Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასულ კვირას მეცნიერების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული მედიცინის დარგი აღმოჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ი და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი უშუალოდ ომიკრონის შტამისთვის შექმნილი ვაქცინის კლინიკურ ტესტირებას იწყებენ. ამის პარალელურად Moderna-მ განაცხადა, რომ მალე ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის, იმავე HIV-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას შეუდგება. ამას გარდა გაირკვა, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მომუშავე სტარტაპ Alto Labs-ში 3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

ახლახან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა კოსმოსის ათვისების მიმართულებითაც. NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დანიშნულების ადგილს მიაღწია და მისთვის გათვლილ ორბიტაზე წარმატებით დაიწყო მოძრაობა. ასევე აღსანიშნავია, გამოცემა Icarus-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა, რომლის თანახმადაც, სატურნის მთვარე მიმასზე შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს. მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარი ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მოგიყვებით.

Pfizer-ი და BioNTech-ი ომიკრონის შტამისთვის შექმნილი ვაქცინის გამოცდას იწყებენ

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ი და გერმანული  ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი უშუალოდ ომიკრონის შტამისთვის შექმნილი ვაქცინის კლინიკურ ტესტირებას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაცია Pfizer-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, კვლევის მიზანი პრეპარატის უსაფრთხოებაში დარწმუნება და მისი იმუნოგენურობის შეფასებაა. Pfizer-ის ინფორმაციით, ვაქცინას 18-დან 55 წლამდე 1,420 ჯანმრთელ ადამიანზე გამოცდიან. კომპანიის ცნობით, ცდისპირები სამ სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდებიან.

პირველ ჯგუფში 615 ადამიანი მოხვდება, რომლებიც Pfizer-BioNTech-ის მიერ თავდაპირველად შექმნილი ვაქცინის ორი დოზით კვლევამდე გარკვეული პერიოდით ადრე აიცრნენ. მათ ტესტირებისას სპეციალურად ომიკრონისთვის განკუთვნილი საინიექციო პრეპარატის ერთ ან ორ დოზას გაუკეთებენ.

მეორე ჯგუფში ის 600 ცდისპირი შევა, რომელთაც კვლევამდე Pfizer-BioNTech-ის უკვე ხელმისაწვდომი ვაქცინის სამი დოზა აქვთ გაკეთებული. მათ იმავე პრეპარატის ან ახალი მედიკამენტის ერთი დოზით აცრიან.

რაც შეეხება მესამე ჯგუფს, აქ არავაქცინირებული 200 ადამიანი მოხვდება. როგორც ცნობილია, მათ ომიკრონის საწინააღმდეგო პრეპარატის სამ დოზას გაუკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე Pfizer-ისა და BioNTech-ის მსგავსად სხვა მოწინავე ფარმაცევტული კომპანიები, მათ შორის AstraZeneca და Moderna მუშაობენ. ეს უკანასკნელი პრეპარატის კლინიკურ გამოცდას უახლოეს მომავალში გეგმას.

როგორც ცოტა ხნის წინ Moderna-ს პრეზიდენტმა, სტივენ ჰოგმა განაცხადა, მათი ახალი ვაქცინის ბუსტერული დოზის როგორც ომიკრონთან, ასევე კორონავირუსის კიდევ სამ ვარიანტთან საბრძოლველად გამოყენება იქნება შესაძლებელი. წინასწარი გეგმის მიხედვით, პრეპარატი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) დასამტკიცებლად მარტში უნდა წარუდგინონ.

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ჯეიმს ვების ტელესკოპმა დანიშნულების ადგილს მიაღწია და თავის ორბიტაზე დაიწყო მოძრაობა, რომელიც დედამიწას დაახლოებით 1,6 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. აღნიშნულ ინფორმაციას NASA საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

ილუსტრაცია: Adriana Manrique Guierrez / NASA Animator

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ორბიტაზე შესასვლელი მანევრის შესრულებას 24 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეუდგა. მან ამისთვის ძრავები დაახლოებით ხუთი წუთით აამუშავა. აპარატმა მოძრაობა დედამიწასა და მზეს შორის განლაგებულ, ე.წ ლაგრანჟის მეორე წერტილის (L2) გარშემო დაიწყო. სწორედ აქედან დააკვირდება ტელესკოპი კოსმოსურ ობიექტებს და მათთვის გადაღებულ ფოტოებს დედამიწაზე გამოგზავნის.

