ყველაზე მდიდარი ქვეყნები PPP-ისა და საათობრივი ანაზღაურების გათვალისწინებით

ყველაზე მდიდარი ქვეყნები PPP-ისა და საათობრივი ანაზღაურების გათვალისწინებით

ფოტო: Shutterstock

 

ეკონომისტები და ფინანსისტები ხშირად დავობენ იმის შესახებ, თუ რომელია მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა. როგორც წესი, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ძირითად მაჩვენებლად ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ითვალისწინებენ. თუმცა რეალური პასუხის გასაგებად ისეთი ცვლადებიც უნდა გაანალიზდეს, როგორებიცაა მსყიდველობითი უნარის პარიტეტი და ნამუშევარი საათების რაოდენობა.

ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინება მდიდარი ქვეყნების რეიტინგს მნიშვნელოვნად ცვლის და ყველაზე რეალურ სურათს აჩვენებს. სტატიაში სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შედგენილი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოების რეიტინგს წარმოგიდგენთ.

იქიდან გამომდინარე, რომ სამი კრიტერიუმი: ერთ სულ მოსახლეზე – მშპ, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი და ნამუშევარი საათების რაოდენობა – დიდი მოცულობის და რთულად შესადგენი მაჩვენებლებია, სტატია 2025 წლის მონაცემებს ეფუძნება. რეიტინგის შესადგენად ხელმისაწვდომი უახლესი კომბინირებული მონაცემები სწორედ The Economist-ის 2025 წლის ანგარიშს ეფუძნება.

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (ინგლისურად Purchasing Power Parity (PPP)) არის სხვადასხვა ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია. რადგან ქვეყნებს შორის ფასებში სხვაობაა, ერთი და იმავე რაოდენობის ფულს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს. შესაბამისად, ღარიბ ქვეყნებში ფულს მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობით უნარს ათანაბრებს იმ მიზნით, რომ ქვეყნების მონაცემები ერთმანეთთან უკეთ შესადარისი გახდეს.

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის რეიტინგს, $103,670-ით, შვეიცარია ლიდერობს. მის შემდეგ მოდიან სინგაპური ($90,674) და ნორვეგია ($86,810). შეგახსენებთ, რომ ეს მაჩვენებლები ეროვნულ პროდუქტს საბაზრო გაცვლითი კურსების მიხედვით, ადგილობრივი ფასების გათვალისწინების გარეშე აშშ დოლარში გარდაქმნის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა, ის $85,810-ით რეიტინგის მეოთხე ადგილს იკავებს.

რეიტინგიქვეყანამშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი)
1შვეიცარია103,670
2სინგაპური90,674
3ნორვეგია86,810
4აშშ85,810
5ისლანდია82,704
6კატარი76,276
7მაკაუ73,047
8დანია71,852
9ნიდერლანდები68,219
10ავსტრალია64,407
11შვედეთი57,723
12ავსტრია56,833
13ბელგია55,955
14გერმანია55,800
15კანადა54,283

რაც შეეხება PPP-ის გათვალისწინებით უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგს, აქ უკვე სურათი მნიშვნელოვნად იცვლება. ამ რეიტინგში პირველ ადგილს ერთ სულ მოსახლეზე $150,689-ით სინგაპური იკავებს. მეორე ადგილზე მაკაუ ($128,268), ხოლო მესამეზე კატარი ($126,110) იმყოფება.

წინა რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი შვეიცარია, PPP-ის გათვალისწინების შემდეგ $93,819-ით მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა. საინტერესოა გაიანის შემთხვევა: ქვეყნის რეიტინგი PPP-ის გათვალისწინებით 38-ე ადგილიდან ($29,884) მე-9 პოზიციაზე ($79,906) დაწინაურდა.

მიუხედავად მაჩვენებლის შენარჩუნებისა, აშშ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით რეიტინგის მეშვიდე პოზიციაზე დაქვეითდა. აშშ-ის მაჩვენებლის შენარჩუნებას მსყიდველობითი უნარის საზომად დოლარის ($) არსებობა განაპირობებს.

რეიტინგიქვეყანამშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი, PPP)
1სინგაპური150,689
2მაკაუ128,268
3კატარი126,110
4ნორვეგია101,032
5შვეიცარია93,819
6ბრუნეი90,007
7აშშ85,810
8ნიდერლანდები84,218
9გაიანა79,906
10დანია79,514
11ისლანდია78,259
12UAE77,959
13ჰონგ-კონგი75,216
14ანდორა74,939
15გერმანია72,300

რეიტინგის საბოლოო კორექტირება უპირატესობას ანიჭებს იმ ეკონომიკებს, რომლებიც დასაქმების საათებთან მიმართებით მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევიან. The Economist-ი ერთ სულ მოსახლეზე PPP-ის კორექტირებულ მშპ-ის მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე ნამუშევარ საათებზე ყოფს, რაც ნორვეგიას $114,804-ით რეიტინგის სათავეში აქცევს. ეს კორექტირება ხაზს უსვამს, თუ როგორ იცვლება რეიტინგი, როდესაც გათვალისწინებულია სამუშაო დროის სხვაობა და არა მხოლოდ ერთ მოსახლეზე ეკონომიკური მდგომარეობა.

სამუშაო საათების მიხედვით დაკორექტირებულ საბოლოო რეიტინგში ბელგია PPP-ზე დაფუძნებული სიის მე-16 პოზიციიდან ($72,126) მეოთხე პოზიციაზე ინაცვლებს ($90,179). დიდი წინსვლა აქვს ამ მხრივ საფრანგეთსაც, რომელიც 25-ე პოზიციიდან მე-14-ზე დაწინაურდა.

სანაცვლოდ, სინგაპური პირველი პოზიციიდან მერვეზე ჩამოქვეითდა ($85,552), რაც ნიშნავს, რომ აქ ერთ სულ მოსახლეზე მაღალი პროდუქტიულობა იმას უკავშირდება, რომ მოსახლეობის თითოეული წევრი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე მეტ დროს ატარებს სამსახურში.

რეიტინგიქვეყანასაათობრივად კორექტირებული მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი, PPP)
1ნორვეგია114,804
2კატარი111,369
3დანია92,288
4ბელგია90,179
5შვეიცარია89,471
6აშშ87,550
7ნიდერლანდები87,117
8სინგაპური85,552
9ისლანდია84,803
10გერმანია84,325
11UAE83,932
12ავსტრია78,338
13მაკაუ78,043
14საფრანგეთი77,897
15საუდის არაბეთი77,213

საბოლოოდ, მდიდარი ქვეყნების რეიტინგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაზომვას ვცდილობთ. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მშპ ეკონომიკური პროდუქტიულობის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს, თუმცა ფასები, PPP-ის კორექტირება და სამუშაო საათებში არსებული განსხვავებები მნიშვნელოვან კონტექსტს ქმნის რეალური სიმდიდრის დასადგენად.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.