აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა – რა გაძვირდა?

აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა – რა გაძვირდა?

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1.7% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5.9%-ით განისაზღვრა.

როგორ ჩამოყალიბდა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი? 

წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ყველაზე დიდი წვლილი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ შეიტანა. ამ ჯგუფში ფასები 7.5%-ით გაიზარდა, რაც მთლიან ინფლაციაზე 2.58 პროცენტული პუნქტით აისახა. განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა თევზეულზე (21.3%), რასაც მოსდევს ხილი და ყურძენი (11.8%), ხორცი და ხორცპროდუქტები (10.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3%), პური და პურპროდუქტები (7.7%), შაქარი და ტკბილეული (7.3%), ზეთი და ცხიმი (6.3%), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.2%) და მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები (0.8%).

შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტრანსპორტის გაძვირებამ იქონია — ფასები 10.3%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ზრდა ძირითადად პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის (15.1%) და სატრანსპორტო მომსახურების (9.2%) გაძვირებას უკავშირდება.

საცხოვრებელთან დაკავშირებულ ხარჯებშიც ზრდა შეინიშნებოდა — წყალი, ელექტროენერგია და აირი 6.5%-ით გაძვირდა, რაც მთლიან ინდექსზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ამ კატეგორიაში ყველაზე მეტად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასები (10.2%), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა-შეკეთება (4.3%) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (3.5%).

ასევე აღსანიშნავია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფი, სადაც ფასები 9.0%-ით გაიზარდა და ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. აქ განსაკუთრებით გამორჩეულია პირადი ნივთების კატეგორია (49.6%), ასევე დაზღვევა (8.5%) და პირადი ჰიგიენის პროდუქტები (4.6%).

როგორ ჩამოყალიბდა ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლი? 

რაც შეეხება თვიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტრანსპორტის გაძვირებამ იქონია. ამ კატეგორიაში ფასები 4.9%-ით გაიზარდა, რაც მთლიან ინფლაციაზე 0.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ზრდა ძირითადად პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის (6.9%) და სატრანსპორტო მომსახურების (3.1%) გაძვირებამ განაპირობა.

შემდეგ მოდის საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები — წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, სადაც ფასები 5.8%-ით გაიზარდა და ინფლაციაზე 0.53 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ამ ჯგუფში ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და სხვა სათბობის მიმართულებით (9.9%), რასაც მოჰყვება საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა-შეკეთება (1.9%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.4%).

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფშიც — ფასები 5.3%-ით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციაზე 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა. გაძვირება თანაბრად შეეხო როგორც ფეხსაცმელს, ისე ტანსაცმელს (ორივე შემთხვევაში 5.3%).

რაც შეეხება სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს, ამ კატეგორიაში ფასები შედარებით ზომიერად, 0.5%-ით გაიზარდა, თუმცა მაინც მოახდინა 0.19 პროცენტული პუნქტით გავლენა ინფლაციაზე. ზრდის მიმართულებით გამოირჩა ხილი და ყურძენი (3.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1%), შაქარი და ტკბილეული (2.1%), თევზეული (1.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2%), ხორცი და ხორცპროდუქტები (0.7%), პური და პურპროდუქტები (0.5%) და ზეთი და ცხიმი (0.1%).

ამავე დროს, გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შემცირებაც დაფიქსირდა. გაიაფდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-2.5%), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (-1.5%).