გასულ კვირას, მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა არაერთი ტექნოლოგიური სიახლე დააანონსეს: Opel-მა მცირე ზომის ქალაქის ელექტრომობილი წარმოადგინა; Yamaha-მ ახალი ყურსასმენი შექმნა, რომლითაც Apple-ის კონკურენტი გახდა; Pfizer-მა კიბოს მედიკამენტზე მომუშავე კომპანია შეიძინა; ხოლო ქართული სტარტაპი Payze მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორის – Y Combinator-ის პროგრამაში მოხვდა. ამ და სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
ქართული ფინტექ სტარტაპი Payze ამერიკული Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა
ქართული ფინტექ სტარტაპი Payze წამყვანი ამერიკული აქსელერატორის, Y Combinator-ის 2021 წლის საზაფხულო პროგრამაში მოხვდა, – ამის შესახებ Payze-ს თანადამფუძნებელი, გიორგი წურწუმია LinkedIn-ზე წერს. Y Combinator-ის ამ საზაფხულო პროგრამაში 16 ათასზე მეტი სტარტაპი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ Payze პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც ამ პროგრამაში მოხვდა.
„ჯერ კიდევ პირველი დღეებიდან, მე და კახა (ვახტანგ) გელაშვილი შთაგონებას Y Combinator-ის სხვადასხვა სტარტაპებისგან ვიღებდით, იქნებოდა ეს Airbnb – მათი წმინდა პრინციპებისა და იდეალური პრეზენტაციების გამო; Stripe – მათი განსაკუთრებულად იდეალური პროდუქტისა და დოკუმენტაციის გამო; პოლ გრემის ესეები, რომელთაც ვკითხულობდით, როცა თავს ჩიხში ამოვყოფდით ან ვფიქრობდით, თუ როგორ დაწერა Dropbox-მა იდეალური აპლიკაცია Y Combinator-ისთვის“, – წერს გიორგი წურწუმია – „Y Combinator-ის კომუნაში განსაკუთრებულად მეგობრული სულისკვეთება იგრძნობა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეგიონში მათი გამოჩენის კატალიზატორად ვიქცევით და თან, ყველაზე ინკლუზიური პლატფორმა გავხდებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მას გარეთ არსებული ნებისმიერი ბიზნესისთვის“.
ამერიკული Y Combinator სილიკონის ველის კომპანიაა, რომელმაც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების დაფინანსების ახლებური მოდელი შექმნა: წელიწადში ორჯერ, ისინი საკმაოდ ბევრ სტარტაპს აფინანსებენ – თითოეულს $125 ათასით. თუმცა, სტარტაპებთან ურთიერთობა აქ არ წყდება: Y Combinator-ის გუნდი მათთან სამი თვის განმავლობაში მუშაობს და თითოეული შესარჩევი ციკლის დასრულებისას, წინასწარ შერჩეულ და ინდივიდუალურად მოწვეულ პოტენციურ ინვესტორებთან შესახვედრად ამზადებს სხვადასხვა დროს, Y Combinator-ში ფეხი აიდგეს ისეთმა სტარტაპებმა, როგორებიცაა Airbnb, Coinbase, Twitch და Dropbox.
Pfizer კიბოს მედიკამენტზე მომუშავე Trillium-ს $2.3 მილიარდად ყიდულობს
ამერიკული ფარმაგიგანტი Pfizer მასაჩუსეტსის შტატში რეგისტრირებულ Trillium Therapeutics-ს ყიდულობს. Trillium ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ბაზარზე, ხოლო მისი მოლეკულები TTI-621 და TTI-622, რომლებიც სისხლის სიმსივნურ უჯრედებში სიგნალის გადაცემაში მონაწილე ცილებს ბლოკავენ, უკვე გადიან კლინიკურ კვლევებს ადამიანებზე.
„[ეს] განცხადება საკუთარ კლასში პოტენციურად საუკეთესო მოლეკულების ჩვენს ინოვაციურ წარმოებაში დამატების თაობაზე, სამეცნიერო აღმოჩენების მიმართ ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. Trillium-ის შეძენა ონკოლოგიის სფეროში ჩვენი ლიდერობის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც სისხლის კიბოთი დაავადებული მსოფლიოს გარშემო მცხოვრები ადამიანებისათვის ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს“, – აღნიშნა Pfizer Oncology-ს გლობალურმა პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, ენდი შმელცმა.
აღსანიშნავია, რომ Trillium-ის თითო აქცია, Pfizer-მა $18.50-ად შეიძინა, რაც აქციის გასულ 60-დღიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 118%-იან ნამატს წარმოადგენს. Trillium-ის აქციების ნაწილი Pfizer-მა ჯერ კიდევ სექტემბერში შეიძინა, რაშიც $25 მილიონი გადაიხადა. ამ ფინანსური გარიგების შედეგად, Pfizer-ის ონკოლოგიის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Trillium-ის სამეცნიერო საბჭოს წევრად დაინიშნა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გარიგების გაოფიციალურების შემდეგ, Trillium-ის ერთი აქციის ფასი გასამმაგდა, ხოლო Pfizer-ის აქციათა ღირებულებამ 3.3%-ით იმატა.
Trillium Therapeutics კანადური კომპანიაა, რომლის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე იყიდება. კომპანია 2004 წელს დაარსდა, ტორონტოს მახლობლად, ქალაქ მისისაუგაში.
Opel-მა მცირე ზომის ელექტრომობილი – Rocks-e წარადგინა
გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალი მცირე ზომის ელექტრომობილი – Opel Rocks-e წარადგინა, რომელიც რეალურად, ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, მსუბუქი კვადროციკლი უფროა, ვიდრე მანქანა და მისმა წონამ (ელექტრობატარეების გამოკლებით) 425 კილოგრამს არ უნდა გადააჭარბოს. აღსანიშნავია, რომ Opel Rocks-e მსოფლიოში პირველი SUM-ტიპის (Sustainable Urban Mobility – მდგრადი ურბანული გადაადგილება) მანქანაა.
აღსანიშნავია, რომ Opel-ის ეს ელექტომობილი ფრანგული Citroen Ami-ს სრული ასლია: გარდა იმისა, რომ მანქანები ვიზუალურად იდენტურია, მათ 5.5 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტროძრავი აქვთ, რომლის დახმარებით, მაქსიმუმ 75 კილომეტრის გავლა არის შესაძლებელი. მისი რვა ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტროძრავს 45 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ელემენტების სრულ დამუხტვას, სახლის პირობებში, სამი საათი და ოცდაათი წუთი სჭირდება.
სიგრძეში Opel-ის ახალი ელექტრომობილი 2.41 მეტრს შეადგენს. მას 14-ინჩიანი ბორბლები აქვს და მიუხედავად მცირე ზომისა, მასში 1.90 მეტრის სიმაღლის მქონე ადამიანებიც ეტევიან – თუმცაკი, მანქანა ორკაციანია. აღსანიშნავია, რომ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, Opel Rocks-e-ს ტარება თხუთმეტი წლიდანაა ნებადართული. მანქანის გაყიდვები გერმანიაში დაიწყება, ხოლო 2022 წლიდან მთელ ევროპას მოედება.
Yamaha L700A | Apple-ის AirPods Max-ს კონკურენტი გამოუჩნდა
იაპონურმა Yamaha-მ პრემიუმ-კლასის ახალი ყურსასმენი – L700A გამოუშვა, რომელიც ბაზარზე Apple-ის უახლესი ყურსასმენის AirPods Max-ის მთავარი კონკურენტი იქნება. აღსანიშნავია, რომ იდენტური ფასის კატეგორიის გარდა (ორივე $500-ზე მეტი ღირს), ორ ყურსასმენს ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის აქტიური ხმის ჩახშობის ტექნოლოგია (ANC) და აუდიოს სამგანზომილებიანი სივრცითი აღქმა. Yamaha-სა და Apple-ის სივრცითი აუდიო ერთსა და იმავე პრინციპს ეფუძნება: ყურსასმენები მსმენელის თავის მიმართულებას აღიქვამენ და ხმას ისე აგენერირებენ, თითქოს სახლის კინოთეატრში იმყოფებით, ყურსასმენის გარეშე.
Yamaha-ს ამ ტექნოლოგიას 3D Sound Field ჰქვია და AirPods Max-ისგან განსხვავებით, რომელსაც აუცილებლად სჭირდება Apple-ის სხვა პროდუქტი, მაგალითად iPhone ან Apple TV 4K, ის უნივერსალურია – კომპანიის განცხადებით, ყურსასმენს 360-გრადუსიან ხმად ნებისმიერი ორარხიანი სტერეოს გარდაქმნა შეუძლია და ამისათვის ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისია. გარდა ამისა, Yamaha-ს ახალ პროდუქტს ხმის რამდენიმე რეჟიმი აქვს, მათ შორის Cinema, Drama და Music Video – ვიდეო-კონტენტისთვის, Audio Room და Background Music – მუსიკისთვის და Outdoor Live და Concert Hall – სხვადასხვა სახის პერფორმანსებისათვის.
გარდა ზემოაღნიშნული ტექნოლოგიისა, საკუთარი უახლესი პროდუქტი Yamaha-მ სხვა დეტალებითაც აღჭურვა: ყურსასმენში გამოყენებულია Qualcomm-ის aptX Adaptive Bluetooth კოდეკი, რომლის დახმარებით, ამავე ტექნოლოგიის მქონე სხვა მოწყობილობასთან დაკავშირების შედეგად გაჟღერებული ხმა – ძალიან მაღალი გარჩევადობისაა. აღსანიშნავია, რომ Quaulcomm-ის კოდეკი არ გამოიყენება Apple-ის ტელეფონებსა და ყურსასმენში. ამას გარდა, Yamaha მოსმენის ოპტიმიზატორითაა აღჭურვილი, რომელიც იმ წამსვე ერგება მსმენელის პარამეტრების ცვლილებას – თუ, მაგალითად, ყურსასმენი და მსმენელის ყურის ნიჟარა ერთმანეთს დასცილდნენ.
თუკი ყურსასმენში მუსიკის ან სხვა აუდიოს მოსმენისას ANC-სა და 3D ხმის რეჟიმებს არ იყენებთ, Yamaha-ს უახლესი ყურსასმენის ელემენტი 34 საათს ძლებს, თუმცა ორივე ზემოთხსენებული ფუნქციის გააქტიურებისას, ერთი დამუხტვა მხოლოდ 11 საათს ეყოფა. Yamaha L700A-ს მკვრივი ჩასადები, USB-C ტიპის დასამუხტი კაბელი, ანალოგის ტიპის კაბელი და თვითმფრინავის ადაპტერი მოჰყვება.
რიჩარდ ბრენსონის Virgin Hyperloop-მა პროტოტიპის ვიდეო გამოაქვეყნა
ტრანსპორტის სექტორის გამორჩეულმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Virgin Hyperloop-მა, მათი პროდუქტის პროტოტიპული მოდელის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, – ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯოშ გაიგლმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„Hyperloop მასობრივი ტრანსპორტირების ახალი ნაირსახეობას წარმოადგენს, რომელიც ქალაქებს შორის მანძილს წუთებამდე შეამცირებს და ამით, 21-ე საუკუნის მოგზაურობის სტანდარტს შექმნის. მილში სრული ვაკუუმის მსგავსი გარემო იქმნება, რომელშიც შუბლური წინაღობის შემცირებით მაღალი სიჩქარეების მიღწევა დაბალი ენერგო-დანახარჯებით შეიძლება. მილს შიგნით, ელექტრობატარეებით აღჭურვილი პოდები (კიდული კონტეინერები, ინგლ. Pod) 1080 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ, ხოლო მაგნიტური ლევიტაციისა და მოძრაობის უნიკალური ტექნოლოგიის გათვალისწინებით, მგზავრობა კომფორტული, უსაფრთხო და უხმაუროა“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავცელებულ ვიდეოში.
Check it out: our latest #hyperloop 101 video launches today. How does this help your understanding of how hyperloop works? pic.twitter.com/A1cnTPVZ0b
— Josh Giegel (@jgiegel) August 23, 2021
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური ექსპერტების ნაწილი Virgin Hyperloop-ის პროდუქტს სკეპტიკურად უყურებს – ეჭვი მათ, მის პრაქტიკულობასა და რეალურობაში შეაქვთ. „ერთ საათში ათიათასობით მგზავრის ერთი მიმართულებით გადასაყვანად, საათში ათასზე მეტი პოდია საჭირო, რაც ყოველ სამ წამში, ერთ პოდს ნიშნავს“, – აღნიშნა რკინიგზის ინჟინერმა, გერეთ დენისმა. ამ მოსაზრების შესახებ BBC-მ Virgin Hyperloop-ს ჰკითხა, რაზეც უპასუხეს, რომ სწორედ ეს შესაძლებლობა აქცევს მათ პროდუქტს უნიკალურად. „მატარებლისგან განსხვავებით, რომლის ვაგონები ბევრი ადამიანის გადაყვანის მიზნით ერთმანეთს არის მიბმული, ჩვენი პოდები ერთმანეთს ციფრულად უკავშირდებიან, რაც მათი ქარავნული პრინციპით გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს“.
მსგავსი დეტალი Virgin Hyperloop-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც არის აღწერილი: „პოდების ქარავნულობის დახმარებით, Hyperloop-ს თქვენთვის სასურველ ადგილას მისვლაც შეუძლია: მატარებლის ვაგონებისაგან განსხვავებით, Hyperloop-ის პოდები ერთმანეთს მიბმული არ არის, რაც ინდივიდუალურ კიდულებს კონკრეტულ ადგილას მისვლის შესაძლებლობას აძლევს“.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში, ლას-ვეგასის უდაბნოში, Virgin Hyperloop-მა ადამიანების ჩართულობით პირველი სატესტო მოგზაურობა ჩაატარა – პირველი მგზავრები კომპანიის თანადამფუძნებელი ჯოშ გაიგლი და მგზავრის გამოცდილების ხელმძღვანელი სარა ლუჩიანი იყვნენ. სატესტო მგზავრობისას, ხუთასი მეტრის სიგრძის და 3.3 მეტრის დიამეტრის მქონე მილში პოდი 160 კმ/სთ-მდე აჩქარდა. იმ დრომდე, კომპანიას 400-ზე მეტი სხვადასხვა სატესტო გაშვება ჰქონდა ჩატარებული.
კომპანია Hyperloop Technologies კალიფორნიაში დაარსდა, 2014 წელს. მოგვიანებით, კომპანიას ახალი სახელი დაერქვა – Hyperloop One. მას მერე, რაც კომპანია რიჩარდ ბრენსონის Virgin Group-მა იყიდა, კომპანიამ რებრენდინგი კიდევ ერთხელ განიცადა – მას Virgin Hyperloop დაერქვა.
Snapchat Scan-ს თქვენ გარშემო არსებული სამყაროს ამოცნობა შეუძლია
Snapchat-ის ფუნქცია Scan, რომლითაც მომხმარებლებს მათ გარშემო არსებული ნივთების ამოცნობა შეუძლიათ, აპლიკაციის ცენტრში მოექცევა, – ამის შესახებ ტექნოლოგიური გამოცემა The Verge წერს. აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქციონალის წინა პლანზე გადმოტანით, კომპანია, რომელიც აქამდე, უმეტესწილად, ფოტო და ვიდეო მესიჯების მიმოცვლით იყო დაკავებული, ნელ-ნელა ვიზუალურ საძიებო სისტემად გადაკეთდება. The Verge-ის ინფორმაციით, Snapchat-ის კამერა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია – ყოველდღიურად, Snapchat-ის კამერით ხუთ მილიარდზე მეტი მესიჯი იგზავნება.
მსგავსი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს Snapchat-ის მენეჯმენტი: „ვფიქრობთ, რომ მომავალში, Scan ფუნქცია Snapchat-ის მთავარ პრიორიტეტად იქცევა. გრძელვადიანი გადმოსახედიდან, მომავალში კამერას იმაზე მეტის გაკეთება შეეძლება, ვიდრე – დღეს“, – აღნიშნავს Snapchat-ის კამერის პროდუქტების ხელმძღვანელი ევა ჟანი The Verge-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„Scan ფუნქციით ზუსტად იმის გაკეთება შეგიძლიათ, რასაც ეს სიტყვა გთავაზობთ: დაათვალიერეთ თქვენს გარშემო არსებული სამყარო Snapchat-ის კამერით. კომპანიის მიზანია, აგიხსნათ ყველაფერი, რასაც უყურებთ, მაგალითად, იმ პროდუქტის შემადგენლობა, რომელსაც მიირთმევთ. Snapchat-ს თუ დავუჯერებთ, მათ კამერას ძაღლის ასობით ჯიშის, მცენარეების ათიათასობით ნაირსახეობისა და მილიონობით მუსიკალური კომპოზიციის ამოცნობა შეუძლია – ახლა კი, ამ სიას სხვადასხვა ფორმისა და ვიზუალის მქონე ტანსაცმელიც ემატება“, – აღნიშნავს The Verge-ის ჟურნალისტი, ალექს ჰითი.
ვიზუალური საძიებო სისტემის იდეა – არახალია. 2017 წელს, Google-მა Lens გამოუშვა, რომლითაც მომხმარებლებს პროდუქტების დასკანერება მათი სმარტფონის კამერით შეეძლოთ. მსგავსი ფუნქცია Pinterest-საც აქვს, რომელიც მომხმარებლის მიერ უკვე მოძიებული სურათების მსგავს სურათებს აგენერირებს. Scan ფუნქციაზე მუშაობა Snapchat-მა რამდენიმე წლის წინ დაიწყო – მას მერე, რაც სასურველი ადამიანების კონტაქტებში დასამატებლად QR-კოდების გამოყენება პოპულარული გახდა. Shazam-თან წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, Snapchat-ის კამერას უკვე Amazon-ზე განთავსებული პროდუქტების ამოცნობაც შეუძლია.
Snapchat-ის განცხადებით, Scan ფუნქცია, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო დაიხვეწება – გაიზრდება, როგორც ამოცნობის ხარისხი და სიზუსტე, ისევე ამოსაცნობი ობიექტების ჩამონათვალი. აღსანიშნავია, რომ დღეს, Scan ფუნქციით მიღებული ინფორმაცია მარკეტინგისთვის არ გამოიყენება, თუმცა შესაძლებელია, რომ სამომავლოდ, ეს კომპანიის ბიზნეს-მოდელის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ იქცეს.