Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირა არცთუ ისე დატვირთული აღმოჩნდა მსხვილი ტექნოლოგიური სიახლეებით, ჩვენს თავს არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ამბავი დატრიალდა: Porsche-მ ელექტროველოსიპედების მწარმოებელი Greyp-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, ხოლო მეტავერსის შექმნაში აქტიურად ჩართულმა Epic Games-მა მუსიკალური ვიდეოთამაშების მწარმოებელი Harmonix-ი შეისყიდა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Virgin Galactic-მა მომავალი ასტრონავტები ლატარიის გზით შეარჩია

გასულ კვირას რიჩარდ ბრენსონის მიერ დაარსებულმა კოსმოსურმა კომპანიამ, Virgin Galactic-მა რამდენიმე თვით ადრე დაწყებული ლატარიის შედეგად, ერთი ადამიანი გამოარჩია, რომელიც Virgin-ის ხომალდით, სხვა ასტრონავტებთან ერთად, კოსმოსში გაემგზავრება. გამარჯვებულად ანტიგუა და ბარბუდას მკვიდრი კიშა ს. (გვარი განზრახ არის დაფარული) დასახელდა, რომელიც თავისი სტუმრის სტატუსით, კოსმოსში საკუთარ  შვილს წაიყვანს, რომელიც უნივერსიტეტში ასტროფიზიკას ეუფლება. ცნობისთვის, ის კარიბის ზღვის კუნძულების მკვიდრებს შორის პირველი ასტრონავტი იქნება. „ფრენა მთელი ცხოვრებაა, მიყვარს, ხოლო კოსმოსი მუდამ აღმაფრთოვანებს, – აღნიშნა მან. – ნატვრა ამიხდა“.

ამ ლატარიის შესახებ Virgin Galactic-მა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, მას მერე, რაც კომპანიის ხომალდმა პირველი ეკიპაჟიანი ფრენა შეასრულა. ლატარია კოსმოსურმა კომპანიამ Omaze-თან და არაკომერციულ ორგანიზაციასთან, Space for Humanity-სთან ერთად ჩაატარა. ეს ლატარია შემდეგი პრინციპით ჩატარდა: Space for Humanity-სათვის მცირე დონაციის სანაცვლოდ, ადამიანი Virgin Galactic-ის მიერ დაწესებული პრიზის მოგების შანსს, გათამაშების ბილეთს იღებდა. ჯამში, ლატარიაში მონაწილეობა ასი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთა დახმარებით, $1.7 მილიონი შეგროვდა – ეს თანხა Citizen Astronaut-ის პროგრამას მოხმარდება.

ფოტო: Virgin Galactic

კოსმოსურ ტურიზმზე საუბრისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ კონტექსტი: 2021 წელი ამ ინდუსტრიისთვის ერთგვარი ნაპერწყალი აღმოჩნდა: რიჩარდ ბრენსონი და ჯეფ ბეზოსი კოსმოსში თავად გაემგზავრნენ, ხოლო ილონ მასკის SpaceX-მა კოსმოსში პირველი ასტრონავტები გაგზავნა. ისე კი, ეს მულტიმილიარდიანი ინდუსტრიაა, რომელიც წლებთან ერთად დაიხვეწება და მომხმარებელზე უფრო მორგებული გახდება როგორც ფინანსურად, ასევე კომფორტის მხრივ.

Porsche-მ ელექტროველოსიპედების მწარმოებელი Greyp-ი შეიძინა

გერმანულმა Porsche-მ ხორვატული ელექტროველოსიპედების მწარმოებლის, Greyp-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. Greyp-ი ძალიან მოძრავ და ჭკვიან სამთო ველოსიპედებს აწარმოებს – კომპანიის ფლაგმანი მოდელი G6, $10 ათასი ღირს. ცნობისთვის, კომპანია Greyp-ი „ხორვატმა ილონ მასკმა“ – მეიტ რიმაკმა დააფუძნა, რომელსაც ასევე ეკუთვნის ელექტრომანქანების კომპანია Rimac Automobili, რომლის მცირე წილს Porsche-ც ფლობს. აღსანიშნავია, რომ Greyp-ის წილი გერმანულმა ავტომწარმოებელმა პირველად ჯერ კიდევ 2018 წელს შეიძინა – ამ დრომდე, Porsche ხორვატული კომპანიის 10%-იან წილს ფლობდა.

როგორც ჩანს, Greyp-ში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებით, გერმანული ავტომწარმოებელი ელექტროველოსიპედების ნათელი მომავლის შესახებ ერთგვარ განაცხადს აკეთებს. „Porsche-მ ბაზარზე არსებული შესაძლებლობა და Greyp-ის ტექნოლოგიური პოტენციალი აღიარა და კომპანიაში საკუთარი პოზიციების გამყარება გადაწყვიტა… Porsche-ს ინვესტიცია ელექტრონული მობილობისა და დაკავშირებული ტექნოლოგიის ინდუსტრიებში შემდგომ კვლევებსა და განვითარებას დააჩქარებს, რაც Greyp-ის მიკრომობილობის შესახებ არსებული ხედვის, კონკრეტულად კი ელექტროველოსიპედებით მგზავრობის გამოცდილების IoT-ისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განვითარებას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ფოტო: Greyp

ცნობისთვის, ელექტროველოსიპედების ინდუსტრიისთვის ახლა საკმაოდ კარგი დროა: მსოფლიოს უმეტეს ბაზრებზე ელექტროველოსიპედების გაყიდვების ტემპი ჩვეულებრივი ველოსიპედების გაყიდვების ტემპს საგრძნობლად აღემატება. თავისთავად ცხადია, რომ ამ ფაქტორზე მთავარი გავლენა პანდემიამ მოახდინა – 2019-დან 2020 წლამდე  ელექტროველოსიპედების გაყიდვებმა 145%-ით იმატა, რაც ჩვეულებრივი ველოსიპედების გაყიდვებს ორჯერ აღემატება.

საინტერესოა ისიც, რომ ელექტროველოსიპედების ბაზარზე Porsche ახალი მოთამაშე სულაც არ არის: ამა წლის დასაწყისში გერმანულმა ავტომწარმოებელმა ორი ძვირად ღირებული სამთო ელექტროველოსიპედი – Sport-ი და Cross-ი წარმოადგინა.

ფოტო: Porsche
ფოტო: Porsche
Epic Games-მა მუსიკალური ვიდეოთამაშების კომპანია Harmonix-ი შეიძინა

ვიდეოთამაშების ერთ-ერთმა უმსხვილესმა დეველოპერმა, Epic Games-მა მუსიკალური ვიდეოთამაშების დეველოპერი კომპანია Harmonix-ი შეიძინა, რათა საკუთარი ფლაგმანი ვიდეოთამაში, Fortnite-ი, მუსიკალურად მაქსიმალურად განავითაროს. Harmonix-ის დეველოპერთა გუნდს ეკუთვნის ისეთი საკულტო ვიდეოთამაშები, როგორიცაა Guitar Hero, Rock Band-ი და Dance Central-ი.

აღსანიშნავია, რომ Epic Games-ის მიერ Harmonix-ის შეძენა საკმაოდ ლოგიკურია: Epic Games-ის ხედვა ხომ მეტავერსის შექმნის იდეას ეფუძნება. ამ ეტაპზე, გარდა უშუალოდ მეგაპოპულარული თამაშისა, Fortnite-ი თამაშის შიგნით გამართული რეალისტური მუსიკალური კონცერტებითაა ცნობილი – სხვადასხვა დროს, Fornite-ის მოთამაშეებისთვის, სხვა არტისტებთან ერთად, არიანა გრანდე, Marshmellow და ტრევის სკოტიც მღეროდნენ. ცნობისთვის, ტრევის სკოტის კონცერტს ერთდროულად 12.3 მილიონი ადამიანი დაესწრო, რაც კოლოსალურად მაღალი რიცხვია.

ცნობისთვის, მეტავერსის საწყისი ეტაპის გასავითარებლად, ამა წლის აპრილში, Epic Games-მა $1 მილიარდის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რითაც ერთ-ერთ უმთავრეს მეტავერსულ კომპანიად იქცა.

Global Finance-მა თიბისის ბიზნესის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა თიბისის ბიზნესის ინტერნეტბანკი 2021 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.

„თიბისის მიზანია, გაუმარტივოს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება. სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად გაერთიანდა ჩვენი გუნდი, რომელსაც ამოძრავებს ამბიცია, რომ საუკეთესო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ინტერნეტ- და მობაილბანკის სერვისებს და ჩვენ მიერ დანერგილი მომსახურების სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას – ციფრულ ტრანსფორმაციას. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისის ბიზნესის ინტერნეტბანკი ლიდერია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონში, არამედ ახლა უკვე მსოფლიოშიც. მადლობას ვუხდი გუნდს, რომელმაც დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგები მოუტანა თიბისის“, – აღნიშნავს ვახტანგ  ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Global Finance-ის დაჯილდოების სხვადასხვა კატეგორიაში თიბისი იმარჯვებს: წელს თიბისის კორპორაციული მობაილბანკის აპლიკაცია გამოცემამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. გარდა ამისა, 2019 წელს, თიბისის მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა საცალო სეგმენტის მიმართულებით.

ჟურნალი Global Finance-ი  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  34  წელია, მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance-ი  რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

Samsung- ტეხასში მიკროჩიპების $17-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

მიკროჩიპების გლობალური დეფიციტისა და ამერიკული კომპანიის მიერ ამ სფეროს წარმადობის გაზრდის ფონზე, Samsung-მა ახალი ამერიკული ქარხნის აშენების შესახებ განაცხადა. ძვირად ღირებული სმარტფონების მიკროჩიპების გარდა, ამ ქარხნის თანამშრომლები 5G ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზეც იმუშავებენ. ტეხასის ახალი ქარხნისთვის კორეულმა გიგანტმა $17 მილიარდი გამოყო – მშენებლობა 2022 წლის დასაწყისში აიღებს სტარტს, ხოლო პირველ პროდუქციას ქარხანა 2024-ის მეორე ნახევარში გამოუშვებს.