შეგახსენებთ, რომ NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში გასული წლის 25 დეკემბერს, რაკეტა Ariane 5-ის დახმარებით სამხრეთ ამერიკაში მდებარე გვიანის კოსმოდრომიდან გაუშვა. ამერიკული ორგანიზაცია მისიას ევროპისა და კანადის კოსმოსურ სააგენტოებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ცნობისთვის, ტელესკოპის აგება დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა.

წინასწარი ინფორმაციით, ჯეიმს ვების ტელესკოპი მისიას 20 წლის განმავლობაში შეასრულებს. ამ პერიოდში აპარატი შეეცდება, სამყაროს ფორმირებისა და ციური სხეულების წარმოშობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, ასევე სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობების მქონე ეგზოპლანეტების აღმოჩენასა და შესწავლაში დაგვეხმაროს.

ჯეფ ბეზოსმა დაბერების საწინააღმდეგო სტარტაპში $3 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა

„ამაზონის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბოლო დროს კოსმოსური ინდუსტრიით დაინტერესდა. ამერიკელი მილიარდერი ადამიანის მომავლის გასაუმჯობესებლად კოსმოსის ათვისებისათვის მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად ჯეფ ბეზოსი დედამიწაზე არსებულ საშუალებებსაც იყენებს.

ცოტა ხნის წინ ბეზოსმა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მომუშავე სტარტაპ Alto Labs-ში 3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. Alto Labs-ი ამერიკული სტარტაპია, რომელიც უჯრედების გაახალგაზრდავებასა და ამის დახმარებით პოტენციურად სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე მუშაობს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმოხილვის თანახმად, Alto Labs-ი რეპროგრამირების ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელსაც უკვე ზრდასრული, სპეციალიზებული უჯრედის ღეროვან უჯრედებად გადაქცევა შეეძლება.

მეცნიერების მოსაზრებით, რეპროგრამირების ტექნოლოგიას მხედველობის დაკარგვის, ზურგის ტვინის დაზიანებების, თავის ტვინისა და ასაკთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობის დიდი პოტენციალი აქვს.

როგორც ჩანს, ჯეფ ბეზოსისათვის დაავადებების პრევენცია და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა მთავარ ინტერესს წარმოადგენს. მულტიმილიარდერს გარდა Alto Labs-ისა კიდევ არაერთ უჯრედული კვლევის სტარტაპში აქვს საკუთარი წილები. იგი Nautilus Biotechnology-ის, Sana Biotechnology-ის, Denali Therapeutics-ისა და Juno Therapeutics-ის ინვესტორიც გახლავთ.

Moderna აივ-ინფექციის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინით კლინიკურ ცდებს იწყებს

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის, იმავე HIV-ის საწინააღმდეგო ვაქცინით კლინიკურ ცდებს იწყებს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი mRNA-ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, ისევე როგორც კომპანიის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო საინიექციო მედიკამენტი. კვლევის დაწყების შესახებ განცხადება Moderna-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ახლახან გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ პრეპარატი არაკომერციულ ორგანიზაციასთან, შიდსის ვაქცინის საერთაშორისო ინიციატივასთან (IAVI) თანამშრომლობით შექმნა. Moderna-ს ინფორმაციით, კლინიკური კვლევის საწყისი ფაზა, რომელიც ცდისპირებისთვის HIV-ის ექსპერიმენტული ვაქცინის პირველი დოზის ინიექციას მოიცავს, აშშ-ში მდებარე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლაში ჩატარდება.

ამერიკული კომპანიის მიზანი მედიკამენტის დახმარებით bnAbs-ის სახელწოდებით ცნობილი ანტისხეულების წარმოქმნის სტიმულირებაა, რომლებიც HIV-1-ის მრავალ ვირუსულ შტამს ანეიტრალებენ. Moderna-ს ვაქცინა B ლიმფოციტებს, რომლებიც იმუნური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, ამ ანტისხეულების გამომუშავებას „ასწავლის“.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმუნოგენი კვლევის ფარგლებში აივ-უარყოფით, ჯანმრთელ 56 ზრდასრულ ადამიანს გაუკეთდება. ის ორგანიზმის იმუნურ პასუხებს გამოიწვევს. ამის შემდეგ კი ცდისპირებს სხეულში გამაძლიერებელ, ბუსტერულ იმუნოგენს შეუყვანენ. ვაქცინის ბოლო დოზის მიღების შემდეგ სპეციალისტები კვლევაში მონაწილეებს ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდებიან, რათა პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში დარწმუნდნენ.

კვლევა: სატურნის მთვარე მიმასზე შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს

გამოცემა Icarus-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ მიმასზე, რომელიც ყინულითაა დაფარული, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს. ასე აშშ-ის ტეხასის შტატში მდებარე სამხრეთ-დასავლეთის კვლევით ინსტიტუტში (SwRI) მომუშავე მეცნიერები ფიქრობენ.

ფოტო: NASA

აღსანიშნავია, რომ მიმასი ბრიტანელმა ასტრონომმა, უილიამ ჰერშელმა 1789 წელს აღმოაჩინა. კვლევის ავტორების განცხადებით, სატურნის მთვარეზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებს მისი ზედაპირის ქვეშ, დაახლოებით 22-32 კილომეტრის სიღრმეზე არსებული თხევადი წყლის ოკეანე უნდა ქმნიდეს. ცნობისთვის, აქამდე მიიჩნეოდა, რომ მიმასი მთლიანად ყინულისგან შედგებოდა.

ობიექტი, რომლის დიამეტრიც 396 კილომეტრს შეადგენს, სატურნის გარშემო ერთი სრული ბრუნის შესრულებას დაახლოებით 22 საათს ანდომებს. ამ დროს ვითარდება პროცესი, რომელსაც სპეციალისტები „მოქცევის გათბობას“ უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ მიმასზე წყლის არსებობას სწორედ მისი ორბიტის თავისებურების გამო ვარაუდობენ. მთვარე სატურნის გარშემო ისე ბრუნავს, რომ მისი ერთი მხარე მუდმივად პლანეტას უყურებს. სწორედ ეს იწვევს „მოქცევის გათბობას“. მოცემული პროცესის დროს ტემპერატურა იზრდება, რაც, მეცნიერების აზრით, მიმასის ზედაპირის ქვეშ წყლის თხევად მდგომარეობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

სამხრეთ-დასავლეთის კვლევით ინსტიტუტში (SwRI) მომუშავე მეცნიერები ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ და მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ, თუმცა მათმა მოსაზრებამ შესაძლოა, სატურნის მთვარის უკეთ შესწავლას დაუდოს სათავე.

შეგახსენებთ, რომ სიცოცხლის არსებობის სავარაუდო მტკიცებულებას გასულ წელს მეცნიერებმა სატურნის კიდევ ერთ მთვარეზე, ენცელადზე მიაგნეს. მკვლევრებმა იქ მეთანის გეიზერები აღმოაჩინეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნივთიერება ენცელადის ზედაპირის ქვეშ არსებული ოკეანიდან იფრქვევა, სადაც, მათი მოსაზრებით, სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი პირობებია.

ზიკა ვირუსის ვაქცინის პრეკლინიკურმა კვლევამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა

გამოცემა npj Vaccines-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზიკა ვირუსის ახალმა ვაქცინამ ცხოველებზე ჩატარებული ცდებისას დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. როგორც კვლევის ორგანიზატორები აცხადებენ, პრეპარატს ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენცია შეუძლია.

ფოტო: WRAIR

კვლევა აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში მდებარე ტრუდოს ინსტიტუტის, ტეხასის ბიოსამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის, ასევე უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც ვაქცინა შეიქმნა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, პრეპარატის შესწავლამ აჩვენა, რომ ის არაორსულთათვის უსაფრთხოა, თუმცა იმის გასარკვევად, თუ რამდენად უვნებელი და ეფექტიანი იქნება მედიკამენტი ფეხმძიმეებისთვის, ასევე მათი ნაყოფისათვის, დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. მეცნიერების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინა ორსულობამდე გაკეთდება, ზიკა ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემის საფრთხე საგრძნობლად შემცირდება.

სპეციალისტებმა ვაქცინა ოთხ მაიმუნს გაუკეთეს. მას შემდეგ, რაც ისინი დაორსულდნენ, ძუძუმწოვრებს ზიკა ვირუსი დაუდასტურდათ. აღსანიშნავია, რომ ვირუსი 12 ნაშიერიდან მხოლოდ ერთს გადაედო, რაც აჩვენებს, რომ ვაქცინა 90%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. მეცნიერებმა მეორე კვლევა თაგვებზე ჩაატარეს. ამ შემთხვევაში ვაქცინამ 80%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა. ახლა მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატს ორსულობის დროს გამოიყენებენ.

ცნობისთვის, უოლტერ რიდის არმიის კვლევით ინსტიტუტში ზიკა ვირუსის ვაქცინის შესაქმნელად იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს, რაც იაპონური ენცეფალიტის საწინააღმდეგო პრეპარატის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *