ფოტო: Lopota Lake
ამერიკული Forbes-ი საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის ფოკუსშიც Lopota Lake Resort & Spa და მისი დამფუძნებლის ქალიშვილები – ანა და ელენე მაისურაძეები არიან. როგორც გამოცემა წერს, მათი ხედვა თანამედროვე ქართული სტუმარმასპინძლობის ახალ სტანდარტს აყალიბებს. Forbes-ი დაინტერესდა, როგორ აქციეს დებმა მაისურაძეებმა კახეთში მივიწყებული ტბა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ კურორტად.
„ლოპოტას“ ისტორია 2008 წელს იწყება, როდესაც ბიზნესმენმა გოგა მაისურაძემ კახეთში, მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ათვისებულ ტერიტორიაზე, მცირე, შვიდნომრიანი სასტუმრო გახსნა. ეს გადაწყვეტილება იმ დროისთვის სარისკოც კი იყო, თუმცა დღეს პროექტი 60 ჰექტარზე გადაჭიმულ მრავალფუნქციურ კურორტად არის ჩამოყალიბებული – 311 ნომრით, ჯაზკლუბით, აკვაპარკით, სლავური აბანოთი, ექვსი საცურაო აუზით, ცხენების თავლით, ყინულის მოედნით, სრულფასოვანი სპა და ველნეს–ცენტრით და საკუთარი ღვინის წარმოებით.
გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „ლოპოტა“ ახლახან გახდა ერთ-ერთი იმ შვიდი ობიექტიდან საქართველოში, რომელმაც MICHELIN Key მიიღო, რაც Michelin Guide-ის მიხედვით სტუმარმასპინძლობის სექტორში გამორჩეული არქიტექტურის, დიზაინისა და უნიკალური კონცეფციის აღიარებაა.
„ამას არ ველოდი. მახსოვს, უფრო მეტად იმაზე ვფიქრობდი, ნამდვილად ვჯდებოდით თუ არა ამ სისტემაში. რადგან „ლოპოტა“ არასდროს აგვიშენებია ასეთი სტანდარტების გათვალისწინებით – ჩვენ უბრალოდ ისე ვაკეთებდით საქმეს, როგორც ამ ადგილისთვის სწორად მიგვაჩნდა,“ – ასე აფასებს ამ აღიარებას თავად ანა მაისურაძე.

Forbes-ი წერს, რომ კურორტის განვითარებაში გარდამტეხი ეტაპი დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, როდესაც მართვა მისმა შვილებმა – ანამ და ელენემ გადაიბარეს. ანა პარიზში ფოტოგრაფიასა და კინოხელოვნებას სწავლობდა. ელენეც სულ სხვაგან იყო. არც ერთს არ ჰქონდა ზუსტად გააზრებული, რომ ასე მოხდებოდა.
„ეს არ ყოფილა ძალიან სტრუქტურირებული გადაწყვეტილება,“ – ამბობს ანა. „უბრალოდ ვიცოდი, რომ აქ უნდა ვყოფილიყავი. არა მხოლოდ პასუხისმგებლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ადგილი ჩვენთვის არასდროს ყოფილა უბრალოდ პროექტი.“
გამოცემა წერს, რომ რაც დებმა მემკვიდრეობით მიიღეს, დასრულებული პროდუქტი არ ყოფილა. და, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს იყო მთავარი. Forbes-ის შეფასებით, მათი მიდგომა კლასიკური „გაფართოების სტრატეგიისგან“ განსხვავდება. დების მიზანი არ არის მხოლოდ მასშტაბის ზრდა, არამედ ადგილის ავთენტურობის შენარჩუნება.
„თუ რამე პასუხისმგებლობა მქონდა, ეს იყო არ დამერღვია ის, რაც უკვე არსებობდა – ადგილის განცდა, ბუნებასთან კავშირი და ის, როგორ აღიქვამენ მას ადამიანები,“ – განმარტავს ანა Forbes-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, კინოსა და ფოტოგრაფიაში გამოცდილებამ გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ აღიქვამს სივრცეს და იმას, თუ როგორ არის ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული.
როგორც ინტერვიუდან ჩანს, ელენე პროცესს განსხვავებული, მაგრამ არა წინააღმდეგობრივი კუთხით უყურებს. იქ, სადაც ანა სივრცის ატმოსფეროს კითხულობს, ელენე ფიქრობს, როგორ მუშაობს ის დროში.
„ანა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, როგორ იგრძნობა სივრცე,“ – ამბობს ის. „მე უფრო იმაზე ვფიქრობ, როგორ ფუნქციონირებს – ყოველდღიურ რეჟიმში. ზოგჯერ ვცდილობ, ყველაფერი უფრო მარტივი და პრაქტიკული გავხადო.“
როგორც თავად აღნიშნავს, ეს უფრო ბუნებრივი ბალანსია, ვიდრე მკაფიო ფუნქციური გაყოფა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ლოპოტას“ კონცეფცია აგებულია ბუნებასთან ჰარმონიაზე, დეტალებზე და ადგილობრივ კულტურულ ელემენტებზე. Forbes-ი წერს, რომ პროექტის გაფართოებისას მთავარი კითხვა ყოველთვის იყო – შეინარჩუნებდა თუ არა სივრცე თავის იდენტობას?
განახლების პროცესს რამდენიმე ქართული კომპანია ხელმძღვანელობდა, რომლებსაც ამ იდენტობის შესანარჩუნებლად გარკვეული დროის ადგილზე გატარება სთხოვეს, რათა ყველაფერს უკეთესად დაჰკვირვებოდნენ – ევლოთ ტერიტორიაზე, დაენახათ სინათლის მოძრაობა, ეგრძნოთ სივრცე.
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ „ლოპოტა“ არ არის ადგილი, რომელსაც შენს იდეებს უბრალოდ თავს მოახვევ. მას უკვე აქვს საკუთარი ხასიათი, საკუთარი რიტმი. და თუ ამას თავიდანვე ვერ გააცნობიერებ, ძალიან მარტივია შექმნა რაღაც, რაც თავისთავად შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს, თუმცა აქაურობას არ ეკუთვნოდეს,“ – აღნიშნავს ანა.
დიზაინში გამოყენებული მასალები და პალიტრა პირდაპირ ეხმიანება გარემოს: კახეთის ნიადაგის თიხის ტონები, ფისტასფერი მწვანე ტბისპირა ლანდშაფტიდან, რომელიც დღის განმავლობაში იცვლება, სელი, თექა და, რა თქმა უნდა, ქვევრი.
311-ნომრიანი კურორტის მმართველები სტუმრებთან ურთიერთობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მათი თქმით, „ლოპოტას“ გუნდი ქართული სტუმარმასპინძლობის სპეციფიკურ კონცეფციას იზიარებს, რომლის მიხედვითაც, სტუმარი საჩუქარია. „თუ ამას ინსტრუქციებად აქცევ, ბუნებრიობას დაკარგავს,“ – ამბობს ელენე. „არსებობს სტანდარტები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ იქცევიან ადამიანები რეალურად.“ მისივე თქმით, ბევრი თანამშრომელი „ლოპოტაში“ 2008 წლიდან მუშაობს და სწორედ ეს უწყვეტობა ინარჩუნებს ურთიერთობებში ადამიანურობას.
გამოცემა ასევე ყურადღებას ამახვილებს კურორტის მეღვინეობის მიმართულებაზე – Château Buera-ზე, რომელიც „ლოპოტას“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი შექმნა გოგა მაისურაძემ დაიწყო, დღეს კი მის საქმეს შვილები აგრძელებენ. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ ტურისტული პროდუქტი, არამედ ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებაა.
ანა მომავალს „დასრულებულ პროექტად“ არ ხედავს. მისი ხედვით კურორტი გაიზრდება, თუმცა უფრო სიღრმით, ვიდრე მასშტაბით. შესაძლებელია ახალი პროექტებიც – საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ – მაგრამ არა როგორც „ლოპოტას“ ასლების შექმნა.
„კახეთში „ლოპოტა“ ბევრისთვის გახდა მიზეზი, რომ რეგიონი აღმოეჩინათ. კარგი იქნებოდა, ეს სხვაგანაც გავიმეოროთ – კვლავაც ბუნებრივასთან ჰარმონიაში.“











