ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, რომელმაც მილიარდერის სტატუსი შარშან მოიპოვა, Forbes-ის შეფასებით, მსოფლიოს უმდიდრესი მუსიკოსი ქალია. სვიფტის ქონება გასული წლის ოქტომბრის შემდეგ $500 მილიონით გაიზარდა და $1.6 მილიარდს მიაღწია. სვიფტის სიმდიდრის ზრდა, უმეტესწილად, პოპვარსკვლავის საერთაშორისო ტურნეს – Eras Tour-ის დამსახურებაა.
უმდიდრეს მუსიკოს ქალთა რეიტინგში სვიფტს რიანა მოჰყვება. ბარბადოსელი მომღერლის ქონებას გამოცემა $1.4 მილიარდად აფასებს. რიანას სიმდიდრის უდიდესი ნაწილი მის მიერვე დაარსებული კომპანიების, Fenty Beauty-სა და Savage X Fenty-ის აქციებზე მოდის და არა მის მუსიკალურ კატალოგზე.
Forbes-ის სიაში მესამე პოზიციას მადონა იკავებს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მადონას მიერ საკონცერტო ტურნეებით გამომუშავებული თანხა $1.6 მილიარდს აღემატება. ამჟამად, გამოცემის შეფასებით, მადონა მსოფლიოში რიგით მესამე უმდიდრესი მუსიკოსი ქალია და მისი ქონება $850 მილიონს აღწევს. შემდეგია ბიონსე, $760-მილიონიანი ქონებით. მხოლოდ Renaissance World Tour-დან მომღერალმა გასულ წელს $100 მილიონი გამოიმუშავა.
გამოცემის რეიტინგს აგრძელებენ კანადელი მუსიკოსი სელინ დიონი – $550 მილიონით და მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეიზანდი, რომლის ქონებასაც Forbes-ი $460 მილიონად აფასებს.
უმდიდრესი მუსიკოსი ქალების რეიტინგში ასევე მოხვდნენ ქანთრის შემსრულებელი დოლი პარტონი ($450 მილიონი) და ქეიტი პერი ($350 მილიონი). ცნობისთვის, პარტონის ქონების უდიდესი ნაწილი Dollywood Theme Park-ში მის წილზე მოდის, $150 მილიონი კი მუსიკალურ კატალოგზე ნაწილდება. რაც შეეხება ქეიტი პერის, ის American Idol-ის ჟიურის წევრია და ყოველ სეზონზე, მხოლოდ შოუდან, $25 მილიონს გამოიმუშავებს.
34 წლის სვიფტი, პირველი მუსიკოსი ქალი გახდა, რომელმაც მილიარდერის სტატუსი მხოლოდ მუსიკალური კარიერის საშუალებით მოიპოვა. Forbes-ის შეფასებით, სვიფტის მუსიკალური კატალოგი $600 მილიონის ღირებულებისაა, დამატებით $600 მილიონი კი მომღერალს ტურნეებმა მოუტანა. გარდა ამისა, სვიფტი $125 მილიონის ღირებულების უძრავ ქონებასაც ფლობს.
სვიფტის სიმდიდრის ზრდა დიდწილად მისი საკონცერტო ტურნეს – Eras Tour-ის დამსახურებაა, რომელიც 2023 წლის მარტში დაიწყო და 2024 წლის დეკემბერში დასრულდება. ჯერ კიდევ დეკემბერში, Pollstar-ის მონაცემებით, Eras Tour-ის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა და პირველი საკონცერტო ტურნეც გახდა, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა.
სვიფტამდე კი, მილიარდერის სტატუსი რიანამ მოიპოვა. ბარბადოსელი მომღერლის ქონებამ მილიარდ დოლარს 2021 წელს, Fenty Beauty-ში მისი აქციების დამსახურებით გადააჭარბა. მილიარდერმა მომღერალმა კოსმეტიკის ბრენდი 2017 წელს დააარსა და 50%-იან წილს ფლობს, თეთრეულის ბრენდ Savage X Fenty-ში კი რიანას აქციათა 28% ეკუთვნის.