illustration by Alice Lagarde for Forbes
Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიას კვლავ 41 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს, რომელიც, გამოცემის შეფასებით, „ალ ნასრში“ $250 მილიონს გამოიმუშავებს. დამატებით $50 მილიონს კი რონალდუ მოედანს მიღმა კონტრაქტებითა და ბიზნესსაქმიანობებით მიიღებს. რეიტინგის მეორე ადგილზე, $145 მილიონით, კვლავ არგენტინელი ლიონელ მესია.
Forbes-ის შეფასებით, უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში უკვე მეთორმეტედ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგის უმაღლეს ადგილებს რონალდუ და მესი ინაწილებენ. ამასთან, ორივე მათგანმა წელს მილიარდერის სტატუსი მოიპოვა. ამერიკული გამოცემა კრიშტიანუს ქონებას $1.2 მილიარდად, ხოლო არგენტინელისას — $1.1 მილიარდად აფასებს.
გარდა ამისა, კრიშტიანუ წელს პირველი მოქმედი სპორტსმენიც გახდა, რომლის მიერ კარიერის განმავლობაში გამომუშავებულმა თანხამ $2 მილიარდს გადააჭარბა. Forbes-ის პროგნოზით, $2-მილიარდიან ნიშნულს მომდევნო წელს გადააჭარბებს მესიც, რომელიც MLS-ის „ინტერ მაიამიში“ $70 მილიონს, დამატებით მოედნის მიღმა საქმიანობიდან კი $75 მილიონს მიიღებს. ცნობისთვის, მესიმ არგენტინის მაისურით ბოლო სანაკრებო თამაში 6 ოქტომბერს ბენინის წინააღმდეგ ჩაატარა, რონალდუს სანაკრებო მომავალი კი ამ ეტაპისთვის გაურკვეველი რჩება.
რაც შეეხება 2026 წლის რეიტინგს, Forbes-ის წინასწარი დათვლებით, საერთო ჯამში, მსოფლიოს ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 2026-2027 წლების სეზონში დაახლოებით $942 მილიონს გამოიმუშავებს, რაც მცირედით ჩამორჩება გასული წლის $945-მილიონიან მაჩვენებელს. მიუხედავად ამისა, სიის ათეულიდან ცხრა ფეხბურთელი წელს უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე შარშან.
შემოსავლის საერთო მაჩვენებლის შემცირების მთავარი მიზეზი რეიტინგის ათეულიდან ქარიმ ბენზემას ამოვარდნაა. ფრანგმა თავდამსხმელმა გასულ წელს დაახლოებით $104 მილიონი გამოიმუშავა, თუმცა ამჟამად ის თავისუფალი აგენტია. შედეგად, რონალდუსთან ერთად, საუდის არაბეთის ჩემპიონატს ათეულში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, სადიო მანე, დარჩა. სენეგალელი, რომელიც „ალ ნასრში“ ირიცხება, $54 მილიონის სავარაუდო შემოსავლით მე-7 ადგილზეა.
ბენზემას ადგილს კი ათეულში მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი იკავებს. Forbes-ის მიერ კეინის შემოსავალი $42 მილიონადაა შეფასებული. შედეგად, ინგლისელი ფეხბურთელი რეიტინგში 2023 წლის შემდეგ პირველად მოხვდა.
Forbes-ის 2026 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მესამე პოზიციას ფრანგი კილიან მბაპე იკავებს. მადრიდის „რეალის“ 27 წლის ფეხბურთელი, Forbes-ის გათვლებით, $100 მილიონს გამოიმუშავებს. სექტემბერში მბაპემ თითქმის 20-წლიანი პარტნიორობა დაასრულა Nike-თან და შვეიცარიული ბრენდის, On-ის, სახე გახდა. მბაპეს რეიტინგში $85 მილიონით ნორვეგიელი ერლინგ ჰალანდი მოჰყვება, ხუთეულს კი ბრაზილიელი ვინისიუს ჯუნიორი ასრულებს.
Forbes-ის წლევანდელ ათეულში ასევე ვხვდებით „ბარსელონას“ 19 წლის ფეხბურთელს, ლამინ იამალს. ესპანელი მოედანზე $35 მილიონს გამოიმუშავებს, დამატებით $20 მილიონს კი მოედანს მიღმა საქმიანობებიდან მიიღებს. მათ შორისაა ახალი სარეკლამო ხელშეკრულებები ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა American Eagle-ი, Coca-Cola და McDonald’s–ი. ცნობისთვის, იამალის ჩათვლით, რეიტინგში ესპანეთის „ლა ლიგის“ ოთხი ფეხბურთელია. მათგან სამი „რეალიდანაა“: მბაპე, ვინისიუსი და ჯუდ ბელინგემი. ეს უკანასკნელი $45 მილიონის სავარაუდო შემოსავლით მერვე ადგილზეა.
მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 2026-27 წლების სეზონში
#1. 300 მილიონი დოლარი
კრიშტიანუ რონალდუ
ასაკი: 41 | კლუბი: ალ ნასრი | ქვეყანა: პორტუგალია | მოედანზე: $250 მილიონი • მოედნის გარეთ: $50 მილიონი

#2. 145 მილიონი დოლარი
ლიონელ მესი
ასაკი: 39 | კლუბი: ინტერ მაიამი | ქვეყანა: არგენტინა | მოედანზე: $70 მილიონი • მოედნის გარეთ: $75 მილიონი
.jpg?auto=webp&format=pjpg&width=3840&quality=60)
#3. 100 მილიონი დოლარი
კილიან მბაპე
ასაკი: 27 | კლუბი: მადრიდის რეალი | ქვეყანა: საფრანგეთი | მოედანზე: $70 მილიონი • მოედნის გარეთ: $30 მილიონი

#4. 85 მილიონი დოლარი
ერლინგ ჰაალანდი
ასაკი: 26 | კლუბი: მანჩესტერ სიტი | ქვეყანა: ნორვეგია | მოედანზე: $60 მილიონი • მოედნის გარეთ: $25 მილიონი

#5. 76 მილიონი დოლარი
ვინისიუს ჯუნიორი
ასაკი: 26 | კლუბი: მადრიდის რეალი | ქვეყანა: ბრაზილია | მოედანზე: $48 მილიონი • მოედნის გარეთ: $28 მილიონი

#6. 55 მილიონი დოლარი
ლამინ იამალი
ასაკი: 19 | კლუბი: ბარსელონა | ქვეყანა: ესპანეთი | მოედანზე: $35 მილიონი • მოედნის გარეთ: $20 მილიონი
,fit(1920:)&format=webp)
#7. 54 მილიონი დოლარი
სადიო მანე
ასაკი: 34 | კლუბი: ალ ნასრი | ქვეყანა: სენეგალი | მოედანზე: $50 მილიონი • მოედნის გარეთ: $4 მილიონი

#8. 45 მილიონი დოლარი
ჯუდ ბელინგემი
ასაკი: 23| კლუბი: მადრიდის რეალი | ქვეყანა: ინგლისი | მოედანზე: $29 მილიონი • მოედნის გარეთ: $16 მილიონი

#9. 42 მილიონი დოლარი
ჰარი კეინი
ასაკი: 33 | კლუბი: მიუნხენის ბაიერნი | ქვეყანა: ინგლისი | მოედანზე: $29 მილიონი • მოედნის გარეთ: $13 მილიონი

#10. 40 მილიონი დოლარი
მოჰამედ სალაჰი
ასაკი: 34 | კლუბი: ტრაბზონსპორი | ქვეყანა: ეგვიპტე | მოედანზე: $20 მილიონი • მოედნის გარეთ: $20 მილიონი









