Forbes: ტამპის საგადასახადო იმუნიტეტმა შესაძლოა მის ოჯახს $600 მილიონზე მეტი დაუზოგოს

Forbes: ტამპის საგადასახადო იმუნიტეტმა შესაძლოა მის ოჯახს $600 მილიონზე მეტი დაუზოგოს

ფოტო: Ben Jared/PGA TOUR via Getty Images

დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის საგადასახადო ვალდებულებები ახალი შეთანხმების შემდეგ შესაძლოა ასობით მილიონი დოლარით შემცირდეს. Forbes-ის ინფორმაციით, აშშ-ის მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა, სამშაბათს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც დონალდ ტრამპს, მის ორ უფროს შვილსა და The Trump Organization-ს ფედერალურ საგადასახადო დავებთან დაკავშირებულ ფართო იმუნიტეტს ანიჭებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება განსაკუთრებით ხელსაყრელ დროს გაფორმდა. Forbes-ის შეფასებით, ტრამპმა 2025 წელს კრიპტოვალუტისა და ლიცენზირების ბიზნესებიდან დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. შედეგად, 2025 მისი ცხოვრების ყველაზე შემოსავლიანი წელი გახდა.

ტრამპი წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა საგადასახადო ოპტიმიზაციის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე. 2016 წლის საპრეზიდენტო დებატებზე, როდესაც ჰილარი კლინტონმა იგი გადასახადების არგადახდაში დაადანაშაულა, ტრამპმა უპასუხა: „ეს ნიშნავს, რომ ჭკვიანი ვარ.“

Forbes-ის შეფასებით, თუ ტრამპი 2025 წლის შემოსავლების დაბეგვრას თავიდან აიცილებს, მას ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის დაზოგვა შეეძლება. სტატიის მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტი იმდენად აშკარაა, რომ თავად ტრამპსაც არ დაუმალავს. „მე ვარ ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ხომ ასეა?“ – განაცხადა მან ოქტომბერში ოვალურ კაბინეტში. „უცნაურია, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკუთარ თავს უხდი ფულს.“

გამოცემა წერს, რომ საბოლოოდ სხვა გზა შეირჩა: მთავრობა ტრამპს პირდაპირ კომპენსაციას არ გადაუხდის, თუმცა შეთანხმება მას საშუალებას აძლევს, სახელმწიფოს ნაკლები გადასახადი გადაუხადოს.

ტრამპის შემოსავლების დიდი ნაწილი კრიპტოპროექტ World Liberty Financial-თანაა დაკავშირებული, რომელიც მან 2024 წლის არჩევნების წინ წარადგინა. პროექტი ტოკენებს ყიდდა, თუმცა ისინი კომპანიაში წილს არ იძლეოდა. მიუხედავად ამისა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა.

Forbes-ის ცნობით, პირველი 15 მილიონი დოლარის შემდეგ მიღებული შემოსავლების 75% ტრამპების ოჯახზე ნაწილდებოდა, საიდანაც 70% უშუალოდ დონალდ ტრამპზე მოდიოდა. 2025 წლის განმავლობაში World Liberty Financial-მა დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარის ტოკენები გაყიდა, საიდანაც ტრამპმა პირადად დაახლოებით 700 მილიონი დოლარი მიიღო. ამ შემოსავალს თეორიულად დაახლოებით 260 მილიონი დოლარის ფედერალური გადასახადი უნდა მოჰყოლოდა.

ამასთან, 2025 წლის იანვარში, პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების წინ, ტრამპმა საკუთარი მემკოინიც გამოუშვა. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ტოკენი „საინვესტიციო შესაძლებლობას არ წარმოადგენდა“, ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. Forbes-ის შეფასებით, მხოლოდ ტრანზაქციის საკომისიოებიდან ტრამპმა დაახლოებით 315 მილიონი დოლარი მიიღო, რაც დამატებით დაახლოებით 115 მილიონი დოლარის საგადასახადო ვალდებულებას წარმოშობდა.

სტატიაში ასევე საუბარია ტრამპის ოჯახისა და უცხოური ინვესტორების კავშირებზე. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, World Liberty Financial-ში წილის ნაწილი შეიძინა კომპანიამ, რომელიც ტაჰნუნ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან არის დაკავშირებული. გარიგების ღირებულება 500 მილიონ დოლარს აღწევდა, ხოლო ტრამპმა მისგან დაახლოებით 375 მილიონი დოლარის წინასწარი შემოსავალი მიიღო.

Forbes-ი აღნიშნავს, რომ ტრამპს წარსულშიც ჰქონია პრობლემები საგადასახადო ორგანოებთან. განსაკუთრებით ხშირად განიხილებოდა ჩიკაგოში მისი უძრავი ქონება, რომელიც, New York Times-ის ცნობით, ტამპმა „უსარგებლოდ“ გამოაცხადა საგადასახადო შეღავათების მისაღებად. ამ დავის ფარგლებში პრეზიდენტს 100 მილიონ დოლარზე მეტის გადასახადი ემუქრებოდა.

გარდა ამისა, The Trump Organization-ი 2022 წელს საგადასახადო თაღლითობასა და შეთქმულებაში დამნაშავედაც ცნეს. საქმე კომპანიის ხელმძღვანელებისთვის სხვადასხვა შეღავათის გადასახადების გვერდის ავლით გადაცემას ეხებოდა.

Forbes-ის შეფასებით, ამჯერად საქმე გაცილებით დიდ თანხებს ეხება. გამოცემის მიხედვით, ტრამპი და მისი შვილები შესაძლოა 600 მილიონ დოლარზე მეტ საგადასახადო ვალდებულებას არიდებდნენ თავს, მაშინ როცა ახალი შეთანხმება მათ მთავარ საფრთხეს – შემოსავლების სამსახურს – მნიშვნელოვნად ასუსტებს.