Forbes-ის მილიარდერების 2024 წლის რეიტინგი: ფაქტები და რიცხვები

Forbes-ის მილიარდერების 2024 წლის რეიტინგი: ფაქტები და რიცხვები

ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ჩვენს პლანეტას რეკორდული რაოდენობის, 2781 მილიარდერი ჰყავს, რომელთა საერთო ქონება ასევე რეკორდულ 14.2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 141-ით არის გაზრდილი. 2024 წლის მონაცემი ასევე 26-ით მეტია, ვიდრე წინა რეკორდი, რომელიც 2021 წელს დამყარდა.

გარდა ამისა, მილიარდერები წელს უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ოდესმე. მათი ერთობლივი ქონება, როგორც აღვნიშნეთ, $14.2 ტრილიონს აღწევს, რაც $2 ტრილიონით მეტია 2023 წლის მონაცემთან შედარებით, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდს $1.1 ტრილიონით აჭარბებს.

რეკორდულ ნიშნულს აღწევს ასევე $100-მილიარდიანი კლუბის წევრების რაოდენობა, რომელიც წელს, წინა წელთან შედარებით, ერთით არის გაზრდილი და 14-ს შეადგენს. ამ ჯგუფში შემავალი ადამიანების ქონება საერთო ჯამში 2 ტრილიონი აშშ დოლარად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს 2781 მილიარდერიდან მათი მთელი სიმდიდრის 14% მხოლოდ 0,5% ფლობს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ფრანგი ბერნარ არნოა, რომელიც ზედიზედ მეორე წელია, Forbes-ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. მისი ქონების ღირებულება დაახლოებით 233 მილიარდი აშშ დოლარია, 22 მილიარდი აშშ დოლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს. მისი კონგლომერატის, LVMH-ის მორიგი რეკორდული წლის წყალობით, ის 38 მილიარდი აშშ დოლარით უფრო მდიდარია, ვიდრე სიის მე-2 ნომერი ილონ მასკი. ამ უკანასკნელის ქონება დაახლოებით 195 მილიარდი აშშ დოლარია. მას მე-3 ადგილზე, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მოჰყვება, რომლის ქონება 194 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. (Forbes-მა წლევანდელი რეიტინგისთვის გამოიყენა აქციების ფასები და გაცვლითი კურსი 2024 წლის 8 მარტის მდგომარეობით).

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ორი მესამედი ახლა უფრო მდიდარია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ყველაზე მეტად კი ქონების ზრდა მარკ ცუკერბერგს შეეხო, რომელმაც სიმდიდრეს ერთ წელიწადში $116.2 მილიარდი დაამატა – Meta-ს აქციების თითქმის გასამმაგების წყალობით, ხარჯების შემცირებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ინვესტორების მიერ დადებული დიდი ფსონების ფონზე. Forbes-ის 2024 წლის რეიტინგში ცუკერბერგი მე-4 ადგილს იკავებს. მისი ქონების ღირებულება 177 მილიარდი აშშ დოლარია. უნდა ითქვას, რომ მარკი ასეთი მდიდარი არასდროს ყოფილა. რეიტინგის ხუთეულს Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი ასრულებს, რომლის ქონება 141 მილიარდი აშშ დოლარია.

ხელოვნური ინტელექტის ციებ-ცხელებამ სიაში ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე ათზე მეტი ახალწვეულის დამატებას შეუწყო ხელი. მათ შორის არიან Super Micro Computer-ის ჩარლზ ლიანგი $6.1 მილიარდი) და მისი მეუღლე, სარა ლიუ ($1.5 მილიარდი); Advanced Micro Device-ის (AMD) ლისა სუ (1.3 მილიარდი დოლარი); და Nvidia-ს ჰარვი ჯონსი ($1 მილიარდი).