ცნობისთვის, Samsung-ის ამგვარი ექსპანსია ერთგვარი პასუხია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მიკროჩიპების ინდუსტრიისადმი გაწვდილი დახმარების ხელისა. საქმე ისაა, რომ მიკროჩიპების გლობალურმა დეფიციტმა ამერიკული კომპანიები საგრძნობლად დააზარალა. დეფიციტი განსაკუთრებულად აისახა ავტოწარმოების ინდუსტრიაზე: წელს GM-სა და Ford-ს წარმოების რადიკალურად შემცირება ან სულაც შეწყვეტა მოუხდათ.

გარდა ტეხასის შტატისა, Samsung-ი ახალი ქარხნის აშენების ადგილად არიზონას, ნიუ-იორკსა და ფლორიდასაც განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ ტეხასის ქალაქ ტეილორზე შეჯერდა, რადგან ამ შტატში არსებული საგადასახადო პოლიტიკა კომპანიისთვის განსაკუთრებულად სახარბიელო აღმოჩნდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქარხანა Samsung-ს ტეხასის დედაქალაქ ოსტინშიც აქვს.

ბარბადოსი მეტავერსში საელჩოს  ხსნის

ბარბადოსი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელიც მეტავერსში საკუთარ საელჩოს გახსნის, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CoinDesk-ი ავრცელებს. ციფრულ სამყაროში საელჩოს მოსაწყობად, ბარბადოსის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრომ შესაბამისი ხელშეკრულება პლატფორმა Decentraland-თან გააფორმა, რომელიც ამ დროისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეტავერსული პლატფორმაა. თუმცა ეს ყველაფერი როდია: როგორც CoinDesk-ისათვის მიწოდებული პრესრელიზიდან ირკვევა, ბარბადოსი ხელშეკრულების გაფორმებას Somnium Space-თან, SuperWorld-თან და სხვა მეტავერსულ პლატფორმებთან აპირებს.

ფოტო: Coindesk

აღსანიშნავია, რომ ციფრული საელჩოს შექმნის პირველ ეტაპზე ეს პლატფორმები ბარბადოსს ციფრული მიწის ნაკვეთის შერჩევაში, საელჩოსა და საკონსულოს ვირტუალური შენობების აგებაში, ელექტრონული ვიზების გაცემასა და ერთგვარი ტელეპორტის შექმნაში დაეხმარებიან, რომლითაც ავატარები სხვადასხვა ვირტუალურ სამყაროს შორის მიმოსვლას შეძლებენ.

გამოცემა CoinDesk-ი დაუკავშირდა ბარბადოსის ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროში, რომელმაც თქვა, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანა ციფრულ სამყაროში აგრესიულ ექსპანსიას აპირებს, რათა მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ვირტუალურ პლატფორმაზე შეიძინოს. „ერთი კონკრეტული პლატფორმის არჩევა ჯერჯერობით არ გვინდა – მეტავერსი ჯერ კიდევ ძალიან ახალია, ჩვენ კი გვსურს, რომ ჩვენი ქმნილების გადატანა სხვაგანაც შეგვეძლოს“, – აღნიშნა ელჩმა, გაბრიელ აბედმა.

„ამგვარი მიდგომით, დღეს არსებული თვრამეტი დიპლომატიური მისიის გაფართოება ბარბადოსს 190-მდე ქვეყანასთან შეუძლია. ტექნოლოგიური დიპლომატია კი გზას გაუხსნის კულტურულ დიპლომატიას – ხელოვნების, მუსიკისა და კულტურის ნიმუშებით ვაჭრობას“, – დასძინა გაბრიელ აბედმა. აღსანიშნავია, რომ ამ იდეას ბარბადოსის სხვადასხვა სამთავრობო უწყება თვეების მანძილზე განიხილავდა.

მეტავერსში საკუთარი საელჩოს გახსნას ბარბადოსი 2022 წლის იანვარში გეგმავს, რის მერეც ისტორიაში პირველი სახელმწიფო გახდება, რომელიც ციფრულ მიწის ნაკვეთს ლეგალურად დაისაკუთრებს. რაც შეეხება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბარბადოსი ვენის კონვენციის წევრი სახელმწიფოს სტატუსს შეინარჩუნებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაექვემდებარება.

თუმცა, როგორც ჩანს, საელჩოს გახსნა – მხოლოდ დასაწყისია. „ვიზის მისაღებად, ქვეყანაში შემოსასვლელად, ან სულაც უვიზო მიმოსვლისთვის – საელჩო პირველი ნაბიჯია. ეს ყველაფერი ვირტუალურად წარმოგიდგენიათ? და გიფიქრიათ, სადამდე შეიძლება ელექტრონულმა ვიზამ მიგვიყვანოს?“ – აღნიშნავს ელჩი გაბრიელ აბედი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *