გასული წლის ივნისში კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა მილიარდერის სტატუსი მოიპოვა და თავი Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაშიც დაიმკვიდრა. შედეგად, NBA-ის ვარსკვლავი, მასთან ერთად კი გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი, ისტორიაში პირველი სპორტსმენები არიან, რომელთა ქონებამაც ათნიშნა ღირებულებას აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში მიაღწია.
ჯეიმსისა და ვუდსის მიერ ორი ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული ქონება მოიცავს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ გამომუშავებულ თანხას. მათი სტატუსის შესაბამისი წარმატებული კარიერა და სხვადასხვა ბრენდთან პარტნიორობები სპორტსმენებმა შთამბეჭდავი საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად გამოიყენეს. ამჟამად კი, მათთან ერთად, Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების 2023 წლის რეიტინგს სპორტული სფეროდან ჯამში 12 ახალწვეული მილიარდერი ჰყავს, რომელთაც სტატუსის მოპოვება სპორტული კარიერით არა, თუმცა სპორტის მზარდი ბიზნესის წყალობით მოახერხეს.
რეიტინგში შესულ პირთა ქონების ზრდა დიდწილად მედიის უფლებებთან დაკავშირებული გარიგებების დამსახურებაა. მაგალითად, გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 100 ყველაზე ხშირად ნახვადი პირდაპირი გადაცემიდან 94 სწორედ სპორტული ღონისძიება იყო. თუმცა რეიტინგი არ ითვალისწინებს ახალი მედიის, მათ შორის Netflix-ის გავლენას, რომელმაც Mercedes-AMG Petronas-ს „ფორმულა 1“-ის გუნდის დირექტორი და თანამფლობელი ტოტო ვოლფი, დოკუმენტური ფილმების წყალობით, მილიარდერად აქცია.
რეიტინგში მოხვედრილი ადამიანების ნაწილისთვის კი სპორტული გუნდი საოჯახო დინასტიის მთავარი აქტივია. მემკვიდრეობით, Las Vegas Raiders-ი მარკ დევისს, Tennessee Titans-ი ემი ადამს სტრანკს, ხოლო New York Yankees-ი ჯორჯ სტეინბრენერის სამ შვილს გადაეცათ, რომელთაც წარმატებით შეძლეს მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, რაც მათ მიერ მიღებულ მოგებებზეც აისახა.
Forbes-ის 2023 წლის მილიარდერების რეიტინგის ახალწვეულები სპორტული სფეროდან:
- რობერტ (ვუდი) ჯონსონი – $3.4 მილიარდი |New York Jets – ამერიკის შეერთებული შტატები
ჯონსონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, სამი წლით გაერთიანებულ სამეფოში ელჩად მსახურობდა, 2021 წელსკი აშშ-ში დაბრუნდა და ოჯახის აქტივების მართვაში ჩაერთო. ჯონსონის ოჯახის საკუთრებაა NFL-ის New York Jets-ი და ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ი.
- ლარი ტანენბაუმი – $2 მილიარდი | Toronto Maple Leafs, Toronto Raptors, Toronto FC, Toronto Argonauts – კანადა
როგორც Maple Leaf Sports & Entertainment-ის მფლობელი, ტანენბაუმი ტორონტოს საუკეთესო გუნდების ნაწილს ფლობს, ესენია: Maple Leafs-ი (NHL), Raptors-ი (NBA), Toronto FC-ი (MLS) და Argonauts-ი (კანადის საფეხბურთო ლიგა). ასევე მის საკუთრებაშია სამშენებლო კომპანია Kilmer Van Nostrand-ი და უძრავი ქონების ფართო პორტფელი.
- დევიდ ბლიცერი – $1.9 მილიარდი | Cleveland Guardians, Real Salt Lake, Philadelphia 76ers, New Jersey Devils, Crystal Palace, Pittsburgh Steelers – ამერიკის შეერთებული შტატები
Blackstone-ის აღმასრულებელი დირექტორი, Apollo Global-ის თანადამფუძნებელ ჯოშ ჰარისთან პარტნიორობით წილებს ფლობს NBA-ის, NHL-ის, პრემიერ-ლიგისა და NFL-ის გუნდებში.
- მარკ დევისი – $1.9 მილიარდი | Las Vegas Raiders – ამერიკის შეერთებული შტატები
2011 წელს მამის, ალ დევისის გარდაცვალების შემდეგ, NFL-ის Las Vegas Raiders-ი მარკ დევისის საკუთრებაში გადავიდა. მფლობელობამდე, მარკი გუნდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა.
- ემი ადამს სტრანკი – $1.7 მილიარდი | Tennessee Titans – ამერიკის შეერთებული შტატები
ემი ადამსი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქალთა შორის, რომელიც NFL-ის გუნდს ფლობს. ადამსის საკუთრებაში Tennessee Titans-ი 2015 წელს, მამის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში გადავიდა, მისი წილის ღირებულებაკი, ამ პერიოდიდან მოყოლებული, 50%-ით გაიზარდა.
- ირვინგ გრუსბეკი – $1.6 მილიარდი |Boston Celtics – ამერიკის შეერთებული შტატები
Continental Cablevision-ის თანადამფუძნებელი საინვესტიციო ჯგუფს, 2003 წელს, Boston Celtics-ის $360 მილიონად შეძენაში დაეხმარა. ახლა გრუსბეკის 30%-იანი წილი, $1.1 მილიარდადაა შეფასებული.
- ჰალ სტეინბრენერი, ჯენიფერ სტეინბრენერ სვინდალი და ჯესიკა სტეინბრენერი – $1.3 მილიარდი | New York Yankees – ამერიკის შეერთებული შტატები
ჯონ სტეინბრენერის სამ შვილს New York Yankees-ი 2010 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაეცათ. იმ დროს, New York Yankees-ი მხოლოდ $1.6 მილიარდად იყო შეფასებული, ახლა კი მისი ღირებულება $7.1 მილიარდს აღწევს.
- ტაიგერ ვუდსი – $1.1 მილიარდი | გოლფი – ამერიკის შეერთებული შტატები
ტაიგერ ვუდსის ქონებამ სამი ათწლეულის განმავლობაში სპორტული კარიერიდან, ტურნირებიდან და პარტნიორობებიდან ათციფრიანი თანხა შეადგინა. შედეგად, გოლფის მოთამაშე მილიარდერი ჯერ კიდევ აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში გახდა.
- ლებრონ ჯეიმსი – $1 მილიარდი | კალათბურთი – ამერიკის შეერთებული შტატები
გასული წლის ივნისში ლებრონ ჯეიმსი NBA-ის პირველი მოქმედი მოთამაშე გახდა, რომელმაც მილიარდერის სტატუსი მოიპოვა. თუმცა კალათბურთელის ქონების სოლიდური ნაწილი მოედანს გარეთ გამომუშავებულ თანხაზე მოდის. ჯეიმსი ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Nike-ი, AT&T-ი და Pepsi.
- ტოტო ვოლფი – $1 მილიარდი | Mercedes-AMG Petronas – ავსტრია
ყოფილმა პილოტმა „ფორმულა 1“-ის გუნდი ჯერ კიდევ 2013 წელს შეიძინა. თუმცა Mercedes-AMG Petronas-ის ხელმძღვანელის ქონების დიდი ნაწილი Netflix-ის დოკუმენტურ სერიალს, Drive to Survive-ს უკავშირდება.