Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილის საქმეზე გამოძიებამ ახალი საეჭვო დეტალები გამოავლინა

Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილის საქმეზე გამოძიებამ ახალი საეჭვო დეტალები გამოავლინა

ფოტო: thetimes.com

19 მაისს, ესპანური მოდის ბრენდ Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიჩის შვილი, ჯონათან ანდიჩი, მამის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს. სასამართლომ ის მკვლელობაში ეჭვმიტანილად დაასახელა, თუმცა ამ ეტაპზე ბრალი ჯერ არ წარუდგენია.

სასამართლო მოსმენაზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, გამომძიებლები მტკიცებულებად მამასა და შვილს შორის WhatsApp-ის მიმოწერებს, ჯონათან ანდიჩის ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს და ექსპერტიზას ასახელებენ, რომელიც ისაკ ანდიჩის სიკვდილის გარემოებებს ეხება.

აღსანიშნავია, რომ ჯონათან ანდიჩი იმავე დღეს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაო გადაიხადა.

ანდიჩების ოჯახმა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ ჯონათანის წინააღმდეგ „ლეგიტიმური მტკიცებულებები არ არსებობს“.

შეგახსენებთ, 2024 წლის დეკემბერში 71 წლის მილიარდერი ისაკ ანდიჩი ესპანეთში, მონსერატის მთიან ტერიტორიაზე ლაშქრობისას ხევში გადავარდა და დაიღუპა. ამ დროს მასთან ერთად მხოლოდ ჯონათან ანდიჩი იმყოფებოდა.

თავდაპირველად გამომძიებლები ფაქტს უბედურ შემთხვევად განიხილავდნენ. ოფიციალური ვერსიით, ანდიჩს კოლიბატოში, სალნიტრეს გამოქვაბულებთან ახლოს, კლდოვან მონაკვეთზე სავარაუდოდ ფეხი დაუცურდა და ხევში გადავრდა. 2025 წლის იანვარში მოსამართლემ საქმე დახურა და აღნიშნა, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა.

თუმცა მოგვიანებით კატალონიის რეგიონულმა პოლიციამ (Mossos d’Esquadra) და პროკურატურამ გამოძიება ხელახლა დაიწყეს. ესპანური გამოცემების ცნობით, სამართალდამცველებმა ჯონათან ანდიჩის ჩვენებაში გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. კერძოდ, თავდაპირველად ის აცხადებდა, რომ მამის გადავარდნის მომენტი არ დაუნახავს, რადგან წინ მიდიოდა, ხოლო ისაკ ანდიჩი ფოტოებს იღებდა. თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბიზნესმენს ტელეფონი დაცემის დროს ჯიბეში ჰქონდა.

გარდა ამისა, ჯონათან ანდიჩი ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ მარშრუტზე მანამდე მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, თუმცა GPS-მონაცემებმა აჩვენა, რომ მამის გარდაცვალებამდე ერთი კვირის განმავლობაში იმავე ტერიტორიაზე სამჯერ იმყოფებოდა.

გამოძიება ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ კვალზეც. El Pais-ის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიწაზე არსებული ნაფხაჭნი განზრახ, ზეწოლის შედეგად იყო დატოვებული.

სასამართლოზე ასევე განიხილეს WhatsApp-ის შეტყობინებები, რომლებიც, გამომძიებლების შეფასებით, ჯონათან ანდიჩის მტკიცებას ეწინააღმდეგება, თითქოს მას მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

Financial Times-ის ცნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობა ჯონათანის „ფულზე აკვიატების“ გამო საკმაოდ დაძაბული იყო. გამოძიების ვერსიით, ის მამას სიცოცხლეშივე მემკვიდრეობის წინასწარ გადაცემას სთხოვდა, რის გამოც ისაკ ანდიჩი თავს „იძულებულად“ გრძნობდა, დათანხმებოდა, რათა შვილთან ურთიერთობა შეენარჩუნებინა.

ისაკ ანდიჩი თურქეთში დაიბადა და 1960-იან წლებში ოჯახთან ერთად ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად. 1984 წელს მან და მისმა ძმამ Mango-ს პირველი მაღაზია გახსნეს. დღეს კომპანია მსოფლიოს 120-ზე მეტ ბაზარზე დაახლოებით 2,850 მაღაზიას ფლობს და 16,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. Forbes-ის შეფასებით, გარდაცვალების მომენტში ანდიჩის ქონება დაახლოებით $4.5 მილიარდს შეადგენდა.

ამჟამად ჯონათან ანდიჩი, თავის ორ დასთან ერთად, კვლავ რჩება ჰოლდინგური კომპანიის თანამფლობელად Mango-ს აქციების საკონტროლო პაკეტით. ის ასევე კომპანიის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეა.