Forbes: თვითშემდგარი მილიონერების 10 ჩვევა

Forbes: თვითშემდგარი მილიონერების 10 ჩვევა

UBS-ისა და Credit Suisse-ის „2023 წლის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის“ თანახმად, მსოფლიოში მილიონერთა ყველაზე დიდი რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია წარმოდგენილი – დაახლოებით 22.7 მილიონი პირის ქონების წმინდა ღირებულება აღემატება $1 მილიონს. მილიონერების უმრავლესობა თვითშემდგარია – მათ სიმდიდრის დაგროვება შრომის, განათლებისა და სწორი ინვესტიციების ხარჯზე მოახერხეს.

სიმდიდრის ექსპერტ ტიმ კორლის მიერ წლების განმავლობაში ასობით მილიონერის გამოკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ პირთა 20%-მა პირველი მილიონი მაშინ იშოვა, როდესაც ასაკით 30-იანების შუა და გვიან წლებს მიაღწია – მიუხედავად საშუალო კლასის შემოსავლისა. ქონების დაგროვება მათ ეკონომიურობისა და მათი შემოსავლების 20%-ის ან მეტის ინვესტირებისა და რეგულარული დაზოგვის პრაქტიკის საშუალებით შეძლეს.

მილიონერთა დაახლოებით 28%-ს გამდიდრების მიზნით რისკზე წასვლაც მოუწია: ნაწილი მაღალი რისკის მქონე საქმიანობაში იყო ჩართული, ნაწილმა კი პროფესიონალ სპორტსმენებად, მუსიკოსებად, მეწარმეებად და მსახიობებად გახდომა დაისახეს მიზნად. უმეტესობამ ეს ვერ შეძლო, თუმცა მათი საშუალო ქონება, ვინც ამ მხრივ წარმატების მიღწევა მოახერხა, $7.4 მილიონს უტოლდება. მილიონერთა 30%-ის შემთხვევაში კი მათი ქონების წმინდა ღირებულების $1-მილიონიანი ნიშნულის გადაჭარბება კორპორაციულ კიბეზე ასვლის დამსახურებაა – ისინი საშუალოდ $3.4 მილიონს გამოიმუშავებენ.

ფინანსური წარმატების მიღწევისა და დროთა განმავლობაში სიმდიდრის დაგროვების ძირითად პრინციპებს შორისაა ისეთი ტიპის ფინანსური რჩევები, როგორიცაა გრძელვადიანი ინვესტიციები და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცხოვრება. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამერიკულმა Forbes-მა ის ათი ძირითადი ჩვევა წარმოადგინა, რომლებიც თვითშემდგარი მილიონერების ძირითად ნაწილს ახასიათებს:

მოკრძალებული სიმდიდრე: მილიონერთა ნაწილი მოკრძალებულ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას და არც ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილით გამოირჩევა. მათ შეუძლიათ ჩვეულებრივი მანქანები მართონ და მუშათა კლასის უბნებში იცხოვრონ.

ეკონომიურობა მნიშვნელოვანია: მილიონერთათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი საერთო თვისება ეკონომიურობაა. ისინი, როგორც წესი, თავს არიდებენ არასაჭირო ვალებსა და ხარჯს, და მნიშვნელობას ღირებულ შესყიდვებს ანიჭებენ.

სწორი ინვესტირება: მილიონერები ძირითადად პრიორიტეტს გრძელვადიან ინვესტიციებს ანიჭებენ – სიმდიდრეს აქციებში, ობლიგაციებსა და უძრავ ქონებაში ინვესტირებით აგროვებენ.

მათ შესაძლებლობებზე ნაკლებით ცხოვრება: მილიონერები ხარჯავენ იმაზე ნაკლებს, ვიდრე გამოიმუშავებენ, რაც მათ დანაზოგის გაკეთებისა და ინვესტირების საშუალებას აძლევს.

სამეწარმეო ცხოვრება: მილიონერთა დიდი ნაწილი თავადვე ფლობს ბიზნესს ან თვითდასაქმებულია და მეწარმეობის საშუალებით იღებს ფინანსურ სარგებელს.

განათლება და შრომისმოყვარეობა: განათლება, შრომისმოყვარეობა და კარიერისადმი თავდადება ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც დროთა განმავლობაში სოლიდური ქონების დასაგროვებლად აუცილებელია.

ფინანსური გადინების თავიდან აცილება: მილიონერებს „ფინანსური გადინებისგან“ თავის არიდებებიც სჩვევიათ, როგორიცაა ძვირად ღირებული განქორწინებები, გადაჭარბებული საცხოვრებელი ხარჯები და ა.შ.

კავშირები და ურთიერთობა: საჭირო ურთიერთობებისა და კავშირების დამყარება შესაძლოა მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდეს კარიერული წარმატებისა და სიმდიდრის შესაქმნელად.

ფინანსური ცოდნა: მილიონერები, როგორც წესი, ფინანსური მიმართულებით განათლებას ფლობენ, ესმით, თუ რას გულისხმობს ინვესტიციები, გადასახადები და პირადი ფინანსები.

ღირებულებების შემდგომი თაობისთვის გადაცემა: მილიონერები ფინანსურ პასუხისმგებლობას საკუთარ შვილებსაც ასწავლიან და მომავალ თაობას შრომისმოყვარეობასა და ეკონომიკურ ღირებულებებს უნერგავენ.