს ავტომწარმოებლებისთვის, თუ მათ მიერ გაყიდული ახალი მანქანების საშუალო გამონაბოლქვი, თითოეული ავტომწარმოებლისთვის განკუთვნილ  სპეციფიკურ ზღვარს არ ჩამოსცდება. გამონაბოლქვის მოქმედი სტანდარტების მიხედვით, Volkswagen-ის CO2-ის ლიმიტი კილომეტრზე 120,8 გრამს შეადგენს, ავტომწარმოებელმა კი, 2021 წელს 118,5 გ/კმ-ზე მაჩვენებელი დააფიქსირა.

Volkswagen-ის მიერ 2021 წელს ევროკავშირში, ნორვეგიასა და ისლანდიაში გაყიდული „ელექტრიფიცირებული მანქანების“ (როგორც ჰიბრიდული, ასევე ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილები) რიცხვი გასულ წელთან შედარებით 64%-ით გაიზარდა და 472,300-ს მიაღწია. გერმანული ჯგუფი, რომელიც 12 ბრენდს, მათ შორის Audi-ის, Porsche-სა და Skoda-ს აერთიანებს, ელექტრომობილებზე გადასვლისთვის $40 მილიარდს გამოყოფს და 2025 წლისთვის გეგმავს, მსოფლიოში წამყვანი ელექტრომობილების მწარმოებელი გახდეს.

Heineken-ი გაერთიანებული სამეფოს საფეხბურთო კლუბებში პლასტმასის წინააღმდეგ იბრძვის

მაშინ როდესაც საფეხბურთო ინდუსტრია კვლავ პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავებას ცდილობს, Heineken-მა გაერთიანებული სამეფოს საფეხბურთო კლუბებში პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიურა. ლუდის მწარმოებელმა, კამპანიის ფარგლებში, გადამუშავებული ერთჯერადი პლასტმასისგან შექმნილი სკულპტურები Manchester City-ისა და Tottenham Hotspur-ის ტერიტორიაზე განათავსა.

ფოტო: EPA-EFE/VINCE MIGNOTT

ევროკომისიის განცხადებით, საფეხბურთო სტადიონებისა და მასშტაბური ღონისძიებების შედეგად პლასტმასის ნარჩენების აბსურდულად მაღალი დონე წარმოიქმნება. ერთჯერადი გამოყენების ჭიქებისა და საკვები შეფუთვების მოცულობა, ყოველ სეზონზე, პლასტმასის ნაკეთობის მილიონობით ნარჩენს უტოლდება. ოკეანეშიც ნაგვის დაახლოებით 80% პლასტიკურია. პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, Heineken-მა ასევე შეწყვიტა ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების მიწოდება თავისი ჰაბის, ბარის, სტადიონებისა და ღონისძიებების ადგილის სტუმრებისთვის.

Manchester City-ის წარმომადგენლების განცხადებით, Heineken-თან თანამშრომლობით დანერგილი ახალი კამპანია საკმაოდ მიმზიდველი ინიციატივაა, რაც ნარჩენებისა და დაბინძურების მართვისა და კლიმატური კრიზისის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას შეუწყობს ხელს. ინგლისის ცალკეული კლუბები უკვე პროგრესსაც განიცდიან პლასტმასის ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლაში: მაგალითად, Manchester City, თითოეული სეზონის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიონი პლასტმასის ჭიქისა და 500,000 პლასტმასის ბოთლის დაზოგვას ახერხებს.

თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საფეხბურთო კლუბებმა პლასტმასის ნარჩენებისგან თავის დაღწევა გადაწყვიტეს. 2019 წლის კვლევებით დადგინდა, რომ გულშემატკივრებს საკუთარი კლუბების მიერ გარემოსდაცვითი სერტიფიკატების მოპოვება სურდათ, რაც პლასტმასის გამოყენების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასაც გულისხმობდა. მიუხედავად მონდომებისა, პანდემიის პერიოდში საფეხბურთო სტადიონებზე თამაშების შეჩერებამ აღნიშნული პრობლემაც დროებით უკანა პლანზე გადასწია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ევროკომისიამ, ევროკავშირის მასშტაბით, ერთჯერადი პლასტმასის ნივთების აკრძალვა მოითხოვა. ევროკავშირის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის დირექტივა კი ძალაში 2021 წლის ივლისში შევიდა.

დიდი ბრიტანეთი ოფშორული ქარის პროექტებში $42 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

მზარდი ფასისა და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქარის ენერგიის პროექტებში $42 მილიონის ინვესტირება გადაწყვიტა.

ფოტო: REUTERS/Brian Snyder

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, საწყის ეტაპზე, 32 მილიონი გირვანქა სტერლინგი თერთმეტ ახალ ოფშორულ ქარის პროექტებზე გადანაწილდება. მოგვიანებით კი პროგრესის დასაჩქარებლად, ბენეფიციარები დამატებით 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე, ბრიტანეთის საზღვაო საზღვარზე ქარის ელექტროსადგურების შესაქმნელად ყველაზე ქარიანი ადგილების იდენტიფიცირება იგეგმება.

გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ინოვაციური პროექტი ქვეყანას განახლებადი ენერგიის გაფართოებასა და სწრაფად განვითარებაში დაეხმარება და სახელმწიფოზე გაზის არასტაბილური გლობალური ფასების გავლენას შეამცირებს. გაერთიანებული სამეფოს პროგნოზით, მომდევნო ათწლეულში, შოტლანდიის 17 პროექტიდან 25 გიგავატი სიმძლავრის წარმოებას შეძლებენ, რაც საბოლოოდ, საუკუნის შუა პერიოდისთვის, ქვეყანაში ნახშირბადის ემისიებს ნულოვან ნიშნულამდე შეამცირებს.

Global Witness: Shell-ის „ნაშირბადის დამჭერი“ ობიექტი ემისიების ახალი წყარო გახდა

ერთ-ერთი ობიექტი იმ მცირე სიიდან, რომელიც ემისიების შესამცირებლად „ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის“ (CCS) ტექნოლოგიას იყენებს, აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტ სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე რეალურად იჭერს. კანადაში მდებარე Quest-ის ქარხანა, რომელიც ნავთობის გიგანტ Shell-ს ეკუთვნის, CCS-ის ტექნოლოგიის წარმატებულ პროექტად ითვლებოდა.

ფოტო: Cole Burston | Bloomberg

Global Witness-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თუ 2015 წლიდან ქარხანამ ატმოსფეროში 5 მილიონი ტონის მოცულობის ნახშირორჟანგის ემისიის გაშვება შეაჩერა, სამაგიეროდ, ამავე პერიოდში, 7,5 მილიონი ტონა სათბურის აირები გამოყო. კვლევის თანახმად, Shell-ის ობიექტის მიერ წარმოქმნილი აირები ყოველწლიურად 1,2 მილიონი ბენზინის ავტომობილის ნახშირბადით დაბინძურების მაჩვენებელს უტოლდება. გამოძიებით დგინდება, რომ ქარხანამ ფუნქციონირების პერიოდში ემისიების მხოლოდ 48%-ის დაფიქსირება მოახერხა, როდესაც ინდუსტრია, მსგავსი ტიპის პროექტებიდან, ნახშირბადის დაჭერის 90%-იანი შედეგს გვპირდება.

გამოძიების საპასუხოდ, Shell-ის წარმოდგენელი CNBC-ის დაუკავშირდა, Global Witness-ის მიერ ჩატარებულ კვლევას „არასწორი“ უწოდა და დასძინა, რომ Quest-ის ქარხანა ემისიების დაახლოებით მესამედის დასაჭერად შეიქმნა. მისივე განცხადებით, Quest-ის ქარხანა სადემონსტრაციო პროექტია CCS-ის ტექნოლოგიის ძირითადი კონცეფციის დასამტკიცებლად და არ განეკუთვნება წყალბადის მწარმოებელ ობიექტებს.

ნავთობის გიგანტის, Shell-ის CCS-ის ტექნოლოგიის ქარხანა 2015 წელს, კანადაში შეიქმნა და Scotford-ის კომპლექსის ნაწილია, სადაც წყალბადი ნავთობის ქვიშის ბიტუმის გადამუშავებისთვის იწარმოება. Quest-ის ქარხნის დაფარვა მთელი ობიექტის ემისიებზე არ ვრცელდება. Shell-მა გასული წლის ივლისში ფართომასშტაბიანი CCS-ის პროექტი, Polaris-ი დააანონსა, რომლის სავარაუდოდ ოპერირებას ათწლეულის შუა პერიოდში დაიწყებს.

რიანას ფონდმა კლიმატის დასაცავად $15 მილიონი გამოყო

ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემას სოციალური სამართლიანობის საკითხად მიიჩნევს და თავისი ფონდიდან, Clara Lionel Foundation-დან, კლიმატური მართლმსაჯულებისთვის  $15 მილიონის გაღება გადაწყვიტა.

ფოტო: ANGELA WEISS/AFP

მომღერლის ქველმოქმედება კარიბის ზღვის შვიდ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯამში 18 კლიმატურ სამართლებრივ ორგანიზაციას , მათ შორის Climate Justice Alliance-ის, Indigenous Environmental Network-სა და Movement for Black Lives-ს დააფინანსებს. რიანას განცხადებით, კლიმატური კატასტროფების სიხშირე და ინტენსივობა განსხვავებულ გავლენას ახდენს საზოგადოებებზე, ფერადკანიანი და კუნძულოვანი ქვეყნების ერებზე კი კლიმატური ცვლილებები განსაკუთრებულად მოქმედებს. მისივე განცხადებით, ფონდი, რომელიც მომღერლის ბებია-ბაბუის სახელს ატარებს, პრიორიტეტად როგორც კლიმატურ მდგრადობას, ასევე კლიმატური მართლმსაჯულების მუშაობას მიიჩნევს.

გრანტები, რომლებიც Twitter-ის თანადამფუძნებლის, ჯეკ დორსის StartSmall philanthropic initiative-თან  პარტნიორობით გაიცემა, ძირითადად ქალების, LGBT და შავკანიანი ლიდერების ჯგუფებზეა ფოკუსირებული. ფონდი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის ჯგუფები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. „დამფინანსებლებმა უნდა ითანამშრომლონ ძირეულ ორგანიზაციებთან და გააცნობიერონ, თუ რა არის საჭირო საკუთარ თემებში კლიმატის სამართლიანობის მისაღწევად“, – ნათქვამია ჯასტინ ლუკასის, Clara Lionel Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *