Forbes: NBA-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდები 2026 წლისთვის

Forbes: NBA-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდები 2026 წლისთვის

ფოტო: Getty Images

 

ამერიკულმა Forbes-მა 2026 წლისთვის NBA-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების რეიტინგი გამოაქვეყნა. ზედიზედ უკვე მეხუთე წელია, სიაში პირველობას Golden State Warriors-ი ინარჩუნებს. გამოცემის შეფასებით, გუნდის ღირებულება 2026 წლისთვის $13.5 მილიარდს შეადგენს, რაც 2025 წელთან შედარებით 23%-იანი ზრდაა.

საერთო ჯამში, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, 30 საკალათბურთო კლუბის კოლექტიური ღირებულება რეკორდულ ნიშნულს აღწევს. წლევანდელ რეიტინგში NBA-ის ერთი გუნდის საშუალო ღირებულება $6.1 მილიარდს უტოლდება, რაც გასულ წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა, ხოლო 2021 წლის $2.5 მილიარდთან შედარებით — 147%-იანი.

სიაში Golden State Warriors-ს New York Knicks-ი მოსდევს, $12.6-მილიარდიანი ღირებულებით, რაც წლიურად 29%-იანი ზრდაა, ხოლო მესამე პოზიციას ახლა უკვე Los Angeles Lakers-ი იკავებს, რომლის $12.5 მილიარდად გაყიდვამ საკალათბურთო სამყაროში დიდი ინტერესი გამოიწვია.

NBA-ში გუნდების მფლობელთა ცვლილება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. კლუბების საკონტროლო წილის მფლობელთა დაახლოებით ორ მესამედს საკუთრება, სულ მცირე, ათი წელია აქვს შენარჩუნებული. თუმცა 2026 წლის აგვისტო ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა. კერძოდ, ერთ თვეში ორი მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ გახდა ცნობილი.

მილიარდერმა ინვესტორმა ჯოშ კუშნერმა და „დისნეის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა Los Angeles Lakers-ის საკონტროლო პაკეტი მარკ უოლტერისგან $12.5 მილიარდად შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ თავად უოლტერმა ბასების ოჯახისგან კლუბის გამოსყიდვის პროცესი ათი თვით ადრე დაასრულა. ამ პერიოდში Los Angeles Lakers-ის ღირებულება $10 მილიარდიდან $12.5 მილიარდამდე გაიზარდა.

მეორე მნიშვნელოვანი გარიგების ფარგლებში კი მარკ ლორიმ Minnesota Timberwolves-ისა და Minnesota Lynx-ის საკონტროლო წილი ჯამში $4.5 მილიარდად გაყიდა. ცნობისთვის, მან ორივე კლუბი 2021 წელს $1.5 მილიარდად შეიძინა. თუმცა ორივე გარიგებას საბოლოო დამტკიცებისთვის ჯერ NBA-ის მმართველი საბჭოს თანხმობა სჭირდება.

2026 წლისთვის NBA-ის მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული გუნდი Los Angeles Clippers-ია, $7.8-მილიარდიანი შეფასებით. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ სახელფასო ლიმიტის წესების დარღვევასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გუნდს სანქციები დაეკისრა, რაც მომდევნო რამდენიმე სეზონში მის კონკურენტუნარიანობაზე იმოქმედებს.

Forbes-ის შეფასებით, NBA-ის 30 ყველაზე ძვირადღირებული გუნდის რეიტინგში მოსახვედრად წელს, სულ მცირ,ე $4-მილიარდიანი შეფასება იყო საჭირო. ხოლო ბოლო ხუთ წელიწადში NBA-ის კლუბის შესაძენად საჭირო მინიმალური თანხა $1.5 მილიარდიდან $4 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 167%-იან მატებას ნიშნავს.

ინვესტორებს განსაკუთრებით NBA-ის ბიზნესის სწრაფი ზრდა იზიდავს. Forbes-ის შეფასებით, 2025-2026 წლების რეგულარულ სეზონში NBA-ის საერთო შემოსავალმა $14 მილიარდს მიაღწია. ამ მაჩვენებელში შედის კლუბების მოედნის მიღმა ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავალიც. ეს კი წლიურად დაახლოებით 12%-იანი მატებაა და ლიგის ახალი, 11-წლიანი სატელევიზიო ხელშეკრულების პირველ სეზონს ემთხვევა. ცნობისთვის, შეთანხმების საერთო ღირებულება $76 მილიარდს შეადგენს.

NBA-ის 10 ყველაზე ძვირადღირებული გუნდი

#1. $13.5 მილიარდი
Golden State Warriors
ერთწლიანი ცვლილება: 23% | შემოსავალი: 942 მილიონი დოლარი | საოპერაციო შემოსავალი: 364 მილიონი დოლარი | მფლობელები: ჯო ​​ლაკობი, პიტერ გუბერი

Scott Strazzante/San Francisco Chronicle/Getty Images

#2. $12.6 მილიარდი
New York Knicks
ერთწლიანი ცვლილება: 29% | შემოსავალი: $640 მილიონი | საოპერაციო შემოსავალი: $140 მილიონი | მფლობელი: Madison Square Garden Sports

Emilee Chinn/Getty Images

#3. $12.5 მილიარდი
Los Angeles Lakers
ერთწლიანი ცვლილება: 25% | შემოსავალი: 626 მილიონი დოლარი | საოპერაციო შემოსავალი: 248 მილიონი დოლარი | მფლობელები: ჯერი ბასის ოჯახის ტრასტი, მარკ უოლტერი, ტოდ ბოული

Allen J. Schaben/Los Angeles Times/Getty Images

#4. $7.8 მილიარდი
Los Angeles Clippers
ერთწლიანი ცვლილება: 4% | შემოსავალი: 602 მილიონი დოლარი | საოპერაციო შემოსავალი: 119 მილიონი დოლარი | მფლობელი: სტივ ბალმერი

#5. $7 მილიარდი
Boston Celtics
ერთწლიანი ცვლილება: 4% | შემოსავალი: 511 მილიონი | საოპერაციო შემოსავალი: $209 მილიონი | მფლობელები: ბილ ჩისჰოლმი, გროუსბეკების ოჯახი

#6. $6.7 მილიარდი
Chicago Bulls
ერთწლიანი ცვლილება: 12% | შემოსავალი: 482 მილიონი დოლარი | საოპერაციო შემოსავალი: 177 მილიონი დოლარი | მფლობელი: ჯერი რეინსდორფი

#7. $6.6 მილიარდი
Houston Rockets
ერთწლიანი ცვლილება: 12% | შემოსავალი: $523 მილიონი | საოპერაციო შემოსავალი: $178 მილიონი | მფლობელი: ტილმან ფერტიტა

#8. $6.5 მილიარდი
Brooklyn Nets
ერთწლიანი ცვლილება: 16% | შემოსავალი: $467 მილიონი | საოპერაციო შემოსავალი: $119 მილიონი | მფლობელები: ჯოზეფ ცაი, კოხების ოჯახი

#9. $6.4 მილიარდი
Philadelphia 76ers
ერთწლიანი ცვლილება: 17% | შემოსავალი: $529 მილიონი | საოპერაციო შემოსავალი: $224 მილიონი | მფლობელები: ჯოშ ჰარისი, დევიდ ბლიცერი

#10. $6.1 მილიარდი
Miami Heat
ერთწლიანი ცვლილება: 7% | შემოსავალი: $414 მილიონი | საოპერაციო შემოსავალი: $97 მილიონი | მფლობელი: მიკი არისონი