OpenAI-ის სემ ოლტმენი ასევე მილიარდერი გახდა ინვესტიციების წყალობით, რომელიც მან სტარტაპ ინკუბატორის Y Combinator-ის პრეზიდენტობის პერიოდში, 2014 წლიდან 2019 წლამდე განახორციელა. ადრეული ფსონით Stripe-ზე, ასევე წილების მეშვეობით Reddit-სა და ბირთვული შერწყმის სტარტაპში Helion-ში.

კიდევ უფრო გამდიდრდნენ ცნობილი სახეები. მათ შორის გამოსარჩევია ტეილორ სვიფტი, რომელიც 2024 წლის რეიტინგს $1.1 მილიარდით შეუერთდა. ის არის პირველი მუსიკოსი, რომელმაც სიაში მოხვედრა მხოლოდ სიმღერების ავტორობისა და შესრულების საფუძველზე გააკეთა.

განახლებულ რეიტინგში მთლიანობაში 265 ახალი სახეა. მათ შორის ყველაზე მდიდარი იტალიელი ანდრეა პიგნატაროა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა ION Group-ის უკან დგას. მისი ქონება 27.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რეკორდული 813 წარმომადგენლით, რომელთა საერთო ქონება 5.7 ტრილიონი აშშ დოლარია. მეორე ადგილზე ჩინეთი რჩება, აზიურ ქვეყანაში არსებული პრობლემების მიუხედავად. მას სიაში 473 წარმომადგენელი ჰყავს (ჰონგ-კონგის ჩათვლით), რომელთა საერთო ქონება 1.7 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბოლო პერიოდში მკვეთრად იზრდება ინდოელ მილიარდერთა რაოდენობა და ამჟამად 200-ს უტოლდება. მათი საერთო ქონების ღირებულება $954 მილიარდია.

მილიარდერთა რეიტინგში ქალების რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება კაცებისას. 2781 მილიარდერიდან ისინი მხოლოდ 369-ს შეადგენენ, ანუ დაახლოებით 13%-ს, ისევე როგორც გასულ წელს. უმდიდრესი ქალი კვლავ ფრანსუაზ ბეტანკურ-მაიერსია, L’Oréal-ის მემკვიდრე. მისი ქონება 99.5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. უმდიდრეს თვითშემდგარ ქალად კი რაფაელა აპონტე-დიამანტი რჩება 33.1 მილიარდი დოლარით. ის გადაზიდვების ბიზნესშია ჩართული.

მთლიანობაში, მილიარდერთა 66% თვითშემდგარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ქონება საკუთარი ბიზნესის ან საქმიანობის შედეგად დააგროვეს და არა მემკვიდრეობით. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ეს მაჩვენებელი 69%-ს უტოლდებოდა.

მილიარდერების საშუალო ასაკი 66 წელია. სიის ყველაზე ხანდაზმული წევრი, 102 წლის ჯორჯ ჯოზეფია (1.7 მილიარდი დოლარი), რომელიც სადაზღვევო ბიზნესშია ჩართული. ის ერთ-ერთია 425 მილიარდერიდან, რომელთა ასაკი 80 წელს აჭარბებს. ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 19 წლის ლივია ვოიგტია, ბრაზილიელი მემკვიდრე, რომლის ბაბუა ელექტრო მოწყობილობების მწარმოებელი WEG-ის თანადამფუძნებელი იყო.

სიაში 25 ადამიანი 33 წლის ან უმცროსია, თუმცა მათ შორის მხოლოდ 7-ია თვითშემდგარი.

აღსანიშნავია, რომ გაკოტრებამ, სკანდალმა და აქციების კრახებმა Forbes-ის სიას 189 ადამიანი ჩამოაშორა. მათ შორის: Bolt-ის რაიან ბრესლოუ და Evergrande Group-ის თავმჯდომარე ჰუი კა იანი. 2023 წლის სიიდან 32 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტიან პინერა, Intel-ის თანადამფუძნებელი გორდონ მური, ინვესტორი ჩარლი მანგერი და მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯიმი ბაფეტი.